№43 როგორ ცდილობდა გუგული მგელაძე თავისი როლით სომხის გაკეთილშობილებას
ნინო კანდელაკი ეკა პატარაია
„ბევრ საინტერესო ადამიანს შევხვდი ცხოვრების გზაზე, იყო მზეც და ღრუბელიც, დანდობაც და ღალატიც, მაღლა სვლაც და დაცემაც, ყველაფერი იყო”... „შავ-თეთრი გახდა ჩვენი ცხოვრება, და ვეღარ ვიღებთ სანუკვარ ფილმებს. აპარატს ტენი ფერადი ფირით, ის კი ჯიუტად შავ-თეთრად იღებს”... წერა მას შემდეგ დაიწყო, რაც ფილმების გადაღებებს თავი დაანება. ამბობდა, მე რომ ფილმის გადასაღებად ფული მოვითხოვო, სინდისი არ მაძლევს ამის საშუალებას, მირჩევნია, ჩემს შვილს ან შვილიშვილს მისცენ ფული და მათ გადაიღონ ფილმებიო. ეს გუგული მგელაძის დღიურებია, რეჟისორის, რომლის ფილმებიც, დარწმუნებული ვარ, ყველას მოსწონს და უყვარს. „ბურთი და მოედანი“, „ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი“, „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“, „ფესვები“, „გაჭედილები“... ამ დღიურებით თქვენ ახლოს გაიცნობთ რეჟისორს და მისი ფილმების კადრს მიღმა ამბებს.
ჩარლი ჩაპლინი სტალინის აქცენტით
„18 წლის გავხდი. დიდი სამამულო ომი კი არა და არ სრულდებოდა. ძველი კინოსტუდიის ტერიტორიაზე არსებულ კინოსკოლას ჯავშანი ჰქონდა და მეც იქ ჩავაბარე. სიმართლე გითხრათ, კინოზე არასდროს მიფიქრია. მამა – გიორგი მგელაძე, ინჟინერი იყო, 1937 წელს დახვრიტეს. დედა კი არასერიოზულ საქმედ მიიჩნევდა კინოში მოღვაწეობას. ერთხელაც კინოსკოლაში მოსკოვიდან გვეწვია ადამიანი, რომელმაც საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტში (ვგიკ-ში) ჩასაბარებლად რამდენიმე სტუდენტი შეგვარჩია. მე, რა თქმა უნდა, წავედი. საგამოცდო კომისიის წევრებს თითქოს მოვეწონე კიდეც. ლერმონტოვის „მწირი” წავიკითხე, ეტიუდებიც გავაკეთე, მაგრამ სამსახიობო ფაკულტეტის დეკანმა, ტავრიზიანმა განმიცხადა:у вас сильный грузинский акцен! - а что у Сталина (მაშინ სტალინი სტალინობდა), армянский-მეთქი? – ვკითხე. ის შეცბა და ალბათ, შეშინდა კიდეც და მიმიღეს კურსზე. ერთ შესანიშნავ ბიჭს – ვიქტორ ორლოვს დავუმეგობრდი. ერთად დავდიოდით გოგონებში, ვყალთაბანდობდით, დავყიალობდით გორკის ქუჩაზე და პირველი სემესტრის შემდეგ ორივე ერთად გამოგვყარეს. არ მინდოდა თბილისში დაბრუნება. ყველას ეგონა, ჩარლი ჩაპლინად დავბრუნდებოდი. ყველას ვეამაყებოდი, განსაკუთრებით კი – დედას. ამიტომ შემრცხვა და ვერ დავბრუნდი. ხან სადგურში მეძინა, ხან ფოსტაში, ხანაც – ორლოვის მშობლების ბინაში. ასე დავასრულე მეორე სემესტრი და თბილისში დავბრუნდი, მაგრამ ჩემი ტყუილის ძალიან მრცხვენოდა. ამდენი ვეღარ ავიტანე და ზაფხულის გაგანია სიცხეში, გამოცდების პერიოდში, ჯიბეში ერთი ბუხანკა პურისა და ბიძაჩემის ნახმარი პიჯაკით მოსკოვს გავემგზავრე. ტავრიზიანი გაოგნდა, რომ დამინახა: აქ რას აკეთებ, ხომ გაგაგდეს. ერთხელ ძლივს ეწყობა ხალხი და შენ მეორედ მოგინდაო? ინსტიტუტის დირექტორთან შევედი, გოლოვინა იყო გვარად. ავუხსენი, რომ გავიზარდე, დავდინჯდი, საკუთარ თავზე ვიმუშავე. ალბათ, დავარწმუნე და გამოცდაზე გასვლის ნებაც დამრთო. ძლივს მივუსწარი გამოცდას. იქ, სწორედ, ის