№43 ქართველ ქალბატონებს პარიზულ მაღალ საზოგადოებაში განსაკუთრებული ადგილი ეკავათ და მათ კოკო შანელი გამორჩეულად ექცეოდა
ნინო კანდელაკი ქეთი მოდებაძე
გასული საუკუნის 20-იან წლებში პარიზის მოდის პოდიუმებზე ხშირად ისმოდა ქართული მეტყველება. განსაკუთრებით კიკო შანელის მოდის სახლში. ელეგანტურობით, დახვეწილი სტილითა და გემოვნებით გამორჩეული ქართველი არისტოკრატი ქალების ნაწილმა ემიგრაციაში მოდელობა გადაწყვიტა. რამდენიმე მათგანი კოკო შანელის მანეკენიც (ასე უწოდებდნენ მაშინ მოდელს) კი გახდა.
მერი შერვაშიძე
როგორც ცნობილია, ტრენდად ქცეული შანელის მარგალიტის მძივი, რომელიც დღემდე არ კარგავს აქტუალობას, პირველად პოდიუმზე მერი შერვაშიძემ გამოიტანა. ულამაზესი მერი შერვაშიძე ბათუმელი იყო, თუმცა ბავშვობა ქუთაისში გაატარა, მოგვიანებით კი საცხოვრებლად ოჯახთან ერთად პეტერბურგში გადავიდა. გამორჩეული სილამაზის მანდილოსანი ყურადღების მიღმა არ დარჩენილა და იმ პერიოდის მოდურ ჟურნალებში მისი ფოტოები ხშირად იბეჭდებოდა.
მერი შერვაშიძემ ცხოვრების თანამგზავრად გიგუშა ერისთავი აირჩია. 1921 წელს, საქართველოში ბოლშევიკების შემოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე, იგი ბათუმიდან გემით საფრანგეთში გაემგზავრა. დევნილი ქმარი მერის სტამბოლში შეუერთდა.
საზღვარგარეთ ცხოვრება რთული აღმოჩნდა. მერისა და მის ქმარს თავის გასატანად საქართველოდან წაღებული ძვირფასეულობის გაყიდვა უწევდათ. როდესაც იმპერატორ ნიკოლოზის ნაჩუქარი უკანასკნელი ოქროს საფერფლე გაყიდეს, უიმედო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.
ამ დროს ელისეის კაფეში საბედისწერო შეხვედრა შედგა. მერი შერვაშიძე რუსეთის ბოლო იმპერატორის ბიძაშვილს, პრინც დიმიტრი პავლოვიჩს შეხვდა. რომანოვების დინასტიის წარმომადგენელმა მაშინვე გააცნობიერა, რომ შერვაშიძის ფინანსური მდგომარეობა არ იყო სახარბიელო და ურჩია, კამბონის #13-ში წასულიყო, სადაც მისი მეგობარი მერის დაასაქმებდა.
დიმიტრის მეგობარი გაბრიელ შანელი აღმოჩნდა, რომელსაც მაშინდელი მოდური პარიზი, უბრალოდ, კოკოს ეძახდა.
მოდის დიზაინერმა შერვაშიძეს შესთავაზა, მისი მანეკენი გამხდარიყო. იმ დროს მოდელად მუშაობა არც ისე პრესტიჟული იყო. მაგრამ იმის გამო, რომ თავი გაეტანა, მერი იძულებული გახდა, საკუთარი პრინციპები დაეთმო.
ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ სილამაზით განთქმული ქართველი ქალბატონი კოკო შანელის მოდელი გახდა.
მერი შერვაშიძე პოეზიის მეფის, გალაკტიონ ტაბიძის მუზად იყო მიჩნეული.
მერი შერვაშიძის მეუღლე – გიგუშა ერისთავი ახალგაზრდა გარდაიცვალა. მათ შვილი არ დარჩათ. მერი მეორედ აღარ გათხოვდა, სრულიად მარტო ცხოვრობდა პარიზში და ცხოვრების ბოლო წლები მოხუცთა თავშესაფარში გაატარა. ეს არ იყო მიუსაფართა სახლი, მშვენიერ ქალბატონს იქ მოახლეც კი ჰყავდა. ის ხშირად სტუმრობდა თავის სახლს, სადაც მეგობრებთან ერთად ბანქოს თამაშობდა. მის სახლში სიცოცხლის ბოლომდე ეწყო თაყვანისმცემლების მიერ გამოგზავნილი ყვავილები. მერი შერვაშიძე 1986 წლის დეკემბერში, 97 წლის ასაკში გარდაიცვალა.
