№43 კახა გოგიძე: მე, როგორც პრეზიდენტი, არ გადავუყენებივარ და მოვუკლივარ ვინმეს
ნინო კანდელაკი ეთო ხურციძე
საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებამ წლის საუკეთესო რეჟისორულ ნამუშევრად მსახიობისა და რეჟისორის, კახა გოგიძის „ღია შუშაბანდი“ დაასახელა. კონკურსის საბოლოო შედეგები ივლისის ბოლოს გამოქვეყნდა, თუმცა დაჯილდოების ცერემონიალი ახლახან გაიმართა. კახა გოგიძემ ვერ შეძლო, პირადად დასწრებოდა ღონისძიებას, რადგან უკრაინაში საქმიანი ვიზიტით იმყოფება – ნიკოლაევსა და ხერსონში სპექტაკლებს დგამს. როგორც თავად რეჟისორი ამბობს, „ღია შუშაბანდი“ ახალი ინტერპრეტაციითა და სულ სხვა პრობლემატიკით წარადგინა მაყურებლის წინაშე.
კახა გოგიძე: „ღია შუშაბანდი“ წინა წელს დავდგი ახალციხის თეატრში. პიესას ინტერპრეტაცია გავუკეთე და უფრო თანამედროვეობას მოვარგე. სულ სხვა პრობლემა წამოვწიე წინ – რატომ არ შეიძლება, ადამიანმა საკუთარ ოცნებასა და მიზნებზე მხოლოდ, იმის გამო თქვას უარი, რასაც ცხოვრება სთავაზობს. უკან დახევა არ არის გამართლებული, აუცილებლად წინ უნდა წახვიდე. სწორედ ამ თემას ეხება ჩემი სპექტაკლი. ეს პრობლემა თავიდანვე იდო მასში, უბრალოდ, მე უფრო გამოვიტანე სააშკარაოზე. ყველას ჩვენი გზა, სურვილები და მიზნები გვაქვს და არასოდეს უნდა ვუღალატოთ. ყველაფერი მიღწევადია, მთავარია, როგორ დაისახავ მიზანს და როგორ შეეცდები მასთან მისვლას. რაც შეეხება კონკურსს, არ ველოდი და ბუნებრივია, ჩემთვის ძალიან სასიამოვნო იყო საბოლოო შედეგი. ჟიური წინასწარ არასოდეს ამბობს, ვინ იქნება გამარჯვებული, ამიტომ არც კი ვიცოდი ამის შესახებ. ზოგადად, სპექტაკლს კონკურსისთვის არ ვდგამ, არც ვინმესთვის, შესაბამისად, მსგავსი მოლოდინებიც არ მაქვს ხოლმე. ერთადერთი, ვისთვისაც ვშრომობ, ეს არის მაყურებელი. ჩემი მიზანია, მათ მოეწონოთ.
– მსახიობი ხართ და ხალხისთვის საყვარელი არა ერთი როლი შეასრულეთ. როდის და რატომ გადაწყვიტეთ, რომ რეჟისორობა გინდოდათ?
– დიდი ხნის არტისტი ვიყავი, მეგობრებმა რომ რეჟისორობისკენ მიბიძგეს. როცა თავად დგამდნენ სპექტაკლებს, მეც ჩემს პატარა მონახაზს ვაკეთებდი ხოლმე და ამის მერე მეუბნებოდნენ, მეფიქრა ამ პროფესიაზე. გოგი გაბელია იყო პირველი, ვინც მითხრა: კახა, იქნებ გეცადა! თუმცა მე რატომღაც არ მინდოდა. მერე სხვებისგანაც მესმოდა იგივე. ბოლოს ნუგზარ ლორთქიფანიძემ მითხრა, კახა, მე მგონი, უკვე დროაო. ამდენი ადამიანი რომ მეუბნებოდა, გადავწყვიტე ჩამებარებინა. ოღონდ არა მაგისტრატურაზე, არამედ ბაკალავრიატზე, რადგან მინდოდა, ყველაფერი თავიდან მესწავლა. 2008 წლიდან მოვკიდე ხელი ამ საქმეს.
– თავად რატომ არ გქონდათ სურვილი?
– ჩემი ნატურა ცოტა ზარმაცია. მაშინ ქართული წესით ვცხოვრობდი, ქეიფი, სადღეგრძელო და მსგავსი ამბებით ვიყავი გატაცებული. მერე ამ ყველაფერს მოვეშვი და აღმოვაჩინე, რომ არც ისე ზარმაცი ვყოფილვარ და რა კარგია, რომ ჩავაბარე. საბოლოო ჯამში, იქამდე მივედი, რომ ჩემთვის ეს სფერო ძალიან აზარტული აღმოჩნდა და ყველაზე მეტად, სწორედ, ამ პროფესიაში ვხედავ საკუთარ თავს, აქ შემიძლია ჩემი შესაძლებლობების უფრო მეტად რეალიზება.
– უკრაინაში თქვენი ვიზიტიც თეატრს უკავშირდება?
