კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№44 მტაცებელი

ნინო კანდელაკი ბაია თაბაგარი

  სალომეს არასოდეს დაავიწყდება ის საშინელი საღამო, რომელიც მთვრალმა მამამ მოუწყო მას და მის უფროს ძმას, კოტიკოს.
ოთარი, ანუ იგივე ოთიკო, ან ოთო, ერთ-ერთი მორიგი საყვარლის დაბადების დღიდან შუაღამისას მივიდა სახლში გალეშილი და უკვე დაძინებული შვილები ლოგინიდან წამოყარა – ადექით, ცხოვრებაზე უნდა გელაპარაკოთო.
გაოგნებული და შეშინებული ბავშვები ძლივს გამოფხიზლდნენ და თვალების ფშვნეტით შეჰყვნენ სამზარეულოში.
ხმაურზე ოთიკოს ცოლს, თათულისაც გაეღვიძა, გულგახეთქილი წამოხტა და სამზარეულოში შევარდა ღამის პერანგის ამარა.
– რა ხდება, ხომ მშვიდობაა? – იკივლა შეშინებულმა, მაგრამ სიმთვრალისგან გამოლენჩებული ქმრის სახე რომ დაინახა, შიში მრისხანებით შეეცვალა და გაგულისებულმა უყვირა: – ახლა ბავშვების დაწიოკებაზე გადახვედი? ძილსაც აღარ გვაცლი?
– გადი აქედან და კარი გაიკეტე, ჩემს შვილებთან ლაპარაკი მინდა! – უბრძანა ცოლს და ძლივს შეიკავა ენის წვერზე მომდგარი საგინებელი ფრაზეოლოგია.
– წადი, დედა, დაწექი. ნუ გეშინია, ცოტა ხანს ვისაუბრებთ და მერე ჩვენც დავწვებით, – კოტიკო წამოდგა, დედას ნაზად მოჰხვია მხარზე ხელი და ფერებ-ფერებით გაიყვანა სამზარეულოდან, მერე კი ისევ უკან დაბრუნდა.
თათული არ დაწოლილა. საწოლზე ჩამოჯდა და მოვლენების განვითარებას დაელოდა. ან რა დააძინებდა! ბოლო ერთი წელია, ქმარს ვეღარ ცნობდა: მუდამ თბილი, მხიარული და ალერსიანი ოთიკო მონსტრად იყო ქცეული – სულ ჩხუბობდა, ყვიროდა, იგინებოდა. თუმცა ეს ყველაფერი სახლში ხდებოდა, გარეთ კი ყველას ანგელოზად აჩვენებდა თავს.
თათული სასოწარკვეთილებაში იყო ჩავარდნილი: უპირველესად, შვილების გამო ეშინოდა, რადგან თითქმის ერთი წლის განმავლობაში მუდმივ სტრესში იყვნენ მამის სიმთვრალისა და დებოშების გამო. გარდა ამისა, ქალი ერთ დროს სიყვარულით შექმნილი ოჯახის ასე თვალსა და ხელს შუა დანგრევის გარდაუვალობაზე ნერვიულობდა.
ამ ფიქრებში იყო, სამზარეულოდან ლაპარაკი რომ შემოესმა:
– მე თქვენ ცხოვრება უნდა გასწავლოთ, რომ მერე ჩემსავით პირში ჩალაგამოვლებული არ დარჩეთ.
თათული ფეხაკრეფით მივიდა კართან და ყური მიუგდო. ჯერ არაფრის მთქმელი ფრაზები ესმოდა, მერე კი ოთიკოს ბრძნული დარიგებაც გაიგონა:
– ცხოვრებაში მიზანდასახული და მიმწოლი უნდა იყო. თუ რამე მოგეწონა საშენოდ, იმდენი უნდა მოახერხო, რომ შენი გახდეს – ეს კარგად დაიმახსოვრეთ ორივემ.
– თუ ვინმე მომეწონა? – სიცილით ჰკითხა სალომემ.
