№43 რატომ დაუწესა აშშ-ს კინოაკადემიამ ხელოვნებას ცენზურა და წაახალისა უნიჭობა
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
არავისთვისაა სიახლე, რომ ოცდამეერთე საუკუნე მაინცდამაინც ვერ გამოირჩევა ხელოვნების ბუმით, სიახლე ისაა, რომ გაციფრულება დაინერგა და, თუმცა თანამედროვე ეპოქის შვილები შედევრებს ვეღარ ქმნიან, მაგრამ, სამაგიეროდ, ეფექტებს იყენებენ უკვე არსებული შედევრების გასალამაზებლად: ეს ეხება კინოსაც, მუსიკასაც, მხატვრობასაც, იმას გარდა, რომ პროზაცა და პოეზიაც, ძირითადად, ძველის გადამღერებაა. ამასობაში კი, წელს ერთი უცნაურობაც მოხდა: „ბერლინალე“ 2021 წლიდან აღარ გასცემს პრიზებს ქალისა და მამაკაცის როლების საუკეთესო შემსრულებლებისთვის და ამიერიდან დაწესდება პირველი და მეორე პრიზები, სავარაუდოდ, იმიტომ რომ ვინმეს შეიძლება, ეწყინოს, რატომ ქალი და რატომ მამაკაციო. ამის პარალელურად, ამერიკის კინოაკადემიამაც მიიღო ახალი წესები, რომლებიც სრულად 2024 წელს ამოქმედდება და რის თანახმადაც, ფილმი ვერ იქნება „ოსკარზე“ წარდგენილი, თუ მასში მთავარი ან მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი, მინიმუმ ერთი მსახიობი არ იქნა: აზიური წარმოშობის, ლათინოამერიკული წარმოშობის შავკანიანი, ალასკის ძირძველი მოსახლე, ამერიკის ძირძველი მოსახლე, ახლოაღმოსავლური/ჩრდილოაფრიკული წარმოშობის, ჰავაისა და სხვა წყნარი ოკეანის კუნძულებზე მოსახლე, სხვა რასებისა და მცირე ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელი. ამასთან, ფილმის სრული სამსახიობო შემადგენლობის (მესამეხარისხოვანი როლის შემსრულებლები და სტატისტებიც) 30 პროცენტი უნდა იყვნენ: ქალები, „ელ გე ბე ტე“ ადამიანები, კოგნიტური და ფიზიკური ნაკლისა და სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე პირები.
რაკი ვიცით, საბჭოთა დროს დაბადებული პოეტი და მწერალი ვერ ეღირსებოდა აღიარებას, თუ თავის შემოქმედებაში გარკვეულ ადგილს ლენინისა და პარტიის ხოტბას არ დაუთმობდა, ხოლო კინოფილმების მთავარი გმირები, განსაკუთრებით, ადრეული ბოლშევიზმის ხანაში უნდა ყოფილიყვნენ კოლმეურნე ქალი და მუშა, ბუნებრივია, ასოციაცია იგივე ჩნდება, ვინაიდან ზემოთქმული რეგულაციები სხვა არაფერია, თუ არა ცენზურის დაწესება მუზისთვის, რადგან, წესითა და რიგით, ხელოვანს დრამატურგია სჭირდება თავისი აზრის უკეთ მისატანად მაყურებელთან და არა სოციალურ-პოლიტიკური კონიუნქტურის საამებლად. ფსიქოლოგ დიმიტრი ნადირაშვილთან ერთად განვიხილავთ, თუ რატომ შეერია დემოკრატიულ დასავლეთს კომუნიზმის წითელი ფერი.
– ეს გაქანებული დემოკრატიული მსოფლიო საბჭოური იდეოლოგიისკენ ხომ არ მიდის?
– ასოციაციები შეიძლება, გააჩინოს, განსაკუთრებით საბჭოეთგამოვლილსა და მკაცრ ცენზურას შეჩვეულ საზოგადოებაში.
– თუმცა ცენზურას ძალიან ჰგავს, რატომ არ უნდა ვიყო ქალი და რატომ უნდა დამერქვას ნომერი? მერე იმაზეც შეიძლება, ვიდავოთ, რატომ ქალს პირველი პრიზი და მამაკაცს – მეორეო ან პირიქით.
– დიახ, შეიძლება, გააჩინოს ასოციაციები არა მარტო ჩვენთვის, არამედ, ეგრეთ წოდებულ, დემოკრატიულსა და თავისუფალ საზოგადოებაში. ეგრეთ წოდებულს ვამბობ, რადგან ყველაფერი შედარებითია. როდესაც საქმე ეხება კანონმდებლობას და ეს, ფაქტობრივად, კანონმდებლობაა, იმიტომ რომ განსაზღვრავს ქცევის წესებს – ის ყოველთვის შემზღუდავია და ეს გადაწყვეტილებები ამაზეცაა ორიენტირებული, რომ გარკვეული ქცევები შეიზღუდოს, ამა თუ იმ მიზეზით.
