№43 ჩემი სიძის ძმა შემიყვარდა
მე და ჩემი და ტრადიციულ ოჯახში, სითბოსა და სიყვარულში გავიზარდეთ. მშობლები ყოველთვის გვათამამებდნენ. თუმცა, ყოველთვის ვიცოდით ზღვარი, რის იქითაც არასოდეს გადავსულვართ. მოკლედ, ჩემს დას ერთი ბიჭი შეუყვარდა და მიუხედავად იმისა, რომ მშობლებს დიდად არ მოსწონდათ, მაინც გაჰყვა ცოლად. იმის გამო, რომ ჩემს სიძეს პატარა სახლი ჰქონდა, ჩვენთან გადმოვიდნენ საცხოვრებლად. სიძის მშობლები და ძმა ხშირად გვსტუმრობდნენ. ჩემი დის მაზლი საკმაოდ სიმპათიური ბიჭი იყო, არ შეიძლებოდა, ყურადღება არ მიგექცია. თუმცა, მისთვის, სხვა თვალით არასოდეს შემიხედავს. ჩვენთან მოსვლას მაშინ მოუხშირა, ჩემს დას ბავშვი რომ ეყოლა. ერთ დღესაც მივხვდი, რომ სხვანაირად მიზიდავდა და რომ გავიაზრე, საკუთარი თავის შემრცხვა, თუმცა, უკვე გვიანი იყო – მიყვარდა. ამ ამბავს, რასაკვირველია, ვერ გავამხელდი და გულში ვიკლავდი. არადა, ჩემი შეყვარებულობის პერიოდი სულ სხვანაირად წარმომედგინა – მეყვარებოდა ბიჭი, არაფერს დავმალავდი და მის გვერდით ბედნიერი ვიქნებოდი. თუმცა, ასე არ მოხდა. მოკლედ, დიდხანს ვერ დავმალე ჩემი გრძნობა და მას ჩვენთან მოსვლა ავუკრძალე. გაოგნებული მიყურებდა, თუმცა, ავუხსენი: გულს ვერ ვუბრძანე, გრძნობა გამიჩნდა შენ მიმართ და გთხოვ, აქ ნუღარ მოხვალ, იქნებ თავს მოვერიო და გადაგიყვარო-მეთქი. ისე გამიჭირდა ამის თქმა, მერჩივნა, მოვმკვდარიყავი. თუმცა, იმის მაგივრად, რომ მასაც გაკვირვებოდა, პირიქით მოხდა. გამიმხილა, რომ არც ის იყო ჩემ მიმართ გულგრილი და ზუსტად ჩემ გამო მოუხშირა თავის რძლის სახლში მოსვლას. სიმართლე გითხრათ, არ გამხარებია ეს ამბავი. ვიცოდი, ამას რაც მოჰყვებოდა. ერთი სიტყვით, მალულად გავაგრელეთ შეხვედრები, სახლს გარეთ და იქამდე მივედით, რომ ერთმანეთის გარეშე ვეღარ ვძლებდით. შემი სიყვარულის ამბები ჩემს ოჯახის წევრებს არ გამოჰპარვიათ. თუმცა, არ იცოდნენ, ვისზე ვიყავი შეყვარებული. როცა გაიგეს, გვიანი იყო, უკან არ დავიხევდით და ვერც ოჯახის წევრების გამო დავკარგავდი იმ ადამიანს, ვინც სიგიჟემდე მიყვარდა. ვიცოდით, ამ ურთიერთობას არავინ დათანხმდებოდა. ერთი პერიოდი, უცხოეთში წასვლა გადავწყვიტეთ, მაგრამ ვერ მოვახერხეთ. მერე ვიფიქრეთ, ბინა გვექირავა და იქ გადავსულიყავით, მაგრამ ვერ გავწვდებოდით ხარჯს და ამიტომ, ჩემი სიძის აგარაკზე, თბილისთან ახლოს გადავედით საცხოვრებლად. რასაკვირველია, ოჯახის წევრებმა დამკარგეს და ჩემი სიძის ოჯახიც დღესაც გადარეულია, მაგრამ სხვა გამოსავალს ვერ ვხედავდით. სულ, რვა თვეა, ერთად ვართ და ვხვდები, დღითი-დღე უფრო მიყვარდება. ერთადერთი, ჩემი შორეული ნათესავი მეკონტაქტება და მაგებინებს ჩემი ოჯახის ამბებს. ვიცი, დანაშაული ჩავიდინეთ, მაგრამ, შემიყვარდა, შევუყვარდი და ერთად კარგად ვართ. არ ვიცი, მომავალში რა მოხდება, არც ის ვიცი, ჩვენი ოჯახის წევრები შეძლებენ თუ არა ჩვენს პატიებას, მაგრამ იმდენად ბედნიერები ვართ, ამის გამო სამყაროსთან დაპირისპირება ღირდა. ვიცი, ბევრი გამკიცხავს და იტყვის: აღვირახსნილი გოგო, როგორ შეხედა თავისი დის მაზლს სხვა თვალითო, მაგრამ, დამიჯერეთ, ეს გაუაზრებლად, თვისთავად მოხდა. არც კი მიფიქრია და რომ დავფიქრდი, უკვე გვიანი იყო – უკიდეგანოდ მიყვარდა. მისგანაც რომ იგივე არ მეგრძნო, არ ვიცი, როგორ გადავლახავდი ცალხმრივ გრძნობას. ვიცი, ცუდად მოვიქეცი, მაგრამ სხვა გზას ვერ ვხედავდი და იმედია, ოდესღაც შეძლებენ ჩემს პატიებას.
ნინი, 25 წლის.