№43 რა სიმბოლურ დატვირთვას ატარებს „რექლესის“ სამოსი და რის შემდეგ გადაწყვიტა სალომე გველესიანმა ტანსაცმლის ბრენდის შექმნა
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
Reckless ტანსაცმლის ახალი ქართული ბრენდია თინეიჯერებისთვის, რომლის შექმნასაც განსაკუთრებული ისტორია აქვს. სალომე გველესიანს ეს იდეა შვილის – 16 წლის ნიკა ჯორჯაძის ავტოავარიაში დაღუპვის შემდეგ, მისი გამორჩეული სტილისა და ინტერესების გათვალისწინებით გაუჩნდა და მალევე მისი განხორციელებაც შეძლო.
სალომე გველესიანი: ბრენდის დაარსების იდეა ჩემი შვილის გარდაცვალების შემდეგ გამიჩნდა. მინდოდა, რომ მისი განსაკუთრებული სტილი, ხედვა, სიყვარული, მასალები, რომლებიც დატოვა ნახატებისა და მუსიკის სახით, სხვა ფორმით გამეგრძელებინა. მეპოვა გზა, რომლითაც მის არსებობას გავაგრძელებდი. გადავწყვიტე, რომ სამოსი იქნებოდა ის, რაშიც ყველა იდეის განხორციელებას შევძლებდი, ტანსაცმელი, რომელსაც ექნებოდა ფაქტურა, ფერი, ფორმა, შინაარსი და რომელზეც სხვადასხვა მნიშვნელოვანი მოსაზრების დატანა იქნებოდა შესაძლებელი. შევხვდი თბილისის დიზაინისა და ვიზუალური ხელოვნების სკოლის სტუდენტებს, რადგან თავიდანვე მინდოდა, რომ დიზაინზე თინეიჯერებს ემუშავათ. მათზე კარგად ის პრობლემები, რომლებიც ამ ასაკში ხვდება ადამიანს, სხვამ არავინ იცის. შევხვდით ერთამანეთს და მოვილაპარაკეთ. თავიდან სატესტო რეჟიმში დავიწყეთ მუშაობა. რამდენიმე ახალგაზრდა იყო, თუმცა დარჩნენ ისინი, რომელთანაც ყველაზე მჭიდროდ შევმუშავდი, რომელთა ხედვა და გემოვნება ერთმანეთს ემთხვეოდა. დღეს ჩვენს სამოსზე მუშაობს 3 დიზაინერი: მასუ მწარიაშვილი, ლიზა ყაჯრიშვილი და ანკა ქოიავა. როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენი ძირითადი მიზანია, ტანსაცმელმა აჩვენოს ამ თაობის პრობლემები, მარტოსულობა, გაუცხოება... მიუხედავად მათი კომუნიკაბელურობისა და ვიზუალურად იმ განსხვავებისა, რომელიც 90-ანების ახალგაზრდებს ჰქონდათ, არანაკლებ დიდი პრობლემები აქვთ, არანაკლებ სტკივათ, უხარიათ. მოკლედ, კომუნიკაცია, რომელიც თინეიჯერობის ასაკში წყდება, გვინდოდა, ტანსაცმელზე გვეჩვენებინა და შესაბამისად, ყველა კოლექცია ძალიან დიდ სიმბოლურ დატვირთვას ატარებს. ეს კოლექცია ეხება საბჭოთა კავშირიდან შემორჩენილი დოგმებიდან გაქცევას: ფასეულობებისგან, ტრადიციებისგან, აღზრდის მეთოდებისგან, განათლების სისტემისა და ყველაფრისგან, რომელიც საბჭოთა კავშირს ჩვენში და უამრავ ჩვენგან ნაშენებ ინსტიტუციაში აქვს დატოვებული. სიმბოლოები, რომლებიც ტანსაცმელზეა გამოყენებული, მნიშვნელოვანია. მაგალითად, მიხაკი გამოხატავს სკოლის მიმართ პროტესტს და ჩვენთვის ავტორიტეტების მიმართ უსიტყვო მორჩილების სიმბოლოდ არის აღქმული. კუპიდონი ამოღებულია მადონას სერვიზიდან, როგორც სახლიდან და ოჯახიდან გაქცევის უდიდესი სურვილი. მადონას სერვიზის სახით გამოვხატეთ ნივთი, რომლის შეხება და გამოყენება პრაქტიკული მიზნებისთვის „არ შეიძლება“, რაც გავაიგივეთ იმ თავსმოხვეულ აღზრდის მეთოდებთან და ქცევებთან, რომლებიც დღეს, ასევე, უსარგებლო და გამოუსადეგარია. სწორედ, ამ და სხვა პრინტებით არის გამოხატული კოლექცია. ძირითადად, ვმუშაობთ მაისურებზე, ჰუდებზე, სასკოლო სამოსზე, პერანგებზე, კლასიკურ შორტებზე, წინდებსა და ქუდებზე. პროდუქტების სპექტრი საკმაოდ მრავალფეროვანია.
– „რექლესის“ სახელწოდების იდეა საიდან მოდის?
