№43 ბესო აბულაძე – გვესაუბრება ბარიატრიული ოპერაციების ლაპაროსკოპიულ მეთოდზე თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონულ ცენტრში
ნინო კანდელაკი მაკა ჯიქია
წარმატებული ონკო-ქირურგი და თორაკო-ქირურგი, დასავლეთის რეგიონული ცენტრის ქირურგიული სამსახურის ხელმძღვანელი, ზოგადი ქირურგი – ბესო აბულაძე, მოწინავე და ერთ-ერთი პირველია, ვინც იმერეთის რეგიონში ბარიატრიული ოპერაციების ლაპაროსკოპიული მეთოდით შესრულება დაიწყო. ის ცნობილი და წარმატებული ექიმების გარემოცვაში გაიზარდა, არც თავად არის გამონაკლისი და მისი პროფესიონალიზმი ყველგან გამოარჩევს. 2019 წელს დასავლეთის რეგიონული ცენტრის შემაჯამებელი კორპორაციული ღონისძიების დროს ბატონი ბესო კლინიკის წინსვლაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდა.
– ბატონო ბესო, როგორ გააკეთეთ პროფესიული არჩევანი?
– მამა – ავთანდილ აბულაძე ქირურგია, დედაც ექიმია – მარიამ უგლავა – მოქმედი და საკმაოდ ცნობილი თერაპევტია იმერეთის რეგიონში. ბებიაც ექიმი იყო და ბაბუა ცნობილი და აქტიური ქირურგი გახლდათ. შესაბამისად, ამ პროფესიის არჩევისას ოჯახურმა ტრადიციამ დიდი როლი ითამაშა, თუმცა, მშობლებისგან ზეწოლა არ ყოფილა. პროფესიულ არჩევანში აბსოლუტურად თავისუფალი ვიყავი და თავიდანვე ვიცოდი, რომ ექიმობა მინდოდა და ამ სფეროში სრულიად დამოუკიდებლად წავედი.
თუ გინდა, რამეს მიაღწიო, მთავარი მოტივაცია და შრომისმოყვარეობაა. აუცილებლად უნდა გიყვარდეს ის საქმე, რასაც ემსახურები და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს გარემოცვას, სადაც პროფესიონალად ყალიბდები.
– რამდენად ხშირად მოდიან პაციენტები ბარიატრიული ოპერაციების გასაკეთებლად?
– 2019 წლამდე ყველა იმ პაციენტს, ვისაც ჭარბი წონის გამო ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, ბარიატრიულ ოპერაციებს სახელმწიფო უფინანსებდა. დღეს ეს პროგრამა აღარ მოქმედებს, ამიტომ ოპერაციების რაოდენობა შედარებით შემცირდა. იმედს ვიტოვებთ, რომ ისევ განიხილება ამ ტიპის ოპერაციების ნაწილობრივი დაფინანსება, თუნდაც გარკვეული კატეგორიის პაციენტებისთვის. დღეის მდგომარეობით, კვირაში, დაახლოებით, სამ ბარიატრიულ ოპერაციას ვაკეთებ. გარდა ამისა, ჩვენს კლინიკაში ტარდება მუცლის წინა კედლის პლასტიკა, რაც გულისხმობს დაშვებული მუცლის პრობლემის კორეგირებას ქირურგიული ჩარევით. როგორც წესი, ეს იმ პაციენტებს აწუხებთ, რომლებმაც დიდი წონა დაიკლეს ან მრავალჯერ ნამშობიარები არიან.
– რა მიზნით მოდიან ბარიატრიულ ოპერაციაზე – ვიზუალის გაუმჯობესებისთვის თუ ჭარბი წონით გამოწვეული პრობლემების მოსაგვარებლად?
– ძირითადად, ორი ტიპის პაციენტები მოგვმართავენ. ნაწილი – ჯანმრთელობის პრობლემებით, ესენია გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი, სასუნთქი გზების პრობლემა, ძვალ-სახსროვანი პრობლემები. მათთვის გადარჩენის ერთადერთი გზა ჭარბი წონის კორეგირებაა. მეორე ტიპის პაციენტები არიან ახალგაზრდები, რომლებსაც ჭარბი წონის კორეგირება ვიზუალის გამო უნდათ. პაციენტისთვის ოპერაცია არ არის რთული, მაგრამ ექიმისთვის საკმაოდ საპასუხისმგებლოა. შეცდომის დაშვების შემთხვევაში შეიძლება, ბევრი გართულება გამოიწვიოს.
– როგორ შეისწავლეთ ბარიატრია?
