№43 უცნაური მკვლელი
აგატა კრისტი
რეიმონდი ყოველთვის ფიქრობდა, რომ გრინშოების მთელი საგვარეულო საკმაოდ უცნაური ხალხი იყო. ჯერ მარტო მათი წინაპრის, ედუარდ გრინშოს აგებული ციხესიმაგრე რად ღირდა – რამდენიმე სტილის უშნო ნაზავი, რომელიც ერთბაშად გამდიდრებულ გრინშოს მთელი ქონება დაუჯდა. მერე გაკოტრდა კიდეც. თუმცა, ციხესიმაგრე და მამული, რაღაც სასწაულით, გადაურჩა გაყიდვას და იქ ახლა მის გრინშო ცხოვრობდა – უცნაური, მარტოხელა ქალი, თავისი, გრინშოსთვის დამახასიათებელი ახირებებით. რეიმონდი შორიდან იცნობდა მას, მაგრამ იმ დღეს ბაღში ყვავილების მორწყვით გართული დაინახა და გამოელაპარაკა. უთხრა, თქვენი სახლი ძალიან მომწონსო თუ რაღაც ამისი მსგავსი. ქალი გაიბადრა.
– ჰო. მართლა კარგია. ბაბუაჩემმა ააშენა. ამბობენ, ადგილობრივების შოკში ჩაგდება უნდოდაო.
– ჰო, თქვენი ბაბუა მაგარი ვინმე ყოფილა, მსმენია ყურმოკვრით. თუმცა, მისი რეალური ისტორიები არ ვიცი.
– მემუარები დატოვა. ჩანაწერებია. ვერაფრით მოვიცალე მათ ჩასასწორებლად და გამოსაცემად. კარგი კი იქნებოდა.
– მერე დაავალეთ ვინმეს.
– ვის? ჩემი ეკონომი მხოლოდ ნერვებს მიშლის. ნეტავი, საერთოდ რატომ ავიყვანე? მებაღე ზარმაცია. ჩემი და ვიღაც ცირკის მსახიობს გადაეკიდა. შვილიც გააჩინა და ერთი სიტყვით... მერე მოკვდა, მშობიარობისას. მისმა ქმარმა სხვა ცოლი ითხოვა. დისშვილი არც მინახავს. რანაირი გრინშო ეგ არის? მე უკანასკნელი ვარ ჩვენს გვარში...
მის გრინშოს საუბარი მისმა ეკონომმა, ქალბატონისგან აბსოლუტურად განსხვავებული გარეგნობის ქალმა შეაწყვეტინა. მისის კრესუილი განსაკუთრებული ვარცხნილობითა და ჩაცმის სტილით მარკიზას უფრო ჰგავდა, ვიდრე ეკონომ ქალს.
– ალფრედი ისევ მაბრაზებს, ქალბატონო, უარს ამბობს, თევზის მოსატანად წავიდეს.
ალფრედი, რომელსაც გრინშომ დაუძახა, ძალიან ლამაზი ახალგაზრდა კაცი აღმოჩნდა. გრინშომ ის დატუქსა და უცებ რეიმონდს ჰკითხა:
– დრო გაქვთ, რომ დამეხმაროთ?
– დიახ. რაშია საქმე? – უბრალოდ, ანდერძი დავწერე და მინდა, დამიმოწმოთ. იძულებული ვარ, ყველაფერი ჩემს ეკონომს დავუტოვო. სამაგიეროდ, ხელფასს აღარ გადავუხდი და ესეც შეღავათია. ხელი ვინმე უცხო, გარეშე პირმა უნდა მოაწეროს.
რეიმონდი საღამოს დეიდას, მის მარპლს და ბიძაშვილ ლორენს უყვებოდა მომხდარის შესახებ. ლორენი ქმარს გაშორდა და შვილთან ერთად მამიდასთან ცხოვრობდა. უცებ რეიმონდს გრინშოს ნათქვამი გაახსენდა.
– ლორენ, მის გრინშოს უნდა ბაბუამისის ჩანაწერები წიგნად გამოსცეს და მდივანი სჭირდება. გინდა, მივწერ და რეკომენდაციას გაგიწევ, საშენო საქმეა. ფული არ გაწყენდა.
– მართალი ხარ, რეიმონდ, უცნაური ქალია, მაგრამ მე ჩემს საქმეს გავაკეთებ.
