№43 როგორ მიითვისა ნიკიტა ხრუშჩოვმა სტალინის სოციალური პროექტი
ნინო კანდელაკი ნიკა ლაშაური
იოსებ ბესარიონის ძე სტალინის გარდაცვალებიდან ათეული წლებია გასული, მაგრამ თემები მისი მოღვაწეობის შესახებ დღემდე აქტიურად განიხილება და „სტალინისტებისა“ და „ანტისტალინისტების“ საჯილდაო ქვაა. ისტორიკოს-პუბლიცისტი, არაერთი მხატვრულ-დოკუმენტური პუბლიკაციის ავტორი, ერმოლაი სამსონოვი წერს: „სტალინი რაც უნდა ვაძაგოთ, მიწასთან გავასწოროთ და საშინელ მონსტრად წარმოვაჩინოთ, ისტორიული სიმართლე მაინც თავისას იტყვის და ყველაფერს დღის სინათლეზე გამოიტანს. ამ სიმართლის მიხედვით კი, იოსებ სტალინი უდიდესი აღმაშენებელი, ჩაგრულთა და უპოვართა გულმხურვალე დამცველი, საბჭოთა ქვეყნისთვის თავდადებული ადამიანი იყო. და ეს ლიტონი სიტყვები არ გეგონოთ, არამედ ისტორიულ სიმართლეზე დამყარებული ობიექტური სინამდვილეა და მას ვერსად გავექცევით. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სტალინისებური და ბერიასეული წარმატება ხრუშჩოვმა მიითვისა, ხოლო თავისი დანაშაულებების დასაფარად კი საბჭოთა პარტიული ფაქტები მნიშვნელოვნად „გაასუფთავა“, ანუ მოსპო, ბოლომდე „წყლიდან მშრალად ამოძრომა“ მაინც ვერ მოახერხა და წარსულშიც არაერთი ისტორიული სიმართლე გაირკვა, ახლაც ბევრი ირკვევა და მომავალში კიდევ უფრო მეტი გაირკვევა. ცნობილი ბრიტანელი სოციოლოგი ტოინბი არნოლდი წერდა: „ჩემი სფერო ცივილიზაციების კვლევაა და ჩემი მთავარი ნაშრომიც სწორედ ამას ეძღვნება. თამამად ვაცხადებ და ამაზე მუშაობას მთელი ჩემი სიცოცხლე შევალიე, რომ იოსებ სტალინი ახალი, ძველებზე ბევრად ჰუმანური და პროგრესული ცივილიზაციის მამამთავარი, ახალი სახელმწიფოს შემქმნელი, თეორეტიკოს-პრაქტიკოსი იყო და ის მეთოდურად, ძალიან იდეურად და მუყაითად მიიწევდა წინ თავისი იდეის განსახორციელებლად. დღესდღეობით ამ იდეისკენ სწრაფვას მავანნი უტოპიას უწოდებენ, ანუ განუხორციელებელსა და გამოუსადეგარს. მე კი დარწმუნებული ვარ, რომ სტალინური სოციალიზმ-კომუნიზმი აბსოლუტურად განხორციელებადი იყო და მისი მგმობელები მხოლოდ და მხოლოდ იდეოლოგიური კლიშეებით მოქმედებდნენ, ილაშქრებდნენ სტალინისა და მისი იდეის წინააღმდეგ. მეტიც, სტალინს აქტიურად უშლიდნენ ხელს და მისი ძალისხმევა კაცობრიობის ისტორიაში განხორციელებულ ყველაზე დიდ ომს უნდა შთაენთქა. თუმცა, ეს არ მოხდა და ფენიქსივით ფერფლიდან აღმდგარი ქვეყანა და ხალხი საბჭოთა ბელადმა ნათელი მომავლისკენ წაიყვანა. ეგონა კი ვინმეს, რომ მეორე მსოფლიო ომის აქტიური მონაწილე, მართალია, გამარჯვებული, მაგრამ მიწასთან გასწორებული საბჭოთა კავშირი სულს მოითქვამდა? ალბათ, ერთეულებს. და მხოლოდ სტალინმა უწყოდა, თუ რა და როგორ უნდა ეკეთებინა და არც შემცდარა“.
