№44 რა გავლენას ახდენს ადამიანზე წელიწადის კონკრეტულ პერიოდში დაბადება
აღმოსავლური ასტროლოგიის მიხედვით, წლის თითოეულ პერიოდს შესაბამისი სტიქია მართავს. კონკრეტული სტიქიის ქვეშ დაბადებული ადამიანისთვის კი ამ სტიქიის ზეგავლენა წლის გარკვეულ პერიოდში განსაკუთრებით ძლიერდება. მაგალითად: ხის – გაზაფხულზე, ცეცხლის – ზაფხულში, მიწის – შემოდგომაზე, წყლის – ზამთარში.
სხვადასხვა სტიქია ადამიანის ხასიათს განსხვავებულ თვისებას სძენს. მაგალითად, ხე იძლევა სიმტკიცესა და ნაყოფიერებას. მისი ღრმა ფესვები ტრადიციებისა და ადათ-წესების პატივისცემის მაჩვენებელია. ცეცხლი ადამიანს ანიჭებს აქტიურობას, გარკვეულწილად, ეგოიზმს, რამეთუ ყველაფერს წვავს. მიწა არის მარჩენალი, მზრუნველი. წყალი იძლევა ნებისყოფას, ამტანობას, სიმტკიცეს, აძლიერებს ურთიერთგაგებას, პრობლემებთან შეგუების უნარს.
ხის სტიქია – გაზაფხული. მისი თვისებებია: სილამაზე, ელეგანტურობა, მიზანსწრაფვის, შემოქმედებისა და შთაგონების უნარი. მისი ზეგავლენით შესაძლოა, კარგი მხატვარი ან პოეტი გახდეთ. იმ შემთხვევაში, თუ ხის სტიქიის ქვეშ დაიბადეთ, დიდია ალბათობა, იყოთ მაღალი, გამხდარი, ლამაზი თვალებით და გამჭოლი მზერით. ხის სტიქია მართავს ღვიძლს და თვალებს. მისი შესაბამისი ფერებია მწვანე და ლურჯი. გაზაფხულზე დაბადებულ ადამიანებში ყოველთვის ჭარბობს სულიერი ან ინტელექტუალური ინტერესები. საქმიანობაში აქტიურად ავლენენ პროფესიულ და ინტელექტუალურ უნარებს.
ცეცხლის სტიქია – ზაფხული. მისი თვისებებია: სილამაზე, მხიარულება, ბედნიერება. ამ პერიოდში დაბადებული ადამიანები გამოირჩევიან ბრძოლის უნარიანობით. უმეტესად, მათ აქვთ არწივისებური ცხვირი, ხშირი თმა. ცეცხლი მართავს გულსა და სისხლს. მისი ფერია წითელი. ამ სტიქიის გავლენის პერიოდში დაბადებულები ისწრაფვიან ხელმძღვანელი პოზიციებისკენ, არიან რისკიანები, უყვართ მოვლენების ცენტრში ყოფნა.
მიწის სტიქია – შემოდგომა. წლის ამ პერიოდში დაბადებული ადამიანები, მიწის სტიქიის გავლენით, კარგი ბიზნესმენები ხდებიან. მიწის სტიქიის პერიოდში დაბადებულ ადამიანთა დამახასიათებელი ნიშნებია: სქელი წარბები და ბრტყელი მუცელი. ის მართავს პირის ღრუს და ელენთას. შესაბამისი ფერია ყვითელი. ამ პერიოდში დაბადებული ადამიანი პრაქტიკულია, ეს კი გამოიხატება ფულთან ურთიერთობაში, ქონების მართვასა და მის გაორმაგებაში. საოცრად ორგანიზებულია.
წყლის სტიქია – ზამთარი. ამ პერიოდში დაბადებული ადამიანი ხასიათდება მშვიდი, ცივი ბუნებით და დიდი შინაგანი ძალით. ხშირ შემთხვევაში აქვთ დიდი და ძლიერი ხელები, მსხვილი ტუჩები და ტალღისებრი თმა. წყლის სტიქია მართავს თირკმელსა და ყურებს. მისი ფერებია შავი და მუქი ლურჯი. წლის ამ პერიოდში დაბადებულები ძალზე მგრძნობიარეები არიან და კარგად აქვთ განვითარებული ინტუიცია. აინტერესებთ ცხოვრების ყველა სფერო და მათ შორის, მისტიკური. ხშირად ადამიანებთან ქვეცნობიერ ტელეპათიურ კავშირშიც იმყოფებიან.