კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№45 რატომ მოუხშირა რომის პაპმა სექსის ღვთაებრიობასა და ერთნაირსქესიანთა ქორწინებებზე საუბარს

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

ცნობილია, რომ რომის პაპი საკმაოდ უცნაური განცხადებებით გამოირჩევა. მაგალითად, არც თუ ისე დიდი ხნის წინათ ერთ-ერთ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ სექსი ღვთაებრივი სიამოვნებაა (პრინციპში, ეს ის საკითხია, რასაც ადამიანები პაპის მითითების გარეშეც უნდა ხვდებოდნენ, წესით), სულ ახლახან კი ერთნაირსქესიანთა დაქორწინებას შეეხო და ბრძანა, რომ მათაც აქვთ ოჯახის შექმნის უფლება (იგულისხმა სამოქალაქო ქორწინება). ბუნებრივია, ადამიანს, მიუხედავად ყველაფრისა, აქვს უფლება, იცხოვროს ამ მზის ქვეშ და მისი უფლებები დაცული იყოს კანონით, თუმცა ეკლესიას აქვს თავისი წესები, მეტიც, დოგმები, ამიტომაც მოხვდა ყურს უჩვეულოდ რომის პაპის ზემოხსენებული განცხადებები. მეორე მხრივ, დღევანდელ მსოფლიოში აშკარაა იდეოლოგიური და რელიგიური დაპირისპირებაც. დასავლეთი ასოცირდება ქრისტიანულ მსოფლმხედველობასთან, იმდენადაც კი, რომ საბერძნეთს ევროკავშირში ტოვებენ, რადგან სწორედ ის მიიჩნევა ევროპული ცივილიზაციის აკვნად. ასევე, აშკარაა მუსლიმანური და ქრისტიანული სამყაროების დაპირისპირებაც, იმავდროულად კი, იმდენად იზრდება ევროპაში აღმოსავლელ მიგრანტთა წილი, რომ რამდენიმე ათეულ წელიწადში, ამ ტემპით, ევროკავშირში არაევროპელები ევროპელებს გადაუსწრებენ რაოდენობით. ამგვარი დაპირისპირებებისას სულიერ ღირებულებებს არსებითი მნიშვნელობა აქვს. რა მიზანს ისახავს პაპის უცნაური გამოსვლები და ასუსტებს თუ აძლიერებს დასავლეთის პოზიციებს ამ რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში? – ამ თემას მამუკა გიორგაძესთან ერთად განვიხილავთ.
– პაპი გონიერი ადამიანია და არ მგონია, არ იცოდეს, რას ნიშნავს ღვთიური სიამოვნება, რაც მხოლოდ სულის პრეროგატივაა ან ის, თუ როგორ აფასებს ქრისტიანობა სოდომსა და გომორს. მაშინ რას ემსახურება მისი ეს საჯარო აზრები, რომლებსაც აშკარად პოლიტიკური კონტექსტი აქვს?
– მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს ღირებულებების გადახედვის პროცესი. თან – ჩვენ ვიცით, რომ, რაც ახლოვდება ბოლო ჟამი, მით უფრო გახშირდება ღირებულებების გადახედვა, რაც ჩვენ ღმერთს დაგვაცილებს. ბიბლიაში ეს აღწერილია და მხოლოდ ისინი გადარჩებიან, რომლებიც დაითმენენ და სწორედ მათი პატივისცემის გამო უფალი შეამოკლებს ამ უკანასკნელ დღეებს. ამდენად, განსაკუთრებული არაფერი ხდება, რელიგიური თვალსაზრისით. მეორეა პოლიტიკური მხარე: ჩვენთან, უბრალოდ, ბოლომდე არ არის გააზრებული სიტყვების მნიშვნელობა, თუნდაც, სიტყვის „ღირებულება“. ღირებულება არის ის მოსაზრება, რომელიც საერთო შეთანხმებას ეყრდნობა, როგორიცაა ადამიანის პატივისცემა, თანადგომა, სოლიდარობა, სიტყვის თავისუფლება და ასე შემდეგ. ის, რაც საკამათოა, ღირებულება არაა და უბრალოდ, მიმდინარეობს აზრთა გაცვლა-გამოცვლა. ასე რომ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმ საკითხებზე, რომლებიც ყველას მიერ არაა აღიარებული, ამას ღირებულებას ვერ დავარქმევთ. ეს არის დისკუსიის საგანი: რაღაც მოგვწონს, რაღაც არ მოგვწონს. თავის დროზე, როდესაც პაპის უცდომელობის თეზა შემოვიდა, ვხედავთ, რომ ამან შედეგი გამოიღო ათი საუკუნის შემდეგ. კათოლიკეები და მართლმადიდებლები ერთმანეთს გამოვეყავით თითქოს უმნიშვნელო სიტყვათა წყობის გამო, რომელთა მნიშვნელობა მაშინ მხოლოდ წმიდა მამებს