№44 წარმატებული ჰემატოლოგი – ნანა ლოლაშვილი მოგიყვებათ, როგორ ვუმკურნალოთ ანემიებს და რა დადებითი შედეგები გვაქვს ლეიკემიასთან ბრძოლაში
ნინო კანდელაკი ინა სიმონია
ჰემატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ჰემატოლოგიისა და ტრანსფიზიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამკურნალო დარგში – ქალბატონი ნანა ლოლაშვილი წლების წინ დაადგა გზას მედიცინის ერთ-ერთი ურთულესი მიმართულებისკენ. მიღწეულს არასდროს სჯერდება და მუდმივად შემეცნებისა და განვითარების პროცესშია. წარმატებული ჰემატოლოგი საინტერესო და აქტუალურ კითხვებს ამჯერად ჩვენი მკითხველისთვის პასუხობს.
– ქალბატონო ნანა, წარმოუდგინეთ თქვენი თავი ჩვენს მკითხველს.
ნანა ლოლაშვილი: მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი გახლავართ, საკანდიდატი დისერტაცია ქალაქ კიევში, ხოლო სადოქტორო თბილისში დავიცავი. 90-მდე სამეცნიერო ნაშრომის, გაიდლაინებისა და 3 სახელმძღვანელოს ავტორი გახლავართ ჰემატოლოგიის დარგში. ასევე, წლებია, ვეწევი პედაგოგიურ მორღვაწეობას. ვარ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
– ჰემატოლოგია ერთ-ერთი ყველაზე რთული მიმართულებაა, როგორ გადაწყვიტეთ ამ სპეციალობაში მუშაობა?
– ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ჰემატოლოგიის ინსტიტუტის ორდინატურაში განვაგრძე სწავლა. სიმართლე გითხრათ, მაშინ ვფიქრობდი, ჰემატოლოგიას შევისწავლიდი და სხვაგან გავაგრძელებდი საქმიანობას, მაგრამ ისეთი ინსტიტუტი და თანამშრომლები დამხვდნენ და ჩემთვის იმდენად საინტერესო აღმოჩნდა ეს პროფესია, რომ ვეღარსად წავედი. საკანდიდატო დისერტაცია ონკოჰემატოლოგიაში დავიცავი, ხოლო სადოქტორო ნაშრომი ანემიებს ეძღვნებოდა. ანემიებზე ძალიან დიდი ხანია, ვმუშაობ და თითქმის ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო კვლევაში ვმონაწილეობ, რაც კი ამ მიმართულებით საქართველოში ტარდება.
– რამდენად გავრცელებუია ანემიები და რა სახის ანემიები გხვდებათ ყველაზე ხშირად?
– მსოფლიოში 2 მილიარდი ადამიანია ანემიით დაავადებული და აქედან 80-90 პროცენტი რკინადეფიციტურ ანემიაზე მოდის და სწორედ ამას ეძღვნებოდა ჩემი სადოქტორო ნაშრომი. სამწუხაროდ, ყოველ მესამე ქალს რკინადეფიციტური ანემია აქვს და წლების განმავლობაში ვცდილობ, ბევრი ვისაუბრო ამ თემის შესახებ, რათა მაქსიმალურად იყოს ჩვენი საზოგადოება ინფორმირებული. რკინადეფიციტური ანემიის გარდა ერთმანეთისგან განსხვავებული მრავალი ანემია არსებობს, რომელთა დიაგნოსტიკა ჰემატოლოგიის ერთ-ერთ ურთულეს ნაწილს წარმოადგენს.
– რამდენად მარტივად ექვემდებარება განკურნებას რკინადეფიციტური ანემია და რა სიმპტომებით მივხვდეთ, რომ მასთან გვაქვს საქმე?
– ეს აბსოლუტურად განკურნებადი დაავადებაა, სამწუხაროდ, ის ნელ-ნელა ვითარდება და ხშირად პაციენტები, გვიან მიმართავენ ექიმს. დაავადება იწყება საერთო სისუსტით, ადვილად დაღლით. შემდგომში, ამას ემატება კანის სიმშრალე, თმის ცვენა, ფრჩხილების მტვრევა, მეხსიერების დაქვეითება, ადვილი აგზნებადობა, ძილიანობა, კუნთების ტკივილი, სხვადასხვა სისტემის პათოლოგია.
