№45 მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: როგორც გავიგე, ძველი ეკლესიის აღდგენას უფრო დიდი მადლი აქვს, ვიდრე ახლის აშენებას. რამდენად შეესაბამება ეს მოსაზრება სიმართლეს?
პასუხი: უფლის მადლი ყველა ტაძარშია – როგორც ძველში, ისევე ახალში. მადლი ან არის, ან არა და ის სიმცირით ან სიდიდით არ განისაზღვრება. თუმცა, როდესაც ინგრევა ძველი ტაძარი მისი გადარჩენა ისევე სჭირდება ერს, როგორც ღმერთს. ზოგადად, ძველი ტაძარი ისტორიული სიწმიდეა და მას ჩვენი წინაპრების ლოცვების მადლი ახლავს. რასაკვირველია, სასურველია, თუ ამის საშუალება არის, უპირველესად, ძველი ტაძრები გადავარჩინოთ დანგრევისგან, შემდეგ კი, თუ უფლის ნება იქნება, ახლებიც ავაშენოთ.
კითხვა: ყოველთვის უნდა დავუჯეროთ თუ არა სინდისის ხმას?
პასუხი: დიახ, ყოველთვის გულდასმით მოუსმინეთ სინდისის ხმას, რადგან ამ ხმით უმთავრესად ჩვენი მფარველი ანგელოზი გვესაუბრება. თუმცა, ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ხმა მართებულად რომ აღვიქვათ, ის ღვთის სიტყვას უნდა შევუთანხმოთ.
კითხვა: როგორ უნდა მოვიქცეთ, როდესაც ვფიქრობთ, რომ გამოუვალ სიტუაციაში ვიმყოფებით?
პასუხი: უპირველესად, უნდა დავიწყოთ ლოცვა და შევთხოვოთ უფალს, რომ გვაპოვნინოს გამოსავალი. ასევე, ასეთ დროს უნდა ვიკითხოთ წმიდა წერილი და წმიდა მამათა წიგნები, რადგან ისინი ხშირად მიგვითითებენ გამოსავალზე. უნდა წავიდეთ აღსარებაზე და ვთხოვოთ მოძღვარს რჩევა.
კითხვა: როდესაც ეკლესიაში დავიწყე სიარული, ძალიან დიდ სიხარულს მანიჭებდა ლოცვა და ზოგადად, საეკლესიო საიდუმლოებებში მონაწილეობის მიღება. ახლა თითქოს გულგრილი გავხდი. ამას განვიცდი, ხომ არ ვცოდავ. მირჩიეთ, როგორ მოვიქცე?
პასუხი: როდესაც ადამიანი ქრისტიანულ ცხოვრებას იწყებს, ის უანგაროდ და უშრომლად იღებს ღვთის მადლს. ეს მადლი პირველ ეტაპზე უადვილებს ადამიანს ქრისტიანულ ცხოვრებას – ლოცვას, მარხვას, ეკლესიაში მსახურებებზე დასწრებას, აღსარების თქმას. შემდგომ კი, იწყება მეორე ეტაპი, როდესაც ადამიანმა თვითონ უნდა მოიხვეჭოს ეს მადლი. ამის გაკეთება კი შესაძლებელია ღვთის მცნებათა დაცვით, საკუთარი თავის იძულებით, დაუღალავი ღვაწლითა და შრომით. ზოგადად, ქრისტიანული ცხოვრება ძალიან რთულია, მაგრამ ღვთის სიყვარულითა და მონდომებით ადამიანი ყველაფერს შეძლებს.
კითხვა: რატომ მოეთხოვება ქრისტიანს ცოდვილთა სიყვარული?
პასუხი: დიახ, ქრისტიანს უნდა უყვარდეს ცოდვილები, რამდენად მძიმეც უნდა იყოს მათი ცოდვები. რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ცოდვებით არიან დამძიმებულნი, მაინც ჩვენი მოყვასები არიან. ასევე, მათ შეუძლიათ, ნებისმიერ დროს შეცვალონ ცხოვრების წესი. ქრისტიანს უნდა უყვარდეს მოყვასი, რომელიც ცოდვით არის დამძიმებული, თუმცა უნდა სძულდეს მისი ცოდვები.