კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№43 როგორ ჩაუგდეს ხელში ცნობილი ქართველი თაღლითი მილიციას კოლეგებმა

ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური

მთავარი გმირების სახელები შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.
ორი შეკვეთა
35 წლის ერმილე ხვადაგიანი პროფესიონალი თაღლითი იყო და ამ ხელობით ირჩენდა თავს. 1940 წელს დაბადებულ თაღლითს ცოლ-შვილი არ ჰყავდა. ის ოთხჯერ იყო ნასამართლევი, მაგრამ რადგან თაღლითობა შედარებით მსუბუქ დანაშაულად ითვლებოდა, ერმილეს მხოლოდ 2-2 წლით „სროკავდნენ“ და ციხეში სულ 8 წელი ჰქონდა გატარებული. ხვადაგიანს მხოლოდ საშუალო განათლება ჰქონდა, თუმცა ნიჭიერი იყო, სამ ენასა და არაერთ პროფესიას ფლობდა. როგორც ყველა მაღალი კლასის აფერისტი, ერმილე ხვადაგიანი კარგი არტისტიც იყო და გარდასახვის ხელოვნებასაც საუცხოოდ ფლობდა.
  1975 წლის ზაფხულში მეოთხე „სროკიდან“ ახლად გათავისუფლებულმა თაღლითმა შეიტყო, რომ ერთ-ერთი მსხვილი მაღაზიის გამგის, ალბერტ კოკინაშვილის მეუღლე, კლარა შონია „ცეხავიკ“ უშანგი ბადრიძის საყვარელი იყო. თავად კოკინაშვილი კი ფარულად ინჟინერ კარლო ხონელიძის მეუღლეს ყვარობდა. უფულოდ მყოფმა ხვადაგიანმა ამ ინფორმაციების სარფიანად რეალიზება გადაწყვიტა. ხვადაგიანი შესაბამისად შეიმოსა. ქამარში ფარულად პისტოლეტი გაირჭო, უშანგი ბადრიძეს კაბინეტში ესტუმრა, თავი დაქირავებულ მკვლელად გააცნო და ამცნო, რომ ალბერტ კოკინაშვილმა მას 10 ათასი მანეთი გადაუხადა და მისი მოკვლა დაავალა, თან შეშინებულ „ცეხავიკს“ შესთავაზა, რომ თუკი მისგან მეტ თანხას მიიღებდა, მაშინ მას ცოცხალს დატოვებდა და თავად კოკინაშვილს გაისტუმრებდა საიქიოში. ბადრიძემ „ქილერს“ იქვე ჩაუთვალა თხუთმეტი ათასი მანეთი და გამოისტუმრა. ერთი საათის შემდეგ ხვადაგიანი უკვე ალბერტ კოკინაშვილთან მივიდა მაღაზიაში და უთხრა, რომ ინჟინერმა კარლო ხონელიძემ თხუთმეტი ათასი მანეთი გადაუხადა მისი მკვლელობისთვის (თან მეტი დამაჯერებლობისთვის თანხა უჩვენა) და თუკი ის მეტს გადაუხდიდა, მაშინ თავად ხონელიძეს მოკლავდა. კოკინაშვილმაც „ჭამა“. სეიფიდან ოცი ათასი მანეთი გამოიღო, თაღლითს ჩაუთვალა და გაისტუმრა. ერმილე კი სულ რაღაც 2 საათში ნაშოვნი 35 ათასი მანეთით, რომელიც ორ შეკვეთაში ჰქონდა აღებული, სახლში დაბრუნდა და რუსეთში გადასახვეწად დაიწყო მზადება, რადგან შეკვეთები ათი დღის ვადაში უნდა შეესრულებინა და საქართველოდან გაქცევა დროზე უნდა მოესწრო. 35 ათასი მანეთი კი იმ დროს დიდი თანხა იყო და თაღლითს კარგა ხანს ეყოფოდა უზრუნველი ცხოვრებისთვის.
ბედის ირონია
  ერმილემ ყველაფერი ოთხ დღეში მოაგვარა და მეხუთე დღეს თვითმფრინავით ლენინგრადში გადაფრინდა. ხვადაგიანს ბავშვობიდანვე უნდოდა ამ ქალაქში ჩასვლა, დათვალიერება და თავისი ოცნება აისრულა. როგორც კი ლენინგრადში ჩავიდა, აეროპორტიდან რკინიგზის სადგურზე გაემგზავრა. იცოდა, რომ სწორედ იქ იკრიბებოდნენ ბინის გამქირავებლები. ერთი მოხუცი ბებოსგან ქალაქის ცენტრში, ზედ ნევის გამზირზე ოროთახიანი ბინა იქირავა. ბებოს მან მთელი წლის თანხა მაშინვე გადაუხადა და უნივერმაღ „გოსტინნი დვორში“ გაემართა. სპორტულ ჩანთას ერმილე ხელიდან არ იშორებდა, რადგან მთელი ფული იქ ჰქონდა და ნაქირავებ ბინაში საიმედო სამალავის მოწყობას აპირებდა. მანამდე კი ახალი ტანსაცმელი უნდა ეყიდა. „გოსტინნი დვორი“, უფრო სწორად მისი ტუალეტები, გადამყიდველების შეკრების ადგილი იყო და თუკი ფული გქონდა, იქ ნებისმიერ იმპორტულ საქონელს იყიდდი – სიგარეტებიდან და საღეჭი რეზინიდან დაწყებული, ლაიკის ლაბადით დამთავრებული. თუმცა, იქ თაღლითებიც იკრიბებოდნენ და თუ არ იცოდი ამის შესახებ, შესაძლებელი იყო, „კუკლა“ შემოეტყუებინათ. ანუ განახვებდნენ საქონელს და ისე გაგაბრუებდნენ, რომ საღ საქონელს ძონძებით ან შარვლის ცალი ტოტით, ან სულაც, აგურით ან რიყის ქვით შეგიცვლიდნენ, გააჩნია, რას ყიდულობდი. ერმილე „ტალკუჩკაზე“ მოდური „შმოტკების“ საყიდლად იყო მისული და ყველაფერი შეიძინა, იქვე „ჩაიშმოტკა“, სპორტული ჩანთა მხარზე გადაიკიდა და ნაქირავები ბინისკენ გაემართა. თუმცა, გზაში ის მილიციამ დააკავა და ახლომდებარე განყოფილებაში მიიყვანეს. იქვე იმყოფებოდნენ გადამყიდველებიც, ანუ – ვინც ერმილეს იმპორტული ტანსაცმელი მიჰყიდა. საქმე კი ის იყო, რომ გადამყიდველებმა იეჭვეს, რომ ერმილეს ჩანთაში დიდი ფული ჰქონდა, ფულიანი ჩანთა შეუცვალეს და იქაურობას გასცილდნენ, თუმცა, გადაცმულმა მილიციელებმა გადამყიდველების უცნაური ქცევა შეამჩნიეს, შეიპყრეს და განყოფილებაში მიიყვანეს. ჩანთაში რომ ამდენი ფული აღმოუჩინეს, გაარკვიეს, ვის ეკუთვნოდა და ერმილეც იქვე დააკავეს.
  ბედის ირონიით, გამოცდილი თაღლითი მილიციას საკუთარმა „კოლეგებმა“ ჩაუგდეს ხელში და ხვადაგიანი იძულებული გახდა, ამ ფულის წარმომავლობა გაემხილა. ფულმა მილიცია თბილისში ჩამოიყვანა. ბადრიძე და კოკინაშვილი მალევე დააკავეს. 10-10 წელი მისცეს. ხვადაგიანს კი მეხუთე სასამართლოზე 4 წელი მიუსაჯეს.

скачать dle 11.3