№44 ანანო სახელაშვილი: მუდმივი კონფლიქტი მქონდა ჩემი კავკასიური გარეგნობის გამო
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
ანანო სახელაშვილს ტელევიზიის მაყურებელი ლოტოს გათამაშებიდან იცნობს, სოციალურ სივრცეში კი ის ძალიან წარმატებული ინფლუენსერია, უამრავი გამომწერით და გარდა ამისა, აქვს საკუთარი ბიზნესი, რომელიც თავიდან ბოლომდე თვითონ შექმნა და ყოველდღიურად ავითარებს.
ანანო სახელაშვილი: 2013 წელს მეგობარმა დამაძალა „ინსტაგრამის“ შექმნა. ჩემი პირადი გვერდი საკმაოდ მოთხოვნადი აღმოჩნდა და მაშინვე „აიტაცეს“. ერთ კვირაში უკვე ათასი მიმდევარი მყავდა, რაც იმ დროისთვის ნორმალური იყო და სწრაფი ტემპით იზრდებოდა. ხშირად მეკითხებიან, რის გამო მოხდა ეს და მე კონკრეტული პასუხი არ მაქვს. ბუნებრივია, ჩემი გვერდი რამე პოპულარობისთვის არ გამიკეთებია. ჩემი სოციალურ ქსელი ასახავს იმას, რაც ყოველდღიურად ხდება ჩემ ირგვლივ. დღემდე აღნიშნავენ, რომ რაც მაშინ იყავი, ზუსტად იგივენაირი დარჩიო და ალბათ, მიზეზიც ესაა.
რაც შეეხება სამსახურს, 15 წლიდან უამრავ ადგილას ვიმუშავე. 18 წლამდე მოსკოვში ვცხოვრობდი და სწავლის პარალელურად, იქაც ვმუშაობდი. შემდეგ საქართველოში ჩამოვედი და მიუხედავად იმისა, რომ ენის ბარიერი მქონდა, მაინც ვმუშაობდი პრომოაქციებზე. ამ საქმეში ძალიან დიდი გამოცდილება მივიღე (იცინის). სტაბილური სამსახური სპორტისადმი სიყვარულმა მაპოვნინა. ვიდეოოპერატორად ვმუშაობდი სამი წლის განმავლობაში. ფეხბურთის გუნდს დავყვებოდი ხან სად, ხან სად და მათ თამაშებს ვიღებდი. ასევე, ვმუშაობდი „ვიქტორია სეკრეტის“ მაღაზიაში. ერთ მართლა საბედისწერო დღეს, მაღაზიიდან წამოვედი და ისე დაემთხვა, რომ ვიდეოოპერატორის პოზიციაც დავკარგე და სულ უსამსახუროდ დავრჩი. ჩემთვის ეს ძალიან რთული პერიოდი იყო. გულახდილად ვიტყვი, რომ ჩემი ოჯახის შემოსავლის წყარო მხოლოდ ჩემი სამსახური იყო. რვა წლის წინ მამაჩემს მეოთხე სტადიის სიმსივნე დაუდგინეს და სურვილიც არ მქონდა, ან მას, ან დედას რომ ემუშავა. ამიტომაც ავიღე ყველაფერი საკუთარ თავზე და ახლაც ასეა. ღმერთის წყალობით, კარგად არის და ამ ყველაფრით ძალიან კმაყოფილები და ბედნიერები ვართ. მაგრამ იმ პერიოდში, როცა უსამსახუროდ დავრჩი, მივხვდი, რომ რაღაც უნდა მომეფიქრებინა, ფეხი ფეხზე გადადებული ვერ ვიცხოვრებდი. ეს ხდებოდა დაახლოებით, 24 წლის ასაკში. დიდხანს ვფიქრობდი, რა გამეკეთებინა. ისევ სხვასთან რომ დამეწყო მუშაობა, შეიძლებოდა, იმავე მდგომარეობაში აღმოვჩენილიყავი და ამიტომ გადავწყვიტე, თავად შემექმნა რამე. სამწუხაროდ, თუმცა ჩემთვის საბედნიეროდ, აღმოჩნდა, რომ იმ პერიოდში, საქართველოში საბანკეტო კაბებს არავინ აქირავებდა. არ მომერიდება იმის თქმა, რომ პირველი ვიყავი ამ საქმეში, რომელიც საკმაოდ წარმატებულად განვითარდა. თავიდან ყველაფრის კეთება სახლში დავიწყე. მომყავდა გოგონები და ჩემთან ისინჯავდნენ კაბებს, შემდეგ პატარა
ფართი ვიქირავე.
