№43 რის გამო გადაინაცვლა სცენიდან ბიზნესში სოფო ბედიამ და როგორ გახდა ის ტანსაცმლის ხაზის სახე
ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე
მომღერალმა სოფო ბედიამ, მეგობარ დიზაინერთან ერთად, ბიზნესი წამოიწყო და როგორც თავად ამბობს, ონლაინ-მაღაზიის წყალობით საკმაოდ კარგი შედეგიც აქვს. მისი ეს წამოწყება ტანსაცმლის ხაზს უკავშირდება და ძირითადად, კომფორტზეა გათვლილი.
სოფო ბედია: ვინც მიცნობს, იცის, რომ ჩაცმას დიდ ყურადღებას ვაქცევ. სცენაზეც ყოველთვის მოწესრიგებული ვდგავარ და ეს, ჩემი წარმატების ერთ-ერთი ფორმულაა, რადგან, შეიძლება, კარგი მომღერალი იყო, მაგრამ ვერ უვლიდე თავს, არ ფიქრობდე კაბებზე, სასცენო კოსტიუმებზე. მე, ძირითადად, სცენის სამოსს ჩემი იდეებით ვიკერავდი. მკერავებიც ყოველთვის ითვალისწინებდნენ ჩემს გემოვნებას და იდეებს. თან, როცა სცენაზე ან წვეულებაზე ერთხელ გეცვა კაბა, მას მეორედ ვეღარ ჩაიცვამ. თუმცა, მე ხშირად გადამიკეთებია საკონცერტო თუ სატელევიზიო სამოსი და ახალი სახე მიმიცია. მაგრამ ცხრაჯერ ხომ არ გადააკეთებ? მაქსიმუმ – სამ-ოთხჯერ. ამიტომ, ჩემი პროფესიის ადამიანისთვის დიდი ფინანსებია საჭირო, რომ სულ ფორმაში იყო.
– სასცენო კოსტიუმების შეძენა-შეკერვა და სცენაზე გამოსვლა ძვირი გიჯდებოდა?
– აქამდე „ვქაჩავდი“ (იცინის). თუმცა, ჩემთვის ფასს არ აქვს მნიშვნელობა, რადგან შემიკერავს კარგი კაბა და არც ისე ძვირი დამჯდომია. მნიშვნელოვანია, რასაც ვატარებ, მიხდებოდეს, იყოს ჩემზე მორგებული, კომფორტული, ლამაზი და მოხდენილი. ბევრჯერ იაფი ნაჭერიც შემიძენია და შემიკერავს ან მეორად მაღაზიაშიც მიყიდია „ბირკიანი“ სამოსი, ჩამიცვამს და შოკში ჩავარდნილან: უი, რა მაგარი რაღაც გაცვიაო. ზოგადად, ერთი ჩაცმისთვის ძვირის მიცემა არ მიყვარს, არც კონკრეტულ „ბრენდზე“ ვაკეთებ აქცენტს, თუმცა, ვაქცევ ყურადღებას იმას, რომ ლამაზად მქონდეს და მიხდებოდეს.
– მოდის ტენდენციებს თუ ადევნებ თვალს და რის მიხედვით არჩევ სამოსს?
– მოდაში თუ არის ის, რაც მიხდება, ჩავიცვამ, მაგრამ ყველაფერი რაც მოდაშია, შეიძლება, ვერ მოვიხდინო. მე სპეციფიკური, კლასიკური აღნაგობის ტანი მაქვს, კარგ წონაზე ვარ მაგრამ, შესაძლოა ამ წონაზეც კი არ მომიხდეს ის სამოსი, რაც მოდაშია.
– ახლახან ბიზნესი წამოიწყე, რომელიც სწორედ, ტანსაცმელს უკავშირდება. საიდან გაგიჩნდა იდეა და ახლა, როცა შექმნილი ეკონომიკური პირობების ფონზე, გაყიდვები შემცირებულია, არ იყო რისკი ამ საქმის დაწყება?
– ბოლო პერიოდში, როცა ჩემს პროფესიას ვეღარ ვემსახურები ისე, როგორც საჭიროა და ეს ყველა ჩემი კოლეგის პრობლემაა – დაიხურა თავშეყრის ადგილები, არ ტარდება კონცერტები, იზოლირებულია ხალხი, უწევთ დისტანციის დაცვა და პირბადით სიარული, ბევრი ვიფიქრე, რა გამეკეთებინა. მყავს ნიჭიერი მეგობარი გოგო, კარგი გემოვნების დიზაინერი – ეკატერინე დევიძე. არ ყოფილა დაგეგმილი, უბრალოდ, მასთან საუბარში წამოიჭრა თემა, გაჩნდა იდეა, ერთობლივად გაგვეკეთებინა ტანსაცმლის ხაზი. სხვათა შორის, ჩემი და ეკას გემოვნებებიც ემთხვევა ერთმანეთს. შევჯერდით ამ მიზანსა და პროექტზე და სახელიც ერთობლივად მოვიფიქრეთ, რომელიც ქართულად ასე ჟღერს – „იყავი მსუბუქი“. რაც შეეხება რისკს, ყველა ბიზნესი რისკია. ჩემი სიმღერაც ბიზნესი იყო და ჩემი ფინანსური შემოსავალი მქონდა. როცა მიჩვეული ხარ ყოველდღიურ შემოსავალს და უცებ ხედავ, აღარაფერი გაქვს, დამთრგუნველია. ფულს რომ მიეჩვევი და ჩიხში აღმოჩნდები, რთულია. ამიტომ, ტანსაცმელს დავადეთ მისაწვდომი ფასები და გათვლილია საზოგადოების ნებისმიერ ფენაზე. თუმცა, ისეც არ გამოდის, რომ 2 ლარი ღირდეს (იცინის). საკუთარი ფინანსები ჩავდე ამ ბიზნესში და ოპტიმისტი ადამიანი ვარ, იმედი მაქვს, მომხმარებლის რაოდენობა გაიზრდება და წარმატებასაც მივაღწევთ. საცდელად რამდენიმე მოდელი გავაკეთეთ, თუმცა, 90-პროცენტიანი დარწმუნებით, რომ საზოგადოებას მოეწონებოდა და ასეც მოხდა. ეს ჩემი პირველი ნაბიჯია ამ კუთხით და მიხარია, რომ კარგი გამოხმაურება აქვს.
– ეს სამოსი მხოლოდ ქალბატონებზეა გათვლილი თუ მამაკაცებიც მოირგებენ შენი და ეკას იდეებით და დიზაინით შექმნილ პროდუქციას?
– ჯერჯერობით სამოსს მხოლოდ ქალბატონებისთვის ვქმნით. მერე აუცილებლად დავფიქრდებით მამაკაცებისა და ბავშვებიის სამოსის შექმნაზე. ჩვენი პროდუქცია ყველა წონაზეა გათვლილი, სამოსს ისეთი ფორმა აქვს, ადამიანის აღნაგობის ნაკლოვანებებსაც ფარავს. მოკლედ, საკუთარი ხაზის სახეც მე გავხდი. ჯერჯერობით, ონლაინ-მაღაზია გვაქვს და ონლაინ-რეჟიმში ვმუშაობთ. ძალიან მაგარი გამოხმაურება გვაქვს, შეკვეთებიც წამოვიდა. ასე რომ, მინიმალისტურად დავიწყეთ და მომავალში, არ გამოვრიცხავ, „ფეშენ-ვიკისთვისაც“ მოვემზადოთ. პირველი ნაბიჯები წარმატებულად გადაიდგა, რეალურად ვუყურებ ამ ყველაფერს და სულ ვცდილობ, ოცნება რეალობად ვაქციო. ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა. თუმცა, ტანსაცმლის ხაზი ჩემი ოცნება არ ყოფილა, ამ ბიზნესის წამოწყება დაუგეგმავად მოხდა. ეს ჩემი სიურპრიზია და იმედია, გაამართლებს.
– როგორ ფიქრობ, რამდენად გაქვს ბიზნესის ალღო და ნიჭი?
– ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანი ნდობა, პატიოსნება და სამართლიანობაა. ზოგადად, პასუხისმგებლიანი ვარ და ჩემს მოვალეობას არასოდეს გავურბივარ. ფულში ფანტანსტიკურად სუფთა ვარ და რაც მთავარია, მეგრელი ვარ და მეტი ალღო და ნიჭი რაღა გინდათ? (იცინის).
– ვინც გიცნობს, იცის, რომ ძირითადად, კლასიკური სტილის ჩაცმა გიყვარს და ამ მიმართულებით ხომ არ იქნება შენი ხაზი?
– ძირითადად, კლასიკურ-სპორტული სტილის შერწყმაა და აუცილებლად გავითვალისწინებთ მსურველების მოთხოვნებსაც. ისეთი სამოსია, შეგიძლია, ყოველდღიურადაც ჩაიცვა, წვეულებაზეც და შეხვედრაზეც. თავად სულ ქუსლებით დავდიოდი და კლასიკურ ჩაცმის სტილს ვანიჭებდი უპირატესობას, მაგრამ რაც მეორე შვილი გავაჩინე, კეტი და ბოტასი ჩავიცვი და მგონი, აღარც გავიხდი (იცინის). ისეთი კომფორტულია, ერთი სული მქონდა, სცენიდან ჩამოსული, როდის გავიხდიდი ქუსლიან ფეხსაცმელს და ბოტასს ამოვიცვამდი. ასე რომ, ეს ხაზიც თავისუფალი სტილის სამოსია, მსუბუქი და კომფორტზე გათვლილი. და, ფერები – აუცილებლად დამკვეთის სურვილის გათვალისწინებით.