№43 ექიმის რჩევები
კითხვა: პაციენტს აქვს ორი ძალიან მძიმე დაავადება – მესამე სტადია მრავლობითი მიელომა და აორტის სარქველის სტენოზი. ამ შემთხვევაში შეიძლება თუ არა გულის ოპერაციის გაკეთება?
პასუხი: თუ ეს აუცილებელია, მაშინ შეიძლება. თუმცა ეს საკითხი ერთობლივად უნდა გადაწყვიტოს კარდიოქირურგმა და ჰემატოლოგმა.
კითხვა: ორი დღეა, რაც ყელთან ნიკაპის ქვემოთ კანს შიგნით შევამჩნიე რაღაც მრგვალი, ბურთივით. არ არის მტკივნეული. რა შეიძლება, იყოს?
პასუხი: სავარაუდოდ, ეს ლიმფური კვანძი ან ყბისქვეშა კისტაა. თუ ლიმფური კვანძია, მისი გადიდება შეიძლება, გამოეწვია პირის ღრუში არსებულ პათოლოგიურ პროცესს (კარიესი ან სხვა) ან რაიმე ინფექციას. თუ 2-3 დღეში კვანძი არ დაპატარავდება, ზუსტი დიაგნოზისთვის უნდა გაკეთდეს ექოსკოპიური კვლევა. მნიშვნელოვანია, გაქვთ თუ არა დამატებით სხვა სიმპტომები.
კითხვა: ყელში მქონდა ბურთის შეგრძნება. ექიმმა მითხრა, რეფლექსური ლარინგიტიაო და დამინიშნა 10-დღიანი მკურნალობა: დღეში 3 ჯერ მოტილიუმი და ბეტადინის ხსნარი – სავლებად. 10 დღის მერე თუ არ გამივლის ისევ უნდა მივიდე. ასეთ შემთხვევაში, რა გამოკვლევები დამჭირდება და რას შეიძლება ჰქონდეს ასეთი სიმპტომები?
პასუხი: პირველ რიგში, დაგჭირდებათ ხახის ნაცხი.
კითხვა: გუშინ ვაჭამე მაწანწალა ლეკვს ეზოში, ყურზე ეკეთა აცრის ნიშანი. ლეკვს არ შევხებივარ, უბრალოდ საფენი გავუსწორე. ამის მერე ეს ლეკვი ვეღარსად ვნახე. არის თუ არა აცრის საჭიროება?
პასუხი: ცოფი მესამე საგნიდან არ გადადის, თუნდაც ცხოველის ნერწყვით ან სხვა სითხით იყოს დაბინძურებული. აცრები საჭირო არ არის.
კითხვა: ვარ 29 წლის, მამრობითი სქესის და მაქვს ძლიერი ოფლიანობა. ხომ ვერ მეტყვით, რა იწვევს ამას? ზამთარშიც ასე ვარ და ზაფხულშიც.
პასუხი: უპირველესად უნდა ჩატარდეს TSH-ის ანალიზი (ფარისებრი ჯირკვლის პრობლემის გამოსარიცხად), ასევე, უნდა გამოირიცხოს D ვიტამინის დეფიციტი, ანემია და ჰიპოგლიკემია. ზოგადად კი აჯობებს, პირევლი ვიზიტი ოჯახის ექიმთან გქონდეთ, რადგან გასაუბრებისა და გასინჯვის საფუძველზე ზუსტ კვლევებს ის დაგეგმავს.
რუბრიკას უძღვება ოჯახის ექიმი
მაია ნუცუბიძე