№44 როგორ დასაჯა აწყურის სასწაულმოქმედმა ხატმა დამპყრობლები და როგორ დაუბრუნდა ის საქართველოს
ნინო კანდელაკი ქეთი მოდებაძე
მაცხოვრის ამაღლების შემდეგ მოციქულებმა წილი ყარეს, ვინ სად წასულიყო საქადაგებლად. ღვთისმშობელს წილად საქართველო ხვდა. უკვე გადაწყვიტა კიდევაც, წამობრძანებულიყო, მაგრამ მოწევნულ იყო ჟამი მისი მიძინებისა. და აი, ეჩვენა ღვთისმშობელს ძე თვისი, უფალი ჩვენი იესო ქრისტე, და უთხრა: „დედაო ჩემო, არა უგულებელსვყო ერი იგი საზეპურო უფროის ყოველთა ნათესავთა, მეოხებითა შენითა მათთვის... წარავლინე პირველწოდებული ანდრია შენს წილხვედრ ქვეყანაში და თან გაატანე შენი ხატი... შენ წილ ის ხატი მკვიდრობდეს მცველად მათდა უკანასკნელ ჟამამდეო“. „შვილო ანდრია, - უთხრა დედა ღვთისამ მოციქულს, – ჩემს სულს დიდად უმძიმს, რომ ჩემს წილხვედრ ქვეყანაში ჩემი ძის სახელს არ ქადაგებენ, მაგრამ როცა საქადაგებლად ვაპირებდი გამგზავრებას, გამომეცხადა სახიერი ძე ჩემი და დარჩენა მიბრძანა. შენ უნდა წახვიდე იქ, ქვეყანას ჩემსა წილხვდომილსა, წაასვენო სახე ჩემი და სახე ძისა ჩემისა, რათა ვიყო გამგებელი მათი ცხოვრებისა, ხელი აღვუპყრა და შევეწიო და არავინ მტერთაგანმა სძლიოს მათ“. „იყავნ ნება შენი, ყოვლადწმინდაო, – მიუგო მოციქულმა, – და ნება ძისა შენისა“. მაშინ ღვთისმშობელმა მოითხოვა ფიცარი, მიიდო სახეზე და ფიცარზე მისი ხელთუქმნელი ხატი გამოისახა. მისცა დედა ღვთისამ ხატი ანდრია მოციქულს და დალოცა: „სადაც არ უნდა წახვიდე, მადლი და შეწევნა ჩემგან შობილისა უფლისა გდევდესო თან... მეც შეგეწევიო ქადაგებაში“. წმიდა ანდრია ყოვლადწმიდა ქალწულის წინაშე დაემხო და მადლობა შესწირა. შემდეგ აიღო წმიდა ხატი და საქართველოსკენ გამოემართა.
წმიდა ანდრია პირველად ტრაპიზონში შემოსულა, „რომელ არს სოფელ მეგრელთა“ და მცირედი ჟამი იქ დაუყვია. შემდეგ გადასულა „ქვეყანასა ქართლისასა, რომელსა დიდ-აჭარა ეწოდება“ და სახარების ქადაგება დაუწყია. ამ ადგილების მკვიდრნი, როგორც მატიანე მოგვითხრობს, „პირუტყვთა უუგუნურესნი“ ყოფილან. ეს წარმართები შემოქმედ ღმერთს არ ცნობდნენ და არაწმიდა წესს აღასრულებდნენ. ურიცხვი განსაცდელი დაითმინა მოციქულმა ურწმუნოთაგან, თუმცა ღვთისა და წმიდა ხატის შეწევნით მრავალი მოაქცია ქრისტეს სარწმუნოებაზე. იქ კი, სადაც ხატი დაასვენა, მაკურნებელი წყარო აღმოცენდა. მოციქულმა შეკრიბა იმ კუთხის მკვიდრნი, ნათელ სცა და მღვდელნი და დიაკონნი დაუდგინა. დიდ-აჭარლებმა წმიდა ანდრიას კურთხევით ეკლესიაც ააშენეს ღვთისმშობლის სახელზე. დადგა განშორების დრო. არ ეთმობოდა მრევლს მოძღვარი, დარჩენას ევედრებოდა. ბოლოს სთხოვეს, სასოდ და მცველად ღვთისმშობლის ხატი მაინც დაგვიტოვეო. წმიდა მოციქულმა აიღო იმავე ზომის ფიცარი, მიადო წმიდა ხატს და დედა ღვთისას სახე მეყვსეულად გამოისახა მასზე. ხატი დიდი პატივით დაასვენეს ეკლესიაში, ხოლო წმიდა ანდრიას დიდი სიყვარულით გამოეთხოვნენ.
