№43 მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: წყენას ადვილად ვერ ვივიწყებ, რაც ძალიან მაწუხებს. როგორ დავძლიო ეს განცდა?
პასუხი: უფალს არ ესათნოება ქედმაღალი, მრისხანე გულისა და ბოროტი მეხსიერების ადამიანები. ბევრი კარგი თვისებითაც რომ იყოს ადამიანი შემკული, მაგრამ ბოროტი მეხსიერება ჰქონდეს, მისი ყოველი კეთილი საქმე ამაოა და უნაყოფო. ამიტომ, ეცადეთ, ამოიკვეთოთ გულიდან მტრობის ფესვები და ყველასთან მშვიდობა დაამყაროთ, რის გარეშეც ვერ იქნებით ჭეშმარიტი ქრისტიანი.
კითხვა: როგორც გავიგე, იმ ადამიანს უფრო ებრძვის ბოროტი ძალა, ვინც ეკლესიაში დადის. რატომ ხდება ასე?
პასუხი: ეს იმიტომ ხდება, რომ ბოროტ ძალას არ უნდა, ადამიანს უფალი იცავდეს. ბოროტს იმდენად შურს იმ სიკეთის, რაც ღმერთმა ადამიანს მიანიჭა, ყოველ წუთს ცდილობს, კაცი ამ სიკეთისგან განაშოროს, ამიტომაც აცდუნებს. ბოროტს უყვარს, როდესაც ადამიანი ცოდვებშია ჩაფლული. ის ამით კმაყოფილია და მშვიდად არის. ის მსხვერპლს ჩააგონებს, რომ სწორედ, ასეთი ცხოვრებაა სწორი. ამიტომ ხდება, რომ ხშირად ამქვეყნიურ ვნებებში ჩაფლულები გარშემომყოფებსაც ურჩევენ, გამოსცადონ ვნებების სიამოვნება, მათი აზრით, არაფერი ფუჭდება ამით. ხოლო რაც უფრო ცდილობს ადამიანი ვნებებისგან გათავისუფლებას, ბოროტი ძალა უფრო მეტად ებრძვის მას. თუმცა, რაც უფრო მეტად დაუდგებით უფალს გვერდით და მიმართავთ ეკლესიას, მით მეტად შესუსტდება ბოროტი ძალა. ის ვერასდროს მოგერევათ, თუკი ეკლესიურად გაძლიერდებით.
კითხვა: მოგვეკითხება თუ არა განკითხვის ჟამს ის ცოდვები, რასაც აღსარებაზე ვამბობთ?
პასუხი: თუ ცოდვებს აღსარებაზე ჭეშმარიტი სინანულით ამბობთ და ყველაფერს აკეთებთ მათ აღმოსაფხვრელად, შენდობილია და აღარ მოგეკითხებათ. თუმცა, უფალი თვითონ განსჯის, როდის არის სინანული გულწრფელი, როდის განიცდით და იტანჯებით ჩადენილი უკეთური ქმედების გამო. მოგეხსენებათ, არის ისეთი ცოდვები, რომლებსაც ადამიანი გამუდმებით სჩადის და ვერ ერევა მათ. თუ ადამიანი განწმენდისკენ მიილტვის, უფალი ხედავს ამას.
კითხვა: როგორც მეუბნებიან, კარგად ვქარგავ. მინდა, დავიწყო ქარგვა საეკლესიო თემაზე. აუცილებელია თუ არა ამისთვის მოძღვრის კურთხევა?
პასუხი: ძალიან კარგია, რომ საეკლესიო თემატიკით დაინტერესდით, მაგრამ ხატების შესრულებას თავისი კანონიკა აქვს და მოძღვრის კურთხევა ამ შემთხვევაში აუცილებელია.