კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№45 რატომ მეორდება კავკასიაში ერთი და იგივე გეოპოლიტიკური ვითარება ძველი წელთაღრიცხვის დასასრულიდან მოყოლებული დღემდე

ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე

  განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სრულფასოვანი საომარი მოქმედებები განახლდა და თურქეთი აშკარად დადგა აზერბაიჯანის მხარეს, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა იგივე არ ჩაიდინა და სომხეთი, ფაქტობრივად, მარტო დატოვა, კიდევ უფრო გამოიკვეთა, რომ კავკასიის ხალხები და სახელმწიფოები ვერ ახერხებენ თავიანთი რეგიონის დამოუკიდებლად მართვას. ჩრდილოეთ კავკასია, საერთოდაც, რუსეთის შემადგენლობაშია, აზერბაიჯანი თურქეთის იმედადაა, რომელიც აწ უკვე დასავლეთისგან დამოუკიდებელ პოლიტიკას ატარებს, ყოველ შემთხვევაში, ცდილობს. სომხეთი რუსეთის ერთადერთ სატელიტად მოიაზრება სამხრეთ კავკასიაში, ხოლო ჩვენ უპირობოდ გვიჭირავს თვალი დასავლეთზე, როგორც ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთხოების გარანტზე (პრინციპში, ასეცაა). აქედან გამომდინარე, აშკარაა, რომ კავკასიელები თანახმანი არიან, გადააბარონ თავიანთი საცხოვრებელი არეალიც და საკუთარი თავებიც სხვა ქვეყნებს, რომ მათ მართონ რეგიონიც და კავკასიის სახელმწიფოებიც. ცხადია, ეს არანორმალური მდგომარეობაა, თუმცა მწარე რეალობა (რაოდენ კარგი პარტნიორიც უნდა შეარჩიო, საკუთარი სახელმწიფოს ბედი, უპირველესად, თავად უნდა განსაზღვრო). რატომ დაუთმეს კავკასიელებმა პირველობა კავკასიაში სხვებს და როგორ წყდებოდა ეს საკითხი ისტორიულად: ყოველთვის უცხოთა იმედად ვიყავით კავკასიელები? – ამ თემას ისტორიკოს ვახტანგ გურულთან ერთად განვიხილავთ.
– ადრე მაჩუქეთ თქვენი წიგნი, რომელშიც ამოვიკითხე, ძალიან რომანტიკოსი ხალხი იყო ჩვენი წინაპარი, რაკი საცხოვრებლად აირჩიეს ეს ადგილი და ბოლომდე ეცადნენ მის შენარჩუნებასო. თანამედროვე ეპოქაშიც ვხედავთ, რომ ჩვენი რეგიონის პრობლემები მუდმივია. შესაბამისად, ისტორიის გაკვეთილები გამოგვადგება. ყოველთვის სხვებს ამართინებდნენ თავს კავკასიელები, მას შემდეგ, რაც ერთიანი ქართული სახელმწიფო დაიშალა?
–  უნდა აღინიშნოს, რომ კავკასიის გეოპოლიტიკური რეგიონით დიდი სახელმწიფოების დაინტერესება მუდმივია ძველი წელთაღრიცხვის დასასრულიდან დაწყებული. ბრძანეთ, რომ არაფერი იცვლებაო და არაფერი იცვლება, რადგან კავკასია არ კარგავს გეოპოლიტიკური რეგიონის დატვირთვას. კავკასია ობიექტურად არის გეოპოლიტიკური რეგიონი და ჩვენ ამ შემთხვევაში გვაინტერესებს სამხრეთ კავკასია, ტერიტორია შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე. თუ ერთ დროს ამ რეგიონში გაბატონებისთვის ერთმანეთს ებრძოდნენ პართია და რომის იმპერია, შემდეგ – რომის იმპერია და სპარსეთი, ბიზანტია და სპარსეთი, არაბთა სახალიფო და ბიზანტია, თურქ-სელჯუკები და ბიზანტია. განსაკუთრებით, ტრაგიკულად წარიმართა ამ რეგიონის ბედი გვიან შუა საუკუნეებში. მთელი მე-16-17-18-ე საუკუნეები სამხრეთ კავკასიის გეოპოლიტიკური რეგიონი ჯერ არის ორი იმპერიის – ირანისა და ოსმალეთის დაპირისპირების არეალი, მეთვრამეტე საუკუნის დამდეგიდან კი ამ დაპირისპირებაში ჩაერთო რუსეთის იმპერია. ჩვენ არ უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ირანს, ოსმალეთს ან რუსეთს ინტერესები არ ჰქონდათ მსოფლიოს სხვა ადგილებში. რა თქმა უნდა, ირანისა და ოსმალეთისთვის ეს არ იყო პირველხარისხოვანი რეგიონი, მათ სხვაგან უფრო ძლიერი დაპირიპირება ჰქონდათ, მაგალითად, მახლობელ აღმოსავლეთში, მაგრამ კავკასიაც შედიოდა იმ უპირველეს რეგიონთა შორის, რომელსაც ეს იმპერიები ერთმანეთს არ დაუთმობდნენ. ანუ ჩვენ კი არ ვანიჭებდით ჩვენს რეგიონს განსაკუთრებულ მნიშვნელობას, არამედ მას დამპყრობელი ანიჭებდა სასიცოცხლო მნიშვნელობას და ირანი, ოსმალეთი და რუსეთი მიიჩნევდნენ, რომ აქ გაბატონება მათი სასიცოცხლო ინტერესი იყო. ეს არ გახლდათ აზარტული თამაში: როდესაც ირანი და ოსმალეთი ამ რეგიონისთვის უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს, კარგად იცოდნენ, რომ საქართველო ქრისტიანული ქვეყანაა, ხოლო ჩრდილოეთიდან სულ უფრო და უფრო მძლავრად მოიწევს ქრისტიანული სახელმწიფო რუსეთი და თუ ის მოვიდოდა ჩრდილო კავკასიაში, აუცილებლად შეეცდებოდა სამხრეთ კავკასიაში შემოსვლას და ქართველები ამას შეუწყობდნენ ხელს. ამდენად, მათი მისწრაფება იყო ქართველი ერის დამონება, მათი გამუსლიმანება ან მოსპობა, რომ რეგიონი ჩაეკეტათ რუსეთისთვის, ჩრდილოეთიდან მომავალი ძალისთვის, რომელიც, ირანისა და ოსმალეთის დიპლომატებმა სწორად ამოიცნეს, სამომავლოდ მაინც იქცეოდა მრისხანე ძალად.
–  ისევე, როგორც მანამდე სპარსელები და თურქ-სელჯუკები რომის იმპერიასა და ბიზანტიას უკეტავდნენ აქ შემოსასვლელს?
– რა თქმა უნდა. თურქ-სელჯუკებს არ უნდოდათ აქ ბიზანტიის დაშვება და ამას მიაღწიეს კიდეც: 1071 წლიდან ამოუკვეთეს ბიზანტიას ფეხი და რეგიონში გაბატონდნენ. დამპყრობელი იცვლება, თორემ პრინციპი იგივე რჩება. ამ შემთხვევაში უფრო ტრაგიკული იყო ის, რომ საქართველო ერთ დამპყრობელს იშვიათად რგებია. 1555 წლის ამასიის ზავიდან მეორე-მესამე-მეოთხე ზავებში მთელი მე-16, მე-17 საუკუნებში საქართველო ორად იყოფოდა. დასავლეთი საქართველო – გურია, იმერეთი, სამეგრელო ოსმალეთს რჩებოდა, ხოლო აღმოსავლეთი, ქართლი და კახეთი – ირანს. ამასიის ზავით სამცხე ორად გაიყო, თუმცა შემდეგ ის მუდამ ოსმალეთის გავლენის ქვეშ რჩებოდა. აი, ამ სამი დიდი სახელმწიფოს დაპირისპირება სამხრეთ კავკასიაში, საბოლოოდ, რუსეთის გამარჯვებით დასრულდა. როდესაც 1801 წელს რუსეთის იმპერიამ გააუქმა ქართლ-კახეთის სამეფო და დაიპყრო დანარჩენი საქართველო, შემდეგ უკვე – სამხრეთ კავკასიაში არსებული ირანული სახანოები  და ბოლოს საქმე მივიდა იქამდე, რომ გათამაშდა ამ დაპირისპირების უკანასკნელი სცენა. ირანმა და ოსმალეთმა ორ-ორ ომებში სცადეს რევანშის აღება, მაგრამ ვერ მოახერხეს. ოთხივე ომი წააგეს და რუსეთმა აქ თავისი შემოსვლა 4 ზავით დააკანონა. შემდეგაც იყო რუსეთის კავკასიიდან მოცილების მცდელობები, მაგრამ ვერ განხორციელდა, იმიტომ რომ ირანისა და ოსმალეთის სახელმწიფოების ბედი დაღმავალი გზით განვითარდა და რუსეთთან ომის თავი არ ჰქონდათ. მით უმეტეს, რომ ევროპა, რომელიც ყოველთვის აქეზებდა ოსმალეთსა და ირანს რუსეთის წინააღმდეგ, რომ როგორმე რუსეთი აქედან მოეცილებინა, მათ რეალურად ვერ ეხმარებოდა. ამრიგად, მაშინ ეს სივრცე რუსეთის იმპერიამ დახურა და სამხრეთ კავკასია იქცა რუსეთის იმპერიის განუყოფელ ნაწილად.