რიმა ერისთავი
რიმა ერისთავი მოდების სახლ „იტებისა“ და კოკო შანელის მანეკენი იყო, რომლის სამოსითაც ჩნდებოდა მაღალ საზოგადოებაში.
რიმა ერისთავი - ვახტანგ ელიოზიშვილი-ერისთავის დეიდაშვილი გახლდათ. რიმა დაარქვეს მათი ოჯახის მეგობრის, ალექსანდრე III ბალტიის სამხედრო ფლოტის ადმირალის გლაზენაპის მეუღლის პატივსაცემად, რომელიც მისი ნათლია იყო. რიმას მამა გარდაიცვალა 1907 წელს. დედა თამარ ერისთავი, პარიზში გაემგზავრა საცხოვრებლად, სადაც მოგვიანებით ემიგრაციის ბოლო ნაკადთან ერთად წასულმა მერი შერვაშიძემ, თან წაიყვანა 16 წლის რიმაც. პარიზის საზოგადოებისათვის რიმა ცნობილი იყო როგორც „Prencesse Rimma Eristoff”. სარგებლობდა დიდი სიყვარულითა და პატივისცემით როგორც ქართველ და რუს, ასევე ფრანგულ არისტოკრატიაში. გამოირჩეოდა მომხიბვლელი გარეგნობით, დახვეწილი გემოვნებითა და საოცარი მუსიკალური ნიჭით. ლამაზი გარეგნობის და არისტოკრატული წარმომავლობის გამო, მასთან თანამშრომლობდნენ პარიზის თითქმის ყველა ცნობილი და წამყვანი სამოდელო სახლები, რომლებიც გადასცემდნენ საკუთრებაში მათ მიერ შექმნილ ახალ მოდელს, რათა რიმას ჩაეცვა და გამოეჩინა ეს მოდელი მაღალ საზოგადოებაში. რიმა ერისთავი არ გათხოვილა. იგი გარდაიცვალა პარიზში 1982 წელს.
მელიტა ჩოლოყაშვილი და ლილია ზელენსკაია
სტანდარტული სილამაზის კრიტერიუმების მიხედვით, მელიტა ჩოლოყაშვილს ძნელად თუ შეიძლება ვუწოდოთ ფოტოგენური ან ძალიან ლამაზი, მაგრამ ყველა, ვინც მას შეხვედრია, აღნიშნავდა, რომ მელიტას სილამაზე მის მოძრაობებში ჩანდა. გრაციოზულობის გამო ტიციან ტაბიძე მას „ქალღმერთსა და მადონას“ უწოდებდა.
პარიზში მელიტა ჩოლოყაშვილი და მერი შერვაშიძე კარგი მეგობრები გახდნენ. ისინი ერთად თამაშობდნენ პოკერს, აწყობდნენ შემოქმედებით საღამოებს. მათ ყოველთვის სტუმრობდნენ არისტოკრატიის წარმომადგენლები და საქართველოდან ჩამოსული თანამემამულეები. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ცუდად ლაპარაკობდა მშობლიურ ენაზე, ყოველთვის ცდილობდნენ, რამდენიმე ქართული ფრაზა მაინც ეთქვათ. ისე, როგორც მერი შერვაშიძემ, მელიტა ჩოლოყაშვილმაც თბილისი 1921 წელს დატოვა. იგი პირველად ბათუმიდან კონსტანტინეპოლში, შემდეგ კი პარიზში გაემგზავრა. მელიტამ თან წაიყვანა ქალიშვილი პირველი ქორწინებიდან, ლილია ზელენსკაია. თავის გატანის მიზნით, მელიტა, მერის მსგავსად, კოკო შანელთან მოდელად მუშაობას იწყებს. ერთ დროს პოდიუმზეც კი გამოდიოდა. არსებობდა ჭორები იმის შესახებ, რომ კოკოს ეს ყველაფერი ძალიან სიამოვნებდა – მისთვის ქართველი თავადაზნაურობის წარმომადგენლები მუშაობდნენ. ამიტომ შანელი მათ განსაკუთრებულად ეპყრობოდა. როდესაც მელიტას სამოდელო კარიერა დასრულდა, პოდიუმზე ქალიშვილმა შეცვალა. ლილია ზელენსკაიას ქარიზმასა და სილამაზეს გარშემო მყოფები ყოველთვის აღნიშნავდნენ. მისი ბიძაშვილის, ნინო ჩოლოყაშვილის მოგონებების მიხედვით, ქუჩაში ყველა ლილიას უყურებდა, მაშინაც კი, როდესაც ის ღრმად მოხუცებული იყო. მელიტა 93 წლის ასაკში, მისი ქალიშვილი კი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.
გამოყენებული მასალები ეკუთვნის: „ივერიელს“, „არტინფოს“, AT.ge -ს.