„ერთი ამას უყურე, რა დღეშია! – ბრაზით გაიფიქრა თათულიმ, – ვერ უყურებ, რამდენს ბედავს ეს ლაწირაკი?“
– თუ ვინმე მოგეწონა, არავის დაუთმო, – დამოძღვრა მამამ.
– ცოლიანიც რომ იყოს? – ჩაიკისკისა სალომემ.
– ჰო, ცოლიანიც რომ იყოს. რუსებს ერთი გამოთქმა აქვთ: ცოლი კედელი არ არის, მისი გვერდზე გადაჩოჩება შეიძლებაო.
კოტიკომ დას მსუბუქად წამოარტყა თავში ხელი და უყვირა:
– გოგო, შენ, რაღაც, ძალიან თავს წახვედი! ჭკვიანად იყავი, თორემ...
– თორემ რა? ფეხებსაც ვერ მომჭამ! – ისტერიულად დაიწივლა სალომემ და ძმას ენა გამოუყო. ბიჭი გაბრაზდა და თმა მოქაჩა.
– დებილო, დამპალო! გავიზრდები და ნახავ, როგორ ვაცემინებ შენს თავს ჩემს შეყვარებულს! – ისევ იწივლა გოგომ, ეცა ძმას და ფრჩხილებით ლოყა ჩამოაკაწრა.
– ფსიქიატრი გჭირდება, შე საცოდავო! – უყვირა კოტიკომ და ლოყა მაგიდაზე დადებული ხელსახოცით მოიწმინდა, მაგრამ დისკენ აღარ გაუხედავს.
– ხელიდან წასული გოგო მეზრდება, – ტირილით ჩაიჩურჩულა თათულიმ, – ეს არ დაიკარგება, მაგრამ, მეშინია, თავი არ წააგოს.
მთვრალი ოთო გაოცებული უყურებდა შვილებს და თან ეცინებოდა:
– მაგარი გოგო მეზრდები, გენაცვალოს მამა, მაგრამ, მეც მათქმევინე სიტყვა! შენ კი, კოტიკო, ეტყობა, ვერ დაიყენე თავი იმ დონეზე, რომ უმცროსმა დამ ამდენი ვერ გაგიბედოს. ამიტომ, ამაზე კი ნუ ბრაზდები, შენს თავს დააბრალე!
კოტიკომ ვერ აკადრა მამას ეთქვა ის, რასაც ფიქრობდა, ამიტომ ადგა და სამზარეულოდან გასვლა დააპირა.
– დაჯექი-მეთქი! – შეუტია ოთიკომ შვილს, – ხომ გითხარი, ცხოვრებაზე უნდა დაგელაპარაკოთ-მეთქი!
ბიჭი დაჯდა, შეეცადა, წყენა და სიბრაზე ჩაეცხრო და მამას მორჩილი ხმით უთხრა:
– გისმენ, მამა!
– არა, რა, არა ხარ ჩემი შვილი!
კოტიკომ გაოცებით შეხედა და ხელები მომუშტა. კაცმა დაინახა, რა რეაქციაც ჰქონდა ბიჭს მის სიტყვებზე და ისევ გაეცინა:
– ნუ გადაირიე! მე იმ გაგებით ვთქვი, რომ ჩემი ხასიათი არ გამოგყვა, უფრო დედაშენს დაემსგავსე.
– ჰო, კარგი, გავიგე. თქვი, რისი თქმაც გინდოდა, მეძინება! – საკმაოდ უხეშად გამოუვიდა ბიჭს ნათქვამი.
ოთოს ყურადღება არ მიუქცევია შვილის ტონისთვის, სალომეს ერთი ჭიქა ჩაის გაკეთება დაავალა, მერე შეეცადა, რამდენადაც ამის საშუალებას სიმთვრალე აძლევდა, ჭკვიანი სახე მიეღო და დაიწყო:
– კოტიკო, შენ უკვე იმ ასაკში შედიხარ, როცა ბიჭები გოგოებით ინტერესდებიან და, მოეწონებათ თუ არა ვინმე თავისზე უფროსი, გამოცდილი ქალი ან ფეხებგაღუნული გომბიო, ჰგონიათ, რომ სიგიჟემდე უყვართ და ეგრევე მის ცოლად შერთვას აპირებენ, არადა, ჯერ ტუჩებზე რძე არ შეშრობიათ...
