კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№43 ლაშა ღლონტი: როცა პოპულარული გავხდი, ბევრ ახლობელს არ ესიამოვნა

ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე

  მომღერალი, ექიმი, ბიზნესმენი და რაც მთავარია, საოცრად თბილი და პოზიტიური ადამიანი, ლაშა ღლონტი, რატომღაც სევდიან სიმღერებთან ასოცირდება. თუმცა, ახლახან მან ახალი სიმღერა ჩაწერა, კლიპიც გადაიღო და ამბობს, რომ ამის შემდეგ მას სულ სხვა სახით დავინახავთ.
ლაშა ღლონტი: გავიზარდე ბათუმის ცენტრში, რუსთაველის ქუჩაზე, „ინტურისტის“ უკან, ამ ქალაქის ერთ-ერთ ულამაზეს ადგილას. ვცხოვრობდი მშობლებთან და დასთან ერთად. ვოცნებობდი ფეხბურთელობაზე. სხვათა შორის, ძალიან კარგად ვთამაშობდი, უბრალოდ, გული დამწყვიტეს, ტრავმაც მივიღე და თავი დავანებე.
– ესე იგი, თბილისის „დინამომ“ თქვენი სახით, მაგარი ფეხბურთელი დაკარგა?
– გაცილებით მაგარი ფეხბურთელი, ვიდრე მომღერალი (იცინის). ძალიან კარგად ვთამაშობდი, მოედანზე დამოუკიდებელი, მოაზროვნე მოთამაშე ვიყავი. ამის მერე კი, 12 წლის ასაკში, გიტარა ავიღე ხელში. დედაჩემის მხარე გვარად ერისთავები არიან – ეს ცნობილ მომღერალთა გვარია. მამის მხრიდანაც, დიდი ბებია ერქომაიშვილი მყავდა და გადასარევად მღეროდა. მოკლედ, ძალიან საინტერესო მიქსია, რაჭველ-გურულების ერთობლივი პროდუქტი ვარ და ჩემში ამ ორმა გენმა იმძლავრა (იცინის). რასაკვირველია, სურვილი მქონდა, დიდ სცენაზე დავმდგარიყავი, თუმცა, ამ სურვილზე მეტად სიმღერის სიყვარული მქონდა. გიტარაზე ბებიამ მიმიყვანა და მითხრა: ბებია, ცხოვრებაში თუ ვერაფერი გამოხვედი, გიტარაზე დაკვრა მაინც გეცოდინებაო (იცინის). სახლში კი დედას სულ ჩართული ჰქონდა ქართული სიმღერები და მასზე გავიზარდე. ასე რომ, ჩემს წარმატებაში ბებიასა და დედას დიდი როლი მიუძღვით.
– ყოველთვის სევდიან სიმღერებს მღერით. ისეთს, წარსულ დღეებზე რომ ჩააფიქრებს ადამიანს და დაკარგულ სიყვარულს გაახსენებს. თუმცა, ახლა ისეთი სიმღერა ჩაწერეთ, რომელზეც, როგორც თავად თქვით, მთელ საქართველოს ააცეკვებთ. საიდან გაჩნდა ამ სიმღერის იდეა?
– ყოველთვის მქონდა სურვილი, რაიმე განსხვავებული გამეკეთებინა. ერთი ასეთი მცდელობა იყო ქეთი ფარესაშვილთან დუეტი – „ოქროყანის აღმართი“, რომელიც საკმაოდ კარგი გამოვიდა. საინტერესო პროექტი იყო, პოპულარული გახდა, საკმაოდ დიდი რეიტინგი დააგროვა და მსმენელმაც შეიყვარა. მე, როგორც ბათუმის მკვიდრი, იქ დაბადებული და გაზრდილი, ასევე, საპატიო ბათუმელი, ჩემი კუთხის და ქალაქის წინაშე ვალდებულება მქონდა და დიდი სურვილი, რომ რაღაც კარგი მეჩუქებინა, მეჩვენებინა მთელი საქართველოსთვის, როგორი სუფთა, მოსიყვარულე და ენერგეტიკით სავსეა ჩემი აჭარა. ასევე, მინდოდა, სიმღერით მეჩვენებინა სხვანაირი ბათუმი და კლიპშიც ის ადგილები ჩანს, რომელიც შესაძლოა, არც კი გქონდეთ შემჩნეული. ამაში ბათუმის მერია დამეხმარა. აბსოლუტურად ყველა ადამიანი, ვისაც აჭარა და ბათუმი უყვარს, ჩართული იყო ამ ამბავში. დიდი მადლობა ჩემი სტუდიის პედაგოგს და ნიჭიერ ადამიანს, ედვარდ გორგილაძეს, რომელმაც დაწერა ეს ულამაზესი სიმღერა – „განდაგანა“. ასევე, დიდი მადლობა ლელა მითაიშვილს, ჩემი ბავშვობის