კომისია დამხვდა, რომელმაც გამომაგდო – მთელი კინოელიტა: ეიზენშტეინი, რომი, როშალი და იუტკევიჩი. გაგიჟდნენ, რომ დამინახეს. ვიდრე აბსოლუტური სიჩუმე არ ჩამოვარდა, კითხვა არ დავიწყე. თან, ვფიქრობდი დედაზე, დახვრეტილ მამაზე, მეგობრებზე... მომზადებული მქონდა პუშკინის „პოეტის სიკვდილი”. დავიწყე: „погиб поэт..." - საკუთარ თავს ვგულისხმობდი და მთელი ძალითა და გრძნობით წავიკითხე. სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. ან დამიჭერდნენ, ან მიმიღებდნენ. უცებ დიდმა რეჟისორმა სერგეი იუტკევიჩმა მიმიხმო და წყლის დალევა შემომთავაზა. ეს უკვე რაღაცას ნიშნავდა. ასე გავიარე პირველი ტური. მერე – მეორეც და... ჩამრიცხეს. ჩემს კურსზე სწავლობდნენ მომავალში საქვეყნოდ ცნობილი კინორეჟისორები და მსახიობები: ნონა მორდიუკოვა, ვიაჩესლავ ტიხონოვი, გრიშა ჩუხრაი, ვლადიმირ ბასოვი, რეზო ჩხეიძე და თენგიზ აბულაძე. მეორე კურსზე ვსწავლობდი, გერასიმოვმა „ახალგაზრდა გვარდიის“ გადაღება რომ დაიწყო. სინჯებზე მე და რამდენიმე სომეხი ახალგაზრდა, მათ შორის – სერგო ფარაჯანოვიც, დაგვიბარეს. როლზე მე დამამტკიცეს. სერგომ ძალიან განიცადა და მკითხა: მითხარი, ქართველმა რატომ უნდა განასახიეროს სომეხიო. მოკლედ ვუპასუხე: იმიტომ, რომ გმირის სახე გააკეთილშობილოს-მეთქი. გაიცინა, მაგრამ გულში მაინც გაბრაზდა და ჯინაზე მსოფლიოში ცნობილი რეჟისორი გახდა.“
ყველაფერი მაინც რეჟისორის მამის დაპატიმრებით დაიწყო. მისი მამა ავად იყო, საწოლში იწვა, როდესაც ჩეკისტები ესტუმრნენ, დაკითხეს და წაიყვანეს. „მალე დავბრუნდებიო“, დაუბარა მეუღლესა და სამ შვილს, მაგრამ მას უმაღლესი სასჯელი მიაკუთვნეს და დახვრიტეს. რეჟისორის აზრით, საბჭოთა რეჟიმმა მისი მამის მიმართ უნდობლობა ბელგიაში მიღებული განათლების გამო დაიმსახურა. დედა ხეიბარი ჰყავდა, მაგრამ სამ შვილს მოვლა და გაზრდა სჭირდებოდა, ამიტომ ორ სამსახურში მუშაობდა, როგორც კი დროს იპოვიდა, ბაზარს მოირბენდა, სურსათ-სანოვაგეს იყიდიდა, ოჯახში შეირბენდა, შვილებს დააპურებდა და ისევ სამსახურში ბრუნდებოდა: „დედა ყოველ ღამე იდგა ძერჟინსკის ქუჩაზე, შინსახკომის კართან და ცდილობდა, ამანათი გადაეცა მამისთვის. დიდხანს დაჰქონდა დედას ამანათი, მამა კი, უკვე დახვრეტილი იყო. 10 წლის ვიყავი და ისიც მახსოვს, ტანსაცმელს სანოვაგეზე რომ ვცვლიდით.“
„როგორც კი კადრში ვჩნდები, თავში ჩამცხებენ რაღაცას და მკლავენ“
„მანამდე „ქაჯანაში” მოვხვდი, ქაჯანას როლი უნდა შემესრულებინა, მაგრამ ზაფხულში თავი გადავიპარსე და მხოლოდ ეპიზოდურ როლს დავჯერდი, მერე კი „გიორგი სააკაძეში” ავთანდილი განვასახიერე. კოტე პიპინაშვილმა „ორი ოკეანის საიდუმლოებაშიც” გადამიღო, მაგრამ როგორც კი კადრში ვჩნდები, თავში ჩამცხებენ რაღაცას და მკლავენ. ეტყობა, რეჟისორს არ უნდოდა, დიდხანს დავრჩენილიყავი ეკრანზე. მოსკოვიდან რომ დავბრუნდი, ფილმში არავინ მიღებდა. ერთხელ შემთხვევით მატარებელში სერგეი გერასიმოვი, ელა ბისტრიცკაია და პეტრე გლებოვი შემხვდნენ. გზად ჩემს ნოველებზე ვესაუბრებოდი, თავს გადახდენილ თუ შეთხზულ ამბებს ვუამბობდი და, – ეს უნდა გადავიღოთო, – დაიძახა ელამ.
