№44 რატომ ეუბნებოდნენ მარიამ ბონდარენკოს პედაგოგები მომზადებაზე უარს და რით გააოგნა მან რუსეთში ჟიურის წევრები
ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე
15 წლის მარიამ ბონდარენკო, მიუხედავად იმისა, რომ წარმოშობით უკრაინელია, ყველგან ამბობს, რომ ქართველია. ახლა ის რუსეთის ერთ-ერთ პოპულარულ კონკურსზე – „ტი სუპერ“ გამოდის და მიუხედავად იმისა, რომ მუსიკალური განათლება უსახსრობის გამო ვერ მიიღო, ნახევარფინალში მოხვდა და წინ დიდი გეგმები აქვს.
მარიამ ბონდარენკო: მამა უკრაინელია, მაგრამ მე საქართველოში დავიბადე და გავიზარდე, ამიტომ, ყველგან ვამბობ, რომ მე ქართველი ვარ. ჩემს ოჯახში ყველა მღერის, გამორჩეულად კი – დედა. სულ სარკის წინ ვიდექი, ხელში მეჭირა სავარცხელი, როგორც მიკროფონი და ვმღეროდი და ვცეკვავდი (იცინის). ბავშვობაში, სწორედ, დედამ შემამჩნია მუსიკალური ნიჭი და ყველანაირად ცდილობს, ხელი შემიწყოს, რომ დიდ სცენაზე დავდგე. საქართველოში ვცადე „ნიჭიერში“ გამოსვლა, მაგრამ არ ამიყვანეს. ალბათ, პატრონი რომ არ მყავდა და ნაცნობობა, ამიტომ, დამიწუნეს. პირდაპირ მითხრეს: კარგი გოგო ხარ, მაგრამ არაო. ამან, პირიქით, სტიმული მომცა და მომინდა, მეტი გამეკეთებინა. მინდა, მსოფლიოში პოპულარული გოგო გავხდე. ეს ჩემი მიზანია, ფარ-ხმალს არ დავყრი და აუცილებლად მივაღწევ.
– როგორც ვიცი, არც მუსიკალურ სკოლაში გივლია და არც ვოკალის პედაგოგთან. თუმცა, ახლა, რუსეთში საკმაოდ დიდ წარმატებას მიაღწიე და პროექტრში – „ტი სუპერ“, ნახევარფინალშიც მოხვდი.
– დიახ, არასოდეს მივლია მუსიკის მასწავლებელთან, რადგან არ მქონდა ამის საშუალება. 13 წლის ასაკში ჩემით დავიწყე მომზადება, თვითონ ვავარჯიშებდი ხმას და ვმუშაობდი ჩემს ვოკალზე. სხვათა შორის, იმის გამო, რომ მე და დედა პატარა, ნაქირავებ, სარდაფის ტიპის ბინაში ვცხოვრობთ, ჯანმრთელობის პრობლემებიც კი გამიჩნდა და გარკვეული პერიოდი, ბავშვთა სახლშიც მომიწია ცხოვრება. მართალია, კარგი პირობები იყო, დედაც ხშირად მაკითხავდა, მაგრამ მის გვერდით ძილი მენატრებოდა. დედამ ბავშვთა სახლიდან 6 თვეში წამომიყვანა, თუმცა მის გარეშე რომ ვიყავი, დიდი სტრესი მივიღე. სოციალური მუშაკების რჩევით, სკოლის მერე ბავშვთა ცენტრ „კარიტასში“ დავდიოდით, სადაც მაჭმევდნენ, ვმეცადინეობდი... იქაურმა პედაგოგებმა და დირექტორმა ურჩიეს დედას: გამორჩეული ბავშვია და იქნებ, ვიდეო გადააგზავნოთ რუსეთში და კონკურსში სცადოს ბედიო. შარშან არ გამიმართლა, სხვა წავიდა კონკურსზე. თუმცა, წელს შეგვეხმიანენ კონკურსის ორგანიზატორები და რუსეთში მიმიწვიეს კონკურსზე. ქასთინგი სოციალური ქსელით გავიარე და მითხრეს, ვოკალში გჭირდება ვარჯიში და იქნებ პედაგოგთან იმეცადინოო. დედა ბევრს დაუკავშირდა, სთხოვდა დახმარებას, მაგრამ უარი უთხრეს. ერთი თვე მქონდა მოსამზადებელი დრო და ბოლოს დედამ გადაწყვიტა, მაგდა ჯოხაძისთვის მიეწერა სოციალურ ქსელში. მან უპასუხა და სწორედ, მაგდამ მომკიდა ხელი, მამეცადინა და მისი დიდი დამსახურებაა, დღეს რომ რუსეთის კონკურსზე ასეთი წარმატებული ვარ და ნახევარფინალშიც გადავედი. მაგდა მასწავლებელმა უდიდესი სტიმული მომცა. სხვათა შორის, ჟიურის წევრებმა რომ გაიგეს, თვითონ მქონდა ცეკვის ილეთები ნასწავლი, გაოგნდნენ (იცინის).