კოტიკოს მთქნარება აუტყდა, სალომე კი ყურებდაცქვეტილი უსმენდა და ცნობისმოყვარეობისგან თვალები უელავდა – ეს ის თემა იყო, რომელიც ძალიან აინტერესებდა.
– კაცმა რაც შეიძლება გვიან უნდა შეირთოს ცოლი, – განაგრძო ოთომ და ამრეზით გაიხედა საძინებელი ოთახისკენ, სადაც თათული ეგულებოდა. ისეთი სახე ჰქონდა, აშკარად თავს აყვედრიდა ერთ დროს სიყვარულით შერთულ ცოლს, – ანუ, იმ ასაკში უნდა დაქორწინდე, მოვლა და მიხედვა როცა დაგჭირდება. გაიგე, ბიჭო? – მიუბრუნდა კოტიკოს, რომელიც მისთვის მოულოდნელმა ტექსტმა ძილბურანიდან გამოიყვანა.
– თუ ახალგაზრდას შემიყვარდა? – გულუბრყვილოდ ჰკითხა უკვე გამოფხიზლებულმა ბიჭმა.
– ჯერ ერთი, გახსოვდეს, რომ სიყვარული მირაჟია, უკეთეს შემთხვევაში – დროებითი გრძნობაა. ამიტომ მას არ უნდა დაემონო. მაგრამ, თუ მაინც გეგონება, რომ შეგიყვარდა, სულაც არ არის აუცილებელი მასზე დაქორწინება, გყავდეს ისე, ნაშად, საყვარლად, ცოლი კი 50 წლამდე არ უნდა შეირთო. არა, უფრო გვიან ჯობია, ასე, 60 წლის შემდეგ.
– ეს ნამდვილად აღარ არის მთვრალი. გამოფხიზლდა და ფხიზელი ლაპარაკობს იმას, რასაც ფიქრობს, – ისევ თავისთვის ჩაილაპარაკა კართან მიყურადებულმა თათულიმ და სიბრაზისგან კანკალმა აიტანა, მაგრამ შესვლა მაინც ვერ გაბედა.
– ბებერს რაღაში სჭირდება ცოლი? – ჩაიკისკისა სალომემ.
– ჯერ ერთი, 60 წლის მამაკაცი ბებერი კი არ არის, ხანში შესულია, მაგრამ მომვლელი და მიმხედავი ამ ასაკშიც საჭიროა, – ავტორიტეტულად აუხსნა მამამ.
– მერე, მომვლელ ქალს ვერ დაიქირავებს? რა აუცილებელია ცოლის შერთვა? – ისევ გაუკვირდა სალომეს.
– მომვლელ ქალს იმდენს ვერ მოსთხოვს, რამდენსაც ცოლს, – მშვიდად უპასუხა ოთომ, მერე კი სახეზე ეშმაკური ღიმილი აუთამაშდა: – თანაც, ცოლი იმითაც მოემსახურება, რომ...
– სულ გამოთაყვანდი? რაებს ელაპარაკები თითისტოლა ბავშვს? – ვეღარ მოითმინა თათულიმ და ქმარს სამზარეულოში შეუვარდა, რადგან შეეშინდა, მამიკოს უფრო „გულახდილი“ განმარტება არ გაეკეთებინა 12 წლის შვილისთვის.
– აი, ხომ ხედავთ, რა დღეში ვარ? საკუთარი შვილებისთვის სიტყვა ვერ მითქვამს ამის შიშით, – თავი მოისაწყლა ოთომ.