ფართი ვიქირავე.
– კაბებს კერავდი და აქირავებდი?
– ჩემი ბიზნესი ორასი ლარით დავიწყე, რომელსაც ვაგროვებდი. ძალიან ბევრი კაბა მქონდა, რომელიც ერთხელ მეცვა და ვეღარ ვიყენებდი. ხომ იცით, გოგონები როგორები ვართ, ერთხელ ჩავიცვამთ კაბას, ფოტოებს გადავიღებთ და მერე უკვე აღარ გვადგება (იცინის). ასე რომ, ჩემი კაბები ძალიან გამომადგა ბიზნესის დასაწყებად. გარდა ამისა, გამოვიწერე კიდეც და შევკერე კიდეც. დღემდე ძალიან ბევრ მკერავთან ვთანამშრომლობ. ვკერავდი, ვინმე რამეს რომ იქირავებდა, თანხას ვინახავდი, მერე უფრო მეტს ვკერავდი და ასე ნელ-ნელა ვზრდიდი ჩემს კოლექციას. ახლა უკვე დიდი შოუ-რუმი მაქვს თბილისში და ბათუმში. რომ არა კორონავირუსი, ქუთაისშიც გავხსნიდი.
– როგორც ვიცი, რუსეთშიც გაქვს.
– კი, მაგრამ ის სივრცე, რომელშიც ჩვენი შოუ-რუმი იყო, დაიხურა კორონას გამო, დაიხურა და ამიტომ ონლაინ-გაყიდვებზე გადავედით.
– დღეს შენს „ინსტაგრამს“ ვინც ათვალიერებს, ალბათ, ფიქრობს, რომ ძალიან გაგიმართლა. ყოველთვის კარგად გამოიყურები, ლამაზად გაცვია, ლამაზ ადგილებში ხარ. რეალურად რა სირთულეები დგას ამ ყველაფრის უკან?
– ასეა. „ინსტაგრამი“ ჩემი ინვესტიციაა. ზოგმა შეიძლება, იფიქროს, რომ ძალიან ადვილია ფოტოების გადაღება და თუ მოინდომებს, ამას ყველა გააკეთებს. მაგრამ რეალურად, შენი ფოტოებით რომ ბევრი ადამიანი მოხიბლო, ძნელია, მით უმეტეს, საქართველოში ბევრი კრიტიკოსი გვყავს. ეს გზა რთული იყო, მაგრამ გამიმართლა იმაში, რომ 2013 წლიდან მქონდა „ინსტაგრამი“ და გამომწერების რაოდენობა ნელ-ნელა მემატებოდა. რამდენჯერმე გამიტეხეს კიდეც, მაგრამ აღვადგინე და დღემდე აქტიურად ვსარგებლობ. ჩემი პირადი „ინსტაგრამი“ რომ არა, ვაღიარებ, რომ ჩემი ბიზნესი ვერ იარსებებდა. ამის დაუხმარებლად ვერცერთ ფილიალს ვერ გავხსნიდი.
– ალბათ, გარეგნობამაც თავისი როლი ითამაშა, საკუთარი პროდუქციის მოდელი თავად ხარ.
– თავიდან ვფიქრობდი, მე დავიწყებ და შემოსავალი რომ გამიჩნდება, ბლოგერებსა და მოდელებთან ვითანამშრომლებ-მეთქი. მაგრამ მალე მივხვდი, რომ ამ საქმის გაკეთება თავადაც შემეძლო.
– და გარშემო ოჯახი და სანათესაოც გააერთიანე?