ავუხსენი, რომ რეჟისორის დიპლომი არ მქონდა და ფილმის გადაღების უფლებას არავინ მომცემდა. მაშინ გერასიმოვი საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტის დეკანი გახლდათ და უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა. მომიბრუნდა და მითხრა, – დიპლომს მიიღებო, – და სარეჟისორო ფაკულტეტის მესამე კურსზე დამსვა. ორ წელიწადს ვისწავლე.
ავუხსენი, რომ რეჟისორის დიპლომი არ მქონდა და ფილმის გადაღების უფლებას არავინ მომცემდა. მაშინ გერასიმოვი საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტის დეკანი გახლდათ და უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა. მომიბრუნდა და მითხრა, – დიპლომს მიიღებო, – და სარეჟისორო ფაკულტეტის მესამე კურსზე დამსვა. ორ წელიწადს ვისწავლე.
„ბურთი და მოედანი“ და ტროიკას მიერ გასამართლებული იპოლიტე
თბილისში რომ დავბრუნდი, კინოსტუდიის იმჟამინდელმა დირექტორმა, მიშა კვესელავამ მირჩია, სულიკო ჟღენტთან ერთად გადაიღე რამეო. დავსხედით, დავწერეთ და 25 დღეში „ბურთი და მოედანი” გადავიღეთ. წარმოგიდგენიათ? ამდენი ხნის წინ გადაღებული სურათი დღემდე ცოცხალია, არადა, ზოგიერთი შედევრად აღიარებული ფილმი არავის ახსოვს. მაშინ კომედიის გადაღება მოდური არ იყო, ეშინოდათ კიდეც, რადგან მასში სულ სატირას ხედავდნენ. არადა, ჩემს ფილმში მართლა იყო სატირა: მამაჩემი ხომ, ეგრეთ წოდებულმა, ტროიკამ გაასამართლა. იმხანად სამ კაცს გამოჰქონდა განაჩენი. თუ გახსოვთ, „ბურთი და მოედანში” იპოლიტე ხვიჩიას გმირსაც სამი კაცი ასამართლებს. მეშინოდა, არაფერს მიმხვდარიყვნენ, მაგრამ, ალბათ, ხვდებოდნენ კიდეც და მაინც არაფერი თქვეს. ფილმმა აქაც მიიღო პრიზი და მოსკოვის ფესტივალზეც – „საუკეთესო კომედიური ფილმისთვის”. (წყარო: reportiori.ge) იტალიაშიც დიდი წარმატება ჰქონდა... რა ფიუნესი, რის ფიუნესი? იპოლიტე მოვლენა იყო. რეჟისორი გია დანელია მას მე-20 საუკუნის უდიდეს კომიკოსს უწოდებს, არადა მისი წარმატება „ბურთი და მოედნიდან“ დაიწყო.“
„სინათლე ჩვენს ფანჯრებში“ და ზღვაში დაკარგული რეჟისორი
კინორეჟისორის კიდევ ერთ არაჩვეულებრივ ფილმში – „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“ – მთავარი გმირის როლზე ორი მსახიობის კანდიდატურა განიხილებოდა – ეროსი მანჯგალაძის და დოდო აბაშიძის. ორივე გასინჯეს, მაგრამ ეროსიმ რომ გაიგო, დოდოც ამ როლისთვის იყო შერჩეული, უარი გვითხრა. მეგობრები იყვნენ და არ უნდოდა, დოდოს როლში შესცილებოდა. დოდო აბაშიძემ მართლაც კარგად ითამაშა ალექსანდრეს როლი და დასამახსოვრებელი სახე შექმნა.
ფილმის გადაღებები სოხუმში მიმდინარეობდა. ერთ დღეს რეჟისორი და დოდო აბაშიძე ზღვაზე გავიდნენ. დოდომ ეს აბობოქრებული ტალღები რომ დაინახა, ტანზე გაიხადა და წყალში შევარდა. რეჟისორიც უკან მიჰყვა. დოდო უკან მშვიდობით გამოვიდა, რეჟისორი კი ტალღებმა გაიტაცეს და ძლივს გადარჩა. მეორედ ზღვაში გუგული მგელაძემ, დოდო აბაშიძემ და ლიანა ასათიანმა შეცურეს. დოდო ძალიან კარგად ცურავდა, გუგულიც ნორმალურად, მაგრამ ისე ღრმად შევიდნენ ზღვაში, რომ მოიხედეს, ნაპირი აღარ ჩანდა. რეჟისორს შეეშინდა, მაგრამ ემოციებისგან თავი შეიკავა, ლიანა ასათიანს ხომ არ შეაშინებდა. დოდოსთვის უთქვამს, უკან მივბრუნდეთ, გადაღებისთვის უნდა მოვემზადო, შენც წამოდი, ხომ იცი, გუშინდელი ნაქეიფარი ვარ და შენი იმედი მაქვსო. დოდოს კი ღიმილით უპასუხია, საკუთარი თავის იმედი მე არ მაქვს და შენც ნუ გექნება ჩემი იმედიო.