№43 ლიკა კვარაცხელია: დავქორწინდით და ჩემს ქმარს მაშინვე ჩაეძინა
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
ყოფილი მოდელი და სამოდელო სააგენტო „ჯეომოდელსის“ ერთ-ერთი დამაარსებელი, ლიკა კვარაცხელია დღეს სამი შვილის დედაა. უფროსი – ანა შელია წარმატებით აგრძელებს დედის გზას. ლიკა, პარალელურად, რამდენიმე საქმეს უძღვება, ახლახან კი „რუსთავი 2-ის“ დილის ეთერში კულინარიული ბლოგის წამყვანიც გახდა.
ლიკა კვარაცხელია: ერთი საქმის კეთება არასდროს შემეძლო. რაც უფრო მეტ რამეს ვაკეთებ, ორგანიზება უკეთ გამომდის. სამზარეულოშიც, მაგალითად, მურაბასთან ერთად კიდევ რაღაცის მომზადებას ვიწყებ. ძალიან მიყვარს რამდენიმე საქმის ერთად კეთება. ყველაფერთან ერთად სამზარეულოში ტრიალი ჩემთვის განტვირთვის საშუალებაა და ბევრი საქმის შემდეგ, თუ მინდა, დრო სასიამოვნოდ გავატარო, სამზარეულოში შევდივარ. „რუსთავი 2-იდან“ ძალიან მოულოდნელად მივიღე შემოთავაზება – პირდაპირ ეთერში მომემზადებინა კერძები. კარანტინის პერიოდში ჩავერთე ერთხელ, რამდენიმე კულინარიულ გადაცემაშიც ვყოფილვარ – ამ მხრივ, სულ ესაა ჩემი გამოცდილება. დამიკავშირდნენ, საპილოტე გადაცემა ჩავწერეთ და ამიყვანეს. ძალიან გამიხარდა, ვღელავდი, მაგრამ წამყვანებმა გამიადვილეს ძალიან საქმე და ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ჩემი თანაწამყვანი – თემო პროფესიონალი მზარეულია და ძალიან მეხმარება.
– საქმიანობა სამოდელო კარიერით დაიწყეთ, როგორ გახსენდებათ ის პერიოდი?
– საკმაოდ მცირე დროით ვიყავი მოდელობით დაკავებული. მოგეხსენებათ, საქართველოში, 90-იანი წლები როგორი მძიმე იყო. მე თვითონაც ძალიან რთული პირობები მქონდა. ახალი ჩამოსულები ვიყავით აფხაზეთიდან და საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდით. უცებ ნათელი ფერი გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში. ქუჩაში ქალბატომა ნატალიმ გამაჩერა და სააგენტოში მიმიწვია. ამის შემდეგ საინტერესო აქტივობები მქონდა. რთული პერიოდის ფონზე განათებული, ბრჭყვიალა გარემო, ჩვენებები ძალიან ლამაზი იყო. აფხაზეთში ბევრი მეგობარი გამეფანტა და სამოდელო სფერო დამეხმარა მეგობრების პოვნაში, რომლებიც მთელი ცხოვრებაა მომყვებიან. ამან ჩემს განვითარებასა და პიროვნების ჩამოყალიბებაშიც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა. მივხვდი, რომ ცხოვრება არ დამთავრებულა და შემეძლო, ყველაფერი თავიდან დამეწყო. თუმცა, პოდიუმზე დგომა არ იყო ჩემი მოწოდება. წინა პლანზე ყოფნას ყოველთვის კულისები მერჩივნა და თანდათანობით იქ გადავინაცვლე. სერიოზული შემოთავაზებაც იყო ამერიკიდან, მაგრამ მაშინ სხვა დრო იყო და მშობლებმა არ გამიშვეს. მეც არ გავუშვებდი ჩემს შვილს. არავინ იცის, როგორ წარიმართებოდა ჩემი ცხოვრება ამერიკაში. მაგრამ რაც მოხდა, ძალიან კარგია. თან, იმდენად არ მიზიდავდა ეს საქმე, რომ მივხვდი, ჩემი არ იყო. მერე თბილისის მოდის კვირეულის საორგანიზაციო საქმეებში რომ ჩავერთე, ვიგრძენი, ბესქთეიჯის მენეჯმენტი ბევრად უფრო მომწონს და ბევრად უკეთაც გამომდის.
– დღეს ერთ-ერთი სამოდელო სააგენტოს დამფუძნებელი ხართ და სხვა გოგონებს ეხმარებით გზის გაკვლევაში.