– ის დროც ვახსენოთ, როდესაც კავკასიელები თავად წყვეტდნენ თავიანთ ბედს.
– სხვათა შორის, მესამე-მეოთხე და მეხუთე საუკუნეც კი ტრაგიკული აღმოჩნდა კავკასიისთვის. სპარსეთმა გაანადგურა როგორც სომხური, ისე ალბანური სახელმწიფოებრიობა. ვახტანგ გორგასალმა მეხუთე საუკუნეში, ამ ორი სახელმწიფოებრიობის გაუქმების შემდეგ, ეცადა სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებას, მაგრამ მისი სიკვდილის შემდეგ, მეექვსე საუკუნის დამდეგს, ქართული სახელმწიფოებრიობა გააუქმა სპარსეთმა. შემდეგ საქართველოში მაინც აღდგა სახელმწიფოებრიობა, მართალია, მეფობა ვერა, მაგრამ ქვეყნის მეთაური გახდა ერისმთავარი. ის მეფის როლში გამოდიოდა და ქართული სახელმწიფოებრიობა ერისმთავრობის აღდგენის შემდეგ არც შეწყვეტილა, თუმცა სომხური და ალბანური სახელმწიფოებრიობა ვეღარ აღდგა 1918 წლამდე. აბა, რა ერთიან პოლიტიკაზე იქნებოდა საუბარი, როდესაც არსებობდა ერთდერთი სახელმწიფო – საქართველო, რომელიც დასუსტებული იყო უცხოელებთან ბრძოლაში. ერთადერთი პერიოდი იყო, როდესაც საერთო კავკასიურ საქმეებს წყვეტდა დავით აღმაშენებელი.
– გიორგი ბრწყინვალე?
– შედარებით ნაკლებად... დავით აღმაშენებელმა არა მხოლოდ საბოლოოდ გააერთიანა საქართველო, არამედ შემოიერთა ისტორიული სომხეთი, ისტორიული ალბანეთის ნაწილი და ის ამ ტერიტორიებს განაგებდა დამოუკიდებლად. არავისთან არაფერს ათანხმებდა, იმიტომ რომ მახლობელ აღმოსავლეთში ძლიერი სახელმწიფო, რომელიც აქ გაბატონებას შეეცდებოდა და დავითს ხელს შეუშლიდა საერთო კავკასიური სახელმწიფოს შექმნაში, არ არსებობდა. ეს მდგომარეობა, გარკვეულწილად, გაგრძელდა თამარის დროსაც, როდესაც საქართველო საერთო კავკასიური ხალხების ლიდერად, სომხებისა და ალბანელების მფარველად იქცა და ეს გაგრძელდა მონღოლების შემოსევამდე. როდესაც მეცამეტე საუკუნის დამდეგს მონღოლებმა საქართველო დაამარცხეს, ეს ფუნქცია საქართველომ დაკარგა. გიორგი ბრწყინვალემ საქართველო გააერთიანა, თორემ მან ვერ მოიპოვა საერთო კავკასიური ლიდერის ფუნქცია აღმაშენებლის მსგავსად. გიორგი ბრწყინვალის შემდეგ კი საქმე უკან-უკან წავიდა. რეგიონში არსებობდა მხოლოდ ქართული სახელმწიფოებრიობა. მხედველობაში მაქვს, რომ მეთექვსმეტიდან მეთვრამეტე საუკუნემდე არსებობდა ქართლის სამეფო, კახეთის სამეფო, შემდეგ, 1762 წლიდან – ქართლ-კახეთის გაერთიანებული სამეფო და იმერეთის სამეფო. მეტი სახელმწიფო კავკასიაში არ ყოფილა: სომხეთი და ალბანეთი, დღევანდელი აზერბაიჯანი, ირანული სახანოები იყვნენ, ანუ ირანის განუყოფელი ნაწილი. სამცხის საათაბაგო ოსმალეთს ჰქონდა მიტაცებული, ისევე, როგორც აჭარა-ართვინი. აფხაზეთის მნიშვნელოვან სტრატეგიულ პუნქტებში, ისევე, როგორც, ზოგადად, შავი