№44 რატომ შეიძლება, დაენგრეს ქალს ოჯახი და რა უნდა დაუპირისპიროს მან ურთიერთობაში პრობლემებს
ნინო კანდელაკი დალი მიქელაძე
ოჯახის დანგრევა შეიძლება, ძალიან ბევრი მიზეზით იყოს განპირობებული – ფინანსური მხარე, მესამე პირის ჩარევა, მეუღლეებს შორის ხშირი უთანხმოება, ღალატი.
ძალიან ხშირად ისეთი წვრილმანები ხდება დაშორების მიზეზი, რომ ამას თავად წყვილიც ვერ აცნობიერებს. ამ წვრილმანების ერთობლიობა მეუღლეებს შორის ურთიერთობის გაციებას წარმოქმნის. რამაც შესაძლოა, ოჯახი დანგრევამდე მიიყვანოს.
მაკა (34 წლის): მრცხვენია იმის თქმა, რომ ბავშვობის მეგობარმა კინაღამ ოჯახი დამინგრია. ამაზე როცა ვსაუბრობ, ლამის მე თავადაც არ მჯერა, მაგრამ ფაქტებს სად წავუვალ. ხომ გაგიგონიათ გამოთქმა, ეშმაკი შეუჩნდაო? ასე დაემართა ჩემს დაქალს და კინაღამ ოჯახი დამინგრია, თანაც ისეთი ოჯახი, სადაც დიდი ხნის განმავლობაში სრული სიმშვიდე და ბედნიერება სუფევდა.
– დარწმუნებული ხართ, რომ თქვენს ოჯახს და ურთიერთობას ბზარი სწორედ ამ დაქალს შეჩენილმა „ეშმაკმა“ გაუჩინა?
– მოგიყვებით და თავად განსაჯეთ. შეიძლება, ეშმაკის ამბავი ცოტა კომიკურად გამომივიდა, მაგრამ სხვას ვერაფერს მივაწერ ჩემი დაქალის მოულოდნელ ავარდნას. მე ათი წლის წინ გავთხოვდი. თავიდანვე ვიცოდი, რომ ჩემს მეუღლეს მატერიალურად ძალიან არ ულხინდა. არც საკუთარი სახლი ჰქონდა. ძმა ჰყავდა და ორივეს ერთ სამოთახიანი ბინაში უნდა ეცხოვრათ და არა მარტო მათ, მშობლებსაც.
– ანუ, ქმრის ოჯახს უჭირდა?
– მეორე ბინის საყიდელი ფული არ ჰქონდათ. მე არ მიწუწუნია. მიუხედავად ამისა, ჩემმა დედამთილმა მითხრა, თუ ერთმანეთთან შეგუება გაგვიჭირდება, მე უცხოეთში წავალ რამე სამუშაოზე და როგორმე კიდევ ერთი ბინის ფულს მოვაგროვებო. მე ძალიან შემრცხვა. ისე გამოდიოდა, თითქოს მე ვაიძულებდი გადახვეწილიყო. ამიტომ სასტიკად გავაპროტესტე. რაღაცების დათმობა მომიწია, მაგრამ ჩემსა და დედამთილს შორის უმნიშვნელო გაუგებრობაც კი არ ყოფილა.
– პრობლემა როდის გაჩნდა?
– როცა შარშან ჩემმა მაზლმა, გამოგვიცხადა, ცოლს ვირთავო. მოვემზადეთ ქორწილისთვის, ერთ საძინებელში მე და ჩემი მეუღლე დავბინავდით, ერთიც მათ მოვუმზადეთ და ლოჯი კიდევ ერთ საძინებლად გადავაკეთეთ – დედამთილ-მამამთილისთვის.
– ანუ, პრობლემა მაზლის ცოლი აღმოჩნდა?
– არა. პრობლემა სულ სხვა გახდა. ერთ დღეს ძველ მეგობარს შევხვდი. ისე მოხდა, რომ დიდი ხანი არ მყავდა ნანახი. ერთმანეთის მოკითხვის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ერთი გზა გვქონდა. ტრანსპორტში ასვლამდე წვრილად გამომკითხა, ოჯახში ვინ მყავდა და მეც, რატომღაც, ყველაფერზე გულახდილად ვპასუხობდი. როცა გაიგო, რომ მაზლთან და მის ცოლთან ერთად ვცხოვრობ, ყველას გასაგონად იყვირა, რას ამბობ, სამოთახიან ბინაში ერთად ცხოვრობთ? შენ რა მაგარი ყოფილხარ, მე დედას და დას ვერ ვეგუები, დედამთილსა და მაზლის ცოლს კი, ალბათ, მოვკლავდიო. დავმუნჯდი, ის კი არ ჩერდებოდა, რა გაგიხდათ ერთი ბინის ქირაობა, ადექით და შენ და შენი ქმარი ცალკე გადით, აბა, შენი მაზლი უმცროსი ყოფილა, მამის ქონება უმცროსს ეკუთვნისო. სირცხვილით ვიწვოდი. მეშინოდა, ხომ შეიძლებოდა, ტრანსპორტში ვინმე ნაცნობი ყოფილიყო და ეს ყველაფერი მოესმინა. ასეც აღმოჩნდა, თურმე, უკანა სკამზე ჩვენი მეზობელი იჯდა და მოსმენილი დეტალურად მოუყვა ჩემს დედამთილს.
– ძალიან ბანალური ამბავია.
– ასეთი ბანალური ამბებიდან იწყება ტრაგედიები. შეიძლება, არ დაიჯეროთ, მაგრამ ორ დღეში ამერია დალაგებული ოჯახი. დიახ, ენის უაზრო ტლიკინით ბავშვობის მეგობარმა კინაღამ ოჯახი დამინგრია. ისე დამძიმდა სიტუაცია, რომ ვერ წარმოვიდგენდი. დედამთილმა ისევ მითხრა, რომ თურქეთში სამუშაოდ წავალთ და ბინის ფულს მოვაგროვებთ, თორემ ძალიან ვიწროდ ვცხოვრობთო. არადა, აქ ორივეს ნორმალური სამსახურები აქვთ. სახლში არ სხედან და ჩვენ არ შემოგვყურებენ. ჩემი ქმარი გაბრაზდა და მისაყვედურა – რატომ უნდა დატოვონ აწყობილი ცხოვრება და სადღაც გადაიხვეწონ იმისთვის, რასაც არ ვითხოვ. არ არიან ვალდებულები, ბინა გვიყიდონ. მადლობელი უნდა ვიყოთ, რომ მათ ბინაში ვცხოვრობთ და კომუნალურებსაც კი არ ვიხდითო. უხერხულობამ შემიპყრო. ვთქვი, თუ ვინმემ ოჯახის შემსუბუქებაზე უნდა იფიქროს, მე, ჩემი მეუღლე და ბავშვები ვართ, ამიტომ ჩვენ ვიქირავებთ ბინას და გადავალთ-მეთქი. ჩემი ქმარი ჯერ ჩუმად იყო, მერე დამეთანხმა, გადავიდეთო. ჩემმა დედამთილმა ვერ მოითმინა და შეეცადა, ჩემგან გაერკვია, რატომ ვიყავი უკმაყოფილო. გაოგნებული ვუსმენდი და ბოლოს ვკითხე, რატომ იფიქრეთ, რომ რამე მაწყენინეთ-მეთქი. სახალხოდ გილაპარაკიაო. კინაღამ გავგიჟდი, მაგრამ რომ თქვა, მეზობელმა ტრანსპორტში მოგისმინაო, მოვუყევი ის ამბავი, ანუ რაც სინამდვილში იყო, ჩემს მეგობართან შემთხვევით შეხვედრა და დამიჯერა.
– ასე გადარჩა თქვენი ოჯახი დანგრევას?
– ვერ ვიტყვი, რომ გადარჩა. ამას მოჰყვა ძალიან ცუდი ამბები – გაუცხოვება ჩემსა და ქმარს შორის. ქირით ვერ გავედით, ჩემს ქმარს უნდა ეშოვა ბინა. არ ეძებდა, თუ ვერ ეძებდა, ვერ ვეკითხებოდი. ოჯახის შიგნითაც გამიფუჭდა ურთიერთობა. ვცდილობდი, ამეხსნა, მაგრამ ეჭვი რაც არის, კარგად მოგეხსენებათ. ერთხელ რომ გაჩნდა უნდობლობა ჩემ მიმართ, მერე ამის გამოსწორება ადვილი არ აღმოჩნდა. სახლში ყველა ისე მიყურებდა, რომ თავს სულ დამნაშავედ ვგრძნობდი. დასრულდა მშვიდი ცხოვრება. ის კომფორტი და ჰარმონია, რაც ოჯახში გვქონდა, გაქრა. ყოველდღე მწვავდებოდა დაძაბულობა. ჩემმა ქმარმა საყვედურებს მოუხშირა. დედამთილიც ნაძალადევად მეკონტაქტებოდა, თანაც, როცა ამისი აუცილებლობა იყო.
– ერთი უცხო ადამიანის სიტყვები უფრო „წონიანი“ აღმოჩნდა, ვიდრე ოჯახის წევრი?
– ასე გამოვიდა. ყინული, რომელიც ჩვენს ურთიერთობაში გაჩნდა, ვეღარ გალღვა. ბოლოს ისე მოხდა, თავად დედამთილმა იშოვა ჩვენთვის ქირით ბინა და გადავედით. ვერ გეტყვით, რომ ამან სიტუაცია გამოასწორა. ჩემი ქმარი სულ გაღიზიანებული იყო. ეს ისე მადარდებდა, რომ დავურეკე ჩემს დაქალს და ვუთხარი, რაც მისმა უაზრო ლაპარაკმა დამმართა.
– უთხარით, რომ დამნაშავე იყო თქვენი ოჯახის არევაში?
– რა თქმა უნდა და პასუხმა ჩამაგდო შოკში. მასხრად ამიგდო. მეტი დარდი არ გაქვს? მაგაზე ნერვიულობ? პირიქით, ძალიან მაგარი საქმე მიქნია, ახლა შენთვის ხარო. ბევრი ველაპარაკე, ვუხსნიდი, რატომ უნდა დალაპარაკებოდა ჩემს დედამთილს და ეთქვა სიმართლე, მაგრამ უარი მითხრა. არ მაქვს ნერვები, შენი ოჯახის საქმეები ვარჩიოო. ბოლოს მაგრად ვიჩხუბეთ. ისევ მე მივედი ჩემს დედამთილთან ტირილით და შევეხვეწე, ყველაფერი ძველებურად ყოფილიყო. იყოყმანა, მაგრამ არაო, არ უთქვამს. მათთან აღარ დავბრუნებულვართ, მაგრამ ურთიერთობა, მგონი, ნელ-ნელა, უკეთესობისკენ მიდის. ახლა ზუსტად ვიცი, პირზე კლიტე როგორ უნდა დავიდო. არაფერი მიღირს ოჯახში სიმშვიდის ფასად.