№43 ფიჭვის სამკურნალო თვისებები
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
მედიცინაში სამკურნალოდ იყენებენ ფიჭვის კვირტებს, წიწვებს და ფისოვან გამონაყოფს, რომელიც ხის ტანის მექანიკური დაზიანების ადგილებზე გამოიყოფა.
ფიჭვის კვირტები შეიცავს ეთეზეთს, ფისს, ასკორბინის მჟავას, ნაფტოქინონს, რუტინს, კაროტინს, მთრიმლავ ნივთიერებებს. წიწვები შეიცავენ ასკორბინის მჟავას, მთრიმლავ ნივთიერებებს, ეთერზეთს, უმნიშვნელო რაოდენობით ალკალოიდებს. ფისოვანი გამონაყოფი დიდი რაოდენობით შეიცავს ეთერზეთს, ტანიდებს, ფისოვან მჟავებს. ასკორბინის მჟავას რაოდენობა მეტია ორ და სამწლიან წიწვებში ზამთარში და ადრე შემოდგომით.
ფიჭვის კვირტებისაგან დამზადებული პრეპარატები გამოიყენება ზედა სასუნთქი გზების ანთებითი დაავადების სამკურნალოდ. მათ აქვთ ანტისეპტიკური თვისება, ასევე ნახველის გამოყოფისა და მისი გაწოვის უნარი. კვირტებისგან დამზადებული ექსტრაქტები მოქმედებს ყელ-ყურ-ცხვირის პათოგენურ მიკროფლორაზე ბაქტერიოციდულად. აქვთ, აგრეთვე, სუსტი შარდმდენი და ნაღველმდენი თვისება.
ფისოვანი გამონაყოფისაგან დამზადებული სკიპიდარი გამოიყენება გარეგანად იშიაზის, ნევრალგიის, მიოზიტისა და რევმატიზმის დროს, ხოლო სკიპიდარის ლინიმენტი იხმარება ართრიტების და სხვა ანთებითი პროცესების დროს.
ფიჭვის წიწვებისაგან მიღებული პრეპარატი ცინაბინი გამოიყენება კენჭოვანი დაავადების, თირკმლის ჭვალის დროს, მაგრამ უარყოფითად მოქმედებს ნეფრიტებისა და ნევროზების დროს. ფიჭვის წიწვებისგან ამზადებენ ვიტამინებით მდიდარ პრეპარატებს, ნაყენებს, კონცენტრატებს ჰიპო და ავიტამინოზის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის.
ფიჭვის კუპრი გამოიყენება მალამოების სახით კანის დაავადებების სამკურნალოდ (ფსორიაზი, ეგზემა). ის შედის ვიშნევსკის მალამოს შემადგენლობაში.
ხალხურ მედიცინაში ფიჭვის კვირტების ნახარში გამოიყენება წყალმანკის, ბრონქიტის, ზედა სასუნთქი გზების ანთების, რევმატიზმის დროს. ის კარგია, აგრეთვე, როგორც ნაღველმდენი საშუალება. ფიჭვის მტვრისა და თაფლის ნარევს იყენებენ როგორც ოპერაციის შემდგომ პერიოდში, ასევე საერთო სისუსტის დროს ავადმყოფთა გასამაგრებელ საშუალებად.
ზამთრის პერიოდისთვის ფიჭვის წიწვებისთვის სინედლის შესანარჩუნებლად მის ტოტებს თოვლის ქვეშ ან ცივ ნაგებობაში ათავსებენ, ასე 2 თვის განმავლობაში ინახავენ. საცხოვრებელ ბინაში, წყალში ჩადგმული ტოტები 10 დღის განმავლობაში შეგვიძლია, შევინახოთ. წიწვებისაგან დამზადებულ ექსტრაქტს იყენებენ აბაზანებში ნერვული და გულის სისხლძარღვთა დაავადების დროს.
ფიჭვის კვირტებისაგან დამზადებული ნახარში გამოიყენება როგორც ამოსახველებელი, შარდმდენი და მადეზინფიცირებელი საშუალება. ნახარშის მოსამზადებლად 10 გრამი (1 სუფრის კოვზი) კვირტები მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მილილიტრი (1 ჩაის ჭიქა) ცხელი ან მდუღარე წყალი, დაახურეთ თავზე, გააცხელეთ მდუღარე წყლის აბაზანაში 30 წუთის განმავლობაში. შემდეგ ამოიღეთ ჭურჭელი, გააცივეთ 10 წუთი, გადაწურეთ, დარჩენილი მასა გამოწურეთ. მიღებული ნახარში შეავსეთ ანადუღარი წყლით საწყისი მოცულობის მიღებამდე (200 მილილიტრი). ნახარში შეინახეთ გრილ ადგილას, არაუმეტეს 2-3 დღე-ღამისა. მიიღეთ 1/4 ჭიქა 2-3-ჯერ დღეში, ჭამის შემდეგ.
ზედა სასუნთქი გზების ანთებითი პროცესების სამკურნალოდ ხმარობენ კვირტების ნახარშსა და ნაყენს ინჰალაციის სახით. ნაყენის მოსამზადებლად იღებენ 20 გრამ კვირტს 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალზე.
ხალხურ მედიცინაში ფიჭვის კვირტების სპირტიან ნაყენს იყენებენ ფილტვების ტუბერკულოზის დროს.