კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№44 ძველი თბილისის დამნაშავეები

ნინო კანდელაკი აბო იაშაღაშვილი

ვასო ინასარიძ – მძარცველი, რამდენჯერმე ნასამართლევი. 1907 წელს, ციხიდან თავდებით გათავისუფლებიდან რამდენიმე დღეში, თავის დამქაშ ვასილი პეშკინთან ერთად შევარდა გასაძარცვად მადათოვის კუნძულზე, ანა შაფრანოვას მაღაზიაში. შემდეგ მათ მიმალვა სცადეს და ვორონცოვის ძეგლისკენ გაემართნენ. შაფრანოვამ კი ამასობაში პირველი შიში დაძლია და გარეთ ყვირილით გამოვარდა. ამ ყვირილზე მძარცველებს გოროდოვოი პუჩკაევი და აკალადჩიკ დოვლოროვიჩი გამოედევნენ და სროლაც გაუსხნეს. მძარცველებმაც უპასუხეს და ორივე პოლიციელი ფეხში დაჭრეს, ერთი – მუხლს ზემოთ, მეორე – მუხლს ქვემოთ. თუმცა მათ მაინც დააკავეს ინასარიძე. პეშკინი გაიქცა, მაგრამ რამდენიმე დღეში ისიც დაიჭირეს. ამ სროლისას მონუმენტის შესახვევში შემთხვევითი ტყვია თავში მოხვდა ბაგრატ მუნტოევს და თავის ქალა გაუხეთქა. როცა მისი გვამი საავადმყოფოში მიჰქონდათ, იარიდან გადმოუვარდა ტვინი, რომელიც შემდეგ ელისაბედის ქუჩაზე იპოვეს და ანატომიურ თეატრში მიიტანეს.
იოსე და მოსე იოსებაშვილები – ხელის დამცლელები, იერუსალიმის შესახვევში ცხოვრობდნენ და 1895 წელს დაიჭირეს. თუ ურიების უბანში ნაძარცვის ბუნაგი მათ გაემართათ, აბანოს კართან სპარსეთის ქვეშევრდომი, თადეოზ ხაჩიკიანცი მალავდა სხვადასხვას, შემდეგ კი ტფილისიდან გაჰქონდა და ატანდა ელისავეტპოლში. ის 1886 წელს დაიჭირეს. შაითან ბაზარში სიკო იმედაშვილი და ფიდო მეზვრიშვილი ინახავდნენ ყავახანებში ნაქურდს. ავლაბარში კი – იყვნენ ნიკო ტერ-პოღოსოვი და სიმონიანცი. ბევრიც სხვა იყო, სახლთხუციშვილი – პეტრე-პავლეს სასაფლაოსთან, ფრანგულიანცი – ფეთხაინის კიბესთან და საერთოდაც, გაზეთები წერდნენ, დუქანს ვერ ნახავ, შიგ მოპარული საათი რომ არ დაუტოვებიათ გირაოთიო.
გარსევან ისაკაძის ბანდა ათი იმერელი ქურდისგან შედგებოდა, ისინი ყოფილი მზარეულები და ლაქიები იყვნენ და თითქოს ახალ ადგილს ეძებდნენ და სინამდვილეში კი სახლებს ქურდავდნენ. მათ აკალადჩიკმა ბაბალოვმა მეათე საპოლიციო ნაწილში რკინიგზის ლიანდაგთან მიაგნო. მათთან დამქაშობდა ერთი სხვა ასეთივე ბანდა, რომელშიც შვიდი იმერელი მოითვლებოდა. ისინი გადასახლებიდან ახლად დაბრუნებულმა ივანე სხირტლაძემ შეჰყარა და მათთან ერთად 1893 წელს ტფილისში სახლების ქურდვა გააჩაღა. პოლიცია მათ თავიანთ ბუნაგში, საზოგადოებრივ ქუჩაზე წამოადგა. ყველა დააკავეს, მათ შორის ძებნაში მყოფი გიორგი თოღაძე. თუმცა დაკავებისას თომა სხირტლაძემ ხანჯალი იშიშვლა და იმის მოღერებით ხელი აუკრა პოლიციას, ეგზარხოსის მოედნისკენ გაიქცა, სახურავებზე სირბილით მდევარს თავი დააღწია და სადღაც ჩაიმალა. ამათ ნაძარცვი გორში და ელისავეტპოლში გაჰქონდათ და იქიდან ჩამოჰქონდათ ნაქურდი და აქ ჰყიდდნენ. ამ წელსვე ტფილისში კიდევ ერთი, ოსი ქურდების ბრბო მოქმედებდა, ისინი ბოქაულმა სვიმონოვმა აღმოაჩინა. ბანდა ცამეტ კაცს ითვლიდა. მათი თავი იყო ნიკო პუხაშვილი და კოსტა დუდაშვილი. ბუნაგი კუკიაზე ჰქონდათ, თუმანოვის ქუჩაზე, იგიტხანოვის სახლში. იქ არაერთი ქურდების ხელსაწყო და ნაპარი ნივთი აღმოაჩინეს.
