№43 წარმატებული რეპროდუქტოლოგი თამარ გულბანი ახალი სიცოცხლის სამსახურში
ნინო კანდელაკი მაკა ჯიქია
წარმატებული რეპროდუქტოლოგი, მეან-გინეკოლოგი, მედიცინის აკადემიური დოქტორი მსოფლიოს რეპროდუქტოლოგთა ასოციაციის წევრი, 11 სამეცნიერო ნაშრომისა და 1 მონოგრაფიის ავტორი, ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის გუნდის წევრი, ქალბატონი თამარ გულბანი თავისი საქმის გამორჩეული პროფესიონალია. 1995 წლიდან 2016 წლამდე მუშაობდა ჟორდანიას კლინიკაში, ხოლო 2016 წლიდან 2017 წლამდე – „ინვიტროში“. 2017 წლიდან დღემდე მუშაობს ზურაბ საბახტარაშვილის კლინიკაში. ბევრისთვის დაკარგული იმედის დამბრუნებელი, ბედნიერია იმ საქმით, რასაც ემსახურება. უშვილობის გამომწვევ მიზეზებზე, მკურნალობის მეთოდებსა და შედეგებზე თავად ქალბატონი თამარ გულბანი გვესაუბრა.
– ქალბატონო თამარ, უშვილობა ყოველთვის აქტუალური პრობლემა იყო. დღეს რა ვითარებაა?
– დიახ. უშვილობა მეტად აქტუალური პრობლემაა. მასზე ვსაუბრობთ, როდესაც 1 წლის განმავლობაში რეგულარული სქესობრივი ცხოვრების შემდეგ ორსულობა არ დგება. ხოლო 35 წლის ზევით – 6 თვის შემდეგ. უშვილობა წყვილთა, დაახლოებით, 15%-ში გვხვდება. უშვილობის 40% მამაკაცის ფაქტორითაა განპირობებული, 40% – ქალბატონების, ხოლო 10%-ში ორივე წყვილშია, 10% კი უცნობი გენეზისაა.
ქალის უნაყოფობა განპირობებულია სხვადასხვა ფაქტორით: ენდოკრინული, ანუ ჰორმონალური დარღვევებით, რაც ანოვულაციას განაპირობებს. სასქესო ორგანოების ანატომიური ან ფუნქციური პათოლოგიით – ტუბოპერიტონიალური უნაყოფობა, რომლის დროსაც დარღვეულია ფალოპის მილის გამავლობა (განაყოფიერება სწორედ ფალოპის მილში, ანუ კვერცხსავალში ხდება). ასევე, მნიშვნელოვანია ანატომიურად და ფუნქციურად ნორმალური საშვილოსნო, სადაც ხდება განაყოფიერებული ემბრიონის მიმაგრება.
მამაკაცის უნაყოფობას იწვევს ჰორმონალური დისბალანსი, ვარიკოცელე, შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები, ხშირია უცნობი გენეზის (იდიოპათიური უშვილობა).
– რა გამოკვლევები უტარდებათ უშვილობით მოსულ წყვილებს?
– მკურნალობის სტრატეგიის შერჩევა ზუსტად დასმულ დიაგნოზზეა დამოკიდებული. ამისთვის კი საჭიროა პაციენტის სწორი კლინიკო-ლაბორატორიული კვლევა, რაც ორივეს უტარდება. მაღალი დონის კვლევის საშუალებას გვაძლევს ჩვენი კლინიკის თანამედროვე სამედიცინო აპარატურა და ლაბორატორია, რომელიც აკმაყოფილებს ევროპულ სტანდარტებს.
– თქვენს კლინიკაში რა ძირითადი მეთოდებით ებრძვით უშვილობას?
– თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს კლინიკაში დანერგილია უშვილობის მკურნალობის ყველა თანამედროვე მეთოდი. დიაგნოზის დასმის შემდეგ
(რაც მაქსიმუმ 1-დან 3თვეში ხდება) პაციენტს უტარდება შესაბამისი პათოგენეზური მკურნალობა, საჭიროების შემთხვევაში, ტარდება სადიაგნოსტიკო სამკურნალო ლაპაროსკოპიული ოპერაციები, ასევე, ინ ვიტრო განაყოფიერება. მამაკაცის ფაქტორით განპირობებული უშვილობის ყველაზე მძიმე ფორმის – აზოოსპერმიის დროს შესაძლებელია, დაიგეგმოს ოპერაცია: სპერმის ასპირაცია სათესლე ჯირკვლებიდან, რითაც მას ეძლევა საშუალება თავისივე გენეტიკური შვილი იყოლიოს.