მეორე მსოფლიო ომი 1945 წელს დასრულდა. სტალინი 1953 წელს გარდაიცვალა. ამ რვაწლიან შუალედში კი საბჭოთა კავშირმა უდიდესი ნახტომი განახორციელა. გარდა იმისა, რომ ქვეყანამ ატომური ბომბი შექმნა და მძლავრი სარაკეტო-საზენიტო ფარით აღიჭურვა, აგრეთვე, ენერგეტიკა გააათმაგა და სატრანსპორტო-საკომუნიკაციო ქსელით დაფარა მთელი ეს უზარმაზარი, უკიდეგანო ქვეყანა. უშუალოდ სტალინმა შეიმუშავა უნიკალური სოციალური პროგრამა და მისი განხორციელება უკვე 1946 წელს დაიწყო. მასში კი 800 მილიარდი მანეთი ჩაიდო. ცნობილი საბჭოთა ეკონომისტი, აკადემიკოსი ლეონიდ აბალკინი წერდა: „სტალინის სიდიადე, ჩემი აზრით, ის იყო, რომ ომის დამთავრებიდან სულ რაღაც, ერთი წლის შემდეგ სტალინმა თავისი სოციალური პროგრამა აამუშავა და ეს პროექტი ერთი ტრილიონი მანეთი ღირდა. არადა, იმ პერიოდში გაცხოველებული, საიდუმლო მუშაობა მიმდინარეობდა საბჭოთა ატომური ბომბის შექმნაზე და თითქმის მთელი ბიუჯეტი ამას ხმარდებოდა. სტალინის სოციალური პროგრამა კი მოიცავდა მოსახლეობის დაპურებას, ანუ, ადამიანებისთვის რომ ხელმისაწვდომი ყოფილიყო, აუცილებელი, პირველი საჭიროების პროდუქტები, ასევე ადამიანების დაკმაყოფილებას ინდივიდუალური საცხოვრებელი ბინებით. ეგრეთ წოდებული, „ხრუშჩოვკები“, პირადად სტალინის მოფიქრებული იყო და სამართლიანობისთვის, მათ „სტალინკებს“ უნდა ვეძახდეთ. მავანთ, რატომღაც, ჰგონიათ, რომ ინდივიდუალურ ბინებში შესახლება მასობრივად მეოცე საუკუნის 60-იანი წლებში დაიწყო. ეს კი სიცრუეა. მასობრივი შესახლება 1947 წლის მიწურულს დაიწყო და 6 წლის განმავლობაში, ანუ სტალინის გარდაცვალებამდე 20 მილიონი ოჯახი დაკმაყოფილდა. ამას კი ერთვოდა პირველად საკვებ პროდუქტებზე ყოველკვარტალური ფასების კლება და პარალელურად, ხელფასების მომატება. სტალინის გარდაცვალების მერე კი მოსახლეობისთვის ბინების გადაცემა 10 წლით გადაიდო. ფასები კი საკვებ პროდუქტებზე აღარასოდეს დაწეულა და ხელფასებსაც, ფაქტობრივად, არაფერი მომატებიათ. ნიშანდობლივია, რომ სოციალურ პროექტებზე გამოყოფილი ტრილიონი მანეთის დიდი ნაწილი ხრუშჩოვის მთავრობამ მიითვისა და გაანიავა.“
ეს ყველაფერი შიშველი ფაქტებია, ვერავინ გაექცევა და მათზე დაყრდნობით თავისუფლად შეგვიძლია, ვიმსჯელოთ სტალინსა და მის მოღვაწეობაზე.“