№44 რატომ არ აქვთ მარიამ გეგუჩაძესა და ნანუკა ჟორჟოლიანს ბოლომდე დედაშვილური ურთიერთობა და რას აკეთებს მარიამი ყოველდღე ფეხზე დგომისთვის
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
მარიამ გეგუჩაძე წამყვანის ამპლუას ჯერ კიდევ წლების წინ ითავსებდა დედასთან ერთად. დღეს კი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თემები მოაქვს მაყურებლამდე, მაგრამ ჟურნალისტიკა არაა პროფესია, რომელშიც ის საკუთარ თავს ხედავს. ახლა სამოქალაქო აქტივიზმითაა დაკავებული და სამომავლოდ რა იქნება, წინასწარ არ გეგმავს.
მარიამ გეგუჩაძე: ძალიან მალე არჩევნები გვაქვს და „სირცხვილიას“ კამპანია იმის შესახებ, რომ ადამიანები არჩევნებზე აუცილებლად უნდა წავიდნენ, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია. გვინდა, ამ კამპანიით განსაკუთრებით ახალგაზრდების აქტივობის ზრდაში შევიტანოთ ჩვენი წვლილი. იმის იქით, რა თქმა უნდა, ბოლომდე ვგულშემატკივრობ დედაჩემს. ნანუკას წყალტუბოსთან დამოკიდებულების შესახებ მთელი ცხოვრებაა ვიცი. მან უმნიშვნელოვანესი წლები გაატარა იქ. შემოთავაზება ადრეც ჰქონდა და ვიცოდი, რომ უარს ამბობდა, რადგან ნანუკასთვის პოლიტიკოსობა და რომელიმე სკამის დაკავება არასდროს ყოფილა მიზანი. მაგრამ ამ არჩევნების მნიშვნელობიდან გამომდინარე და იმიტომაც, რომ გულით უნდა, იქ სიცოცხლე შეიტანოს, დათანხმდა და მე მჯერა მისი.
– ნანუკა ყოველთვის განხილვადი იყო. მის შესახებ კარგსაც ამბობდნენ, ცუდსაც. თუმცა პოლიტიკა კიდევ სხვა მასშტაბისაა. ალბათ, შვილისთვის უფრო რთულია, თუ დედაზე რამე არასასიამოვნოს იტყვიან.
– სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ამ ყველაფერს ბავშვობიდან შეჩვეული ვარ, დედაჩემის შესახებ საჯარო გარჩევები ახალი არაა. არ არსებობს თემა, რომელიც არ მოუძახებიათ, რა არ გამოუგონიათ. ამიტომ ამით განსაკუთრებულ პრობლემას ვერავის შეუქმნიან, საერთოდ არ მაქვს რეაქცია. საკუთარი ცხოვრების დაგეგმვა იმის მიხედვით, რას იტყვის სხვა, ძალიან არასწორი მგონია. თუმცა თავიდან არ იყო მარტივი. ბევრს უთქვამს რაღაც არასასიამოვნო. დღეს ნებისმიერი პოლიტიკოსის შვილი რომ შემხვდეს, ვისი მშობელიც შეიძლება, ძალიან არ მიყვარს, მე არაფერს შევიმჩნევ. ბავშვი არაფერ შუაშია და მისთვის მშობლების შესახებ რამის თქმა ძალიან მესამარცხვინოება. ახლა, როგორც საზოგადოება, მართლა გავიზარდეთ, რაც მნიშვნელოვანია და მიხარია. სამწუხაროდ, მე რომ პატარა ვიყავი, ასე არ იყო. მით უმეტეს, დედაჩემი პოლიტიკოსი არ იყო და მგონია, რომ კიდევ უფრო ნაკლები უფლება ჰქონდათ. ვარდისფერი ბოტები აცვია და თურმე, როგორ არ ჯდება სტანდარტებში – კომიკური თემები იყო, მაგრამ 11 წლის ბავშვისთვის ძალიან რთულია დიფერენცირება, რა ღირს ნერვიულობად და რა – არა. თუმცა რაღაც ასაკის შემდეგ ყველაფერს ეგუები და დღეს უკვე არ მაქვს რეაქცია. ეს ქვეყანა ძალიან პატარაა და მეზობლების სინდრომი ყველამ ვიცით. უბრალოდ, ჩემს შემთხვევაში, მეზობლებზე მეტი ლაპარაკობს და ერევა. ამიტომ მგონია, რომ ეს პრობლემა კოლექტიურად უნდა ვმართოთ.
– შენ რას ფიქრობ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით?