– კარგი. ხვალვე მივწერ. მაგრამ ვერაფერს დაგპირდები... ისე კი, როცა მის გრინშოს ბიბლიოთეკაში ვიყავი, რატომღაც ვიფიქრე, რომ სწორედ ასეთ კაბინეტში ხდებოდა მკვლელობები. თუმცა, ეს მხოლოდ ჩემი ფანტაზიის ნაყოფია და ასე ნუ მიყურებ, მამიდა, გრინშოს იმ ძველისძველი სახლის იქით არაფერი აბადია.
– ასე ნუ იტყვი, რეიმონდ. გრინშოები უცნაური ხალხია და მის გრინშოს კაპიკი არ დაუხარჯავს ზედმეტად. რადგან ანდერძი დატოვა, თანაც ასეთი, ესე იგი, რაღაც ხდება. პასუხი მის გრინშოსგან რამდენიმე დღის შემდეგ მოვიდა.
ლორენი მის გრინშოსთან წავიდა, საღამოს კი შთაბეჭდილებებით დაბრუნდა.
– მე ის არ მინახავს. იმ ქალმა მიმიღო, ეკონომმა. ჩამაბარა ხელნაწერები და მერე ყავა მომიტანა. არა, მაგ სახლში ყველაფერი რიგზე არ არის. თუმცა, რა ჩემი საქმეა.
ორი დღის შემდეგ კი ლორენმა ვახშმობისას თქვა:
– დილას მის გრინშომ მთხოვა, მისი დისშვილისთვის დამერეკა, წარმოგიდგენიათ? თავისთანაც დაპატიჟა. მგონი, მსახიობია. მე მასთან თეატრში დავრეკე და ხვალისთვის ლანჩზე მიწვევა დავუტოვე. ხომ შეიძლება ისე მოხდეს, რომ ახალი ანდერძი შეადგინოს.
მის მარპლი შეიჭმუხნა, მაგრამ არაფერი უთქვამს. ლორენმა გაიღიმა და დაამატა:
– ის მებაღე მაოცებს. ძალიან ლამაზია და ზარმაცი. თან, ვიღაცას ვამსგავსებ, ოღონდ ვის, ვერ ვხვდები.
მეორე დღეს ლორენი საკმაოდ კარგ გუნებაზე გამოცხადდა სამსახურში. კარს მის გრინშო არასოდეს კეტავდა. ლორენი ჰოლში შევიდა და რატომღაც მისი ყურადღება ედუარდ გრინშოს უზარმაზარმა პორტრეტმა მიიპყრო. მოეჩვენა, რომ ისიც ვიღაცას აგონებდა. ბიბლიოთეკაში შესულმა საბეჭდი მანქანა გადმოიღო და მუშაობას შეუდგა. ძალიან გაერთო. შუადღისას ეკონომმა ქალმა ყავა შემოუტანა და გავიდა. ყავა ჩვეულებისამებრ ღია ფანჯარასთან დალია. მის გრინშო თავის ყვავილნარში ფუსფუსებდა. ლორენი მის მოხრილ ზურგს ხედავდა... მერე ისევ ხელნაწერებს მიუბრუნდა... უცებ ბაღიდან კივილი მოესმა. წამოხტა და ფანჯარასთან მიირბინა. მის გრინშო ბარბაცით მოდიოდა სახლისკენ. ორივე ხელი ყელთან ჰქონდა მიდებული და რაღაც უცნაური საგანი მოუჩანდა... ლორენი შეძრწუნდა, როცა მიხვდა, რომ ეს ისარი იყო. „მიშველეთ! მან მე... მშვილდიდან...“ – მოესმა ლორენს მის გრინშოს სასოწარკვეთილი ხმა და კარს ეცა. მაგრამ კარი დაკეტილი აღმოჩნდა. ვიღაცას ის გარედან ჩაეკეტა. ლორენი მთელი ხმით აყვირდა. ის ეკონომ ქალს უხმობდა. მისის კრესუილმა ბიბლიოთეკის გვერდით მდებარე ოთახიდან გამოიხედა.
– რა მოხდა?
– უბედურება! მის გრინშო... ვშიშობ, მას ესროლეს, მე ვიღაცამ ჩამკეტა. გამომიშვით აქედან!
– არ შემიძლია, მეც ჩამკეტეს... ალფრედ! ალფრედ!.. ეტყობა, სასადილოდ წავიდა, რა გვეშველება?!
ხსნა ერთი საათის შემდეგ გამოჩნდა. ლორენმა ფანჯრიდან პოლიციის სერჟანტი დაინახა და მთელი ხმით აყვირდა.
პირველი, რაც უნებლიე პატიმრობიდან გამოსულმა ლორენმა იკითხა, მის გრინშოს მდგომარეობა იყო.
– სამწუხაროდ, მკვდარია, – თქვა სერჟანტმა და ინსპექტორი გამოიძახა.