– ძალიან მომწონს ეს პროცესი. გოგონებს, რომლებიც დღეს ჩვენი წამყვანი სახეები არიან, თავიდან არ სჯეროდათ, რომ ამის მიღწევა შეეძლოთ, ამიტომ, ძალიან ბევრს ვესაუბრებოდით მათაც და მათ მშობლებსაც. ამ ყველაფრის შედეგს რომ ვხედავ, ბედნიერი ვარ.
– სამი შვილის დედა ხართ, მათგან უფროსი – ანა შელია თქვენს გზა გაყვა და უფრო წარმატებულად.
– უცებ მივიდა თბილისის მოდის კვირეულზე, იქიდან დაიწყო და აღარ გაჩერებულა. ბევრი შემოთავაზება ჰქონდა არაერთი ქვეყნიდან, მაგრამ ზოგზე უარი თქვა, მაგალითად, ვერ გარისკა ამერიკაში წასვლა, რადგან ძალიან პატარა იყო. ევროპა არჩია, ბევრი იმოგზაურა, გამოცდილება დააგროვა, მეგობრები შეიძინა. მის მომავალ მეუღლესაც ისეთი კარიერა ჰქონდა, რომ სულ სხვადასხვა ქალაქში უწევდათ ყოფნა და ერთად ვერ „ემთხვეოდნენ“. ამიტომ გადაწყვიტა, ლაშას ტემპს აჰყვეს და ერთად იცხოვრონ. თუკი ისეთ ქალაქში მოუწევთ ცხოვრება, სადაც ანაც შეძლებს
აქტიურობას, ალბათ, ჩაერთვება კიდეც. ამ ეტაპზე არ გამოდის.
აქტიურობას, ალბათ, ჩაერთვება კიდეც. ამ ეტაპზე არ გამოდის.
– თან, ახლა პატარას ელოდება. ბებიის ამპლუაში წარმოგიდგენიათ თავი?
– ვაიმე, ჯერ არ ვიცი. მოუთმენლად ველოდები და ძალიან მაინტერესებს. ბევრისგან გამიგია, შვილი ხომ საყვარელია, მაგრამ შვილიშვილი არის რაც არისო და ველოდები ამ განცდას.
– გაგიჭირდათ შვილთან განშორება?
– არა, მიჩვეული ვიყავი. პირველად რომ წავიდა სხვა ქვეყანაში, დედაჩემი წაყვა. შემდეგ დამოუკიდებლად დადიოდა და არასდროს მინერვიულია. იმისთვისაა ადამიანი ინდივიდუალური, რომ საკუთარი ცხოვრება თავად წაიყვანოს სასურველი მიმართულებით. არ ვთვლი, რომ შვილები, მაინცდამაინც, ჩემთან უნდა იყვნენ. ძალიან ბევრი ქვეყნის აგენტებისგან მომდის მადლობის წერილი ანას გამო. ყველა გვწერს, რომ ძალიან თბილი, პუნქტუალური და კარგი ხასიათის გოგოა. თან, საერთოდ არ იციან, რომ ჩემი შვილია. თან, ეს ძალიან იშვიათი შემთხვევაა. იმ აგენტებს უამრავი საქმე აქვთ და მადლობის მოსაწერად რომ დროს გამოყოფენ, ესე იგი, ანა მართლა დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მათზე, რაც ძალიან მახარებს.
– პატარა იყავით, როდესაც ოჯახი შექმენით და საცხოვრებლად სხვა ქვეყანაში გადახვედით. რთული არ იყო ცხოვრების რადიკალურად შეცვლა?