– კი (იცინის). ყველანაირად გვერდით მედგნენ და თუ ადამიანი შენთან ერთად რთულ პერიოდშია, როცა წარმატებას მიაღწევ, ეს არ უნდა დაივიწყო. ჩემს მაღაზიაში მათზე უკეთესს, ვერავის დავაყენებდი. დედა, დეიდა, და, დეიდაშვილი – ყველა ამ საქმეშია. ღმერთმა ქნას, გავფართოვდეთ და კიდევ დავიმატებ. ძალიან დიდი სანათესაო მყავს (იცინის).
– წლების განმავლობაში რუსეთში ცხოვრობდი. თუმცა შენი ოჯახის ისტორია აფხაზეთიდან იწყება. როგორ იხსენებენ მშობლები წარსულს?
– ჩვენ აფხაზეთიდან ვართ. აფხაზეთის ომის დროს დედა ჩემზე იყო ფეხმძიმედ. მაშინ გადავიდნენ ჩემი მშობლები მოსკოვში საცხოვრებლად, მაგრამ დედას
უთქვამს, რომ არ უნდოდა, მისი შვილი უცხო მიწაზე დაბადებულიყო და თბილისში ჩამოვიდა. დავიბადე თბილისში და ორი თვის ვიყავი, როცა მოსკოვში წავედით. მართალია, იქ ვიზრდებოდით, მაგრამ მშობლებმა მე და ჩემს დას სამშობლოს ისეთი სიყვარული ჩაგვინერგეს, რომ არ შემიძლია, სიტყვებით გადმოვცე. ჩემმა მშობლებმა ცხოვრება სამჯერ დაიწყეს ნულიდან. პირველად აფხაზეთში, შემდეგ – მოსკოვში და ბოლოს – თბილისში. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, მშობლების გადაწყვეტილებით, საცხოვრებლად აქ გადმოვედით. მეც მუდმივი კონფლიქტი მქონდა ჩემი კავკასიური გარეგნობის გამო. იმიტომ რომ ქართველები ვართ, დიდი აგრესია ჰქონდათ ჩვენ მიმართ, ჩვენს ეროვნებას, რა თქმა უნდა, არ ვმალავდით. თუმცა, დღეს სრულიად შეიცვალა მდგომარეობა და ახლა რომ ჩავდივარ და იგებენ, ქართველი ვარ, პირიქით, დიდ სიყვარულს გამოხატავენ ჩვენი ქვეყნისადმი. მაგრამ მაშინ, პირადად მე, სულ ჩხუბში ვიყავი და დედამ თქვა, მინდა, ჯანმრთელი და ცოცხალი შვილი მყავდესო და დავბრუნდით.
უთქვამს, რომ არ უნდოდა, მისი შვილი უცხო მიწაზე დაბადებულიყო და თბილისში ჩამოვიდა. დავიბადე თბილისში და ორი თვის ვიყავი, როცა მოსკოვში წავედით. მართალია, იქ ვიზრდებოდით, მაგრამ მშობლებმა მე და ჩემს დას სამშობლოს ისეთი სიყვარული ჩაგვინერგეს, რომ არ შემიძლია, სიტყვებით გადმოვცე. ჩემმა მშობლებმა ცხოვრება სამჯერ დაიწყეს ნულიდან. პირველად აფხაზეთში, შემდეგ – მოსკოვში და ბოლოს – თბილისში. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, მშობლების გადაწყვეტილებით, საცხოვრებლად აქ გადმოვედით. მეც მუდმივი კონფლიქტი მქონდა ჩემი კავკასიური გარეგნობის გამო. იმიტომ რომ ქართველები ვართ, დიდი აგრესია ჰქონდათ ჩვენ მიმართ, ჩვენს ეროვნებას, რა თქმა უნდა, არ ვმალავდით. თუმცა, დღეს სრულიად შეიცვალა მდგომარეობა და ახლა რომ ჩავდივარ და იგებენ, ქართველი ვარ, პირიქით, დიდ სიყვარულს გამოხატავენ ჩვენი ქვეყნისადმი. მაგრამ მაშინ, პირადად მე, სულ ჩხუბში ვიყავი და დედამ თქვა, მინდა, ჯანმრთელი და ცოცხალი შვილი მყავდესო და დავბრუნდით.