ინსპექტორთან ერთად, თითქმის ფეხდაფეხ მოვიდნენ – მის გრინშოს ლანჩზე მოწვეული მისი დისშვილი, ფლეტჩერი და ალფრედიც გამოჩნდა. ლორენმა შეხედა და მაშინვე მიხვდა, ვისაც ახსენებდა და ის მამიდა მარპლის მოსაყვანად გაიქცა.
– მამიდა მარპლ, მკვლელობა მოხდა. თანაც, გამახსენდა, ვის მაგონებდა მებაღე. თქვენ მართალი იყავით. მის მარპლმა ამოიოხრა.
– ლორენ, გაგიკვირდება და, მე ვიცი, ვინ არის მკვლელი. ინსპექტორს უნდა დაველაპარაკო.
ინსპექტორი უელში იდაყვს დაეყრდნო და მოსასმენად მოემზადა. თუმცა, მის მზერაში უნდობლობასა და მსუბუქ ირონიას შეამჩნევდით.
– დავიწყებ იმით, რომ მის გრინშო დღეს კი არა, სავარაუდოდ, გუშინ საღამოს მოკლეს... არ გამაწყვეტინოთ, ინსპექტორო... ის საკმაოდ ჭკვიანი ქალი იყო და თავის ქონებას ვიღაც ეკონომ ქალს არ დაუტოვებდა.
– ეგ მეც ვივარაუდე, როცა დისშვილის მიპატიჟების ამბავი გავიგე, – თქვა ინსპექტორმა, – ეტყობა, ანდერძის შეცვლა უნდოდა. მაგრამ ეკონომი ქალი ეჭვგარეშეა. ის ოთახში იყო ჩაკეტილი, როგორც თქვენი ძმისშვილი.
– რა თქმა უნდა. მას ალიბიც სჭირდებოდა და მოწმეც. ამიტომაც აიყვანა მდივნად ლორენი. ყველაფერი გათვალა. დიახ, ლორენი ეკონომმა დაიქირავა და არა მის გრინშომ, რომელიც უკვე გრძნობდა საფრთხეს და მკვლელის დასამშვიდებლად, ვითომ ახალი ანდერძი დაწერა, რითაც მთელ ქონებას ეკონომ ქალს უტოვებდა. ნახავთ, რომ სხვა ანდერძიც გამოჩნდება, რადგან ამ სახლში ერთი გრინშო კიდევ ცხოვრობს – მებაღე ალფრედი. სავარაუდოდ, ის მის გრინშოს ნახევარძმაა. მამამისის უკანონოდ შობილი ვაჟი, რომელსაც უყვარს ეს სახლი და მამული. მის გრინშომ ეს დაინახა, მოძებნა, მოიყვანა და მებაღედაც აიყვანა. იცით, რომ ეკონომი ქალი ვერ იტანდა ალფრედს? ამისი მოწმე ჩემი ძმისშვილი და დისშვილია.
– ჰო, მაგრამ მისის კრესუილიც ჩაკეტილი იყო... თუ მის გრინშო წუხელ მოკლეს, თან მოწამლეს, დღეს დილით ბაღში თქვენმა ძმისწულმა ვინ დაინახა? – სწორედ რომ, მისის კრესუილი. მან ჩაიცვა მის გრინშოს კაბა და ყვავილნარში დაიხარა. მერე ისრიანი სცენა გაითამაშა, სახლში შემოირბინა და ოთახში შევიდა, სადაც გამოიცვალა კიდეც.
– კარი ვინ ჩაუკეტა გარედან? ის მართლა დაკეტილი იყო, სერჟანტმა საკუთარი ხელით გაუღო, – წამოიძახა მის მარპლის ლოგიკით გაოგნებულმა ინსპექტორმა უელშმა.
– მე მიგანიშნებთ, დამტკიცება კი თქვენი საქმეა. მას თანამზრახველი ჰყავდა. მე ვფიქრობ, რომ ეს მის გრინშოს, ეგრეთ წოდებული, დისშვილია. შეიძლება, საყვარლები არიან, შეიძლება, მათ შორის უფრო მჭიდრო კავშირია. ამის გარკვევა არ გაგიჭირდებათ. მე არასოდეს ვცდები, ინსპექტორო. ლოგიკა პლუს ქალური ინტუიცია, ყოველთვის ამართლებს. ნუ დაგავიწყდებათ, რომ ფლეტჩერი მსახიობია. ასე რომ, მე თარგი მოგეცით, გამოჭრა თქვენზეა.
თარგმნა
ნინო წულუკიძემ