№43 რატომ მოატყუეს სტალინი ბერიამ და რადიოკომიტეტის თავმჯდომარემ
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური
მიუხედავად იმისა, რომ ლავრენტი ბერიას წინააღმდეგ მიმართული შავი პიარი დღესაც დიდი ეფექტურობით მოქმედებს და საქმეში წინდაუხედავ ადამიანთა საკმაოდ დიდ ჯგუფს ის კვლავ კაციჭამია კანიბალი, სექსუალური მანიაკი და უსულგულო დამსმენი ჰგონია, ირკვევა, რომ თურმე, მასაც ჰქონია სული და გული და თავის უსაზღვრო გავლენას არც თუ იშვიათად კეთილ საქმეებსაც კი ახმარდა... ისტორიის დოქტორი, პროფესორი ადამ პროკოპოვიჩი წერს: „ისტორია, რომელიც 1945 წლის 2-3 დეკემბრის ღამეს მოსკოვში მოხდა, ლავრენტი პავლეს ძე ბერიას პორტრეტს მრავალი კუთხით წარმოაჩენს და „რკინის ნარკომ“ ბერიას გვაცნობს, როგორც უსაზღვროდ გავლენიან, გონებამახვილ, იუმორით სავსე, გულისხმიერ და საკმაოდ რისკიან ადამიანს. ეს ამბავი საბჭოთა კავშირის რადიოკომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, ალექსანდრე ალექსანდრეს ძე პუზინმა მოგვითხრო 1980 წელს, ჩვენს ოჯახში ერთ-ერთი სტუმრობისას (ის მამაჩემის ახლო მეგობარი იყო). ძია ლიოშა იხსენებდა: „ზამთრის ცივი, თოვლიანი დღე იყო, კვირა, 1945 წლის 2 დეკემბერი. სამსახურში ვიმყოფებოდი. ჩვენი სიმფონიური ორკესტრი მოცარტის 23-ე კონცერტს ასრულებდა ფორტეპიანოსთვის. სოლისტი კი შეუდარებელი მარია იუდინა იყო. ეს შვიდწუთ-ნახევრიანი შედევრი, როგორც მაშინ იყო მიღებული, ღია ეთერში ჩვენი შენობის მუსიკალურ დარბაზში შესრულდა. დაიწყო საღამოს 22 საათსა და 25 წუთზე და დასრულდა 22 საათსა და 33 წუთზე. მცირე მინუსით. მეც იქვე ვიმყოფებოდი და სულგანაბული ვუსმენდი. სულ რაღაც ათ წუთში მთელი ეს უზარმაზარი ორკესტრი ავტობუსში „ჩაიტვირთა“ და ისინი სახლებში „დაარიგეს“. მათ შორის მარია ბენიამინის ასული იუდინაც. თერთმეტი საათი სრულდებოდა და ჩემს კაბინეტში დავბრუნდი, რომ ჩამეცვა და სახლში წავსულიყავი. კარი გავაღე თუ არა, ტელეფონმა დარეკა. ჩვეულებრივმა ტელეფონმა და არა სამთავრობომ.
– დიახ. პუზინი გისმენთ, – ვუპასუხე.
– ალექსეი ალექსანდროვიჩ, თითქმის თხუთმეტი წუთია, რაც ვრეკავ. ალბათ, დარბაზში იყავით და ახლა სახლში მიდიხართ, – დინჯად ჩაილაპარაკა ყურმილში მამაკაცის ხმამ, რომელიც არავისში აგერეოდათ – ეს თავად სტალინი იყო.
მთელი ნებისყოფა მოვიკრიბე და რაც შემეძლო, აუღელვებლად ვუპასუხე:
– ბოდიშს გიხდით, იოსებ ბესარიონოვიჩ. დიახ, დარბაზში ვიყავი და მუსიკოსებს ვაცილებდი.
– ალბათ, იუდინას და კომპანიას, ამხანაგო თავმჯდომარევ.
– დიახ. მათ.