ანდრია პირველწოდებული მიადგა ერთ დაბას, რომელსაც სოსანგეთს ეძახდნენ (ახლანდელ აწყურს). იქაურები არტემისსა და აპოლონს სცემდნენ თაყვანს. იმ მხარეს ერთი ქვრივი ქალი, სახელად სამძივარი, განაგებდა. ქვრივს ერთადერთი ვაჟი ჰყავდა და ისიც წმიდა ანდრიას მისვლისას მოჰკვდომოდა. იყო დიდი ვაება და ტირილი. დაღამდა და მწუხარებით გათანგულებმა ციხიდან გამომავალი დიდი ნათელი იხილეს. გათენდა თუ არა, სამძივარმა მაშინვე გაგზავნა ხალხი ამბის გასაგებად. აუწყეს, ციხეში უცხოტომელები გაჩერებულან და უცხო ღმერთს ქადაგებენ, შემოქმედსა და დამბადებელს, კაცთა სიცოცხლის მომნიჭებელს და მკვდართა აღმადგინებელს; აქვთ მშვენიერი ხატი, რომელსაც თაყვანს სცემენო. „მკვდართა აღმადგინებელიო“, – მოესმა თუ არა სამძივარს, მონებს წმიდა ანდრია მოაყვანინა. წმიდა ანდრიამ უთხრა, რომ მოციქული იყო ჭეშმარიტი ღმერთისა, რომელიც „წამისყოფით აღადგენდა მკვდარს“ და რომ ყველა, ვინც კი მას ირწმუნებდა და ნათელს იღებდა, ყოველგვარი სენისგან განიკურნებოდა და რასაც ითხოვდა, ყოველივე მიეცემოდა. ატირდა ქვრივი, შეევედრა მოციქულს, ელოცა და მკვდრეთით აღედგინა მისი მხოლოდშობილი ძე. „თუ ირწმუნებ იესო ქრისტეს, რწმენის მეოხებით ყოველივე მოგეცემა“ – უთხრა წმინდა ანდრიამ. ქალმა მთელი გულით აღიარა მაცხოვარი. მაშინ მოციქულმა წმიდა ხატი სხეულზე დაასვენა მიცვალებულს, ილოცა და ყრმას ხელი გაუწოდა. ისიც, თითქოს ახლა გაიღვიძაო, საღ-სალამათი წამოდგა ფეხზე. გახარებული დედა მუხლებში ჩაუვარდა წმიდა ანდრიას, მერე კი თავის სახლეულთან ერთად ნათელ-იღო. ხალხით გაივსო სოსანგეთი. ყველას უნდოდა მკვდრეთით აღმდგარი ქვრივის ძის ხილვა. დაიწყეს კამათი, რომელი ღმერთი იყო ჭეშმარიტი – იესუ, კაცთა მკვდრეთით აღმადგინებელი, თუ ის კერპნი, რომელთაც თაყვანს სცემდნენ. „შევასვენოთ ჩვენი ხატი თქვენს საკერპოში და დავაბრძანოთ თქვენს ღმერთებს შორის, – შესთავაზა მოციქულმა, – დავბეჭდოთ ორივე კარი, დავუყენოთ მცველნი და დილით ვიხილოთ, ვისი ღმერთია ჭეშმარიტი“. ასეც მოიქცნენ. დილით, როცა საკერპო გააღეს, კერპნი დამსხვრეულნი ნახეს, ხოლო ხატი ღვთისმშობლისა – მზესავით გაბრწყინებული. მაშინ კი ყველამ ერთხმად ადიდა ქრისტიანთა ღმერთი.
წმიდა ანდრიამ მოციქულებრივი სვლა განაგრძო, ხოლო წმიდა ხატი ივერიაში დაემკვიდრა. მესხებს ის მცირე ეკვდერში დაუბრძანებიათ. მეშვიდე საუკუნის დასაწყისში საქართველოში ჰერაკლე კეისარი შემოიჭრა. ის საგანგებოდ მისულა ხელთუქმნელი ხატის თაყვანისსაცემად და, როგორც „ქართლის ცხოვრება“ მოგვითხრობს, აწყურის დიდი საყდრის შენებაც დაუწყია. განუსრულებიათ ეკლესია „მორწმუნე კაცთა“ და საეპისკოპოსო კათედრად უქცევიათ.
წმიდა დემეტრე თავდადებულის მეფობისას სამცხეს დიდი განსაცდელი დაატყდა თავს: აღდგომას მიწა იძრა და ეს მხარე ერთიანად მოსრა. ურიცხვი ხალხი დაიღუპა, საყდარი, ეკლესია და ციხე არსად დარჩა დაუქცევარი. დაინგრა აწყურის საყდარიც. სწორედ იმ დღეს ღვთისმშობლის ხატი ლიტანიობით შეებრძანებინათ და შუა ტაძარში დაესვენებინათ. მიწისძვრისას ტაძრის გუმბათი ჩამოვარდნილიყო და ქუდივით დაფარებოდა წმიდა ხატს...
