№44 ჩემმა მულმა შვილი მე მომიგდო გასაზრდელად და თვითონ გათხოვდა
შეყვარებულობის პერიოდში, როცა ჩემმა საქმრომ თავისი ოჯახი გამაცნო, პირველი შეხედულება საკმაოდ დადებითი დამრჩა. თუმცა, შევცდი. ისე მომაჩვენეს თავი, თითქოს თბილი, ტკბილი ურთიერთობა ჰქონდათ და მზე და მთვარე ერთმანეთზე ამოსდიოდათ. რომ გავთხოვდი და მათ ოჯახში შევდგი ფეხი, მერე მივხვდი, ვის გვერდითაც მომიწევდა ცხოვრება. მართალია, ჩემს ქმარს ვუყვარვარ და არაჩვეულებრივად მექცევა, მაგრამ ოჯახის წევრებმა დააგლიჯეს ნერვები და დარწმუნებული ვარ, ეს ჩვენს ურთიერთობაზეც აისახება. მე ვიცოდი, რომ ჩემი მული განათხოვარი იყო და ბავშვი კანონიერი ქმრისგან ჰყავდა, მაგრამ როგორც გაირკვა, უკანონოდ გაუჩენია და ის კაცი შვილად არ აღიარებდა. ასეთი უამრავია და არც არაფერია გასაკვირი, უბრალოდ, მეწყინა, რომ სიმართლე დამიმალეს. ჩავყლაპე, არაფერი მითქვამს. მაგრამ, რომ ვხედავდი, როგორ იქცეოდა, ტვინში სისხლი მექცეოდა. ხან ვისი მანქანით მობრძანდებოდა სამსახურის მერე და ხან – ვისი. მოვიდოდა, იბანავებდა, მოწესრიგდებოდა და ისევ გადიოდა, ვითომ დაქალის დაბადების დღეზე, თანამშრომელთან ან მეგობრის ქმრის წვეულებაზე. მოკლედ, მისი შვილი მე მყავდა ჩაბარებული, თვითონ კი მთლიანად მოხსნილი ჰქონდა პასუხისმგებლობა. დედამთილ-მამამთილი მიიხურავდნენ კარს და სახლში მე ვრჩებოდი. როგორც ჩემს შვილს ვბანდი და ვაჭმევდი, ისე ვექცეოდი მულიშვილსაც. არ არის ცუდი ბავშვი, პირიქით, ძალიან ვუყვარვარ და ჩემგანაც ანალოგიურს გრძნობს. ჩემი ქმარი სულ ეკამათებოდა თავის დას, მშობლებთან დაძაბული საუბარი ჰქონდა: არ მომწონს ასე რომ დატყლაშუნობს და მიხედეთო. მაგრამ ვინ უგდებდა ყურს? მოკლედ, ჩემს მულს ტუზი დაეცა, ერთმა ბიჭმა ცოლობა სთხოვა და ხელის სათხოვნელად ოჯახში ამოვიდა. კარგი ბიჭია, თუმცა, ცოლი უნდა მისი ბავშვი კი – არა. ჩემმა მულმაც არ დაკარგა შანსი, ბავშვი ჩვენთან დატოვა და იმ ბიჭს გაეკიდა. არ ვიცი, როგორ სძინავს, როგორ ჭამს და როგორ იღვიძებს შვილის გარეშე. კვირა ისე გავა, არც კი მოიკითხავს. დედამთილი მოიმიზეზებს წნევას და წამოწვება თავის ოთახში, მამამთილი ძმაკაცებთან ერთად გვიანობამდე უბანში დგას და ერთობა. მე კი ორი ბავშვის მოვლა, მათი მეცადინეობა, სახლის დალაგება, საჭმლის მომზადება და უთოობა ისე უნდა მოვასწრო, რომ არაფერი გამომრჩეს. არადა, თავიდან ისეთი შეთანხმება ჰქონდათ, რომ ცოტა ხნით ბავშვი ჩვენთან იქნებოდა და მერე წაიყვანდა. ახლა საერთოდ აღარ აპირებს მის იმ სახლში გადაყვანას, სადაც ქმრის გვერდით ტკბილად ცხოვრობს. აბა, რა? შეუშლით ხელს ახალდაქორწინებულებს! მე კი ისეთი დაღლილი ვწვები, ქმარს სიზმარში თუ ვნახავ, თორემ ისე სად მცალია მისთვის? ვის აინტერესებს, რომ მეც მინდა საყვარელი მამაკაცის გვერდით ყოფნა, სიმშვიდე და იმის განცდა, რომ მეც ქალი ვარ. ჩემს მულს რომ ჰკითხოთ, დედამისთან დატოვა ბავშვი. არადა, ფაქტობრივად, ჩემი მეორე შვილია. როგორ ვკრა ხელი, როცა ვხვდები დედამ მიატოვა? დედამისივით უგულო და გულცივი ვერ გავხდები. ბავშვმა რა დამიშავა? არადა, ვხვდები, ჩემს ქმარს არ მოსწონს ეს ამბავი, ხშირად ეკითხება დედამისს, როდის მიჰყავს ბავშვიო. ესეც უმალავს სიმართლეს და ათასგვარ სისულელეს იმიზეზებს. მოკლედ, ჩემმა მულმა იმდენი გააკეთა, სანამ ჩემს ხარჯზე თავად არ მოიწყო ოჯახური იდილია. ჩემმა ქმარმა რომ სხვა ქალისკენ გაიხედოს, არც გავამტყუნებ. ცალკე თავის დის საქციელს განიცდის, ცალკე ჩემს დაღლას ნერვიულობს და ცალკე დედამისისა და მამამისის გულგრილობა აგიჟებს. ვერ წარმომიდგენია, ჩემი შვილი როგორ უნდა გავცვალო კაცთან ლოგინში კოტრიალში? როგორ უნდა ვიცხოვრო, რომ არ ვუყურო ჩემს შვილს, არ მაინტერესებდეს, რას ჭამს, როგორ არის? ფაქტია, ასეთი დედებიც არსებობენ და ამის ნათელი მაგალითი ჩემი აღვირახსნილი მულია.
ფიქრია, 37 წლის.