– უნივერსიტეტს დავამთავრებ, შემდეგ მაგისტრატურაზე გავაგრძელებ სწავლას. ამ მომენტისთვის აქტივისტი ვარ და ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ განვითარდება მოვლენები ამ ქვეყანაში. არ მიმაჩნია, რომ პოლიტიკა ბინძურია. მას ადამიანები ხდიან ბინძურს. თუ საჭიროდ ჩავთვლი, რომ ჩემი კვალიფიკაცია საშუალებას მომცემს, ჩემს ქვეყანას დავეხმარო, რატომაც არა, მაგრამ წინასწარ არ ვგეგმავ. ჯერ ამ ყველაფრისთვის ძალიან პატარა ვარ – 23 წლის და მგონია, რომ ძალიან ადრეა.
– ახლა „მთავარზე“ „თქვენი ხმის“ ერთ-ერთი წამყვანი ხარ. წლების წინ „ნანუკას შოუს“ ფარგლებში აქტიურობდი, გიფიქრია ამ პროფესიაზე?
– მე მოწოდებით ჟურნალისტი არ ვარ, თუმცა, ეს გადაცემა, რომელიც ახლა გავაკეთეთ ოკუპირებული რეგიონების შესახებ, ძალიან მნიშვნელოვანი მგონია. ამ რეგიონებს ყველა მთავრობა და პოლიტიკოსი მაშინ ახსენებს, როცა წინასაარჩევნო პერიოდია ან სხვა კონკრეტული მიზნისთვის სჭირდებათ. მესმის, რომ აფხაზეთი აუცილებლად უნდა დავიბრუნოთ, მაგრამ არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ საქართველოში ძალიან ბევრი დევნილია, რომლებსაც არავინ აქცევს ყურადღებას. ყველა პოლიტიკოსი ვალდებულია, ამ ადამიანებს ნორმალური ცხოვრებისთვის მინიმალური პირობები მაინც შეუქმნას. ეს პროექტი ზუსტად ამ მიზანს ემსახურება – ამ ადამიანების ხმა აუცილებლად უნდა ისმოდეს.
რაც შეეხება პროფესიას, მგონია, ადამიანებმა ცხოვრებაში ის უნდა ვაკეთოთ, რაც გამოგვდის და სიამოვნებას გვანიჭებს. ჟურნალისტიკა ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მახსოვს, „რუსთავი 2-ის“ ძველ შენობაში დედაჩემს რომ ჩართვები ჰქონდა, მე მაგიდის ქვეშ ვირთობდი თავს. მაგრამ არ მიმაჩნია, რომ ეს საქმე საკმარისად კარგად გამომდის. ამ შემთხვევაში, ჩვენს რუბრიკაში მთავარი წამყვანები კი არა, თემაა. რომ არა ეს თემა, არა მგონია, ამ სფეროში ჩემი საქმიანობა მაინც საინტერესო იყოს მაყურებლისთვის. ჩვენს ოჯახში ვისაც კარგად გამოსდის ეს საქმე, აკეთებს კიდეც (იცინის).
– ნანუკა სულ ამბობს, რომ დედაშვილურზე მეტად მეგობრული ურთიერთობა გაქვთ...
– ბოლომდე დედაშვილური ურთიერთობა არ გვაქვს. ჩვენ შორის სხვაობა 17 წელია და ეს, ალბათ, ბუნებრივიცაა. ახლა 23 წლის ვარ და ვერც კი წარმომიდგენია, რომ შეიძლება, ექვსი წლის შვილი მყავდეს. დედაშვილური ურთიერთობა ჩვენთან ცოტა მერე მოვიდა. ადამიანი, ვინც მთელი ცხოვრება მამეცადინებდა, გრაფიკს მიდგენდა, ყველაფერს მასწავლიდა და საერთოდ, ყველა დეტალზე პასუხისმგებლობა ჰქონდა აღებული, ბებიაჩემი იყო. მე და ნანუკა ორივე ბებიაჩემის შვილები ვიყავით. ახლა ერთმანეთში ვართ შეზრდილები, ერთი მთლიანობის ორი ნაწილი ვართ. ერთად გავიზარდეთ და ბევრი რამ გადავიტანეთ. ცხოვრების ყველა ეტაპზე ნანუკას გვერდით ვიყავი. დედა-შვილიც ვართ, მეგობრებიც და საერთოდ, ყველაფერი ერთმანეთისთვის.
– ნანუკამ საკმაოდ რთული პერიოდები გამოიარა. ვგულისხმობ მენტალურ პრობლემებს, რაზე ხმამაღლა საუბარიც პირველმა თავად დაიწყო. ამ დროს შენ უკვე დიდი იყავი და ალბათ, ეს ის მომენტი იყო, როცა შეიძლება, დედა-შვილმა როლები გაცვალონ.