ესმოდათ. მხოლოდ მათ იცოდნენ, რას ნიშნავს, თუნდაც, „მრწამსში“ ერთი მძიმის გადაადგილება, რას ნიშნავს ღვთისმშობლის სტატუსისადმი დამოკიდებულება, უცდომელობის თეზა და ბევრი სხვა საკითხი, რომლებიც ფართო საზოგადოებისთვის დღესაც უცნობია, არათუ მაშინ იყო. პოლიტიკური შემადგენელიც ჰქონდა ამ ყოველივეს. ვახტანგ გორგასალმა დასავლეთში გაჭრა ფანჯარა, ანუ ბიზანტიას დაუკავშირა ქართული სახელმწიფოებრიობა, სომხეთმა კი – სპარსეთს და ამ გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საუკუნეში სომხეთმა, როგორც სახელმწიფომ, შეწყვიტა არსებობა. ანუ გადაჯაჭვულია ერთმანეთთან პოლიტიკური და რელიგიური პროცესი: რაც, უნდა ვთქვათ, რომ სხვადასხვაა, პოლიტიკური პროცესის მწარმოებელ ადამიანთა ერთობა, რასაც ჰქვია ერი, თუ ის არ არის შეკრული ისეთი მაღალი ღირებულებით, როგორიცაა ღმერთი, დროთა განმავლობაში დაკარგავს თავის სახეს და ეს შეიძლება, ვნახოთ სომხეთის მაგალითზე. ასე მოხდა გერმანიაშიც, როდესაც პროტესტანტული მოძრაობა დაიწყო და როდესაც ლუთერმა წინ წამოსწია გერმანული ენა. იგივე მოხდა ბრიტანეთში, ანგლიკანური ეკლესიის სახით. იქაც რომის პაპისგან მეტ-ნაკლები თავისუფლებისთვის ბრძოლაში გამოიყენეს რელიგია.
– იმიტომაც დავსვი მე მთავარი კითხვა, რომ დასავლური ცივილიზაცია არის ქრისტიანული ცივილიზაცია და ეს პოლიტიკის ნაწილიცაა. იმ ფონზე, როდესაც დასავლეთი კარგავს თავის ფუნდამენტურ ღირებულებებს, აღმოსავლეთი ძლიერდება თავის რწმენასა და რიცხოვნობაში, ამას ვერ ხედავენ?
– ეს საფრთხე ზოგადადაა სამყაროში. მისი უწმიდესობა ამბობს, არ შეიძლება, მატერიალურ პროგრესს ჩამორჩეს სულიერება, რადგან, როგორც კი ჩამორჩება, ავტომატურად დაეცემა ადამიანი. იმიტომ რომ ჩვენ ვართ სულისა და ხორცის ჰარმონიული ნაზავი. თუ მარტო ხორცს განავითარებ ან პირიქით, ბუნებრივია, ჩამორჩები. იმიტომ რომ ხორცის სიმრთელეც აუცილებელია, რომ უფალი ადიდო, ამიტომაა თვითგვემა და ტკივილის მიყენება ცოდვა. ისევე, როგორც იმის გამო, რომ საბჭოთა კავშირში, როდესაც მატერიალურმა გაანადგურა სულიერება, დღესაც ვიმკით ამის შედეგს. ამიტომ არ ვიტყვი, რომ რამე დიდი კრიზისია, ეს დუღილია. საქართველოს მაგალითი რომ ავიღოთ: როდესაც სიონის მრევლი იდგა რუსთაველის გამზირზე, ისმოდა ლოზუნგები: თავისუფლება, დამოუკიდებლობა და ასე შემდეგ. როდესაც ანტიეკლესიური ძალები დგანან, სხვა ლოზუნგები ისმის. ისევე, როგორც თავის დროზე ეკლესიების ნგრევა პროგრესად ითვლებოდა, მაშინ, როდესაც ჩვენი წინაპრები ამ ეკლესიების აშენებით იწონებდნენ თავს. იმის თქმა მინდა, რომ ეს პროცესი მუდმივია. როგორც ადამიანი მუდმივად უნდა ზრუნავდეს როგორც თავის ხორციელ განვითარებაზე, ისე სულის გადარჩენაზე, ერიც ასეა. ჩვენ ვხედავთ ამ ბრძოლას აშშ-შიც, როდესაც მემარცხენე ლიბერალები, ებრძვიან მემარჯვენე კონსერვატორებს. ეს არ არის ღირებულებები, ამდენად, „ელ-გე-ბე-ტე“ მაშინ გახდება ღირებულება, როდესაც დედების აბსოლუტური უმრავლესობა შვილს უმღერებს: შენი თავი კარგ გეიდ გამეზარდოს. მანამდე ბრძოლაა; მანამდე ეს არ არის ღირებულება. მაგრამ აი, ნახეთ: აბა, ვინმე დასავლეთში შეეხოს თვითმმართველობას, გეი, მუჟიკი, ლიბერალი თუ კონსერვატორი, უკლებლივ ყველა, აღდგება ამის წინააღმდეგ, იმიტომ რომ თვითმმართველობა ღირებულებაა. იმის თქმა მინდა, რომ მათ აქვთ იმის ფუფუნება, რომ ამაზე იმსჯელონ. როდესაც მოგვარებულია ყველაფერი, იქ შესაძლებელია მახათით გართობა, მაგრამ, როდესაც ამდენი პრობლემა გაქვს მოსაგვარებელი და მაინც მახათებით ერთობი, დეგენერატი ხარ.
