კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№43 ცნობილი არითმოლოგი გიორგი პაპიაშვილი – არითმიების მკურნალობის თანამედროვე მეთოდებზე

ნინო კანდელაკი ინა სიმონია



  საქართველოს გულის რიტმის ასოციაციის პირველი პრეზიდენტი, ევროპის გულის რიტმის ასოციაციის სერტიფიცირებული სპეციალისტი, „ჯოენის“ სამედიცინო ცენტრისა და კლინიკა „ჰელსიკორის“ არითმოლოგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელი, ცნობილი და წარმატებული ექიმი-არითმოლოგი – გიორგი პაპიაშვილი ერთ-ერთი პირველი იყო საქართველოში, ვინც არითმიების მკურნალობა კათეტერული აბლაციით დაიწყო და დღემდე რამდენიმე ათასი აბლაციის, ელექტროფიზიოლოგიური კვლევისა და იმპლანტაციის პროცედურა აქვს ჩატარებული. მადლიერი პაციენტები გიორგი ექიმს განსაკუთრებული პროფესიონალიზმითა და გულისხმიერებით გამოარჩევენ.
  გიორგი პაპიაშვილი: ოჯახში პირველი ვარ, ვინც სამედიცინო სფერო აირჩია, დაახლოებით, მეხუთე კურსიდან აღმოვაჩინე, რომ ძალიან დამაინტერესა არითმიებმა. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის წარჩინების დიპლომით დამთავრების შემდეგ, 2000 წელს, კარდიოლოგიის პირველი რეზიდენტი გავხდი და 2003 წელს კი კარდიოლოგის სერტიფიკატი მივიღე. იმ პერიოდში საქართველოში არითმოლოგია კარგად არ იყო განვითარებული და საკუთარი ძალებით დავიწყე გზების ძებნა, თუ როგორ შეიძლებოდა, მოვხვედრილიყავი საზღვარგარეთ, გამოცდილ ცენტრში, სადაც სწავლის საშუალება მექნებოდა. მაშინ არანაირი გაცვლითი პროგრამები არ არსებობდა. მოვიძიე უამრავი კლინიკა და ყველას მივწერე ჩემს შესახებ და რომ სურვილი მქონდა, არითმიები შემესწავლა. ბედმა გამიღიმა და ისეთმა მსოფლიოში ცნობილმა პროფესორმა მიმიწვია სასწავლებლად, როგორიც ჯოზეფ ბრუგადაა. 2005 წელს წავედი ესპანეთში, ბარსელონის საუნივერსიტეტო კლინიკაში, სადაც ჯოზეფ ბრუგადა გახლდათ ჩემი მასწავლებელი და იქ დავეუფლე კლინიკურ არითმოლოგიას. ასე დაიწყო ის გზა, რომელმაც აქამდე მომიყვანა.
– საქართველოში დაბრუნების შემდეგ სად და როგორ დაიწყეთ არითმიების მკურნალობა?
– საქართველოში 2006 წელს დავბრუნდი და დავიწყე მუშაობა ჯოენის კლინიკასა და რესპუბლიკურ საავადმყოფოში. რესპუბლიკურ საავადმყოფოში ემერჯენსის გახსნასთან ერთად შევქმენით არითმოლოგიური ცენტრი, რომელსაც სათავეში ჩავუდექი. ჯოენის კლინიკაშიც მე ჩამოვაყალიბე არითმოლოგიური სამსახური და უკვე 14 წელია, მისი ხელმძღვანელი ვარ. 2007 წელს პოსტსაბჭოთა სივრციდან პირველმა ჩავაბარე ევროპის გულის რიტმის ასოციაციის მიერ დაწესებული სასერტიფიკაციო გამოცდა და 2009 წელს მივიღე სრული ევროპული სერტიფიცირება აბლაციებში, რასაც შემდეგ უკვე დავამატე იმპლანტირებად აპარატებში სერტიფიცირებაც. 2009 წელს წავედი ბელგიაში უფრო რთული არითმიების აბლაციების შესასწავლად, სადაც კიდევ ერთი წელი გავატარე. საქართველოში დაბრუნებულმა ისევ განვაგრძე ჩემი საქმიანობა ჯოენის კლინიკაში, რომლის პარალელურადაც, ბოლო რამდენიმე წელია ვარ კლინიკა „ჰელსიკორში“.
  საქართველოში ვარ იმ პროგრამის ავტორიც, რომლითაც ახალგაზრდებს ვასწავლით, რამდენიმე სერტიფიცირებული სპეციალისტი უკვე
გამოვზარდეთ.
– რა შეიძლება, ჩაითვალოს არითმიების გამომწვევ მიზეზებად და რა ასაკიდან ჩნდება ეს პრობლემა?
– არითმიებს ასაკი არ აქვს. ზოგი შეიძლება, თანდაყოლილიც იყოს და ბავშვთა ასაკშივე გამოვლინდეს, ზოგი – ასაკში შეძენილი. გამომწვევი მიზეზები შესაძლოა იყოს თანმხლები დაავადებები, მაგალითად, თუ პაციენტს გადატანილი აქვს ინფარქტი, აქვს შაქრიანი დიაბეტი, მაღალი არტერიული წნევა, მავნე ჩვევები – ეს ყველაფერი გარკვეულ მიდრეკილებას ქმნის სხვადასხვა არითმიის აღმოცენებისკენ. მაგალითად, წინაგულთა ფიბრილაცია (ეგრეთ წოდებული, მოციმციმე არითმია) უფრო მეტად ასაკის დაავადებაა და მის განვითარებას ხელს უწყობს ზემოთჩამოთვლილი მიზეზები. ეს არის არითმიის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სახე და მისი მკურნალობა მხოლოდ მედიკამენტებით ძალიან რთულია. სწორედ ამიტომ, ძალიან მოთხოვნადი და პოპულარულია მისი აბლაცია, რასაც საკმაოდ ბევრი პაციენტი იტარებს. ბავშვებზე საქართველოში, პრაქტიკულად, მხოლოდ ჩვენთან – ჯოენის ცენტრში, ტარდება აბლაცია. ასევე, საქართველოში მე ჩავატარე პირველი აბლაცია სრულად რენტგენო-დასხივების გარეშე.
– ბატონო გიორგი, თუ შეიძლება, ჩვენი მკითხველისთვის განვმარტოთ, რა არის აბლაცია და როგორი შედეგი აქვს მას?
– აბლაცია, ეს არის ინვაზიური ჩარევის სახე, როდესაც გულში ვპოულობთ კონკრეტული არითმიის გამომწვევ კერას და ამა თუ იმ ენერგიით ვახდენთ იმ კერის დესტრუქციას. ამისთვის რამდენიმე გზა არსებობს და მათ შორის ყველაზე გავრცელებულია რადიოსიხშირული აბლაცია, ეგრეთ წოდებული, მოწვა. ბარძაყის ვენა ყველაზე ხშირი ადგილია, საიდანაც ყოველგვარი გაჭრის გარეშე, კათეტერით ხდება გულში შესვლა და აბლაციების უმეტესობა ნარკოზის გარეშეც, ადგილობრივი ანესთეზიით კეთდება. როდესაც შევდივართ კათეტერით, ვატარებთ კვლევას იმის დასადგენად, თუ საიდან მოდის ესა თუ ის არითმია. როდესაც უკვე ვიპოვით კერას, რადიოსიხშირული აბლაციის შემთხვევაში, კათეტერზე მიეწოდება სპეციალური მაღალი სიხშირის ელექტრონული დენი, რომლითაც ხდება იმ ადგილის გაცხელება, რის შედეგადაც ეს უბანი კარგავს უნარს, რომ იქიდან არითმია აღმოცენდეს.
  არის, ასევე, მეორე გავრცელებული მეთოდი, როდესაც მოყინვა ხდება – ამას კრიოაბლაცია ეწოდება, რაც ბოლო წლებში ფართოდ დაინერგა საქართველოში, თუმცა კრიოაბლაციას თავისი ნიშა აქვს და იმდენად უნივერსალური არ არის. თუ რადიოსიხშირული მეთოდით, პრაქტიკულად, ყველანაირი არითმიის აბლაცია კეთდება, კრიოაბლაცია, ძირითადად, უფრო მოციმციმე არითმიის შემთხვევაშია პოპულარული და ჩვენც ფართოდ ვიყენებთ ამ მეთოდს.
– გახსოვთ, პირველი აბლაცია როდის გააკეთეთ?
– რა თქმა უნდა, ძალიან კარგად მახსოვს, ეს იყო 2006 წელს, როდესაც ბარსელონიდან დავბრუნდი. პაციენტი კახელი კაცი იყო, რომელსაც WPW სინდრომი ჰქონდა და ძალიან ხშირად ემართებოდა პაროქსიზმული ტაქიკარდიის შეტევები, იმდენად ხშირად, რომ საკუთარი ხელით იკეთებდა წამალს. ავუხსენი, რომ საქართველოში ის ჩემი პირველი პაციენტი იქნებოდა, მითხრა, ყველაფერში გენდობი და მოგყვები, ოღონდ ამ პრობლემისგან გამათავისუფლეო. არ იყო მარტივი შემთხვევა, საკმაოდ რთული ვარიანტი ჰქონდა, მაგრამ ყველაფერი წარმატებით დამთავრდა და წლების განმავლობაში, როდესაც შეხვედრა გვიწევდა, ყოველთვის დიდ მადლიერებას გამოხატავდა ხოლმე.
– აბლაცია არის არითმიებისგან საბოლოოდ განკურნების გზა?
– ეს არითმიის ტიპზეა დამოკიდებული. სამწუხაროდ, პაციენტებს ხშირად არასწორი მოლოდინი აქვთ ხოლმე. ზოგიერთ არითმიას მთლიანად ვკურნავთ და მინდა, პაციენტებმა გაიგონ, რომ მაგალითად, პაროქსიზმული ტაქიკარდიები და WPW სინდრომი, ის დაავადებებია, რომლებიც აბლაციით იკურნება და მეტჯერ აღარ დაემართებათ, მაგრამ არის არითმიები, მაგალითად, მოციმციმე არითმია, რომელიც ქრონიკული დაავადებაა და აბლაციით ვაღწევთ იმას, რომ შეტევები გახდეს ბევრად იშვიათი და ამით გავაუმჯობესოთ პაციენტის ცხოვრების ხარისხი. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც ამ შედეგის მიღწევას არა ერთი, არამედ ორი აბლაცია სჭირდება. პაციენტებმა უნდა იცოდნენ, რომ განმეორებითი აბლაციის საჭიროება არ ნიშნავს, რომ აბლაცია არ მუშაობს.
– ოჯახი გაგვაცანით.
– მყავს მეუღლე – რუსუდან მათითაიშვილი და ორი შვილი: ელენე მეექვსე კლასის მოსწავლეა, უფროსი ვაჟი, ნიკა – სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი. ვიცი, ექიმობა როგორი რთულია და მთლად არ მემეტებოდა ამხელა სტრესებისთვის, თუმცა მისი არჩევანი მტკიცე იყო და მე, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, მხოლოდ ვამაყობ, რომ მანაც ექიმობა აირჩია.

скачать dle 11.3