– სანამ ნანუკას ეგ პრობლემები დაეწყებოდა, მანამდე მე მქონდა. ამიტომ ჩემთვის ეს ყველაფერი უკვე ნაცნობი იყო და ვეხმარებოდი ამ მდგომარეობის მართვაში. როდესაც ამერიკაში ჩავაბარე და მარტო წავედი საცხოვრებლად, მაშინ დამეწყო სერიოზული შფოთვები და როდესაც ნანუკა დადგა იმავე პრობლემის წინაშე, მე უკვე ჩემი ხერხებიც მქონდა მასთან საბრძოლველად. ეს ძალიან ინვიდუალურია და ყველას თავისებური მიდგომა ეხმარება. ჩემი გამოცდილებიდან ზოგი ხერხი გამოადგა, ზოგი – არა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ორივე ერთმანეთს ვშველოდით.
– ამერიკაში ამ პრობლემის წინაშე აღმოჩენილს, ბევრ სირთულესთან მოგიწია გამკლავება. დაბრუნებაზე არ გიფიქრია?
– ნამდვილად ძალიან რთული იყო, მაგრამ ჩემთვის დაბრუნება არ იყო გამოსავალი. მე ამ მდგომარეობის მართვა უნდა მესწავლა და ჩავთვალე, რომ მქონდა ამის რესურსი. სამწუხაროდ, იმ მომენტში ვერ დავამარცხე და რაღაც ეტაპზე, ცოტა ხნით, საქართველოში ჩამოვედი და აქ სრულფასოვნად ვიმკურნალე.
– განიცდიდი, მხოლოდ ნანუკას შვილად არ დარჩენილიყავი?
– მე ძალიან მომწონს დედაჩემი და როცა ვინმე მეკითხება, ნანუკას შვილი ხარო, სიხარულით ვპასუხობ, რომ ასეა. ჩემთვის ნანუკა მისაბაძი ადამიანია, რომელმაც ძალიან ბევრი რამ შეძლო. წყალტუბოდან ჩამოვიდა, საკუთარი თავი შექმნა, თან მუშაობდა, თან სწავლობდა, თან შვილს ზრდიდა. მე დედაჩემმა და მამაჩემმა შემიქმნეს ის ფუფუნება, რომ შემეძლო, მხოლოდ უნივერსიტეტში სწავლაზე მეფიქრა. ამ კომფორტისთვის ძალიან მადლიერი ვარ. არ მაქვს პრობლემა, თუ ვინმე ნანუკას შვილად მიცნობს, მაგრამ თავდაჯერებულობაც მაქვს, საკუთარ თავს ვაფასებ და ვიცი, რომ ვინც ჩემს საქმიანობას იცნობს, ჩემი ქმედებების შედეგად ჩემზეც ექმნებათ საკუთარი აზრი.
– მინდა, ბებიაზეც ვისაუბროთ, რომელიც ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა და რომელსაც შენს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი ჰქონდა.
– ბებია იყო ჩემი ცხოვრების მთავარი ადამიანი. თუკი რამე ვიცი, ყველაფერი მისი დამსახურებაა. არ ვსაუბრობ მხოლოდ ინგლისურ ენაზე ან სხვა საგნებზე, იქნება ეს სიარული, ჩაცმა თუ ყველაფერი... მისგან ვისწავლე. ის ყოველთვის ჩემი ცხოვრების მთავარი პერსონაჟი იქნება. მტკივნეული ყველა ადამიანის გარდაცვალებაა, მით უმეტეს; ახლობლის და ამ ემოციებს ვერც შეებრძოლები. ყოველდღე ვმუშაობ საკუთარ თავზე, რომ ფეხზე ვიდგე, მაგრამ ორი რამის გამო ვაგრძელებ არსებობას . პირველი ის, რომ მე ვიცი, ბებიაჩემს რა უნდოდა ჩემთვის, ვიცი, რომ თავის ცხოვრება გვერდზე გადადო და ძალიან დიდი დრო და ენერგია დამითმო მე, რომ ვყოფილიყავი ისეთი, როგორიც მას უნდოდა: ჭკვიანი, დამოუკიდებელი და ბედნიერი. ამიტომ მე ყველაფერს გავაკეთებ ამისთვის. გარდა ამისა, ყოველდღე ყველა დეტალი მას მახსენებს და ამიტომაც არ მგონია, რომ დამტოვა. ჩემთვის ჩემი არსებობაც მასთან ასოცირდება.
P.S. გამოყენებული ფოტოები ეკუთვნის ლეკო ჭყონიას.