№44 მაია სტეფნაძე: ჯერ თავად უნდა ჩადო მაქსიმუმი და როცა დახმარება დაგჭირდება, მერე გამოვჩნდებით ჩვენ
ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე
ყველასათვის საყვარელი და კარგად ნაცნობი პროდიუსერი მაია სტეფნაძე ახალი პროექტით წარდგა მაყურებლის წინაშე. „ხალხი – ხალხისთვის“ – ეს არის გადაცემა, რომელმაც უმოკლეს დროში დიდი პოპულარობა მოიპოვა და სოციალური ქსელი დაიპყრო. გადაცემის სახელწოდება მის იდეასთან პირდაპირ კავშირშია – სრულიად უცხო ადამიანები დახმარებისა და თანადგომის ხელს უწვდიან ერთმანეთს.
მაია სტეფნაძე: თავად პროექტის იდეა და სახელწოდებაც ტელეკომპანია „იმედში“ მუშაობის დროინდელია. მაშინ გაჩნდა მოსაზრება, რომ გადაცემა „ხალხი – ხალხისთვის“ გაკეთებულიყო, დირექტორისთვის საჩვენებლად ჩანაწერიც მზად მქონდა, თუმცა ტელევიზიიდან გამომიშვეს. პროექტი თავიდან სულ სხვანაირი იყო, მერე შევიტანეთ გარკვეული ცვლილებები. რაც შეეხება იდეას, მთლიანად ვატო წერეთელს ეკუთვნის, სწორედ მან შემომთავაზა, გავსულიყავი გარეთ და ხალხის პრობლემებისთვის მომესმინა. სახელწოდებაც ზუსტად ასახავს გადაცემის შინაარსს. ეს პროექტი ბევრად შრომატევადია, ვიდრე ისინი, რაც აქამდე მიკეთებია, რადგან ყოველდღე გვიწევს მუშაობა, თუმცა ის უკუგება, რაც ხალხისგან მივიღეთ, ყველაფერს გვინაზღაურებს მთელ გადამღებ ჯგუფს. ხალხის აღფრთოვანებული მონაწერები და სიკეთე, რასაც მათთან ერთად ვაკეთებთ, ძალიან გვაბედნიერებს.
– გადაცემა „სარკეში მაია სტეფნაძესთან“ დაიხურა?
– იმდენი რამ მოხდა ამ პანდემიის დროს და მერეც, რომ ბვერი რამ შეიცვალა. კარანტინის პერიოდში გაჩერებული იყო ყველაფერი და მე თავად ვთხოვე ტელევიზიას, თოქ-შოუების ჯგუფს დავმატებოდი. კლასტერებად ვიყავით დაყოფილი – ერთი კვირა ვმუშაობდით, ერთი კვირა ვისვენებდით. როცა ტელევიზია მუშაობდა, არ მინდოდა, მე სახლში ვმჯდარიყავი. საბოლოო ჯამში, პროფესიული კუთხით ძალიან ნაყოფიერი წელი მქონდა. „სარკე“ დავხურე, რადგან მენანებოდა გადასაკეთებლად და მიმართულების შესაცვლელად. თავად გადაცემა შემეცოდა ამისთვის, ამიტომ თვითონ ვუთხარი ვატოს: მოდი, დროებით გავაჩეროთ და ახალი პროექტი დავიწყოთ-მეთქი.
– ახალ პროექტზე მუშაობა რამდენად რთულია ემოციური კუთხით?
– ზოგადად, ემოციური ადამიანი ვარ და აქაც ვერ ვიკავებ ჩემს ემოციებს, შვიდი შვილის დედას ბინა რომ გადავეცით, ძალიან გამიჭირდა. მაქსიმალურად ვცდილობ, თავი შევიკავო, მაგრამ ხანდახან არ გამომდის. როცა ადამიანის სატკივარი გულთან ახლოს მიგაქვს, როცა ამდენ გაჭირვებულს უყურებ, ამ დროს ცოტა რთულია ემოციების მოთოკვა და მართვა. მაგრამ ყველაფერს გიმარტივებს ის, რომ იცი, ცოტათი მაინც შეგიძლია მათი ცხოვრების შემსუბუქება და გალამაზება.
– თქვენი წინა პროექტებისგან სრულიად განსხვავებულია...
