№44 მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: რამდენად აუცილებელია ეკლესიისთვის ადამიანის მიერ შესაწირის გაღება?
პასუხი: ეკლესია უძველესი დროიდან შეწირულობით არსებობს. წმიდა პავლე მოციქული ამბობს: ჩვენ გაძლევთ სულიერს და უფლება გვაქვს, თქვენგან ხორციელი მივიღოთო. მართლაც, რითი შეიძლება ადამიანმა ეკლესიის მიმართ მადლიერება გამოხატოს, როდესაც ღვთის სახლი – ეკლესია ყველაფერს აძლევს მას: სიმშვიდეს, სიხარულს, იმედს, ბედნიერებას, მარადიულობის განცდას. აყენებს გადარჩენის გზაზე. შეწირული და სანთლების გაყიდვიდან შემოსული თანხა ხმარდება ტაძრის აღმშენებლობას, კეთილმოწყობას, კომუნალურ გადასახადებს, ასევე, სტიქაროსნების, მედავითნეების ხელფასებს. შესაწირავი, რა თქმა უნდა, ნებაყოფლობითია, თუმცა თანხის შეწირვა ხდება მღვდელმსახურებისას, როგორიცაა, მაგალითად, ჟამისწირვა, პარაკლისი, პანაშვიდი, ნათლობა, ჯვრისწერა და სხვა.
კითხვა: ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, ძალიან მძიმე სიტუაციაში ვიმყოფები და მინდა, ეკლესიაში წავიდე მონაზვნად. იმდენად გაუსაძლისია ჩემი ცხოვრება, თვითმკვლელობამდე რომ არ მივიდე, მხოლოდ ეს გამოსვალი ვიპოვე. გთხოვთ, მიპასუხოთ, როგორ მოვიქცე?
პასუხი: მძიმე მდგომარეობის გამო, ეს იქნება ფიზიკური თუ მატერიალური, მონაზვნად წასვლა არასწორია. თქვენ უნდა წახვიდეთ ეკლესიაში, დაელაპარაკოთ მოძღვარს, იცხოვროთ ქრისტიანულად, შესაძლოა, რომელიმე მონასტერსაც მიმართოთ დროებითი ნავსაყუდელის საპოვნელად. ხოლო ხართ თუ არა მოწოდებული სამონაზვნოდ, დრო გაჩვენებთ.
კითხვა: მეუღლესთან ჯვარდაწერილი ვარ, შვილებიც გვყავს, მაგრამ ვერაფრით ავაწყვე ოჯახური ცხოვრება. მუდმივად სტრესში ვარ. როგორ მოვიქცე?
პასუხი: ეკლესია მეუღლეებს მუდმივად ახსენებს იმ ვალდებულებებს, რაც ჯვრისწერის დროს აიღეს – ეს გახლავთ ორი ადამიანის ერთ სულ და ერთ ხორც ყოფნა ღვთისა და ერთმანეთის სიყვარულში. ეკლესია ოჯახის დანგრევას არასდროს მიესალმება, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ორი ადამიანის ერთად ყოფნის შემთხვევაში, შესაძლოა, უფრო დიდი ბოროტება მოხდეს, ამიტომ ასეთ დროს გვირგვინის ახსნაც ხდება. კარგად დაუფიქრდით თქვენს მდგომარეობას, მიმართეთ რჩევისთვის გამოცდილ მოძღვარს და ისე მიიღეთ გადაწყვეტილება. ცხელ გულზე მიღებული გადაწყვეტილება არასდროს ამართლებს.
კითხვა: ჩვენს ტაძარში არის ერთი მოძღვარი, ვინც არ იქცევა თავისი მდგომარეობის შესაბამისად. ეს ძალიან მაწუხებს და მაბრკოლებს. მირჩიეთ, როგორ მოვიქცე?
პასუხი: გაიხსენეთ, რისთვის დავდივართ ტაძარში, უმთავრესად იმისთვის, რომ უფალი გვიყვარს და მასთან გვინდა მიახლოება. აქვე უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი ადამიანს საკუთარი თავის შეცნობასა და ცოდვათა მონანიებას სთხოვს, ხოლო თუკი საკუთარ თავს კარგად შევიცნობთ და ცოდვებს დავინახავთ, მაშინ სხვის ცოდვებზე ფიქრის დრო ნაკლებად დაგვრჩება. უფალი თავად განსჯის იმ ადამიანს. ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით.