№45 საზარბაზნე კავკასიური ხორცი
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
ანუ ჩემი მოკავშირე შენსას სჯობს
მაშინ, როდესაც რფ-ში დღესაც ქილიკობენ, რომ აშშ-მა მიგვატოვა 2008 წელს და ზოგიერთი ჩვენებურიც აჰყვება ხოლმე, წყალი გამოგვიგზავნაო (თითქოს ვერ ხვდებოდნენ, აშშ-ის სამხედრო ხომალდების ქართულ პორტში შემოსვლა რომ პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატულება იყო), ყველასთვის გაცხადდა, რომ რუსეთმა თავისი ერთადერთი მოკავშირე სამხრეთ კავკასიაში – სომხეთი არათუ შეატოვა აზერბაიჯან-თურქეთის ტანდემს, არამედ პრ.-მა პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის ერევანიცა და ბაქოც ტოლფასოვანი პარტნიორები არიან. შემდეგ კი დასძინა, რომ აზერბაიჯანს აქვს სრული უფლება, დაიბრუნოს თავისი 7 რაიონიო (აი – ყარაბაღის ავტონომიის ტერიტორიის გარდა რომ
არის თვითაღიარებულ ყარაბაღში).
არის თვითაღიარებულ ყარაბაღში).
მეორე მხრივ, ამ ამბავს მოსკოვის მიერ ფაშინიანის ათვალწუნებას უკავშირებენ (მაგრამ ვინ-ვინ და ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რომ რფ-ს სომხეთისთვის ყარაბაღის შენარჩუნება ისევე აღელვებს, როგორც, მაგალითად, მე იორდანიის მეფე აბდალ მეორის სვე-ბედი), ანუ კრემლი მომენტს იყენებს მის დასასჯელადო.
შესაბამისად, რუსულ მედიაში გაჩნდა კიდეც ინფო, თითქოსდა, ეგრეთ წოდებული, ყარაბაღის კლანი შეთქმულებას ამზადებს ნიკოლ ფაშინიანის დასამხობად. და რატომ? იმიტომ რომ ყარაბაღის ფრონტზე წარმატებას ვერ მიაღწიაო.
შეგახსენებთ, რომ ზემოხსენებული „ყარაბაღის კლანიდან“ იყვნენ წინა პრეზიდენტები ქოჩარიანი და სარქსიანი.
ჩვენ არ ვიცით, რა უშველის ნიკოლ ფაშინიანს საპრეზიდენტო სკამის შენარჩუნებაში, არც ის, რა შეაჩერებს აზერბაიჯანის არმიას, მაგრამ კიდევ ერთხელ თვალნათლიც დავრწმუნდით, რომ მოკავშირე მაშინვე იქცევა სარფიან მოვაჭრედ, როგორც კი მისი ინტერესს გადაუხვევ. თუმცა აი, იმის თქმაც მიჭირს, გააცნობიერებენ თუ არა სამხრეთ კავკასიური სახელმწიფოები, რომ დიდი სახელმწიფოების ზურგს უკან ამოფარება და მათ ხელში საზარბაზნე ხორცად ქცევას ერთმანეთთან თანაცხოვრების გზების ძიება ჯობია.