– დიახ, ნიკოლაევსა და ხერსონში მაქვს სპექტაკლები. ახლა ხერსონში ვდგამ ქართველი დრამატურგის, ნინო მიზიაშვილის პიესას – „მაცეკვე ტანგო“. დავიწყეთ რეპეტიციები, სცენაზე ცოცხალი ორკესტრი მყავს და სიმართლე გითხრათ, ორკესტრათან პირველად მიწევს მუშაობა. ნიკოლაევში უკვე გავაკეთე მასშტაბური სპექტაკლი – სცენაზე 40 მსახიობი იდგა. სპექტაკლი ბელორუსელი დრამატურგის პიესის მიხედვით დავდგი, რომელიც ტირანზეა დაწერილი, თუმცა მე სულ სხვაგვარად გავაკეთე – ტირანებს ხალხი შობს და ძერწავს. სპექტაკლმა წარმატებით ჩაიარა, იყო ოვაცია, აპლოდისმენტები და დადებითი გამოხმაურება, თუმცა მეხათრება ჩემს სპექტაკლზე ვრცლად საუბარი. ერთი, რაც შემიძლია ვთქვა, ისაა, რომ ეს ჩემთვის დიდი წარმატება იყო.
– როგორ დაიწყო თანამშრომლობა თქვენსა და უკრაინულ თეატრს შორის?
– მათი დასი იყო საქართველოში ჩამოსული და თეატრის დირექტორთან შეხვედრა მომიწია, რომელმაც საუბრის დროს თქვა, რომ ჰქონდა ფესტივალი სახელწოდებით – „ჰომო ლუდენს“. მეც იმავე სახელწოდების პიესა მქონდა და ვუთხარი ამის შესახებ. მან შემომთავაზა, ამ პიესით გაგვეხსნა ფესტივალი, მაგრამ მერე დაიწყო პანდემია და ფესტივალმა ერთი წლით გადაიწია. ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ახლაც დიდი პრობლემა მქონდა აქ ჩამოსვლაზე, თუმცა ჩემი გავიტანე და ჩამოვედი. მიუხედავად იმისა, რომ აქ, ვირუსის მხირვ, ბევრად საშიში მდგომარეობაა, ვიდრე საქართველოში, მსახიობები თავგანწირვით მუშაობენ. დიდი ყურადღებით ადევნებენ თვალ-ყურს ჩემს მოღვაწეობას და სიმპათიით არიან განწყობილი ჩვენი ქვეყნის მიმართ, იმაზე მეტადაც კი, ვიდრე ჩვენ. აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ უკრაინელები ჩვენი დიდი გულშემატკივრები, თანამოაზრეები და თანამებრძლები არიან. მათზე ყველა სტერეოტიპი დაინგრა, რაც აქ ჩამოსვლამდე მქონდა – ბევრად კარგისკენ შეიცვალა ჩემი შეხედულებებიც უკრაინაზე და მათიც – საქართველოზე.
– რამდენი ხანია რაც უკრაინაში ხართ და როდის ბრუნდებით? უცხოეთში პირველად გაიტანეთ საკუთარი სპექტაკლი?
– უკვე ორი თვეა, რაც აქ ვარ და ოც ოქტომბერს მიწევს გემით დაბრუნება. თვითმფრინავები დაფრინავენ, მაგრამ საქართველოს საზღვარზე შემოსვლის უფლება არ აქვთ, ამიტომ მოვდივარ ზღვით. ორი დღე ვიქნები ზღვაში. მერე, ალბათ, 12 დღით გამომამწყვდევენ კარანტინში და არ ვიცი, რა ვქნა, გაჩერება ჩემთვის სიკვდილის ტოლფასია. დიახ, ეს ჩემი პირველი გასვლაა და საკმაოდ კარგი გამოცდილებაა ორ ქალაქში სხვადასხვა სპექტაკლი. გავეცანი მათ თეატრს, ხელოვნებას და მინდა გითხრათ, რომ ქარველებივით არიან, ოღონდ რიგ საკითხებს ჩვენ უფრო ნაკლები პროფესიონალიზმით ვუდგებით, რაც გულდასაწყვეტია. აქ სახალხო არტისტი შეიძლება, დღეს „მასაში“ დადგეს, ხვალ მთავარი როლი ითამაშოს და მისთვის ეს არის ჩვეულებრივი ამბავი. აქ უფრო მეტი თავმდაბლობაა, რასაც ჩვენზე ვერ ვიტყვი.
– რატომ არ შეიძლება თქვენი გაჩერება?
– მე ვერ ვჩერდები, რადგან ჩემი გაჩერება არ შეიძლება. იმიტომ კი არა, რომ განსაკუთრებული ვარ ან რაიმე მსგავსი, არა, უბრალოდ, ვიცი, საკუთარი ენერგია დამახრჩობს, ამიტომ უნდა ვიმუშავო და ბოლომდე დავიხარჯო.
– ჩცდ-ს ახალი სეზონი როდის დაიწყება და ხომ არ იცით, რა ბედი ეწევა თქვენს პერსონაჟს?
– როგორც მომაწოდეს ინფორმაცია, გადაღებები ნოემბრიდან გაგრძელდება, მაგრამ წინასწარ არ ვიცი, ჩემი ხაზი როგორ გაგრძელდება. ერთი ვიცი, მე, როგორც პრეზიდენტი; არ გადავუყენებივარ და მოვუკლივარ ვინმეს (იცინის). ალბათ, დაუბრუნდება სულიკო და შეასრულებს თავის საპრეზიდენტო მოვალეობას.