– მეც მასე ვფიქრობდი, მაგრამ, რასაც ახლა აკეთებს „სი-ენ-ენი“, „თვითერი“, „ფეისბუქი“, ამ ფონზე ჩვენ არც ისე ცუდები ვართ.
– დიახ, ეს ცუდია. იმიტომ რომ ეს მემარცხენე ფსევდოლიბერალიზმი, რომელიც დღეს ვითარდება საზოგადოების გარკვეულ ნაწილში, ცუდია. ჩვენ საკამათო არაფერი გვაქვს, ეს მიმართულება ჩემთვის მიუღებელია, მიუღებელია, როდესაც საქართველოში ამას ბრმად გადმოიღებენ. იქ ეს პროცესი მიდის, ღმერთმა მშვიდობაში მოახმაროთ, მაგრამ ჩვენ რაღა მაინცდამაინც ცუდის გადმოღება გვინდა?! როგორც, თავის დროზე, თქვა წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსმა (ქიქოძემ), ჩვენი ახალგაზრდები უცხოეთში მიდიან, ჩამოაქვთ იქაური ნეხვი, თითქოს ეს პროდუქტი ჩვენთან არ იშოვებოდესო. ჩვენ იმაზე გავამახვილოთ ყურადღება და გადმოვიღოთ, რაც ჩვენ გვჭირდება. კიდევ ერთი თემა: როდესაც ამერიკაში რაღაც ხდება, ის დიდი ქვეყანაა და ამას გადახარშავს, მას არ უდგას არსებობის ეგზისტენციური საფრთხე და არ აქვს მრავალი ის პრობლემა, რაც ჩვენ გვაწუხებს. ერთ მხარეს წყნარი ოკეანეა, მეორეს - ატლანტიკის, ზემოთ – კანადა, ქვემოთ – მექსიკა. ახლა ჩვენს მეზობლებს გადავხედოთ.  ყველა ქვეყანას თავისი სპეციფიკა აქვს. ისინი თავად ქმნიან ტრადიციას, ჩვენ კი მემკვიდრეობითობა გვაქვს. ბაბუის დანატოვარი სახლის გადაკეთება რთულია, ახლის შენს გემოზე აშენება – ადვილი. და ბოლოს, როდესაც „ელ-გე-ბე-ტე“ თემაზე, ერთნაირსქესიანთა ქორწინებაზე ლაპარაკობენ ევროპაში, ლაპარაკობენ პირდაპირი მნიშვნელობით, ხოლო, როდესაც აღმოსავლეთში, ანუ ყოფილ საბჭოთა სივრცეში ლაპარაკობენ ამაზე, უნდა გავიაზროთ, რომ რუსეთის სპეცსამსახურები ამ თემას შეგნებულად იყენებენ დასავლეთის დისკრედიტაციისთვის. ანუ დღეს პრობლემა ისაა, რომ ფსევდოეროვნული ძალების ხელში ეს თემა იქცევა იარაღად. მართალია, ეს საკითხი ჩემთვის მიუღებელია, მაგრამ მეორეა, როდესაც ამას იყენებენ პოლიტიკური მიზნებისთვის. ეს ძალიან საშიშია საქართველოსთვის და საქართველოში ბევრი ორგანიზაცია, რუსული დაკვეთით, ეწევა ამ თემის აქტუალიზაციას, რომ გადაიფაროს ისეთი თემები, როგორიცაა ოკუპაცია, ჩვენი ხელისუფლებების საქართველოსადმი ერთგულების ხარისხი და ასე შემდეგ. ამიტომ ამით არ უნდა მოგვატყუონ და ამა თუ იმ საკითხზე მსჯელობისას, რაც უნდა მიუღებელი იყოს ის ჩვენთვის, უნდა დავფიქრდეთ იმაზე, მტერი ხომ არ გვიკეთებს ამას შეგნებულად, რომ სხვა თემები გადაგვიფაროს?!

скачать dle 11.3