– ნიკა „საუნდქლაუდზე“ ამ სახელით აქვეყნებდა მუსიკას. ამის შესახებ მერე გავიგე. მიყვებოდა, რომ პროდიუსერებიც უკავშირდებოდნენ და აღფრთოვანებული იყო. მაგრამ ჯერ ისეთი დახვეწილი არაა, როგორიც მე მინდა და არ მოგასმენინებთო. მოგვიანებით, მისი კომპიუტერი რომ
გავხსენით, მაშინ ვნახეთ.
გავხსენით, მაშინ ვნახეთ.
– სად შეუძლია მომხმარებელს სამოსის შეძენა და როგორი ფასები გაქვთ?
– სამოსის შეძენა შეიძლება ჩვენს ვებ-გვერდზე reckless.ge და „გალერეა 4710-ის“ მაღაზიაში. იგეგმება სამოსის სხვა მაღაზიებში შეტანაც. ჩვენი ბრენდის ტანისამოსი იკერება როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. ფასები არის საშუალო, ვერ გეტყვით, რომ იაფია, მაგრამ არც ძვირია. საშუალო სეგმენტზეა გათვლილი. ქსოვილების დიდი ნაწილი იაპონიაში შევიძინეთ, მაგალითად, სპეციალური ტექნოლოგიით დამუშავებული ველვეტი. ამ ხარისხის მისაღებად საკმაოდ ბევრი ვიმუშავეთ და ვიბრძოლეთ. ტანსაცმელზე საკმაოდ დიდი პრინტებია დატანილი, რომლებიც აგრეთვე, არ ღირს იაფი და ფასებიც ამ ყველაფრის შესაბამისია.
– როგორი გამოხმაურება მიიღეთ თინეიჯერებისგან?
– საკმაოდ დიდი მოთხოვნაა. კამპანიის დაწყებისთანავე ძალიან დიდი მოლოდინი შეიქმნა. კოლექცია გადაიღო ნატა სოფრომაძემ, მას ეკუთვნის ჩაშვებისწინა კამპანიის იდეაც. სანამ ტანსაცმლის გადაღებას დავიწყებდით, 60-მდე თინეიჯერი გადავიღეთ, ერთმანეთისგან განსხვავებული, საინტერესო სახეები, რომლებიც აქამდე არსად გამოჩენილან. კამპანია დავიწყეთ ბრენდის ჩაშვებამდე 20 დღით ადრე. ამ კამპანიამ დიდი რეზონანსი გამოიწვია. შესაბამისად, მოზარდების დიდი კომუნა ელოდებოდა ბრენდის ჩაშვებას. აქედან გამომდინარე, გაყიდვების საქმეც საკმაოდ კარგად წარიმართა. ალბათ, ჯერ სხვადასხვა მაღაზიებში დავიწყებთ გაყიდვებს, შემდგომ კი ვაპირებთ, საკუთარი პატარა მაღაზიის გაკეთებას, რომელიც უფრო კონცეპტუალური იქნება. პარალელურად, უცხოეთში გაყიდვების დაწყებაზეც ვმუშაობთ.
– ამბობდით, ბევრს ეგონა, რომ საკუთარი თავისთვის აკეთებდით ამ ყველაფერს და გეუბნებოდნენ, თუ ეს დაგეხმარება, ჩვენ გვერდით დაგიდგებითო, მაგრამ დღეს უკვე ყველა ხედავს, რომ კონკრეტული კონცეფცია და სამომავლო გეგმებიც გაქვთ.
– კი, ასეა. ტანსაცმელი ყოველთვის „რექლესის“ მთავარი მიმართულება იქნება, მაგრამ მინდა, რომ საერთო პლატფორმად გადაიქცეს ნიჭიერი ბავშვებისთვის. ივენთები მოვაწყოთ და მათ ვუმასპინძლოთ. დავეხმაროთ პოპულარიზაციაში მათ, ვინც მუსიკას აკეთებს, ვიდეოებს იღებს და ასე შემდეგ. გვინდა, სხვადასხვა მიმართულებით ჩავერთოთ თინეიჯერების განვითარების პროცესში.
– დღეს როგორი რეაქცია გაქვთ, როცა ხედავთ, რომ თინეიჯერები ამ ბრენდის სამოსს ატარებენ?
– შოკში ვარ. ეს გადაწყვეტილება რომ მივიღე, ვამბობდი, ალბათ, გული წამივა, ვინმეს ამ ტანსაცმელში რომ დავინახავ-მეთქი და ზუსტად ეგეთი რეაქცია მაქვს. პირველმა უცხო ადამიანმა რომ იყიდა ჩვენი ტანსაცმელი და პირველი ფოტო რომ ჩამიგდეს ადამიანის, რომელიც ქუჩაში დიანახეს ამ სამოსით, საოცარი ემოცია მქონდა. ადრენალინი ყურებიდან მასხამდა, თან ვტიროდი, თან მიხაროდა. ეს საოცარი სისავსის განცდაა, ჩემთვის ეს ძალიან ბევრს ნიშნავს.
P.S. გამოყენებული ფოტოები ეკუთვნით: ნატა სოფრომაძესა და მასუ მწარიაშვილს.