№44 განხეთქილების ბორშჩი
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
ანუ კომბოსტო VS სტაფილო
რუსეთ-უკრაინას შორის ისეთი ამბავია, ანუ ამ ერთი სლავებისგან ნაშობ აწ უკვე ამ ორ ერს ისე გაუხდა საქმე, რომ რუსი დედა უკრაინელ შვილს არ აიყვანს ხელში (და პირიქითაც): აქეთ ყირიმი მიიერთა რუსეთმა (მე ვაჩუქეო წლების წინათო), იქით დონეცკსა და ლუგანსკში გამოუცხო თვითაღიარებული „რესპუბლიკები“ და ჯერ ხეირიანად ისიც არ მოუნელებიათ კრემლში, რომ უკრაინის ეკლესიამ ნაწილობრივი ავტოკეფალია მოიპოვა და მოსკოვის საპატრიარქოს დაუსხლტა (ეკლესიები კიდევ ედავებიან ერთმანეთს), ნაწილობრივ-მეთქი, რადგან აქამომდე რა უფლებებიც ჰქონდა მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინაში, აწ მსოფლიო საპატრიარქოს აქვს.
როგორც უნდა იყოს, ამასობაში რუსეთ-უკრაინას შორის გასტრონომიული ომიც დაიწყო (ჩვენ კი გვეგონა, მხოლოდ კავკასიელები ვედავებოდით ერთმანეთს), რაც, არც მეტი, არც ნაკლები, თვით „ვაშინგტონ პოსტმა“ გააშუქა.
კერძოდ, 33 წლის ევგენი კლოპოტენკომ ინიციატივა წამოაყენა, რომ „იუნესკომ“ ბორშჩი უკრაინული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად აღიაროს.
ბუნებრივია, ბორშჩზე პრეტენზიას აცხადებს რუსეთიც და, თქვენ წარმოიდგინეთ, პოლონეთიც და კიდევ რამდენიმე ქვეყანასაც შეიძლება, გაუჩნდეს ფლობის ამბიციაო.
თუმცა არიან ისეთებიც, რომელთა აზრითაც, ბორშჩი არც არავის ეკუთვნის და, პირიქით, მან უნდა გააერთიანოს ხალხები და არამც და არამც არ უნდა გათიშოს.
ჯერჯერობით მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ არც ბორშჩის ბედია გადაწყვეტილი და არც დონბასისა და ლუგანსკის, ყირიმისა, ხომ, საერთოდ?! ოღონდ ზემოთქმული კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ, მართალია, ადამიანი მარსის ათვისებას იწყებს, მაგრამ მისი ცნობიერება ჯერ კიდევ იქაა, გამოქვაბულში.