აფარ ისმაილოვი – თაღლითების ბანდის წევრი, ოქროსა და ბრილიანტებს რომ ყიდდნენ და ბოლო წამს საკვოიაჟს გამოცვლიდნენ და მარილით სავსეს შეაპარებდნენ. მისი დამქაშები იყვნენ ტფილისელი ალიშხანოვი, ელისავეტპოლის მკვიდრი ვართანოვი, ბარვინოვა ორენბურგის გუბერნიიდან და ახალციხელი ბალიევი. ისინი 1900-იანი წლების დასაწყისში მისდევდნენ ამ საქმეს, სალდათის ბაზარში დაეხეტებოდნენ, ვაგზლის მიდამოებში, ხალხმრავლობა სადაც იყო და მიმალვაც – იოლი. მათ მსხვერპლს შორის მოხვდნენ ბაბაიანი, ფურაჟის საწყობის მფლობელი ანდრიას ქუჩაზე, რომელსაც 660 მანეთი დასტყუეს, იუველირ ფელდმანს – 450 მანეთი, იუველირ ბაგდასაროვს კი – 600 მანეთი, თაღლითები ოქრო-ბრილიანტის შეთავაზებისას ფულის საჭიროებისა და გაყიდვის აუცილებლობას იმიზეზებდნენ.
მიხაილ იუსუფოვი – თაღლითი, მცხოვრები ელისაბედის ქუჩაზე, ხალხს ჰპირდებოდა, რომ ამერიკაში ჩაიყვანდა, და ამაში ფულს ართმევდა. შემდეგ ლივერპულში ჩაჰყავდა, იქ ბოლო თანხებს დასტყუებდა და ქრებოდა. 1910 წელს მან ლივერპულში ასეთ რიგზე რამდენიმე ათეული ადამიანი მიატოვა. მათ შორის გამოერია ბევრი სპარსეთის ქვეშევრდომი – იუფან იბნ შაჰბაზი, ისრაელ მოსესოვი, კუმრუდ იბნ აკოპი, ნოშლის იბნ იშო, ამრა იბნ ფარატა და სხვები. ჯერ ავსტრია-უნგრეთში გაიყვანა, იქ ორმაგი თანხა გამოართვა და ინგლისამდეც ჩაიყვანა. აქ იცოდა, რომ თვალის ჩინს ბევრს დაუწუნებდნენ და გემზე არ აუშვებდნენ, თუმცა არც ეს გათქვა და მართლაც რამდენიმეს შემოწმებისას ამერიკაში წასვლა არ დაანებეს. მან კი ამასობაში ამ გემის ბილეთების ვითომდა საყიდლად ფული გამოართვა, თითოეულს 27 მანეთი და გაქრა. ორმოცამდე ადამიანი გადააგდო ასე.