– ავარიაში მოვყევი და ორი თვე ფიზიკურ რეაბილიტაციას გავდიოდი. ჩემს მომავალ მეუღლეს, სპორტული კარიერიდან გამომდინარე, ტრავმა ჰქონდა და ისიც რეაბილიტაციას გადიოდა. ამის გამო რამდენჯერმე გადავიკვეთეთ და მას შემდეგ, სადაც მივდიოდი, ყველგან მხვდებოდა. თან, მაშინ საქართველოში იყო. მერე უკვე გუნდში წავიდა – „მანჩესტერ სიტის“ ვგულისხმობ და რაღაც პერიოდი, დისტანციურად ვიყავით. მაშინ არც ინტერნეტი იყო და ვერც ტელეფონით ვკონტაქტობდით ნორმალურად. როგორც კი ორი დღით დასვენების საშუალება მიეცა, მწვრთნელს სთხოვა, თბილისში გამიშვით, ცოლს მოვიყვან და ჩამოვალო (იცინის). მერე გაზეთში წერდნენ, შელიამ ხუთი ათას კილომეტრზე ითხოვა გაშვება, ჩავფრინდები, ცოლს მოვიყვან და გამოვფრინდებიო. სხვათა შორის, მაშინ ინგლისის საელჩომ ძალიან ადრე დაიწყო ჩვენ გამო მუშაობა, უცებ ჩამირტყეს ვიზა, დილის ექვს საათზე ხელი მოვაწერეთ, ათზე თვითმფრინავში ჩავსხედით და გავფრინდით. დავქორწინდით და ჩემს ქმარს მაშინვე ჩაეძინა, ისეთი დაღლილი იყო (იცინის). სტიუარდესები გაოცებულები უყურებდნენ, ახლა ჩამოვსვით ეს კაცი და ისევ უკან მოფრინავთ, ბატონოო? (იცინის). იქ სწავლა გავაგრძელე, ჩემს საქმეებს ვაკეთებდი, მეუღლეს თავის განრიგი ჰქონდა და ის ორი წელი ძალიან კარგად გავატარეთ. ანაზე რომ ვიყავი ფეხმძიმედ, სამშობიაროდ თბილისში ჩამოვედი და უკან აღარც წავსულვარ. მეუღლეს კონტრაქტიც უმთავრდებოდა, მანამდე ტრავმა მიიღო და ბევრად ადრე ჩამოვიდა. 16 წლის ვიყავი, როდესაც ოჯახი შევქმენი. მგონი, ბავშვობაში რაღაცებს ბევრად უფრო მარტივად უყურებ. ამ გადმოსახედიდან რომ ვფიქრობ, ის ყველაფერი თავიდან უნდა გამოვიარო, შეიძლება, ახლა უფრო გამჭირვებოდა. მერე, სანამ ბავშვები გავზარდე, თბილისიც განათდა. ბავშვებიც დიდები იყვნენ და თავისუფლად შემეძლო ჩემი საქმის კეთება. შეიძლება, ყველაფერი ძალიან ადრე მოხდა და ეს ყველაფერი ვიღაცის გადასახედიდან არასწორია. 18 წლის ასაკში მე უკვე ორი შვილი მყავდა, მაგრამ ყველაფერი ინდივიდუალურია და ჩემს შემთხვევაში ყველაფერი ძალიან კარგად აეწყო. მაშინ ძალიან დიდ დროს ვუთმობდი ბავშვებს და ვერ წარმომედგინა, პატარა ბავშვი მყოლოდა და მე მთელი დღე სახლში არ ვყოფილიყავი. ახლა პირიქით, ძალიან თავისუფლად ვარ და ბავშვებიც ჩემ გვერდით არიან.
– მეუღლესთან ერთად სარესტორნო ბიზნესიც წამოიწყეთ.
– უცხოეთში რომ ვცხოვრობდით, ძალიან გვინოდა, აქ როცა ჩამოვიდოდით, მეგობრებთან ერთად შევკრებილიყავით კარგ ადგილას, სახლის გარეთ. მეგრული რესტორნით დავიწყეთ, შემდეგ სხვა მივამატეთ, ბავშვები უკვე დიდები იყვნენ და მეც აქტიურად ჩავერთე. მაგრამ ძალიან დამღლელი იყო და რაღაც პერიოდის შემდეგ ეს საქმე ისევ მეუღლეს შევატოვე. ძალიან მიჭირდა დილის ოთხ საათამდე მუშაობა. სულ ასე ვერ გავაგრძელებდი. თუმცა, დიდი გამოცდილება მივიღე, დამლაგებლიდან დაწყებული – მზარეულის ფუნქციებით დამთავრებული, ყველაფერს ვითავსებდი. ერთადერთი სცენაზე არ მიმღერია.
– როგორც ვიცი, მოდის სფეროდან სხვა ქვეყანაში ვიზიტის დროს, ყოველთვის აფხაზეთის ოკუპაციის საკითხის წინ წამოწევას ცდილობთ.
– დიახ, ყოველთვის ვამბობ, რომ მე ვარ ულამაზესი აფხაზეთიდან, რომელიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ყველამ იცოდეს. რომ გავიზარდე, ძალიან ვეცადე, რომ ჩემი მეხსიერებიდან წამეშალა აფხაზეთთან დაკავშირებული მძიმე მოგონებები და ახლა მხოლოდ ბედნიერი ბავშვობა მახსოვს.
P.S. Photo credit Digital Studio.