ზღვისპირეთში ოსმალეთის ჯარი იდგა და იმ დროსაც კი არსებობას განაგრძობდა მხოლოდ ეს ორი სახელმწიფო: ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოები. თუმცა, მაგალითად, სომხები ერეკლე მეორეს თვლიდნენ საერთო-კავკასიურ ლიდერად, აზერბაიჯანულ სახანოებშიც ეს აზრი იყო. ყარაბაღის ცნობილი ხანი იბრაჰიმ-ხანი ერეკლეს თვლიდა საერთო-კავკასიურ ლიდერად და დაბეჯითებით სთხოვდა, ჯარით შემოდი ყარაბაღში, აღა-მაჰმად ხანი უნდა დავამარცხოო. ესე იგი, ყარაბაღის ხანი აღა-მაჰმად ხანს უფრო დიდ საშიშროებად თვლიდა, ვიდრე ერეკლეს. მისი ეს სურვილი ვერ განხორციელდა, მაგრამ, სამაგიეროდ, განჯის ხანი არ მიიჩნევდა ერეკლეს საერთო-კავკასიურ ლიდერად. ერეკლე ერეოდა ერევნის სახანოს საქმეებში, მისთვის მისაღები კანდიდატის ხანად გახდომას უწყობდა ხელს. მაგრამ ეს არ იყო სახელმწიფოებრივი კავშირები, რადგან არც ერევნის და არც განჯის სახანო სახელმწიფოს არ წარმოადგენდა; არც ყარაბაღის სახანო. მეცხრამეტე საუკუნის დამდეგს ქართულმა სახელმწიფოებრიობამაც დაასრულა არსებობა და, ამდენად, მეცხრამეტე საუკუნის განმავლობაში ჩვენი რეგიონი დახურულ სივრცედ იქცა, მაგრამ 1917 წლიდან, რუსეთის იმპერიის დანგრევის შემდეგ, რეგიონი ისევ გაიხსნა და ქართველებს, სომხებსა და აზერბაიჯანელებს მიეცათ სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის შესაძლებლობა. სამივე ერმა 1918 წელს დამოუკიდებლობა გამოაცხადა, მაგრამ ისევ დაეჯახნენ ინტერესები. აზერბაიჯანელები პროოსმალურ პოზიციაზე დადგნენ, სომხებმა ცოტა მერყეობის შემდეგ ბრიტანეთს დაუჭირეს მხარი, რაც შეგვეხება ჩვენ: როდესაც ქართველებმა დაინახეს, რომ დამოუკიდებლად სახელმწიფოებრიობას ვერ აღიდგენდნენ, პროგერმანული პოზიცია აირჩიეს. ანუ მივიღეთ სამი სამხრეთ კავკასიური სახელმწიფო სამი პოლიტიკური ორიენტაციით; სომხები – ინგლისურით, აზერბაიჯანელები – ოსმალურით, ქართველები – გერმანულით. მაგრამ მოხდა საოცრება: ოსმალეთი და რუსეთი მორიგდნენ და დიდი ვნებათაღელვის გარეშე ოსმალეთმა 1920 წელს აზერბაიჯანი დაუთმო რუსეთს. ასევე, მორიგდნენ საბჭოთა რუსეთი და ინგლისი და 1920 წელს სომხეთში რუსული წითელი არმია შევიდა. უფრო ერთგული მოკავშირე გამოდგა გერმანია, 1918 წლის მაისში აიძულეს ოსმალეთი, შეეკვეცა თავისი სურვილები. შემოვიდა გერმანიის ჯარი, ჩაისახა თანამშრომლობის პერსპექტივა. უნდა ითქვას, რომ გერმანელებს ჩვენთვის არ უღალატიათ. გერმანიაში რევოლუცია მოხდა, მოვიდა ახალი მთავრობა, რომელსაც, სურვილიც რომ ჰქონოდა, აღარანაირი საშუალება არ ჰქონდა, შეესრულებინა გერმანიის საიმპერატორო მთავრობის მიერ აღებული ვალდებულებები. 1921 წელს კი საქართველო დაიპყრო საბჭოთა რუსეთმა.

скачать dle 11.3