№44 რაზე მიუთითებს ძლიერი ტკივილი ციკლის დროს
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
მენსტრუალური ციკლი ქალის ცხოვრების ნორმალური ნაწილია. თუმცა, სამწუხაროდ, ზოგისთვის კრიტიკული დღეები განსაკუთრებით ძლიერ ტკივილთან ასოცირდება. თუკი ტკივილი მწვავეა, დროა, მიმართოთ ექიმს და შეისწავლოთ საგანგაშო სიმპტომები.
* როცა მენსტრუალური სპაზმები გაუსაძლისია, თუ გამაყუჩებელი არ შველის, ხშირ შემთხვევაში სპაზმოლითების რამდენიმე აბი გვეხმარება, მაგრამ თუკი უფრო ძლიერ გამაყუჩებლებს სისტემატურად იღებთ, რაც რთულად უმკლავდება დაავადებას, მაშინ უნდა იცოდეთ, რომ ეს უბრალოდ ტკივილი არ არის. არ უნდა იფიქროთ, რომ ეს არის ნორმა, ორგანიზმი ასე გამოხატავს. უმჯობესია, დროულად მიმართოთ ექიმს. ასე ხანგრძლივად ტკივილს არ უნდა განიცდიდეთ;
* თუკი ყოველთვიურად ცხოვრების რიტმიდან ამოვარდნა გიწევთ – მენსტრუაცია თვეში ერთხელ რამდენიმე დღე სახლში წოლას გაიძულებთ, იცოდეთ, ყველაფერი არ არის მწყობრში. რა თქმა უნდა, ზოგჯერ შესაძლოა, მოდუნებული იყოთ და ცუდ ხასიათზე, მაგრამ ეს არ უნდა იყოს სისტემატური ხასიათის. ამ ყველაფერმა მუშაობაში, გართობასა და სწავლაში ხელი არ უნდა შეგიშალოთ;
* ტკივილს ციკლის გარდა სხვა დღეებშიც გრძნობთ – ოდნავ ყრუ ტკივილსაც კი, ეს შესაძლოა, ანთებითი პროცესით იყოს გამოწვეული, რაც ხშირ შემთხვევაში ინფექციის შეღწევით ხასიათდება. ასეთ დროს კი ციკლი ბევრად უფრო მტკივნეული და მძიმე გადასატანია;
* ტკივილი პირველ დღეს, მეორე და მესამე დღეს – ნორმის ფარგლებში ჯდება, მაგრამ ეს ტკივილი მთელი ციკლის დღეების განმავლობაში არ უნდა გაგრძელდეს. რატომ? იმიტომ, რომ სპაზმები ბუნებრივია, ვინაიდან ამ დროს ენდომეტრიის ფენა საშვილოსნოს კედლისგან „ჩამოიფცქვნება“ და გარეთ გამოდის. ეს პროცესი შესაძლოა, ორ-სამ დღეს გაგრძელდეს, მაგრამ თუკი ტკივილი უფრო მეტხანს შეგაწუხებთ, მაშინ სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს;
* თუ მწვავე ტკივილს გვერდებში გრძნობთ, ეს საკვერცხეების და საშვილოსნოს მილის შებრუნებაზე მიუთითებს. ეს ხდება კისტის გამო; თუმცა მას შესაძლოა, ზედმეტი ფიზიკური დატვირთვები, ტრავმები და ხველებაც კი იწვევდეს, რამაც არ არის გამორიცხული, საბოლოოდ საკვერცხის ექსტრემალურად გაუქმებაც გამოიწვიოს;
* როცა აღგენიშნებათ სხვა სიმპტომები – არამარტო ტკივილი, დაურეგულირებელი ციკლი, ტკივილი სექსის დროს, სისხლდენა თვიურის პერიოდებამდე, დიარეა, პირღებინება... ეს ყველაფერი იმის ნიშანია, რომ დროა, მიხედოთ ჯანმრთელობას;
* ჯანმრთელი ქალის ორგანიზმი შეუძლებელია აუტანლად მძიმე ტკივილებს განიცდიდეს. თუ იმდენად ძლიერ ტკივილს განიცდით, რომ მზად ხართ, სასწრაფო დახმარება გამოიძახოთ, შესაძლოა, ნამდვილად გჭირდებათ საავადმყოფოში გადაყვანა. უმჯობესია, დაიზღვიოთ თავი და გაესინჯოთ ექიმს, ვიდრე შემდეგ ინანოთ.
* ხშირ შემთხვევაში ტკივილს ენდომეტრიოზი იწვევს – ენდომეტრიის შიგთავსი ყოველთვიურად არ იცვლება, ის ციკლის სახით, თვეში ერთხელ, სტანდარტულად, 3-4 დღის განმავლობაში გამოდის ორგანიზმიდან. თუმცა ხდება ისე, რომ ენდომეტრიის უჯრედები, რომლებმაც უნდა დატოვოს ორგანიზმი ყოველი ციკლის პერიოდში, საშვილოსნოს კანში იწყებს შეზრდას და გარეთ აღარ გამოდის. რის შედეგადაც ანთებითი პროცესი ვითარდება, რაც ქრონიკულ ტკივილებს იწვევს.