№43 რატომ ითვლება ნებისმიერი საქმით, მათ შორის, სპორტითა და ხელოვნებით ზედმეტად გატაცება ცოდვად
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
მცდარად მიიჩნევა, რომ ქრისტიანობა კრძალავს მუსიკას, ზოგადად, ხელოვნებას, სპორტს და მისთანა გასართობებსა და მიდრეკილებებს, სინამდვილეში, მუსიკის, სპორტის, ანუ ნებისმიერი საქმიანობის ვნებად ქცევაა ცოდვა, მათ შორის, კარიერისტული მისწრაფებებიც და ფულის დაგროვების ჟინიც. სწორედ, ამ თემაზე გვესაუბრება დიდი დიღმის წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური მამა გურამი (ოთხოზორია).
– რატომ მიიჩნევა ცოდვად ნებისმიერი საქმიანობით წრეგადასული გატაცება? ანუ რით ვნებს ასეთი ჟინიანობა ადამიანს?
– სხვათა შორის, „ჟინი“ მეგრული სიტყვაა და ნიშნავს „ზემოთ“, ხოლო „ფესვი“, „ძირი“ მეგრულადაა „ჯინი“, ანუ ჯინაზე. აი, ეს ორივე ძალა თანაბრად მოქმედებს მცენარეზე: თუ მცენარეს ექნებოდა მხოლოდ ჟინი, ანუ სულ ზემოთ წავიდოდა, მაშინ წაიქცეოდა, იმიტომ რომ ჩაჯინებული არ იქნებოდა, ანუ მიწაში არ ექნებოდა ფესვები სათანადოდ გადგმული. თუ ზედმეტად ჯინიანი იქნებოდა, ანუ ფესვებისკენ, მიწისკენ წავიდოდა, მაშინ ზემოთ ვერ აიზიდებოდა და ნაყოფს ვერ გამოიღებდა. ისევ შოთა მოვიშველიოთ: „მიჯნური შმაგსა მიქვიან, არაბულითა ენითა“, აი, ასეთი სიშმაგე და ჟინია გამართლებული, სხვა შემთხვევაში ეს არის კერპთაყვანისმცემლობა. ყველა ის უნარი, ძალა, ჟინი, გაშმაგება, რაც ღმერთმა მოგვცა, ჩვენ უნდა გვემსახუროს, რათა დაგვეხმაროს, გადავლახოთ მანძილი საბოლოო მიზნამდე – ღმერთთან მიმსგავსებამდე. მაგრამ ადამიანი ამ ძალებს იპარავს და თავისი ნებით იყენებს იმისთვის, რასაც თვითონ ირჩევს და როდესაც მთელ ამ ძალას ჟინით მიმართავ მხოლოდ ერთი საქმისკენ, ის გამოგივა. წლების წინათ ხელში ჩამივარდა მიქელანჯელოს მემუარები, რომელიც მან, ფაქტობრივად, სიკვდილის წინ დაწერა, არადა 89 წლის გარდაიცვალა და აი, რას ამბობს ის: მთელ ევროპას ჩემი სახელი აკერია პირზე, ჩემი ქანდაკებები მთელ ევროპაშია მოფენილი, მაგრამ რა ტყუილად დავახარჯე დრო ქვებს. მერჩივნა, ჩემი თავი გამომექანდაკებინა, რადგან ახლა, სამწუხაროდ, მაცხოვრის წინაშე ძვლების ცარიელი ტომარა უნდა წარვსდგეო. კარგად გაგვიგოს მკითხველმა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველამ უნდა მიატოვოს საჭრეთელი. მიქელანჯელო ამბობს, ბალანსი დავარღვიეო. სიკვდილის წინ იგივე თქვა. დაჟინება ისარივითაა, ვერაფერს ამჩნევს ირგვლივ, ისე მიჰქრის მიზნისკენ. იესო კი ამბობს, რომ ყველაფერი უნდა შეამჩნიო, სამყაროსთან ერთად უნდა იარო! სრულყოფილებას მაშინ მიაღწევ, როდესაც სწორედ ეს ჟინი გაქვს – კი არ გადაუქროლებ მიწას, არამედ შენს სივრცეში თვალს შეავლებ ყველაფერს, არაფერს დატოვებ ყურადღების, ანალიზის გარეშე. ღმერთმა ჟინი იმისთვის მოგვცა, რომ ყველა წინააღმდეგობა გადავლახოთ. რუსთველიც ამას ამბობს: „ვინც დამბადა, შეძლებაცა მანვე მომცა ძლევად მტერთა“. და ვინ არის მტერი? ადამიანში არსებული მატერია, რომელიც უნდა გადავლახოთ და დავძლიოთ, ოღონდ ისე კი არა, რომ გადავუქროლოთ და მოვიშოროთ, არამედ უნდა გავაკეთილშობილოთ და მოვათვინიეროთ, თუ არადა ის მატერია არ გაგიშვებს. სხვათა შორის, ბრძოლა სულაც, არ ნიშნავს, ხელ-ფეხის ქნევას. დააკვირდით ბრძ-ოლის ფუძეს.
– ბრძ-ენი.
– დიახ, სი-ბრძ-ნე, სიშლეგეა ყველაფერი დანარჩენი. პრობლემა ისაა, რომ კერპებს ვიქმნით, სწორი მიმართულებით არ ვავითარებთ ჩვენს უნარებს და შედეგად ვიღებთ იმას, რომ ადამიანები ლამის საცდელ ცხოველებად არიან გამოყენებული. მთელი შოუ-ბიზნესი ამაზეა აგებული. გახსოვთ, რას ამბობს ვაჟა?! მემღერება და ვმღერიო. ჩვენ კი ხანდახან ბავშვებსაც ვაწამებთ, ვაიძულებთ, იმღერონ, ლექსი თქვან, იცეკვონ. ჟინი რა არის? ის, რომ მოგება, ფული, წარმატება, რეკორდები, კონკურსები გვინდა არა გონს მოსასვლელად, არამედ ვაქციეთ თვითმიზნად, რომ ვიღაცამ თქვას, აი, რამდენ მეტრზე გადახტა, რამდენი კილოგრამი აწია, რამდენი იმღერა, რამდენი ფული იშოვა... ეს ჟინი, ენერგია მოგვცა უფალმა, რომ საკუთარი თავი გარდავქმნათ და მივემსგავსოთ შემოქმედს, მაგრამ ამ უნარს ადამიანი იყენებს ამბიციისთვის, ამპარტავნებისთვის, მე შენ გჯობივარ ან მის ამ უნარს იყენებენ ვიღაცები, რომ სხვას მოუგებს და ამით კეთდება ფული. საბოლოოდ, ყველაფერი მიდის ფულისკენ... განა სპორტია პრობლემა ან ხელოვნება?! პრობლემაა შეპყრობილობა, როდესაც მხოლოდ ერთი მიმართულებითა მიდის ადამიანი და ცხოვრება განზე რჩება, რადგან იმ ერთის გარდა ვერაფერი მოასწრო. უფალმა სამყარო მოგცა დასაკვირვებლად. დაკვირვებით იწყება შემეცნება – ღმერთისა და საკუთარი თავის გაგება, დაკვირვებას მოჰყვება გაკვირვება და შემდეგ – გაოცება, საიდანაც ადამიანს შეუძლია, ამაღლდეს სულიერ სამყარომდე. ამ დროს კი ადამიანი, რომელიც მხოლოდ ერთი მიმართულებით მიდის, ჰპარავს ღმერთს იმ ჟინს, რომელიც უნდა გამოეყენებინა საკუთარი თავის გარდასაქმნელად. ჟინი იმას კი არ ნიშნავს, რომ მოვწყდეთ მიწას და ისარივით ზემოთ წავიდეთ, არამედ, რომ ავიტანოთ ჩვენი თავი და მატერია შევუერთოთ ზეცას. გულში შევაუღლოთ მიწა და ცა! ამიტომ ადამიანი არღვევს ცნებას – „არ იპარო“, იმით, რომ ამ ენერგიას იყენებს არასწორად. ამის თავისუფლებაც განგებამ მისცა ადამიანს. ფუტკრის ბუნებაა, ათასჯერ რომ გაფრინდეს, ერთხელ არ გაუხვევს ნეხვისკენ, რადგან ყვავილებისკენ გაფრენის ჟინი ღვთისგან აქვს მას. მაგრამ ბუზის ჟინი რა არის? რომ წავიდეს ნეხვისკენ, იმიტომ რომ ამის ჟინი მას აქვს გარედან. ადამიანში კი ორივე საწყისი ჩადო განგებამ. იოანე მთაწმინდელის სიტყვებია: „დაასახლა ადამი სამოთხესა საშუებელისასა (შვების მიმცემ), ადგილსა ძლევისასა და ბძოლისასა და შეაყენა წამსა სასწორისასა ცხოვრება მისი.“ ანუ სასწორზეა დადებული, რა გზას აირჩევს ადამი. ჩვენც ასე ვართ. ეს ჟინი, ძალა ჩვენში არსებობს იმისთვის, რომ საკუთარ თავზე ავმაღლდეთ, თუ პირიქითაა, გარეთ რჩება და შედეგად ვიღებთ მასებს, რომლებსაც სულის საკვები არ აქვს. ვერთობით, ვბრუვდებით შოუებით, სერიალებით, რაც დროებით აყუჩებს, ავსებს სიცარიელეს, ჩვენ კი გვჭირდება წამალი, რომელიც განგვკურნავს და მაშინ ჩვენი ცხოვრება იქნება შოუ – კარგი გაგებით და არასდროს დამთავრდება ჩვენი „ფილმი“.