კოტიკომ ვეღარაფერი თქვა და თავი ჩაღუნა, სალომეს კი ყურადღებაც არ მიუქცევია განერვიულებული დედისთვის, მამას მიუბრუნდა და შეკითხვა გაუმეორა:
– ბებერს რაღაში სჭირდება-მეთქი, ცოლი?
– სიძელკად, – მოკლედ აუხსნა ოთომ შვილს და ცოლს ცინიკურად გაუღიმა.
თათულის გული კინაღამ გაუსკდა მღელვარებისგან, მაგრამ ვერ მოიფიქრა, რა უნდა მოემოქმედებინა და კოტიკოს ვედრებით გახედა.
– ნუ გეშინია, დედა, – მშვიდად უპასუხა შვილმა და მზერით ანიშნა, – სიტუაციას ვაკონტროლებო. თათული კი არ გავიდა, გალასლასდა სამზარეულოდან, საძინებელში შევიდა და გულისა და წნევის წამლები დალია.
– სიძელკა რა არის? – ისევ ჩაეკითხა ცნობისმოყვარე სალომე მამას, – რა უნდა გაუკეთოს?
– რა და, რასაც სანიტრები უკეთებენ ლოგინად ჩავარდნილ ბებერ ავადმყოფებს, – აუხსნა ოთომ.
– ანუ, ოყნები უნდა უკეთოს, განავალი უნდა გადაუღვაროს და ჩაბანოს? – ზიზღისგან სახე შეეჭმუხნა გოგონას.
– ჰო, – დაეთანხმა მამა, – აბა ცოლი სხვა რისთვის არის საჭირო?
– შვილების გასაჩენად, – მშვიდად ჩაერთო „ბრძნულ“ საუბარში კოტიკო.
– შვილები სულაც არ არის აუცილებელი, ის კი არა, მე თუ მკითხავ, შვილების გარეშე უკეთესიც კია ცხოვრება, – წამოაყრანტალა მამამ და ხმამაღლა დაასლოკინა.
– სიკვდილი და არგადარჩენა! – ჩუმად მიაწყევლა თათულიმ მეორე ოთახიდან და ისევ შევარდა სამზარეულოში. მამის ბოლო მოსაზრების გაგონების შემდეგ ბავშვები ისეთი დაძაბული სახეებით ისხდნენ და ისე სასოწარკვეთილები შესცქეროდნენ მას, რომ თათული უცბად აფეთქდა და შვილებს შეუტია: – ახლავე გადით თქვენს ოთახში და დაიძინეთ, თორემ, არ ვიცი, რას გიზამთ!
– არ გავალთ! – უხეშად უპასუხა კოტიკომ, – მაინტერესებს, კიდევ რას ფიქრობს ჩვენზე!
– მამა, საერთოდ არ გიყვარვართ? არცერთი? – ატირდა სალომე.
– ნუ, თქვენ მიყვარხართ, მაგრამ, აი, დედათქვენისა რა მოგახსენოთ! – გაიღრიჭა ოთარი.
– დედა არც არასდროს გყვარებია? – დაზუსტება მოინდომა კოტიკომ.
– ვინა, ეგ ქვაბებისა და ცოცხის დედოფალი? – კაცმა დამცინავად გაიხედა ცოლისკენ, – პრინციპში, ოდესღაც მეც მეგონა, რომ მიყვარდა და ასე ჰგონია თავიდან ყველა კაცს. შენ წარმოიდგინე, ზოგჯერ ისიც კი მეგონა, რომ ნამდვილი პრინცესა იყო, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ხომ ხედავთ, ვინ შემრჩა ხელში? ერთი ჩასუქებული, მოუვლელი, ანჩხლი და უხასიათო დედაკაცი, რომელიც მხოლოდ თავზე დამჩხავის ყვავივით და ყველაფრით უკმაყოფილოა.