ციკან იშხანოვი – ოთხჯერ იჯდა მეტეხის ციხეში ქურდობისთვის. ბოლოს ბეკლაუს გაქურდვისათვის – 1889 წელს. იქიდან გამოსული ორ დამქაშთან ერთად სურბ-კარაპეტას აღმართზე ნავრუზ-აბას-ალიოღლის დაუხვდა, ვისაც თვალში ბურნუთი შეაყარეს და იმით დაბრმავებულსა და გზაარეულს, რაც ჰქონდა, აართვეს. იმის ყვირილზე იმ საპოლიციო ნაწილის გარადავოი ბრანდებახი დაედევნა მძარცველებს, თუმცა ისინი ზევით გაიქცნენ და ლიანდაგის იქით მიიმალნენ. შემდეგ იშხანოვი და იმის დამქაშები სჩანდნენ მიხეილის ქუჩაზე, იქირავეს ფაეტვნები და არღანის ტრიალით გააჭენეს მუშტაიდისკენ. იქ „მონ-აზილში“ დადგნენ, ღვინოს სვამდნენ და არღანი კი „ვენეციურ კარნავალს“ აკვნესებდა. ბრანდებახმა იქაც მიაგნო და ესენი ისევ გაექცნენ და ნავით ვერაზე გადავიდნენ. მერე იშხანოვი ერევნის ზასტავასთან, პეპო პაპელოვის დუქანში იმალებოდა, თუმცა ხელის ბიჭმა გასცა და იქ დაიჭირეს.
ბალაბეკ კაზაკიანცი – შვიდკაციანი ბანდის თავი, მანდენოვს შინ რომ შეუვარდნენ, ვისაც სახლის გვერდითვე საკუთარი საპნისა და მატყლის ქარხნებიც გაემართა. სახლში მძარცველებმა სროლა ატეხეს, გამოდევნებულ პოლიციასაც ესროდნენ და გაქცევისას მათ ერთი დამქაშიც მოუკლეს. კაზაკიანცი, სედრიკ მოსესოვი და არკადი ბოგატოვი კი დაიჭირეს. 1906 წელი გამოირჩევა ფაბრიკებისა და ქარხნების პატრონებთან შევარდნებით. ხუთი რევოლვერიანი ავაზაკი ოტო მადერს ანდრიას ქუჩაზე მისიონერული ეკლესიის ახლოს, ლუდსახარშში დაეცემიან, მუქარით ცეცხლგამძლე კარადიდან ფულს გამოიტაცებენ და გარბიან, გამოდევნებულ მუშებს კი სროლას გაუხსნიან. მძარცველები დაადგებიან, ასევე, არყის ქარხნის  პატრონ ალექსანდროვს და ფულს სძალავენ, შემდეგ თან მოტანილი გასაღებით უჯრას აღებენ და ფულსა და ძვირფასეულობას იტაცებენ. მანამდე კი მზარეულ ჭილაძეს კოჭავენ, ვისაც შემდეგ პოლიცია აკავებს, როგორც თანამზრახველს, რაკი ის გასაღები ცოტა ხნის წინ სახლიდან იქნა დაკარგული. ამავე წელს მეათე საპოლიციო ნაწილში, საბაჟო საწყობებთან, საღებავების ქარხანაში შევარდება ექვსი კაცი და აქაც ფულს ითხოვენ. ასეთ ძარცვებში გამოერევა, ასევე, ბანდები, თავს რომელიმე პარტიის წევრებად რომ ასაღებენ და ფულს ასე სძალავენ. ამ ხერხით მიადგნენ, დავუშვათ, შურს, დროჟის ქარხანაში, და ორასი მანეთი მოსთხოვეს, მერე სროლაც ატეხეს და გამოდევნებულ პოლიციას გამოექცნენ. ასეთივე რიგზე შეუვარდა რვა რევოლვერიანი სპარსელ გენერალ მაჯი სულტანესაც და რაღაც კომიტეტისთვის ხუთას მანეთს სთხოვდნენ. ფულის ქონა ნიშნავდა იმას, რომ ღამით გესტუმრებოდნენ.

(წიგნიდან „ძველი თბილისის დამნაშავენი“)


скачать dle 11.3