– ქცევა, ჯანდაბას, შეიზღუდოს, მაგრამ ქალი ვარ მე, ამას როგორ შემიზღუდავენ? ესაა წინააღმდეგობა: არ ვიყო ქალი და არ ვიყო ჰეტერო?
– ეს იმ საზოგადოების პრობლემებია, რომელშიც პოლიტკორექტულობის პიკია და ვხედავთ, რომ ლიბერალური შეხედულებების ზენიტში თვით აშშ-შიც, როდესაც ტრამპი გახდა პრეზიდენტი და გაიმარჯვა ძალებზე – ვგულისხმობ „ჰოლივუდსა“ და დემოკრატიულ პარტიას, რომლებიც ლიბერალურ მსოფლმხედველობას ავრცელებენ, როგორი მწვავე რეაქციაა და როგორ უპირისპირდება ამერიკული საზოგადოება ტრამპის არჩევით პოლიტკორექტულობას. პოლიტკორექტულობაც თამაშის გარკვეული წესებია, მაგრამ უპირისპირდება აშშ-ის საზოგადოების განწყობებსაც კი. სუფთა ამერიკული ფენომენია, ერთი მხრივ, „ჰოლივუდიც“, პოლიტკორექტულობაც, მეორე მხრივ, აშშ-ს მწვავე პრობლემებიც და ჩვენ, ფაქტობრივად, ამ ფონში მოვხვდით. რაც თამაშდება აშშ-ში, ტალღებად მოდის ევროპაში და საქართველომდეც ჩამოაღწევს.
– გვახსოვს ობამას ადმინისტრაციის ბოლოდროინდელი განცხადებები ერთნაირსქესიანთა ქორწინების მსოფლიოში ექსპორტის შესახებ.
– ჰომოსექსუალური ორიენტაციის მიმართ დამოკიდებულება ძალიან ემოციურია, იმიტომ რომ უპირისპირდება არსებულ ტრადიციებსა და შეჩვეულ ნორმებს, მაგრამ განსაკუთრებით ემოციური იყო სამხრეთულ ქვეყნებში. ჩვენც სამხრეთული საზოგადოება ვართ.
– თუმცა როსტომ ხანის დროს ჩვენთან ამბები ხდებოდა, დასავლეთს ოცდამეერთე საუკუნეშიც არ დაესიზმრება, თავისი კონტოებითა და ბაჩი-ბაზებით.
– დიახ, ქართულ კულტურას აქვს ეს გამოცდილება. მოდი, ვნახოთ, როგორია სხვადასხვა ქვეყანაში ეს პრობლემა: თითქოს ორ ბანაკად იყოფა სამყარო. ერთი მხრივაა დასავლეთი, რომელშიც კანონმდებლობა იმ დონეზე მივიდა, რომ არა მარტო იცავს ჰომოსექსუალური ორიენტაციის ადამიანებს, არამედ უმცირესობის დაცვით, საკმაოდ დიდ დისკომფორტს უქმნის უმრავლესობასაც და დასავლეთის საზოგადოება ამაზე იღებს ფილმებს და ეს გახდა დღის წესრიგი.
– საქმე იქამდეც მივიდა, რომ კინოფესტივალებზე აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს ფილმებმა, რომელიც ეძღვნება ჰომოსექსუალურ ურთიერთობას, ადრე უპირატესობა ენიჭებოდა ფემინისტურ ფილმებს, ახლა ამან მეორე პლანზე გადაიწია.
– განსაკუთრებით, იმ ფესტივალებზე, სადაც პრიორიტეტია ადამიანის უფლებები. სადაც მაინც ხელოვნებაა პირველ პლანზე – კანისა და ვენეციის კინოფესტივალებს ვგულისხმობ უპირველესად, იქ პოლიტკორექტულობა მეორე პლანზეა. ნობელის პრემიის მინიჭებისასაც არ მოქმედებს პოლიტკორექტულობა, ყურადღებას აქცევენ შემოქმედებით მხარეს. პიტერ ჰანგტე, რომელმაც ახლახან მიიღო ნობელის პრემია, გამოირჩევა არაპოლიტკორექტულობით, მაგრამ მაინც მიიღო ნობელის პრემია, თუმცა, პოლიტკორექტულობის გამო, იყო კრიტიკაც, რომ არ უნდა მიეცათ. სადაც ხელოვნებაა, იქ პოლიტიკა და პოლიტკორექტულობა, წესით, უკან უნდა იხევდეს და ადამიანის თავისუფლება არ უნდა იზღუდებოდეს ნორმებით. თუმცა, რომ გავიხსენოთ ნობელის პრემიის ლაურეატები, განსაკუთრებით, მეოცე საუკუნეში, პოლიტიკა მაინც ახდენდა გავლენას. მაგალითად, ანტისაბჭოთა მწერლები ძალიან წაქეზებულები იყვნენ დასავლეთის მიერ. შეიძლება, იმსახურებდნენ კიდეც სოლჟენიცინი, ნაბოკოვი, მაგრამ მათთვის ნობელის პრემიის მინიჭება მაინც ანტისაბჭოთა ტენდენციების გამოხატულებაა. ყოველ შემთხვევაში, საბჭოთა კავშირი ამას მაინც აპროტესტებდა. ჩვენ არ მოგვწონს დასავლეთის გარკვეული ტენდენციები, მაგრამ რომ შევადაროთ რუსეთსა და ირანს, იქ საერთოდ კატასტროფაა, ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, განსაკუთრებით უმცირესობების უფლებების. ეს ისეთი მეორე უკიდურესობაა, რომელიც კიდევ უფრო მიუღებელია.