1476 წელს საქართველოს ირანის მბრძანებელი უზუნ-ჰასანი შემოესია, დაარბია სამცხე და აწყურის ღვთისმშობლის ხატი ტყვედ წაიყვანა. შეიქმნა დიდი გლოვა და მწუხარება მიუთხრობელი. აღდგნენ მესხნი და ქართლში გადასახლდნენ. მათი მწირობა შვიდ წელიწადს გაგრძელდა. ირანს კი ღვთის რისხვა დაატყდა თავს: ხატის დატყვევების შემდეგ ამ ქვეყანაში „არცა შობა დედაკაცმან, არცა პირუტყვმან, არცა ჰყო ხემან ნაყოფი, არცა მიწამან აღმოაცენა“. გამოიძიეს მიზეზი. თქვა ზოგიერთმა, საქართველო რომ დავლაშქრეთ, ერთი საყდრიდან დიდი პატივით შემკული ფიცარი წამოვიღეთ, ჯერ კიდევ მგზავრობისას ვნახეთ მის მიერ მოხდენილი სასწაულნი – საღამოს ბარგის სიღრმეში რომ ჩავდებდით, დილით მაღლა გვხვდებოდა და მზესავით ბრწყინავდა; ეს რისხვაც უეჭველად მისგან მოგვევლინა, სჯობს, მოვიძიოთ და თავის ქვეყანაში გავუშვათო. იპოვეს ხატი, მაგრამ მის წაღებას შიშით ვინ გაბედავდა! ბოლოს ასე მოიქცნენ: ხატი უხედნელ რაშზე დააბრძანეს და სამცხისკენ გამოუშვეს. ღვთის განგებით, ცხენმა სწრაფად მიაღწია სამცხეს. „და იქმნა დიდებული სასწაული“ - განათდა, გაბწყინდა მთელი სამცხე, მიეახლნენ მესხნი და სიხარულის ცრემლით თაყვანი სცეს წმიდა ხატს. ქართლში გადახვეწილმა მეხსებმაც შეიტყვეს ეს ამბავი და დაბრუნება გადაწყვიტეს, მაგრამ მეფე კონსტანტინემ არ გამოუშვა. ისინიც ადგნენ და გამოიპარნენ. შეიტყო კონსტანტინემ და ჯარი დაადევნა. მოუბრუნდნენ მესხნი და „აწყურის ღვთისმშობლის სახელით“ დაამარცხეს მდევარი.
გავიდა ორი წელი და სამცხეს ახლა იაყუბ ყაენი შემოესია. მესხებმა მოასწრეს და ხატი გადამალეს. მტერმა პირობა მისცა, რომ აწყურს არ ააოხრებდა. მაგრამ სპარსელებმა გატეხეს სიტყვა. მოსახლეობის ნაწილი მოსრეს, ნაწილი ტყვედ წაასხეს, ხატი კი იაყუბ ყაენს მიართვეს. ყაენმა ხატი სამკაულთაგან განძარცვა და ცეცხლში ჩააგდო. ცეცხლი განელდა, ხატს კი მცირედაც არ შეხებია. ეს სასწაული ყაენის ლაშქარში მყოფმა ერთმა არამართლმადიდებელმა ქრისტიანმა იხილა, მოიპარა ხატი, თავისთან წაასვენა და დიდი პატივით მოეპყრო, მაგრამ ერთ ღამეს ღვთისმშობელი გამოეცხადა და დაემუქრა, „თუ ჩემს ქვეყანაში არ დამაბრუნებ, დიდ უბედურებას მოგაწევო“. მივიდა კაცი მანუჩარ ათაბაგთან და ყოველივე მოუთხრო. გახარებულმა ათაბაგმა კაცნი გაგზავნა და წმიდა ხატი დაიხსნა. ეს 1486 წლის 25 სექტემბერს მომხდარა. მალე ღვთის რისხვა ეწია იაყუბ ყაენსა და მის სანათესაოს – სხვადასხვაფერი სიკვდილით ერთიანად მოისრნენ.
1535-1545 წლებში სამცხე იმერეთს ეკუთვნოდა. შემდეგ ოსმალომ წაართვა. 1546 წელს ბაგრატ იმერთა მეფეს სამხრეთისკენ გაულაშქრია, სამცხე ვეღარ დაუბრუნებია, მაგრამ აწყურის ღვთისმშობლის ხატი გამოუტაცია და ციხისჯვარში დაუსვენებია, 1553 წელს კი იმერეთში გადაუბრძანებია. 1562 წელს ბაგრატის ძეს, იმერთა მეფე გიორგი მეორესა და ქაიხოსრო ათაბაგს ზავი დაუდვიათ და იმერლებს ღვთისმშობლის ხატი მესხებისთვის დაუბრუნებიათ.
დღესდღეობით, მუზეუმში დაცული წმიდა ხატი ჩასვენებულია ტრიპტიქის სახის მოჭედილ კუბოში, რომელიც, წარწერის თანახმად, შესრულებულია იმერეთის მეფის სოლომონ პირველის შეკვეთით 1764 წელს.
მიუხედავად ამისა, მეცნიერულად დაუზუსტებელია, თუ რომელი ხატი ინახება მუზეუმში – ორიგინალი, თუ აგრეთვე ხელთუქმნელი პირი ხატი, რომელიც ანდრია მოციქულმა ქართლში დატოვა.
P.S. გამოყენებულია მასალები ჟურნალ „კარიბჭიდან“ და „ვიკიპედიიდან“.