№44 რა პოლიტიკური მანევრით გადაწყდა თამარ მეფის სასწრაფოდ რუსზე დაქორწინება
ნინო კანდელაკი გია მამალაძე
ყოველი ახალი მეფის ტახტზე ასვლა გარკვეულ ცვლილებებს იწვევდა ხოლმე სამეფოში. ძველად ქვეყნის პოლიტიკა დიდად იყო დამოკიდებული მეფის პიროვნულ თვისებებზე, მისწრაფებებზე, ენერგიულობაზე, სარწმუნოებრივ სიმტკიცეზე, სარდლობის ნიჭზე, დიპლომატიურობაზე და რაც ყველაზე მთავარია, მეფის ხასიათზე. რა თქმა უნდა, ძირითადი კონფიგურაციები იშვიათად იცვლებოდა მმართველობაში, ელიტაში, მაგრამ, შესაძლებელი იყო, ახალ მეფეს, წინა მეფის, თუნდაც მამის ზეობისას დაწინაურებული დიდებულები არ ჰყვარებოდა. შეიძლება, ჰყოლოდა გამორჩეული მეგობრები თუ ფავორიტები, „თანამოჰასაკენი“, თავისი ჭკუის ხალხი. მით უმეტეს, თუ ახალგაზრდა მეფე ადიოდა ხოლმე ტახტზე.
ამიტომ, ახალი მეფის ტახტზე ასვლისას ყველა დიდებული ცდილობდა, განემტკიცებინა თავისი მდგომარეობა ან მეტად დაწინაურებულიყო.
განსაკუთრებული მოვლენა იყო ამ მხრივ 1184 წელი საქართველოში.
გარდაიცვალა მოღალატეებისადმი დაუნდობელი და მრისხანე მბრძანებელი, დიდი მეომარი და გარეშე მტრების რისხვა, მსოფლიოში სახელგანთქმული მეფე, მესიის მახვილი – გიორგი მესამე და მეფეთმეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანთა და შაჰანშათა და მბრძანებელი ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთის გახდა პატარა, ობოლი გოგო და შეიძლება ითქვას, უამრავი კარიერისტითა თუ მისი შესაძლებლობებისადმი ეჭვით განწყობილებით გარშემორტყმული თამარ გიორგის ასული.
რადგან ქალი იყო, თითქმის არავის სჯეროდა, რომ დამოუკიდებლად შეძლებდა მეფობას, ქვეყნის მართვას – არც კარიერისტები და არც პატრიოტები.
ამის გამოყენება უნდოდათ კარიერისტებს, ძალაუფლების მოყვარულებს.
გარდა კარიერისტებისა, ჩვენს ახალგაზრდა მეფეს გარს ეხვივნენ დიდი პატრიოტებიც, რომლებიც ცდილობდნენ, გამოსავალი ენახათ კრიზისული სიტუაციიდან. კრიზისული კი სიტუაცია ნამდვილად იყო. გაუგონარი რამ მოხდა საქართველოში – ტახტზე ავიდა ქალი. უამრავ ადამიანს, მათ შორის გულწრფელ მამულიშვილებს, ეგონა რომ მდედრობითი სქესის მეფე, თან, ახალგაზრდა ვერ შეძლებდა ქვეყნის გაძღოლას. მაშინ ხომ მხოლოდ მეომარი მამაკაცები ადიოდნენ ტახტზე, მეფობა ხომ მტკიცე ხელით მართვას ნიშნავს.
დიდებულთაგან ზოგი, დაახლოებით, ასე ფიქრობდა: „რა შეუძლია ამ გოგონას, რის გაკეთებას შეძლებს? მოდი, ძალაუფლება მე (ან ჩვენ, ელიტამ ან ელიტის რომელიმე დაჯგუფებამ) ავიღო ხელში და ვმართო სამეფო, რათა არ დაეცეს ამდენი ბრძოლის შედეგად შექმნილი ჭეშმარიტი ქრისტიანობის ფორპოსტი აღმოსავლეთში“.
მოკლედ, სხვადასხვა მიზეზით, ყველა ცდილობდა, თავისი გავლენა გაეძლიერებინა საქართველოში.
გიორგი მეფის გარდაცვალების მერე კათალიკოსმა მიქაელ მირიანის ძემ მიითვისა მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელობა, აწყურისა და სამთავისის ეპარქიებიც (რაც, ასევე, წარმოუდგენელი რამ იყო). ანუ გახდა მთავრობის მეთაური, მწიგნობართუხუცესის მაგიერ. კათალიკოსი მიქაელ მირიანის ძე, შეიძლება, მიიჩნევდა, რომ სახელმწიფოსთვის ასე უფრო უკეთესი იქნებოდა, რომ მისი ცოდნა და ავტორიტეტი სჭირდებოდა სავაზიროს, მით უმეტეს, ქალის, თან, ძალიან ახალგაზრდას, მეფობისას.
დიდი გავლენა ჰქონდა თამარის ქვრივ მამიდას. დედოფალ რუსუდანს უდიდესი ავტორიტეტი დაიმკვიდრა იმდროინდელ აღმოსავლეთში, როგორც საქართველოს სამეფო ოჯახის წევრმა და გამოცდილმა დიპლომატმა. მის გარშემო გაერთიანებულ დიდებულებს უნდოდათ, სწრაფად დაექორწინებინათ თამარი, რათა გვერდით ჰყოლოდა მეფეს მხარდამჭერი მეუღლე და ქვეყანას ტახტის მემკვიდრე შესძენოდა.