მეგობარს, რომელსაც დიდი როლი მიუძღვის ამ კლიპის შექმნაში. მადლობა ყველას – ოპერატორს გიორგი შკუბულიანს, არანჟირების ავტორს და ყველას, ყველას, ვინც გვერდით დამიდგა. დარწმუნებული ვარ, ეს კლიპი ძალიან პოპულარული გახდება და ბევრს ააცეკვებს. სხვათა შორის, სიმღერამ, „მონატრებიხარ ფიქრებს“, შესრულების დროს თავად მაგრძნობინა, რომ ძალიან პოპულარული გახდებოდა და „განდაგანაზეც“ ზუსტად ასეთი შეგრძნება მაქვს. ინტუიციურად ვხვდები და ვგრძნობ. ასე რომ, როგორც ექიმი, გეტყვით: კარგი ხასიათი ადამიანის იმუნიტეტს აძლიერებს და ამ პოზიტიური სიმღერით გადავწყვიტე, მთელი საქართველოს იმუნიტეტი გავაძლიერო (იცინის). დამიჯერეთ, იმდენად ენერგეტიკულად დადებითი და მხიარული კლიპი და სიმღერაა, მისი მოსმენისას მართლა გაძლიერდება ადამიანის იმუნიტეტი. ამ კორონას დაძაბულ პერიოდში კი დადებით ემოციებს შემოიტანს. სულ სევდიან მუსიკასთან ვასოცირდებოდი, არადა, ვინც მიცნობს, იცის ბუნებით როგორი მხიარული ვარ. კომპოზიტორები სულ სევდიან სიმღერებს მიწერენ, ალბათ, თვლიან, რომ ასეთი მიხდება. მაგრამ ახლა ამ სიმღერით, პირობას გაძლევთ, სხვა ლაშა ღლონტს დაინახავთ.
– ბევრმა არ იცის, რომ მომღერალი ლაშა ღლონტი პორფესიით ექიმია და იმავდროულად, საკმაოდ წარმატებული ბიზნესმენი. არადა, თქვით ფეხბურთელობაზე ვოცნებობდი, მერე გიტარამ და სიმღერამ გამიტაცაო. ექიმობა როდისღა გადაწყვიტეთ?
– უფროსი მეგობრები და ნათესავები მყავდნენ ექიმები და სულ მინდოდა, მეც ჩამეცვა თეთრი ხალათი და მქონდა სურვილი, მეც ვყოფილიყავი ექიმი. სამედიცინოზე ჩავაბარე, ქირურგიის განხრით წავედი და ვმუშაობდი კიდეც, თუმცა, სამწუხაროდ, თვალზე მომიხდა ოპერაციის გაკეთება და მუშაობის გაგრძელება ფიზიკურად ვეღარ შევძელი. შემდეგ ვმუშაობდი ჯანდაცვის სამინისტროში, იუსტიციის სამინისტროში და აქტიურად ვიყავი დაკავებული სამედიცინო მენეჯმენტის კუთხით.
– რამდენი წელი იმუშავეთ ქირურგად, როდის გაიხადეთ თეთრი ხალათი და რატომ გადაწყვიტეთ ბიზნესში წასვლა?
– დაახლოებით, 7 წელი მეცვა თეთრი ხალათი და შემდეგ გადავინაცვლე ბიზნესში – სამედიცინო კომპანია ჩამოვაყალიბე. სხვათა შორის, ჩემი ჰობი კულინარია და მოგზაურობა გახლავთ და რამდენიმე მეგობართან ერთად პატარა კაფე გავაკეთე, რომელმაც სახელი გაითქვა და მისი დაქსელვაც მოხდა. ახლა, რომ დავფიქრდი, კულინარია რაჭველი დედის გენეტიკიდან მერგო, ბიზნესის ნიჭი კი – მამის, გურულების მხრიდან (იცინის). თან, სიძეც რაჭველი შემხვდა და ახლა, ერთობლივ პროექტს ვახორციელებთ – როცა გაიხსნება საზღვრები და ტურისტები ჩამოვლენ, ისინი ნახავენ ქართულ კულინარიულ შედევრებს, მოუსმენენ ქართულ სიმღერებს და გაეცნობიან ქართულ კულტურას ჩვენსავე, კერძო სახლის ეზოში. რადგან ისიც რაჭველია და ნახევრად – მეც, რაჭის ღვინოზე გავაკეთეთ აქცენტი. მოკლედ, ეს ახალი ბიზნესი ჩემს სიძესთან ერთად წამოვიწყე, ყველა სამუშაო დამთავრებულია, უბრალოდ, კოვიდმა შეგვაჩერა. მერე კი, უცხოელი ტურისტი რომ ჩამოვა, რესტორანში კი არ წავიყვან, არამედ სახლში და გავაკვირვებ ქართული სუფრით, ღვინითა და სიმღერით.
– ბათუმიდან ჩამოსული, როგორ მიგიღოთ დედაქალაქმა, იყო პრობლემები? რამდენად გაგიმართლათ იღბალმა?