– სწორედ ამ საკითხზე გირეკავთ. მე მათ ვუსმენდი და აღფრთოვანებული ვარ. მითხარით, ამ კონცერტის ჩანაწერი ხომ არ გაქვთ?
– დიახ. გვაქვს. ამხანაგო სტალინ, – ვიცრუე უნებლიეთ.
– ძალიან კარგი. ხვალ. დილის ათ საათზე ამ ჩანაწერის ფირფიტა მომიტანეთ კრემლში. საშვი დაშვებული იქნება. ნახვამდის! – მითხრა სტალინმა და ყურმილი დაკიდა. რომ გავიაზრე, თუ როგორ მოვატყუე სტალინი, კინაღამ ადგილზე გავთავდი. ისეთი შეშინებული ვიყავი, რომ უკვე სახრჩობელაზე თუ არა საკუთარ თავს გაციმბირებულს ვხედავდი. რაღაც უნდა მეღონა, თანაც ძალიან სწრაფად. უცებ გამიელვა თავში, რომ ჩემი შველა მხოლოდ ბერიას შეეძლო. მას მე შორიდან ვიცნობდი და სულ რაღაც ორჯერ შევხვდი კრემლში, ისიც შემთხვევით. მაგრამ სხვა გზა არ იყო. მოკლედ, „ვეჩესთან“ მივედი და ტელეფონისტს ბერიასთან შეერთება ვთხოვე. თან ვნატრობდი, რომ ის კაბინეტში ყოფილიყო. ბერიამ მიპასუხა. ვუთხარი, ვინც ვიყავი და მასთან მისვლის ნება ვთხოვე. მოკლედ, თხუთმეტი წუთის შემდეგ უკვე ბერიას კაბინეტში, მის პირისპირ ვიჯექი და ყველაფერი დაწვრილებით მოვუყევი. მას გაეცინა. ჭიქაში კონიაკი ჩამოასხა, მანიშნა, დალიეო და მითხრა:
– რომ დაურეკოთ ამხანაგ სტალინს და უთხრათ, უნებლიეთ ვიცრუეო?
– არა. არ შემიძლია, ლავრენტი პავლოვიჩ, – ვუთხარი მე.
– მე რომ ვუთხრა თქვენ ნაცვლად? – შემომთავაზა ბერიამ.
მე კონიაკი უკვე თვითნებურად დავისხი და დავლიე. ამოვისუნთქე და ბერიას ვუთხარი:
– ლავრენტი პავლოვიჩ, მიშველე! ჯობია, სხვა რამე მოვიფიქროთ.
ბერიას გაეცინა და მითხრა:
– კარგი. ერთად მოვატყუოთ სტალინი. ვიცი მე ეგ კონცერტი და ძალიანაც მომწონს. იუდინა ბრწყინვალეა. დანაშაულია, რომ ჩანაწერი არ არსებობს და ამას ამაღამვე გამოვასწორებთო...
მოკლედ, ბერიამ განკარგულება გასცა, რომ მთელი ორკესტრი სასწრაფოდ შეეკრიბათ და შვიდწუთ-ნახევრიანი შედევრი ჩაეწერათ. დილით ყველაფერი მზად იყო და ზუსტად 10 საათზე ფირფიტა სტალინს მივუტანე. მე და ბერიამ კრემლამდე ერთად ვიმგზავრეთ მისი მანქანით. მანამდე კი მთელი ღამე დარბაზში გავატარეთ ჩაწერაზე...“
მოცარტის სიმფონიის ჩაწერა ასე იმიტომ გაიწელა, რომ როდესაც „ჩეკისტები“ მუსიკოსებს სახლებში შავი მანქანებით აკითხავდნენ, მათ ეგონათ, რომ დასახვრეტად მიჰყავდათ და ისე იყვნენ აღელვებულები, დასამშვიდებლად საკმაო დრო დასჭირდათ. თუმცა, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა და ბერიას წყალობით, საბჭოთა ხალხმა მოცარტის ბრწყინვალე შესრულების ჩანაწერი მიიღო, რომელსაც დღემდე არ ჰყავს ბადალი“.