– საქართველოში გადმოსვლა არ გაგიჭირდა?
– ძალიან. საქართველოში დავიბადე, მაგრამ რუსეთში მალევე წავედი, როგორც გითხარით. შვიდი წლის ვიყავი, როცა აქ ჩამოვედით და მას შემდეგ აღარ ვყოფილვარ. ძალიან გამიჭირდა. ნათესავები კი მყავდა, მაგრამ სკოლა, სამეგობრო, ნათესავების ნაწილიც, იქ დავტოვე და ყოველთვის მეგონა, რომ აქაურობას ვერ მივეჩვეოდი. ერთი წლის შემდეგ, სანამ მოსკოვში არ ჩავედი, მანამდე ვერ მივხვდი, რომ თბილისს ძალიან მივეჩვიე და მოსკოვისკენ გახედვაც აღარ მინდოდა. მქონდა შანსი, რომ ჩემი საქმე იქ მეკეთებინა, მაგრამ მირჩევნია, პურის ფული მქონდეს და ჩემს ოჯახთან ერთად ვიყო საკუთარ სამშობლოში.
– ლოტოს გათამაშების წამყვანი როგორ გახდი?
– ქასთინგზე მე და მარიამ გველესიანი დაგვიბარეს. ვერც წარმოვიდგენდი, რომ წამყვანობას ეხებოდა საქმე, თან პირდაპირ ეთერში. ეს რომ მცოდნოდა, დამიჯერეთ, არ მივიდოდი, იმიტომ რომ დიდი კომპლექსი მაქვს. გვითხრეს, წამყვანები გვჭირდება ლოტოს გათამაშებისთვისო. ქასთინგიდან რომ გამოვედით, არ გვჯეროდა, ლიფტში შევედით და ერთმანეთს ვუყურებდით შოკირებულები, ბედნიერებისგან კივილი დავიწყეთ (იცინის). არავინ გვყავდა ტელევიზიაში და იქ ასე მოხვედრა რთულია. თან, ჩემს შემთხვევაში ენის ბარიერიც არსებობდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ესეც გადავლახე. ჩემებმა ეკრანზე რომ დამინახეს, სიხარულით ტიროდნენ. მამამ მთელ სანათესაოს დაურეკა, ტელევიზორი ჩართეთ, ჩემი ანუშკი გამოდისო (იცინის). ჩემი ოჯახი ჩემი ყველაზე დიდი სტიმულია.
– შენმა გამომწერებმა იციან, რომ გყავს შეყვარებული, რომელიც ფეხბურთელია და თქვენი ამბავი, ალბათ, შენი სპორტისადმი სიყვარულს უკავშირდება.
– კი, მე რომ თამაშებს ვიღებდი, ის იმ გუნდში თამაშობდა. მგონი, ბედისწერა იყო (იცინის). რამდენიმე თვე ერთად ვმუშაობდით, მაგრამ ცოტა მეუხერხულებოდა და ბიჭებისკენ საერთოდ არ ვიხედებოდი. ამდენ ბიჭში სულ ორი გოგო ვიყავით და რამე არასწორად რომ არ ეფიქრათ, საერთოდ არ ვუყურებდი (იცინის). ერთხელაც, ჩემს უბანში მე და ჩემი მეგობრები ფეხბურთს ვთამაშობდით და ვხედავ, ვიღაც ბიჭი მიყურებს, რომელიც საიდანღაც მეცნობა. მერე ძაღლი გამექცა, გაეკიდა და მომიყვანა, ვერ მიცანიო, მკითხა. მაშინ უკვე ვიცანი, ჯერ ხომ სახეში არავის ვუყურებდი და მერე არასპორტულ ფორმაში ჩაცმული რომ ვნახე, უცებ ვერ აღვიქვი, რომ ჩემი გუნდელი იყო (იცინის). მას შემდეგ კიდევ რამდენჯერმე შევხვდით ერთმანეთს შემთხვევით და მივხვდით, რომ მე მე ვარ და ის ის არის (იცინის). ძალიან მეხმარება, ვცდილობთ, ერთმანეთს ყველაფერში გავუგოთ და გვერდით დავუდგეთ.