№43 როგორ გვეხმარება სამყაროს კანონები მიზნის ასრულებაში და რა ფუნქცია აკისრია ენერგეტიკის აღსადგენად ცხოვრების წესს
ნინო კანდელაკი ნანა წერეთელი
ადამიანის ენერგეტიკის ანუ ბიოველის სიძლიერეზეა დამოკიდებული მისი ჯანმრთელობის სიმყარე, თვითშეფასების ამაღლება და ბიოენერგეტიკის განვითარება. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის ნაკლებობა ასუსტებს ჩვენს ენერგეტიკას და წარმატების მიღწევაში გვიშლის ხელს. მაგრამ, არ შეშინდეთ, ენერგეტიკული დაცვა შეიძლება განივითარო, თუ იდეალური ბიოველის 7 ნიშანზე იქნები ორიენტირებული. შესაბამისად, თუ როგორ შეიძლება ადამიანის წარმატებაზე პროგრამირება, როგორ უნდა შეიმოწმოთ ბიოველი და აირჩიოთ მიმართულება საკუთარ თავზე მუშაობისთვის, ან დაადგინოთ საერთოდ გჭირდებათ თუ არა ეს, შეიტყობთ ეზოთერიკოს, მაია დ-ის ინტერვიუდან.
- პიროვნების ენერგეტიკულ სიძლიერეზე სულ 7 ძირითადი ნიშანი მიუთითებს და თუ ამ აღწერილობისას საკუთარი თავი ვერ იცანით, მაგრამ კოლეგა ან რომელიმე ტელევარსკვლავი გაგახსენათ, ორიენტირდით მათზე. მათგან შეგიძლიათ თქვენც დაიმუხტოთ დადებითი ენერგიით, რომელსაც ისინი სამყაროსთან დამაკავშირებელი არხით იღებენ. შედეგად, თუ თქვენს წრეში გამოჩნდებიან ძლიერი ადამიანები, შანსს, ცხოვრების ნებისმიერ სფეროში მიაღწიოთ წარმატებას, საგრძნობლად აიმაღლებთ.
- რა არის ენერგეტიკა და როგორ უნდა ავიმაღლოთ ის?
- აბსოლუტურად ყველა ცოცხალ ორგანიზმს საკუთარი აურა აქვს. ადამიანში კი ის ყველაზე ძლიერია, რადგან გონიერი არსებაა და თავის ირგვლივ სამყაროს შეცვლა შეუძლია. ჩვენ შეგვიძლია შევიცნოთ სამყარო, რადგან მისი შემოქმედების გვირგვინი ვართ. მიჩნეულია, რომ ადამიანს 7 ენერგეტიკული ცენტრი აქვს, რომელსაც ჩაკრა ჰქვია. სამყარო გვეხმარება, რომ ოცნების ასასრულებლად უფრო უკეთ გავაკეთოთ ის, რაც გვინდა და შეგვიძლია. მაგრამ თუ თქვენი ორგანიზმი არ არის განწყობილი ამისთვის, მაშინ იღბალმა შეიძლება სამუდამოდაც კი მიგატოვოთ. ყველაზე უკეთესი ხერხი ენერგეტიკის ასამაღლებლად - შეერწყა ამ სამყაროს, არის ის, რომ მიიღო მისი წესები. ეს სამყაროს მთავარი კანონია და თუ დაიცავთ მას, სწრაფადვე მიაღწევთ სანუკვარ მიზანს. მაგალითად, თუ ხშირად წარმოიდგენთ სამუშაოს საბოლოო შედეგს, მისი მიღწევის შანსი გაცილებით გაიზრდება. რაც მეტს ფიქრობთ კარგ რამეებზე, მით მეტ სიამოვნებას მიიღებთ ცხოვრებისგან.
- რა ამაღლებს და აძლიერებს ენერგეტიკას?
- ცხოვრების ჯანსაღი წესი. მოწევა, ალკოჰოლი, გადაღლა - არა მხოლოდ ახშობს ბარაქის წყაროს, არამედ ანადგურებს ცნობიერებას, აჩლუნგებს სამყაროს ეფექტური აღქმის უნარს. რაც შეეხება რჩევებს, ცხოვრების მოწესრიგებისა და ორგანიზმის ენერგეტიკული აურის გასაუმჯობესებლად, შეგიძლიათ, დაიწყოთ აფირმაციით (საკუთარი აზრებისა და სურვილების გამოხატვა სიტყვებით და მათი დღეში რამდენჯერმე გამეორება - მაგალითად: წარმატებული და ბედნიერი ვარ და მსგავსი). რამდენიმე აფირმაცია გადაანაწილეთ კვირის დღეებზე - რაც უფრო ხშირად დაუბრუნდებით მოცემულ დებულებებს, ეფექტს უფრო გააძლიერებთ: გაიმყარებთ საკუთარი თავის რწმენას და გონებას საჭირო ტალღაზე გადართავთ. არანაკლები მნიშვნელობა აქვს ადათ-წესებისა და რიტუალების შესრულებას - მათი სწორად დაცვა ააქტიურებს საჭირო ენერგეტიკულ ზონებს. ასევე, გაითვალისწინეთ მინიშნებები: ტყუილად კი არ მოუგონიათ, რომ შავ კატას გზა არ უნდა გადაუჭრათ, ან ცოცხი ტარით ქვემოთ უნდა შეინახოთ... წინაპრებმა ძალიან დიდი ხნის წინ შენიშნეს, რომ ზოგი ქმედება ნეგატიური შეფერილობისაა. ამიტომ გაითვალისწინეთ მინიშნებები, რომ იღბალი მუდამ თქვენთან იყოს. ამ სამყაროში ადამიანზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს ასევე, ვარსკვლავები და მზის სისტემის პლანეტებიც.
- რა ნიშნები ამჟღავნებს, რომ აურა ძლიერია?
- რომ გაიგოთ, გახდით თუ არა უფრო ძლიერი, გააანალიზოთ კოლეგის, პარტნიორის თუ მეგობრის მონაცემები, უნდა ამოიცნოთ მასში ძლიერი აურის 7 ნიშანი. პირველი - თუ აურა სუფთა და ძლიერია, ადამიანი თითქმის არ ავადმყოფობს. მწირი აურის შემთხვევაში კი - ვლინდება გადაღლა, ხშირი თავის ტკივილი, ქრონიკული დაავადებები, იოლად გაციება, ზოგჯერ საქმე უფრო შორსაც მიდის - თავს იჩენს გაცილებით სერიოზული დაავადებების ნიშნები. მეორე - ძლიერი ბიოველის მატარებელი ყველა საქმეში იღბლიანია - ძლიერი ენერგეტიკა შანსს აძლევს, დიდი ძალისხმევის გარეშე მიაღწიოს წარმატებას. მესამე - ძლიერია აურა იმ შემთხვევაშიც, თუ ადამიანი ოპტიმიზმს ასხივებს. მის გვერდით თქვენც მოქმედების, მთელი სამყაროს დაპყრობის სურვილი გიჩნდებათ და ყველაფერს ნათელ ფერებში ხედავთ - თუ ის საპირისპირო სქესისაა, ძალიან ადვილად შეგიყვარდებათ. მეოთხე - უმაღლესი ენერგეტიკული დონის ადამიანს პრობლემები არ „ეწებება“, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემები საერთოდ არ აქვს - უბრალოდ, ეს დიდ დისკომფორტს არ უქმნის და არც ცხოვრება ეცვლება მკვეთრად უარყოფითისკენ. მეხუთე - მაღალი ენერგეტიკული დონე ადამიანს ლიდერად ხდის. წარუძღვე ხალხს წინ და თან, სუსტი იყო - ერთმანეთთან აბსოლუტურად შეუთავსებელია. მეექვსე - ძლიერი აურა - ძლიერი სხეულია. სულიერად ძლიერი ფიზიკურადაც ძლიერია. ის გამძლეა, ძნელად იღლება და ყოველთვის მზადაა ახალი მწვერვალების დასაპყრობად. მეშვიდე - მისი გონება გახსნილია, არ ეშინია: ექსპერიმენტების, ჩარჩოების გაფართოების, ჰორიზონტს მიღმა გახედვის. ასე რომ, ძლიერი ენერგეტიკა არ გაძლევს უფლებას, გეშინოდეს ნებისმიერი ცვლილების. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ცხოვრება დინამიკაა. ცხოვრება - ცვლილებებისა და მუდმივობის პერმანენტული გარდასახვაა. შეუძლებელია, ამ ნიშანთაგან ერთდროულად გქონდეს ორიც კი, არათუ შვიდივე, უბრალოდ, ყველა სხვადასხვანაირადაა განვითარებული, მაგრამ მთლიანობაში, ყოველი პუნქტი ამაღლებს ბიოველს. იმუშავეთ საკუთარ ფიქრებსა და შეხედულებებზე სამყაროს შესახებ და ყველაფერი გამოვა.