– პანდემიის პერიოდში, როცა მიმოსვლა საკმაოდ გართულებულია, როგორ მოახერხე იქ გამგზავრება და ვინ გირჩია ამ პროექტში მონაწილეობის მიღება?
– რაც შეეხება იქ გამგზავრებას, ძალიან ვიწვალეთ მე და დედამ. თავად პროექტის ხელმძღვანელობამ რუსეთიდან დააფინანსა ჩემი იქ გამგზავრება. ბევრმა კეთილმა ადამიანმაც მაჩუქა ფული. რადგან ფრენები არ არის, ლარსიდან წასვლა მოგვიწია. იქამდე მანქანით მივედით და მერე „კამაზის“ მძღოლს გავყევით. მანქანიდან მანქანაზე გადაჯდომა მოგვიწია. სხვათა შორის, მძღოლებმა რომ გაიგეს, რისთვისაც მივდიოდი რუსეთში, მათაც მაჩუქეს ფული.
– და, როცა ამ წვალების მერე, სცენაზე დადექი, რა გრძნობა გქონდა?
– ძალიან ვნერვიულობდი, ვღელავდი, განვიცდიდი. ეს ჩემი პირველი გამოსვლა იყო, ამდენი ხალხის პირისპირ, დიდ სცენაზე. სიმღერას რომ მოვრჩი და ჟიურიმ დაიწყო ჩემი შეფასება, მართალია, რუსული არ მესმოდა, მაგრამ ემოციითა და ხმის ტემბრით მივხვდი, რომ მოვეწონე და მაქებდნენ. აქ თარჯიმანიც მყავს. ქართველია, დავახლოვდით და ახლა მე და დედა მის ბინაში ვცხოვრობთ. იგორ კრუტოის გუნდში მოვხვდი. მეუბნება: მარიამ, როგორი მაგარი გოგო ხარ, ცეცხლოვანი, სცენას როგორ უხდები, უდიდესი ტალანტი გაქვს და არასოდეს დანებდეო. ბედნიერი ვარ, რომ მიუხედავად ასეთი წვალებისა, წარმატებას მივაღწიე, მართალია, არა საქართველოში, მაგრამ რუსეთში. ნახევარფინალში გადასვლას არ ველოდებოდი, ვამზადებდი ჩემს თავს – არა უშავს, თუ ვერ გადავალ შემდეგ ტურში-მეთქი და რომ გამომაცხადეს, შოკში ჩავვარდი, სახე შემეცვალა. დედა ისე ტიროდა, მეც ამეტირა. ახლა რომ უკან ვიხედები, ეს წვალება ღირდა, მეტი სტიმული მომეცა, უფრო მეტი წარმატება და სცენაზე დგომა მომინდა. არ დაგიმალავთ, მინდა, უცხოურ კონსურსებზეც ვცადო ბედი და ყველა შესაძლებლობა გამოვიყენო. ხშირად წარმომიდგენია, როგორ გავდივარ წითელ ხალიჩაზე, ბრჭვიალა კაბით, როგორ მაძლევენ სცენაზე „ოსკარს“ და როგორ ვბრუნდები ჩემს ქვეყანაში „ოსკარით“ ხელში. არ დავნებდები, მაინც გავხდები მსოფლიოში პოპულარული მომღერალი. წარმოიდგინეთ, ყველა კონკურსანტს ჰყავდა პედაგოგი, ურეკავდნენ, მე კი ვფიქრობდი, რომ ჩემი რწმენით მივაღწიე წარმატებას. ხშირად ვუყურებ ვიდეოს, სადაც ჟიური მაქებს. დიდი მადლობა ყველას, ვინც რუსეთში კონკურსზე წამოსასვლელად შემიწყო ხელი, მომცა საშუალება, რომ ეს ბედნიერება განმეცადა, უფრო მეტად თავდაჯერებული ვყოფილიყავი. სხვათა შორის, რამდენიმე კომენტარი წავიკითხე: საქართველოდან რუსეთში რატომ წავიდა კონკურსზე, გულისამრევი ნამღერი იყო, რუსულიც კი არ იცის და იქ რა უნდა, კრუტოის ნეტა რა მოეწონა ამ გოგოშიო... ჯერ მეწყინა, მაგრამ ახლა აღარ ვაქცევ ყურადღებას მსგავს კომენტარებს. ეს მხოლოდ ერთეულების აზრია და ყველას ვერ მოვეწონები – ეს ვიცი. მთავარია, რომ ბევრი დადებითი კომენტარიც წავიკითხე. მჯერა, რომ ჩემი ნიჭით ყველაფერს მივაღწევ,