ამათგან, ზოგს, კარიერისტობისკენ მიდრეკილს, უნდოდა, ისეთი ვინმე მოეყვანათ თამარისთვის ქმრად, რომელიც დავალებული იქნებოდა მათზე, რადგან მას დიდი და მდიდარი ქვეყნის მეფედ აქცევდნენ.
რა თქმა უნდა, იყვნენ ისეთებიც, რომლებსაც ნამდვილად უყვარდათ გიორგის ასული, სამშობლო და მისი დახმარება გულწრფელად სურდათ.
საბოლოო ჯამში, უმრავლესობა ფიქრობდა, რასაც ჩვენ გადავწყვეტთ, ის უნდა იყოს თამარისთვის კანონიო...
ასეთ ვითარებაში, ახალგაზრდა თამარ მეფემ მაინც მოახერხა და ტფილისში დაიწყო საეკლესიო კრება, რომელსაც სხვა თემების განხილვის პარალელურად, უნდა დაეყენებინა კათალიკოსის გადაყენების საკითხი. თუ კათალიკოსს გადააყენებდნენ, მიქაელ მირიანის ძე დაკარგავდა გავლენას და ვეღარ შეინარჩუნებდა მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის სახელოს, ანუ საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელად თამარ მეფე დანიშნავდა ერთგულ და თანამოაზრე ადამიანს. ასე ჰქონდა გათვლილი ახალგაზრდა, მაგრამ ბრძენ თამარს.
პარალელურად, შეიკრიბა დიდებულების ნაწილი და დაიწყეს მსჯელობა თამარის სასწრაფოდ დაქორწინებაზე.
რა თქმა უნდა, თამარის მთხოვნელი ბევრი იყო – დაწყებული ბიზანტიის უფლისწულიდან და დამთავრებული მაჰმადიანი სულთნების ვაჟებით. თუ მაჰმადიანს აირჩევდნენ სასიძოდ, ის, რა თქმა უნდა, სარწმუნოებას შეიცვლიდა, მაგრამ, ასეთი რამ ქართველ დიდებულებს არ უნდოდათ. არც ბიზანტიური ვარიანტი იყო სასურველი, სხვადასხვა მიზეზის გამო.
საჭირო იყო ისეთი კანდიდატის ამორჩევა, რომელიც აუცილებლად სამეფო სისხლის იქნებოდა და თან პოლიტიკურად და სამხედრო თვალსაზრისით სუსტი – რათა მამულიშვილების პოზიციიდან: არ ეცადა თამარისთვის წაერთმია ძალუფლება; კარიერისტების პოზიციიდან: დავალებული ყოფილიყო მათგან და მათზე დამოკიდებული გამხდარიყო.
დიდებულების თათბირს ესწრებოდა ქართლისა და ტფილისის ამირა აბუსალანი. ამირა აბუსალანმა განაცხადა: „მე ვიცი შვილი ხელმწიფე ანდრიასი, რუსთა მთავრისა, რომელსაც ემორჩილებოდა სამასი რუსი მთავარი. მამის გარდაცვალების შემდეგ. ბიძამისმა სავალათმა გამოაძევა სამთავროდან და ახლა ცხოვრობს ყივჩაღთა მეფე სევინჯის ქალაქში“.
მაშასადამე, სასიძო კანდიდატი, რუსთა მთავრის ძე იყო ქრისტიანი, სამთავრო სისხლის მქონე, ცნობილი საგვარეულოს წარმომადგენელი, პოლიტიკურად სუსტი, რადგან არც სამეფო ჰქონდა და არც ჯარი ჰყავდა. სამადლოდ შეხიზნული იყო ყივჩაღთა სამთავრო ოჯახში, საიდანაც იყო მისი დედა.
გადაწყვიტეს, აბუსალანის რჩევა მიეღოთ და უფრო მეტი მხარდაჭერა მოეპოვებინათ. ამიტომ, თამარის სასწრაფოდ დაქორწინების მსურველნი პირდაპირ საეკლესიო კრებაზე მივიდნენ და საეკლესიო კრებას სთხოვეს, დაეყენებინათ საკითხი თამარის სასწრაფოდ დაქორწინების შესახებ.
რა თქმა უნდა, საქართველოს საეკლესიო კრება მხარს დაუჭერდა თამარის დაქორწინების მოთხოვნას. თათბირი გაგრძელდა რუსუდან დედოფალთან. გადაწყდა, რაც შეიძლება მალე ჩამოეყვანათ რუსი უფლისწული თამარზე დასაქორწინებლად.
შეიძლება, ეს კარგად გათვლილი და გამიზნული პოლიტიკური მანევრი იყო სხვაგვარადაც.
ასეა თუ ისე:
საეკლესიო კრებამ ვერ გადააყენა მიქაელ მეოთხე კათალიკოსობიდან.
სასწრაფოდ აფრინეს კაცი რუსი უფლისწულის ჩამოსაყვანად.