რკინადეფიციტური ანემიისთვის დამახასიათებელია გაუკუღმართებული გემოვნება, რა დროსაც ყლაპავენ ყინულს, ზოგჯერ მიირთმევენ მიწას, გაჯს, ცარცს ან აქვთ გაძლიერებული სურვილი, მიირთვან რომელიმე საკვები პროდუქტი. გაუკუღმართებული გემოვნება მხოლოდ რკინადეფიციტური ანემიის დამახასიათებელი სიმპტომია და რკინის პრეპარატებით მკურნალობის შემდეგ სრულიად ქრება.
– კოვიდ 19-ით გამოწვეულ რეალობაში კიდევ უფრო დიდი ყურადღება ექცევა ადამიანის იმუნიტეტის სიძლიერეს, რამდენად მოქმედებს იმუნიტეტზე ანემიები?
– კორონავირუსის პირობებშიც და ზოგადად, იმუნიტეტის დაქვეითების ერთ-ერთ წამყვან მიზეზად, სხვა პრობლემებთან ერთად, ანემიას მიიჩნევენ. იმუნიტეტის დაქვეითება განსაკუთრებით გამოხატულია რკინადეფიციტური ანემიების დროს, როდესაც დაქვეითებულია, როგორც ჰუმორული ასევე უჯრედული იმუნიტეტი. რკინის პრეპარატებით მკურნალობის შედეგად იმუნიტეტი ნორმაში მოდის და არ საჭიროებს იმუნორეგულატორებით მკურნალობას.
– რა კატეგორიაში გვხვდება ყველაზე ხშირად რკინადეფიციტური ანემიები და რა იწვევს მას?
– რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან: რეპროდუქციული ასაკის ქალები, ორსულები, მოზარდები. რკინადეფიციტური ანემიის გამომწვევი მიზეზი მრავალია: ყველა სახის სისხლისდენა, არასრულფასოვანი კვება, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პათოლოგიები, რომელთა დროსაც დარღვეულია რკინის შეწოვა, კუჭისა და წვრილი ნაწლავის რეზექცია, დიდი ფიზიკური დატვირთვა, ჰელმინთოზი. ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდშიც იზრდება მოთხოვნილება რკინაზე, მაგრამ თუ ქალს რკინის მარაგი ნორმალური აქვს, ის სრულიად საკმარისია მთელი ორსულობის განმავლობაში. ხშირ შემთხვევაში ერთდროულად რამდენიმე მიზეზთან გვაქვს საქმე.
– არსებობს გავრცელებული მოსაზრება, რომ ვაშლი შეიცავს დიდი რაოდენობით რკინას, კიდევ რა საკვებით შევძლებთ რკინის მიღებას?
– ვაშლის მონაწილეობით გააკეთეს პირველი რკინის პრეპარატები, თუმცა ვაშლში ყველაზე ცოტა რკინაა. მცენარეული საკვებიდან მხოლოდ 3-5 პროცენტი რკინა იწოვება, მაშინ, როდესაც ცხოველური პროდუქტებიდან – წითელი ხორციდან, დაახლოებით 30 პროცენტი.
– ლეიკემია, რომელიც ჯერ კიდევ შემაშფოთებლად ჟღერს, დღეს განაჩენი აღარ არის, რა შედეგებია ამ დაავადების მკურნალობაში?
– ძალიან დიდი წინსვლა გვაქვს როგორც ქრონიკული, ისე მწვავე ლეიკემიების მკურნალობაში. ბავშვთა ასაკში მწვავე ლეიკემიბის 80 პროცენტი გამოჯანმრთელებით მთავრდება, ძალიან დიდი წინსვლა გვაქვს ქრონიკული მიელოიდური ლეიკემიების მკურნალობაში, სადაც ტარგეტული თერაპიის შედეგად სრულიად შეიცვალა დაავადების მიმდინარეობა და ავადმყოფთა უმეტესობა თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს. გარდა ამისა, ძალიან დიდი მიღწევებია ლიმფომების, მწვავე პრომიელოციტური ლეიკემიის მკურნალობაში. ძვლის ტვინის გადანერგვამაც მოგვცა თავისი დადებითი შედეგი. ჩემს პრაქტიკაში, ჩვენ თვალწინ აბსოლუტურად შეიცვალა დაავადების სიმძიმე, გაიზარდა სიცოცხლის ხანგრძლივობა. ლეიკემია არავითარ შემთხევაში არ არის სასიკვდილო განაჩენი.
– გაგვაცანით ოჯახი.
– მეუღლე, სამწუხაროდ, გარდამეცვალა, ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი, მეღვინეობის დარგის ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი გახლდათ. ქალიშვილი – დალი კეკელიძე ბარსელონის უნივერსიტეტის მაგისტრია გლობალური ჯანდაცვის სპეციალობით, ამჟამად ილიაუნის დოქტორანტია და მუშაობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით.