კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№43 რატომ დაატყვევა ბაგრატ მესამემ თავისი ნათესავები ფანასკერტის ციხეში, სად გაიქცნენ მათი შვილები და რა შემოუთვალა ქორეპისკოპოსმა მეფეს

ნინო კანდელაკი გია მამალაძე

  1001 წელს გარდაიცვალა დავით მესამე დიდი კურალაპატი. მისი სამბრძანებლო, საქართველოს ისტორიული ტერიტორიები ბასილი ბულგართმმუსვრელთან დავით კურაპალატის მიერ დადებული იძულებითი ხელშეკრულებით და ბიზანტიის დიდი სამხედრო პოტენციალის მეშვეობით, დაიკავა ბასილი კეისარმა.
  ბაგრატ აფხაზთა მეფე და მეფეთა მეფე გურგენი ვერ შეებრძოლნენ ბიზანტიის უზარმაზარ სამხედრო მანქანას და დროებით შეურიგდნენ ბედს. გახარებულმა კეისარმა ბაგრატ მეფეს კურაპალატის, ხოლო გურგენს მეფეს მაგისტროსის წოდებები მიანიჭა და დიდი საჩუქრებიც უბოძა.
ქართველები ჯერ არ იყვნენ მზად დიდ ბიზანტიასთან ომისთვის, თუმცა, ამ ვითარებასთან შერიგებას არ აპირებდნენ. რადგან სამხრეთ-დასავლეთით ქართული მიწების შემოერთება დროებით გადაიდო, ბაგრატმა და მამამისმა გადაწყვიტეს, დანარჩენი ქართული მიწების შემოერთებაზე ეზრუნათ.
კარგა ხანს მიმდინარეობდა მზადება.
  როგორც ჩანს, ბიზანტიაც არ აპირებდა ამაზე გაჩერებას. ბიზანტიის გეგმებზე მეტყველებდა დავით კურაპალატის ყოფილ სამფლობელოზე, ქართულ მიწებზე, ბიზანტიის მიერ იბერიის თემის დაარსება. სახელწოდება იბერია მხოლოდ იმიერ ტაოს, ბასიანს, სპერს და სხვა სამხრეთ-დასავლურ მიწებს არ აღნიშნავდა, არამედ იბერიას ბიზანტიელები, ახალი რომეები და მათი წინამორბედები, ძველი რომაელები, თითქმის მთელ საქართველოს უწოდებდნენ, ამგვარად, ასეთი ამბიციური სახელწოდების დარქმევით, ბიზანტიის საიმპერატორო კარმა პირდაპირ განაცხადა – პრეტენზია ჰქონდა, მთელი იბერია მისი ყოფილიყო, რომ კონსტანტინოპოლი აპირებდა მთელი ქართული, იბერიული მიწებისა და ასევე, სომხური სამეფოების თავის პროვინციებად ქცევას.
  ბიზანტიის ამბიციებზე მიუთითებდა ქართველი მეფეებისთვის ბიზანტიური ტიტულების მინიჭებაც.
არ დაგვავიწყდეს, რომ სხვა ქართული ტერიტორია, ჭანების (ლაზების) ქვეყნისა, ბიზანტიას ჰქონდა ასევე დაკავებული და იმ მიწებზე ხალდიის თემი დაარსებული.
  ამიტომ, აუცილებელი იყო ქართველების მხრიდან მთელი ჩვენი სამხედრო და სხვა რესურის გაერთიანებისთვის ზრუნვა, ბიზანტიასთან მომავალი ომებისათვის მომზადება. ვინც აკვირდებოდა ბასილი ბულგართმმუსვრელის მოქმედებებს, ადვილად მიხვდებოდა, ბიზანტია დაემუქრებოდა ჩვენს სამშობლოს.
  საქართველოს სამეფო-სამთავროებს შორის ყველაზე ძლიერი აფხაზეთის სამეფო იყო. მოიცავდა მთელ დასავლეთ საქართველოს, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს, აღმოსავლეთ საქართველოში აკონტროლებდა შიდა ქართლის დიდ ნაწილს. ნაწილი შიდა ქართლისა კახეთის ქორეპისკოპოსს ჰქონდა წართმეული აფხაზეთის სამეფოსთვის.
  ტფილისის საამიროც აღარ იყო ის, რაც ადრე გახლდათ. არაბთა სახალიფო ძალიან იყო დასუსტებული და ტფილისის საამიროს ვეღარ აკონტროლებდა.
1008 წელს გარდაიცვალა გურგენ მეფეთა მეფე. აქამდე მამა-შვილის ხელში, ფაქტობრივად, გაერთიანებული აფხაზთა და ქართველთა სამეფო, ამიერ ტაო, უკვე ერთი მეფის ხელში გაერთიანდა იურიდიულად.
  სამცხე-ტაოში ბაგრატ მესამეს კონკურენტები ჰყავდა, ნათესავები, ბაგრატიონები და ამასთან, „თვისნი მამის დის-წულისანი“, ბაგრატ არტანუჯელის ძეები, სუმბატი და გურგენი, რომლებსაც თავი ხელმწიფეებად წარმოედგინათ კლარჯეთში.
  ბაგრატ მეფემ ძალიან რთული გადაწყვეტილება მიიღო. სახელმწიფო უნდა ყოფილიყო ერთიანი, ცენტრალიზებული. ნათესავები კი არ ეპუებოდნენ მეფეს, მასზე ნაკლებად არ მიაჩნდათ თავი. მეფემ ვითომდა სტუმრად მიიწვია ისინი ამიერ ტაოს ციხე ფანასკერტში. დაატყვევა და კლარჯეთზე პირადი კონტროლი დააწესა.
  მაგრამ, სუმბატისა და გურგენის ძეები „ძე გურგენისი დემეტრე და ძე სუმბატისი ბაგრატ“ გაიქცნენ ბიზანტიაში და თავი შეაფარეს ბასილი ბულგართმმუსვრელს. შემდეგში ბიზანტია მათ გამოყენებას შეეცდებოდა ერთიანი საქართველოს სამეფოს წინაღმდეგ.
  სუმბატი და გურგენი ციხიდან ვეღარც გამოვიდნენ და ციხეში გარდაიცვალნენ. სხვა „შვილნი კლარჯთა მეფეთანი, რომელ დაშთეს ამას ქუეყანასა, მოისრნეს ყოველნი სიკუდილითა პატიმრობასა შინა“. ასეთი მკაცრი ნაბიჯით მოუწია ბაგრატ მეფეს დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს გაერთიანება. ასეთი იყო ფეოდალური ურთიერთობები მთელ იმდრონდელ მსოფლიოში.
  ბაგრატ მეფემ, „მოიწყუნა და განაგნა ყოველნი საქმენი აფხაზეთისანი: ურჩნი თვისნი შეცვალნა დიდებისაგან და ადგილთა მათთა დაადგინნა ერთ-გულნი და მოსწრაფედ მორჩილნი ბრძანებათა მისთა. და წარემატა ყოველთა მეფეთა აფხაზეთისა და ქართლისათა ყოვლითა განგებითა. და განამრავლა ლაშქარი თვისი უმეტეს ყოვლისა ჟამისა“.
ბაგრატ მეფეს დიდი ბრძოლების გადატანა მოუხდა აღმოსავლეთ საქართველოსა და ამიერკავკასიაში.
  „გამოილაშქრა ყოვლითა სპითა თვისითა, გარდამოვიდა ქართლს“. ქართლში გადმოსვლის მიზანი იყო შიდა ქართლის ციხეების გამოხსნა კახთა ქორეპისკოპოსისგან, რომლებიც მას მიეთვისებინა. შიდა ქართლი აფხაზეთის მეფეების საკუთრებად ითვლებოდა მაშინ. გააგზავნა ელჩი კახეთში, ჯერ მშვიდობიანად მოუნდომებია პრობლემის გადაწყვეტა ბაგრატ მეფეს და მოსთხოვა უკან დაბრუნება ციხეებისა: „წარგზავნა მოციქული კახეთს, ითხოვნა ციხენი ქართლისანი, რომელნი მათ ჰქონდეს. მას ჟამსა იყო ქორეპისკოპოსი დავით. ხოლო მან არა ინება მოცემა ციხეთა, არამედ მიუმცნო ესრეთ: „უკეთუ ეძიებ ციხეთა, იყოს ჩუენ შორის დამჯერებელ მკლავი და ომი; ხოლო მე წინა მოგეგებო ქსანსა ზედა“.
  ამან ძალიან გააბრაზა ბაგრატი: „განუწყრა ბაგრატ, აფხაზთა და ქართველთა მეფე“. იმ დროს აფხაზთა და ქართველთა ხელმწიფე ჯავახეთში, დლივში მდგარა, მეფეთა ერთ-ერთ სადგომში. „კურაპალატი იყო მას ჟამსა დლივს, რამეთუ განაგებდა საქმეთა ტაოსა და ქართლისათა, რომელ მაშინ თვით-ვე ეპყრა ტაო მიცვალებასა ზედა მამისა მათისა გურგენ მეფეთ-მეფისა“.
  სასწრაფოდ შეკრიბა ჯარი აფხაზთა და ქართველთა მეფემ, კახთა ქორეპისკოპოსზე გამოსალაშქრებლად: „წარგზავნა კაცი მოსწრაფედ, აწვია სპათა აფხაზეთისა და ქართლისათა, და თვით წარემართა ზემოთა ლაშქრითა, გაიარა თრიალეთი, გავლო ხიდი მცხეთისა“.
  მცხეთასთან მას შეუერთდნენ აფხაზეთიდან და ქართლიდან შეკრებილი სამხედრო ნაწილები: „და მოერთნეს თანა აფხაზნი და ქართველნი. დადგა თიანეთს, და იწყო შემუსრვად კახეთისა. და ვერ წინა-აღუდგა დავით, რამეთუ იყო ძალი მისი ურიცხვი; იწყო ბრძოლად ციხეთა და მას ჟამსა აღიღო ქუეყანა ჰერეთისა, და განაჩინა მთავრად აბულალ და წარმოვიდა შინა“.
  მაგრამ, ჰერეთის აზნაურები კვლავ დავით ქორეპისკოპოსის მხარეს გადავიდნენ, გადასცეს ციხეები. საქართველოს გაერთიანებას კვლავ პრობლემა შეექმნა.

скачать dle 11.3