(რაც მაქსიმუმ 1-დან 3თვეში ხდება) პაციენტს უტარდება შესაბამისი პათოგენეზური მკურნალობა, საჭიროების შემთხვევაში, ტარდება სადიაგნოსტიკო სამკურნალო ლაპაროსკოპიული ოპერაციები, ასევე, ინ ვიტრო განაყოფიერება. მამაკაცის ფაქტორით განპირობებული უშვილობის ყველაზე მძიმე ფორმის – აზოოსპერმიის დროს შესაძლებელია, დაიგეგმოს ოპერაცია: სპერმის ასპირაცია სათესლე ჯირკვლებიდან, რითაც მას ეძლევა საშუალება თავისივე გენეტიკური შვილი იყოლიოს.
– რას იტყვით შეწყვეტილ ორსულობებზე, ასეთ შემთხვევებში რასთან გაქვთ საქმე?
– მინდა გითხრათ, რომ საბახტარაშვილის სახელობის კლინიკა არის ორსულობის ჩვეული შეწყვეტის პრობლემის შემსწავლელი საერთაშორისო ცენტრი. დაგროვილი ცოდნა და გამოცდილება საშუალებას გვაძლევს, პაციენტებს, რომელთაც ანამნეზში 4, 8 და მეტი თვითნებითი აბორტი აქვთ, შესაბამისი გამოკვლევებისა და მკურნალობის წყალობით, ახალი სიცოცხლე ვაჩუქოთ.
თვითნებითი აბორტების ნახევარი უცნობი გენეზისაა, ყველაზე ხშირია ენდოკრინული ფაქტორით განპირობებული პათოლოგია (ჭარბი წონა, თირკმელზედა ჯირკვლის დისფუნქცია, ჰიპოთირეოზი, მეტაბოლური სინდრომი, ჰიპერპროლაქტინემია), დაახლოებით, 20%-ში, შემდეგ მოდის ანტიფოსფოლიპიდური ფაქტორი და თანდაყოლილი თრომბოფილია – 16%-ში (ამ პათოლოგიების დროს ადგილი აქვს კოაგულოპათიებს). საყურადღებოა ანატომიური ფაქტორი – 12%-ში და ყველაზე მცირე რაოდენობა მოდის გენეტიკურ პათოლოგიებზე – 2%-ში. თვითნებით აბორტებში თავისი წვლილი მიუძღვის, ასევე, პათოლოგიურ სპერმას.
– უშვილობის გარდა, კიდევ რა პრობლემით მოდიან პაციენტები თქვენთან?
– მომართვიანობა მრავალფეროვანია, ჩვენ მოვიცავთ ქალბატონის ცხოვრების ყველა პერიოდს – პუბერტატული პერიოდიდან კლიმაქტერული პერიოდის ჩათვლით. მოდიან მენსტრუალური ციკლის დარღვევისა და პრედმენსტრუალური სინდრომის გამო. ესთეტიკური პრობლემების დროს (აკნე, სებორეა, ჭარბთმიანობა). აღსანიშნავია, რომ აკნეს გამო მამაკაცებიც მოგვმართავენ. ხშირია კლიმაქტერული პერიოდის ჩივილები, სისხლდენები პუბერტატულ, რეპროდუქციულ და პოსტმენოპაუზურ პერიოდში, მიომებისა და ენდომეტრიოზის დროს (თვით ენდომეტრიოზიც უშვილობის ხშირი მიზეზია). სხვათა შორის, ჩვენი კლინიკა ენდომეტრიოზის ცენტრსაც წარმოადგენს.
ასე რომ, ხშირად ჩვენ პაციენტებთან ურთიერთობა მთელი ცხოვრების განმავლობაში გრძელდება.
– ალბათ, ახალი სიცოცხლის სამსახურში ყოფნა განსაკუთრებულ ემოციებს უკავშირდება?
– ჩემი პროფესია ნამდვილად დიდ ბედნიერებას მანიჭებს. ძალიან სასიამოვნო გრძნობაა, როდესაც უშვილო წყვილი შეიტყობს ნანატრი ორსულობის შესახებ, როდესაც პირველად უსმენ ნაყოფის გულისცემას. ამისთვის დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო დედაჩემს, რომელმაც ეს პროფესია მირჩია. ასევე, მადლობას ვუხდი ბედს, იმისთვის, რომ შემახვედრა ჩემს პედაგოგს ჟორდანიას ინსტიტუტში ბატონ ზურაბ საბახტარაშვილს, რომლისთვისაც ყველაზე დიდი ქველმოქმედება პროფესიონალიზმი იყო.
– გაგვაცანით ოჯახი?
– მყავს საყვარელი მეუღლე – ირაკლი თედიაშვილი და ცხრა წლის დავითი, რომელიც 41 წლის ასაკში გავაჩინე და მეამაყება.