– გაჩუმდი, ნუ გამიგიჟე ბავშვები, შე ლოთო! – იკივლა თათულიმ, მერე კი ისევ შვილებს მიუბრუნდა: – ახლავე გადით-მეთქი თქვენს ოთახში, თორემ მართლა აღარაფერი მაკლია გაგიჟებას! – მერე კი იატაკზე ჩაიმუხლა, სახეზე ხელები აიფარა და ჩურჩულით მოთქმა დაიწყო: – ღმერთო! რა დავაშავე, რომ ამ არარაობას გადავეყარე? რატომ არ გავშორდი ან როგორ გავუძელი ამდენი წელი? – მერე გაჩუმდა, ორიოდე წუთის განმავლობაში ასე ჩუმად იჯდა, ბოლოს კი უცებ წამოდგა და შვილებს ჩამქრალი ხმით მიმართა: – მე დედაჩემთან მივდივარ. გთხოვთ ორივეს, თქვენც წამოდით!
სალომეს ხმა არ ამოუღია, მაგრამ არ ადგა, თითქოს სკამს შეეზარდაო. კოტიკომ კი დიდი კაცივით დინჯად უპასუხა:
– შენ წადი, დედა, ჩვენზე ნუ იდარდებ. ცოტა ხანს კიდევ დაველაპარაკებით და მერე წავალთ დასაძინებლად.
თათული სამზარეულოდან ნაწყენი გავიდა. ჩანთაში თავისი პირადი ნივთები ჩაალაგა, მაგრამ დედასთან აღარ წასულა – ვერ დატოვა შვილები ასეთი განცდებისა და ემოციების პირისპირ. გამზადებული ჩანთა კუთხეში მიაგდო, თვითონ საწოლზე ჩამოჯდა და კედელზე დაკიდებულ უზარმაზარ საათს მიაშტერდა.
ცოტა ხანს სამზარეულოდან არაფერი ისმოდა, მერე კი ქმრის მორიგი სიბრძნე გაიგონა, რომლითაც მამა თავის მოზარდ ვაჟიშვილს მოძღვრავდა:
– მართალია, ეს ჩემი სიტყვები არ არის, სადღაც მოვისმინე, მაგრამ თავიდან ბოლომდე ვეთანხმები. დაიმახსოვრე, ცოლზე ცუდი რამ კაცობრიობას არაფერი გამოუგონია. ცოლი მოდიდან გადასული პალტოა, რომელიც ოდესღაც ძალიან გიხდებოდა, გათბობდა და მასში გამოწყობილს გეამაყებოდა წესიერ საზოგადოებაში გამოჩენა, მაგრამ მას შემდეგ, რაც მოძველდა, იდაყვები აუპრიალდა და აქა-იქ ბუსუსებიც გაუჩნდა, უკვე გიტყდება ამ პალტოთი ვინმეს დაენახვო, რადგან ეგრევე გეტყობა, რომ ყველაფერში დაგერხა: ფინანსებშიც, ქალებშიც, თავმოყვარეობაშიც, მაგრამ პალტოს ყიდვის ან დათრევის ტ...კი აღარ გაქვს და იძულებული ხარ, ისევ იმ ძველი პალტოთი იარაო, რომლის საშოვნელადაც ოდესღაც ძალიან ბევრი იჩალიჩე და რომელშიც ძალიან მოგწონდა თავი, ოღონდ, ახლა, როცა ეს პალტო გაცვია, ძალიან დამცირებულად გრძნობ თავს და ცდილობ, ხშირად აღარ ჩაიცვა. გამიგე, ბიჭო, რას გეუბნები? ნებისმიერი ქალი, ყველაზე ლამაზიც კი, როცა ცოლი ხდება, საკმაოდ მოკლე ხანში, ძველ, მოდიდან გადასულ პალტოდ იქცევა. მიმიხვდი, რას ვამბობ?
– ნებისმიერი პალტო, მამა, თუ კარგად მოუვლი, ძალიან დიდხანს ინარჩუნებს სიახლეს, არც ბუსუსები უჩნდება და კარგა ხნის განმავლობაში მოდურადაც გამოიყურება. შენც ხომ გამიგე, რასაც გეუბნები?
გაგრძელება შემდეგ ნომერში
скачать dle 11.3