– ვთვლი, რომ ძალიან იღბლიანი ვარ და უფალი არასოდეს მტოვებს, სულ ჩემ გვერდითაა. რასაკვირველია, იყო პრობლემები და წარმატებებიც და მადლობას ვწირავ უფალს იმისთვის, რაც მაქვს. თბილისში სტუდენტობის დროს ჩამოვედი და ბიძასთან, რეზო ღლონტთან ვცხოვრობდი. თავის დროზე საჩხერის რაიკომის მდივანი გახლდათ და ააყვავა საჩხერე. შემდეგ თბილისში მუშაობდა მაღალ თანამდებობებზე და მასთან სახლში ხშირად იკრიბებოდნენ ცნობილი მსახიობები მწერლები, პოეტები და მომღერლები – ჯანსუღ ჩარკვიანი, რევაზ ლაღიძე, ეროსი მანჯგალაძე, რამაზ ჩხიკვაძე, ზაურ ბოლქვაძე, გურამ თამაზაშვილი, მარიკა კვალიაშვილი, ჰამლეტ გონაშვილი, გოგი დოლიძე, მაცაცო სებისკვერაძე, ვანიკო მაჭავარიანი, გია ყანჩელი... ამ ადამიანებთან მქონდა მეც ურთიერთობა, მათ თვალწინ გავიზარდე. არ ვლაპარაკობდი, მხოლოდ ვუსმენდი მათ საუბარს, მათ ქცევებს ვაკვირდებოდი. სწორედ, ამ ადამიანებმა მომცეს „ვიზა“, მემღერა და მათ გამო გადავწყვიტე, დავმდგარიყავი დიდ სცენაზე. თუმცა, ნამდვილად არ ყოფილა ჩემი ცხოვრების გზა ია-ვარდით მოფენილი, იყო სიძნელეებიც. თუმცა, ნაკლებად ვინერვიულე წინააღმდეგობებზე და დაუნახაობებზე. განსაკუთრებით ამან იმძლავრა, როცა პოპულარული, ცნობილი და წარმატებული გავხდი. მაშინ შევამჩინე, ბევრ ახლობელ ადამიანს არ ესიამოვნა. ეს არ მაინტერესებდა, რადგან მიყვარდა ჩემი საქმე და ამას ყურადღებას არ ვაქცევდი. შეიძლება, გული მეტკინოს, მაგრამ ვიცი, უფალი არ მიმატოვებს. მთავარია, ჩემს საქმეს არ მოვწყდე. ადამიანებს ეშლებათ რაღაცები და მეც, მათ შორის. მე არაფერს ვაგრძნობინებ, „გავატარებ“, მაგრამ ეს ურთიერთობაზე მაინც აისახება. მოუხედავად ყველაფრისა, მართლა ბედნიერი ვარ და ხანდახან მეშინია ამის ხმამაღლა თქმის. ბევრი არასდროს მქონია და მნდომებია, თუმცა, რაც მომინდომებია, მქონია და ესეც საკმარისია. არ დამავიწყდება, როცა ტაქსით მიწევდა გადაადგილება, ნიუ-იორკში ვიხდიდი 20 დოლარს. იმავე მანძილის გავლა საქართველოში 5 ლარი ჯდებოდა. მე ყოველთვის ვუმატებდი 2-3 ლარს და მძღოლებს უკვირდათ. მეცოდებოდა მძღოლი, რადგან შრომა თანაბარი იყო და ანაზღაურება – ნაკლები. მაგრამ, ზოგი ამას იგებდა ისე, რომ ან ბევრი ფული მქონდა, ან სულელი ვიყავი. აქ თანხაზე კი არა, დამოკიდებულებაზეა საუბარი და ერთმანეთის შრომის დაფასებაზე. ჩემი სურვილია, უფრო ადამიანურები გავხდეთ. როცა მე და ჩემს მეუღლეს, სტუდენტობის დროს ტრანსპორტის ფული არ გვქონდა, მაშინაც ბედნიერი ვიყავი და ახლაც ბედნიერი ვარ. შინაგანად უნდა მოიპოვო ბედნიერება და კიდევ ვამბობ, მადლობა უფალს ყველაფრისთვის. ზოგს შეიძლება, ეგონოს, რომ მატერიალურად კარგად ვარ, ყველაფრით უზრუნველყოფილი, მაგრამ პრობლემები ყოველთვის არის და იქნება, თუმცა, ჩემი შინაგანი ბედნიერებისთვის საკმარისია ის, რაც მაქვს და იმ ხალხის სიყვარული, ვინც გვერდით მყავს. ეს იმხელა სიყვარულია, მარტოს ამის ტარება გაგიჭირდება და შესაძლოა, მთელი ცხოვრება არ გეყოს, რომ ეს ბედნიერება შეიგრძნო. ბედნიერება კი უნდა ვეძებოთ, ვიპოვოთ და გავიღიმოთ. მე კი, როცა მიჭირდა, მაშინაც ვიღიმოდი და ახლაც ვიღიმი.

скачать dle 11.3