– მეამაყება, რომ დავით აბულაძის მოწაფე ვარ, ის ერთ-ერთი პირველია, ვინც საქართველოში ეს ოპერაცია დანერგა. ჩვენს კლინიკაშიც პირველი ოპერაცია, სწორედ, მისი მხარდაჭერითა და გვერდში დგომით ჩატარდა. როცა ბარიატრიით დავინტერესდი, ბატონი დავითი სწორედ იმ პერიოდში აწყობდა სასწავლო კურსებს, რომლებსაც აქტიურად ვესწრებოდი და ვმონაწილეობდი.
– როგორც ვიცით, თქვენი მიმართულება მხოლოდ ბარიატრიულ ოპერაციებს არ მოიცავს.
– გარდა ბარიატრიული ქირურგიისა, ასევე, ჩემი მიმართულებაა ენდოკრინული ქირურგია – ვაკეთებ ოპერაციებს ფარისებრ ჯირკვალზე, როგორც ონკოლოგიური შემთხვევების, ასევე, არაონკოლოგიურის დროს. პირველად მეექვსე კურსის სტუდენტმა გავაკეთე ეს ოპერაცია ბიძასთან, პროფესორ ბადრი ალფაიძესთან ერთად. სტატისტიკურად ჩემ მიერ ჩატარებული 10 ოპერაციიდან 6 ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიის გამოა. გარდა ამისა, მესამე წელია, ვეწევი პედაგოგიურ საქმიანობას და ლექციებს ვუკითხავ სამედიცინო ფაკულტეტის უცხოელ სტუდენტებს ქირურგიაში.
– რა გამოცდილება აქვს თქვენს კლინიკას?
– ჩვენი კლინიკა იმერეთის რეგიონში ყველაზე ახალგაზრდაა, 8 ოქტომბერს ორი წელი შეუსრულდა, მაგრამ ამ ორი წლის განმავლობაში მომართვიანობით ერთ-ერთი პირველი ადგილი დავიკავეთ. ჩვენ მიმართ ნდობა საკმაოდ მაღალია, რაც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისმა ტექნიკურმა აღჭურვილობამ და რაც მთავარია, პროფესიონალთა გუნდმა განაპირობა. ჩვენი გუნდის თითოეული წევრი პროფესიონალიზმითა და პაციენტების მიმართ განსაკუთრებული ყურადღებითა და გულისხმიერებით გამოირჩევა. კლინიკის გენერალური დირექტორისა და დამფუძნებლების მხრიდან კლინიკის თითოეულ თანამშრომელს აქვს მაქსიმალური მხარდაჭერა და შესაბამისად, პერსონალს აქვს მოტივაცია, საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთოს.
– თქვენ იყავით ერთ-ერთი პირველი რეგიონში, ვინც ამ კლინიკაში ბარიატრიული ოპერაციების კეთება ლაპაროსკოპიული მეთოდით დაიწყო.
– იმერეთის რეგიონში ბარიატრიული ოპერაციები მხოლოდ ღია წესით კეთდებოდა. მინდოდა, ერთ-ერთი პირველი ვყოფილიყავი, ვინც ამას ლაპაროსკოპიულად გააკეთებდა. კლინიკა მაძლევდა ამის საშუალებას და ჩვენი კლინიკა რეგიონში პირველია, სადაც ბარიატრიული ოპერაცია ლაპაროსკოპიით დაინერგა. პაციენტი ზედმეტი განაკვეთებისა და ტკივილის გარეშე მესამე დღეს ეწერება ბინაზე. გარდა ამისა, ჩვენთან შედარებით ახალი დანერგილია და დიდი წარმატებით ვახორციელებთ კუჭის ბალონირებასა და ბოტოქსის ინიექციებს.
– რა არის კუჭის ბალონირება?
– კუჭის ბალონირება ჭარბი წონის კორექციის (წონის კლების) ერთ-ერთი მეთოდია, რომლის დროსაც კუჭში გასაბერი ბალონის ენდოსკოპიური ჩაყენება ხდება. მისი უპირატესობა სხვა მეთოდებთან შედარებით იმაში მდგომარეობს, რომ ეს არის არაოპერაციული და მცირე ინვაზიური. პროცედურა ტარდება ზოგადი ანესთეზიით (პაციენტს სძინავს), ყოველგვარი განაკვეთის გარეშე და პაციენტი იმავე დღეს ეწერება ბინაზე.
– ოჯახი გაგვაცანით.
– მეუღლეც ექიმია, საკმაოდ წარმატებული ექიმი-ენდოკრინოლოგი. სამი შვილი გვყავს – მარიამი, კონსტანტინე და ანდრია.