№43 თმის ცვენის შესაჩერებელი ეფექტური ნიღბები, ლოსიონები და ნაყენები
ნინო კანდელაკი ანი რევია
თმის ცვენის პრობლემა საკმაოდ აქტუალურია. თმას ზიანს აყენებს სხვადასხვა სახის ვირუსული და ასაკობრივი დაავადებები, ასევე, სტრესი. პრობლემის დროს ეფექტურად მიიჩნევა თმის ცვენის საწინააღმდეგო ისეთი ნიღბები და საშუალებები, რომლებიც ააქტიურებს მიძინებულ თმის ბოლქვებს და აძლიერებს სისხლის მიმოქცევას. გთავაზობთ მარტივ და შედეგიან თმის ცვენის საწინააღმდეგო ნიღბების, ლოსიონებისა და ხსნარების რეცეპტებს, რომლის სახლში მომზადებაც საკმაოდ მარტივია:
კეფირისა და დარიჩინის ნიღაბი: ნახევარ ჭიქა კეფირს დაუმატეთ 1 კვერცხის გული, 2 სადილის კოვზი დარიჩინი და კარგად აურიეთ. წაისვით ნაზავი ოდნავ ნოტიო თმაზე, შემოიხვიეთ პირსახოცი და გაიჩერეთ ნახევარი საათით. ჩამობანა შეიძლება შამპუნის გარეშე. ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში ერთხელ, ორი თვის განმავლობაში.
ცისფერი თიხის, ლიმონის, კვერცხისა და თაფლის ნიღაბი – შეურიეთ ერთმანეთს ორი სადილის კოვზი ცისფერი თიხა, ერთი სადილის კოვზი ლიმონის წვენი, ერთი სადილის კოვზი თაფლი და კვერცხის გული. დაამატეთ საჭირო კონსისტენციის წყალი და მიღებული ნაზავი შეიზილეთ თმის ძირებში. ჩამოიბანეთ თბილი წყლით. გაიმეორეთ კვირაში ერთხელ.
წიწაკისა და სპირტის ნაყენი: წიწაკა იწვევს თავის კანში სისხლის მიმოქცევის გაძლიერებას და ნივთიერებათა ცვლის პროცესის გააქტიურებას, რითაც აფერხებს თმის ცვენას. 1 წილ წიწაკას, დაასხით 10 წილი 70-პროცენტიანი სპირტი. დააყენეთ ერთი კვირის განმავლობაში და გაწურეთ. შემდეგ ხსნარი გახსენით 10 წილ ანადუღებ წყალში და შეიზილეთ თავის თმიან ნაწილში, კვირაში 2-3-ჯერ. სასურველია ღამით.
ოხრახუშის ლოსიონი: 20 გრამ ოხრახუშს დაასხით 200 მილილიტრი წყალი, წამოადუღეთ და გააჩერეთ სიბნელეში 2 დღის განმავლობაში. შემდეგ გაწურეთ და შეიზილეთ თმის ძირებში ისე, რომ არ ჩამოიბანოთ. გააკეთეთ დღეგამოშვებით, ერთი თვის განმავლობაში.
ალოეს, თაფლის, კვერცხისა და ნივრის ნიღაბი: აიღეთ ერთი სადილის კოვზი ალოეს წვენი, ერთი სადილის კოვზი თაფლი და ერთი სადილის კოვზი ნივრის წვენი, დაუმატეთ ერთი კვერცხის გული. შეიზილეთ თმაზე და შემოიხვიეთ ცელოფანი. გააჩერეთ 20-30 წუთის განმავლობაში და შემდეგ ჩამოიბანეთ.
კვერცხის, თაფლისა და ბირკავას ზეთის ნიღაბი: ერთი სადილის კოვზი ბირკავას ზეთი, ერთი სადილის კოვზი თაფლი და 2 კვერცხის გული კარგად შეურიეთ და შეიზილეთ თმის ძირებში. გააჩერეთ 1 საათის განმავლობაში. ეს ნიღაბი ძალიან ეფექტურია არა მარტო თმის ცვენის შესაჩერებლად, არამედ აქტიურად ებრძვის ქერტლს.
ჭინჭრისა და ზეთის ნიღაბი: ერთი პაკეტ მშრალ ჭინჭარს, რომელიც იყიდება აფთიაქებში, შეურიეთ მცენარეული ზეთი. ნაზავი მოათავსეთ მინის ჭურჭელში და დააყენეთ ერთი კვირის განმავლობაში. შემდეგ გაწურეთ, გამოყენებამდე შეათბეთ და წაისვით მშრალ თმაზე დაბანამდე ერთი საათით ადრე.
პურის ნიღაბი: რამდენიმე ნაჭერი ჭვავის პური ჩაალბეთ ცხელ წყალში მანამდე, სანამ მისგან ფაფას არ მიიღებთ. გააჩერეთ მიღებული პურის ფაფა ერთი საათი და შეიზილეთ თმის ძირებში. შეიფუთეთ თმები პოლიეთილენის პარკით, ზემოდან კი – პირსახოცით. გაიჩერეთ ერთი საათი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით, შამპუნის გარეშე. ეს ნიღაბი გარდა იმისა, რომ ძალიან ეფექტურია თმის ცვენის წინააღმდეგ, შესანიშნავი საშუალებაა თმის ზედმეტი ცხიმიანობის მოსაშორებლად.
ხახვის ნიღაბი: თმის ცვენის შესაჩერებლად, ძალიან ეფექტურია ხახვისგან გამოწურული წვენის თმის ძირებში შეზელვა. გამოწურეთ სამი სადილის კოვზი ხახვის წვენი და შეიზილეთ თმის ძირებში, შეიხვიეთ პოლიეთილენის პარკით ან ქუდით და ზემოდან პირსახოცით. მშრალი თმის შემთხვევაში, ნიღაბი გაიჩერეთ 1 საათი, ხოლო ცხიმიანი თმის შემთხვევაში 3 საათი. ამის შემდეგ ნიღაბი ჩამოიბანეთ თბილი წყლითა და შამპუნით.