– დიახ, ასეა. წინა პროექტი შედარებით მარტივი იყო იმ კუთხით, რომ ვიჯექი სტუდიაში და მაქსიმუმ ორ საათში ვწერდი გადაცემას, გასვლებიც მქონდა, მაგრამ არა ისეთი სიხშირით, როგორიც ახლა. ახალ პროექტზე ბევრი წვალება მიწევს, რადგან ცოტა სხვა ფორმატია, გაცილებით ბევრ შრომას მოითხოვს. ბევრი დრო მიაქვს იმ ადამიანების პოვნის პროცესს, რომლებსაც გვინდა, დავეხმაროთ – მინდა, ყოველ ჯერზე ისეთი იყოს, ვისი დახმარების სურვილი მეც გამიჩნდება და ხალხსაც. პირველი – უნდა იმსახურებდეს ადამიანი დახმარებას. საქართველოში ვერავის გავაკვირვებთ სოციალურად დაუცველი და ღარიბი ადამიანებით, ჩვენდა საუბედუროდ, ასეთი ძალიან ბევრი გვყავს ქვეყანაში, მაგრამ არიან ისეთები, ვინც ბევრს შრომობენ, წვალობენ, ყველაფერს აკეთებენ შვილების კეთილდღეობისთვის, თუმცა სჭირდებათ მცირედი ხელის შეშველება, სულ მცირე დახმარება, რომ უკეთესად იცხოვრონ. სწორედ, ასეთ ადამიანებს გავუწვდით დახმარების ხელს მე და საზოგადოება, ჩემს მისიას ამაში ვხედავ. არიან ისეთებიც, რომლებსაც უჭირთ, მაგრამ უბრალოდ, სხედან და მოთქვამენ, უკეთესი ცხოვრებისთვის კი არაფერს აკეთებენ. ასეთი ადამიანების დახმარების სურვილი ნამდვილად არ გამიჩნდება, რადგან შენს ცხოვრებაში ჯერ თავად უნდა ჩადო მაქსიმუმი და როცა დახმარება დაგჭირდება, მერე გამოვჩნდებით ჩვენ – ადამიანები, რომლებიც კიდევ უფრო გაგილამაზებთ ყოფას. შვიდი შვილის გმირი დედა მყავდა გადაცემაში, 34 წლის გოგო, რომელიც ისეთი ნაშრომი იყო, რომ შეხედავდი, ვერ იტყოდი, თუ ეს ასაკი ჰქონდა. დუშეთის რაიონის ერთ-ერთ სოფელში შვიდ შვილს ზრდის და ყველაფერს აკეთებს შვილების კეთილდღეობისათვის. საოცრად აქვს ყველაფერი დალაგებული, უზომოდ შრომისმოყვარეა და ბევრს აკეთებს. უფროსი შვილი 14 წლის ჰყავს, თუმცა ბავშვი რომ სწავლას არ მოსცდეს, საქმის გაკეთებას არ ავალებს. ყველაფერი საკუთარ თავზე აქვს აღებული, ფიზიკური შრომა იქნება თუ სხვა. როცა უკიდურესად დასჭირდა საზოგადოების დახმარება, მერე მოგვმართა თხოვნით, თუმცა, მას არ უთხოვია, რომ პურით, საჭმლით დავხმარებოდით. მან გვითხრა: 4 000 ლარი სჭირდებოდა, ბინის პრობლემა რომ მოეგვარებინა. როგორ გაგიძლებდა გული, რომ ასეთი მშრომელი ადამიანისთვის დახმარების ხელი არ გაგეწვდინა. ვერც წარმოიდგენთ, თანხის როგორი მობილიზება მოხდა ორ დღეში – 3-ჯერ მეტი აგროვდა. ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები უნდა გამოვყო, რომლებსაც ორგანიზება გაუწია მზია წულუკიძემ და სწორედ, მათი დახმარებით შეიკრიბა ეს თანხა. აუცილებლად უნდა ვთქვა ერთი ფაქტი, სამსახურში ვსაუბრობდი ამ გოგოს პრობლემაზე და ნინო ქათამაძემ მოჰკრა ყური, არც დაფიქრებულა ისე ამოიღო ჩანთიდან თანხა და მითხრა: მაია ამ ქალს გადაურიცხეო. ლამის ვიტირე – მას ხომ საკუთარი მიზნებისთვის ჰქონდა ეს თანხა, მაგრამ მოაკლო თავის საჭიროებას. ასეთი კეთილი ადამიანები სანამ არიან, და მე დღითიდღე ვრწმუნდები, რომ ბევრნი არიან, მანამდე საქართველო ყოველთვის იქნება ძლიერი.
– გადაცემის სახელწოდებაც ზუსტად შეესაბამება იდეას...
– კი, გადაცემის სახელწოდებაში იკითხება იდეა. ვერც ერთმა მთავრობამ ვერ მოახერხა ის, რომ საზოგადოებას დადგომოდა გვერდით. მათ ავიწყდებათ ერთი რამ – ჩვენი ჯიბიდან ფინანსდებიან, ჩვენ მიერ დაქირავებულები არიან ჩვენივე კეთილდღეობისთვის, მაგრამ არ ასრულებენ თავიანთ ფუნქციებს. ხალხისთვის კარგი პირობების შეთავაზება და უკეთესად ცხოვრება – ეს ჩვენი კონსტიტუციით მონიჭებული უფლებაა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დამოუკიდებლობის დეკლარაციაში 240 წლის წინ ჩადო, რომ ადამიანს აქვს ბედნიერად ცხოვრების უფლება და ქართველმა ხალხმა 21-ე საუკუნეში რით ვერ მივაღწიეთ, რომ ბედნიერად ცხოვრების უფლება მოვიპოვოთ. ისევ ჩვენ, ხალხი უნდა დავუდგეთ ერთმანეთს გვერდში დ ვისაც ხელის წაშველება სჭირდება, დავეხმაროთ. ასე, ნელ-ნელა თავად აღმოვფხვრით ამ უკიდურეს გაჭირვებას და სიღატაკეს. ნურავინ დამაბრალებს ნაცობას და ქოცობას, ეს არის კატეგორიული ტყუილი და ჩემი ცხოვრების წესით დავამტკიცე, რომ არც ერთი პოლიტიკური პარტიის მიზნები არ მაინტერესებს.