– მაგრამ ჩვენ ხომ ახლა ვლაპარაკობთ ხელოვნებაზე, მუზაზე. მე არ ვდაობ, რომ ადამიანის უფლებები დაცული უნდა იყოს, მე ვამბობ, როგორ უნდა შექმნას სცენარი, მაგრამ ეს მიდგომა, სავარაუდოდ, გავრცელდება ხელოვნების სხვა მიმართულებებზეც, როდესაც გიწესებენ ჩარჩოს? იქნებ მე ფერიებზე ვიღებ ფილმს? ერთი წითელი უნდა იყოს, მეორე ყვითელი, მესამე უფეხო, მეოთხე მუნჯი? ეს მაგალითები მომყავს, რომ ამ გადაწყვეტილების აბსურდულობა გამოვკვეთო.
– ამაში გეთანხმებით. ამ განაცხადით, „ჰოლივუდი“, იგივე „ბერლინალე“, პირველ პლანზე – ხელოვნებაზე მაღლა – აყენებს უმცირესობის უფლებებს, ადამიანის უფლებებს და შემოაქვს თამაშის წესები, რის მიხედვითაც, სამყაროს ნომერ პირველი პრობლემა ეს არის. არადა ხელოვნება გარკვეულწილად უპირისპირდება არსებულ ნორმებსა და პოლიტკორექტულობას. ხელოვნების ფუნქციაა, რომ გასცდეს ნორმას, იყოს არაორდინარული და უნიკალური და ყოველთვის ჰქონდეს მძაფრი პოზიცია, მიუღებელი უმრავლესობისთვის. აშშ-ის ზეგავლენა სამყაროზე იმდენად დიდია, რომ, საკუთარი აზრის გამოხატვა უჭირთ სხვა ქვეყნებს, მათ შორის, დემოკრატიულებსაც. ჩემთვის ადამიანის უფლებები ძალიან ღირებულია, როდესაც ვინმე იჩაგრება, ჩემთვისაც ტრაგედიაა და ძალიან ვუთანაგრძნობ ნებისმიერ უმცირესობას, რომელიც იჩაგრება, მაგრამ სხვადასხვა ქვეყანაში ეს სხვადასხვაგვარად უნდა იყოს ასახული. ფსიქოთერაპიული ურთიერთობისას ყოვლად მიუღებელია, თავზე მოახვიოს ფსიქოთერაპევტმა კლიენტს თავისი აზრი. რაოდენ კარგი და სამართლიანი აზრიც უნდა იყოს, დაუშვებელია სხვისი დაჟინებით ადამიანისთვის მისი თავს მოხვევა. დღეს კი პირდაპირ აწვდიან ადამიანებს სხვა საზოგადოებების მიერ დადგენილ აზრებს. ესაა ყოვლად მიუღებელი, იმიტომ რომ თითოეულმა ადამიანმა, საზოგადოებამ, ქვეყანამ საკუთარი მორალურ-ეთიკური პრინციპებით უნდა გადაწყვიტოს, რა არის მისთვის მისაღები და მიუღებელი და როგორ უნდა ასახოს ეს კანონმდებლობაში; და მხოლოდ მათზეა დამოკიდებული, თუ როგორ გადაჭრიან ამ საკითხს. ვგულისხმობ დემოკრატიულ ქვეყნებს. თითოეულმა საზოგადოებამ თავისით უნდა გადაწყვიტოს, როგორი კანონები და ეთიკური ნორმები ჰქონდეს. თუ ეს ასე არ გადაწყდება, სხვების მიერ შეთავაზებული იდეები, რა თქმა უნდა, „კუჭს აუშლის“ საზოგადოებას და წინ დახვდება პრობლემად. სხვათა შორის, იმ საზოგადოებასაც, რომელიც თავზე ახვევს თავის ღირებულებებს. წარმოიშობა კონფლიქტი და ანტიპათია ასეთი თავის მომხვეველი ქვეყნების მიმართ. მეორე მხრივ, საზოგადოება, რომელიც თავად არ წყვეტს თავის პრობლემებს, გამოდის სუროგატის როლში, რომლის აზრიც არავის აინტერესებს არც გარეთ და არც შიგნით. არ უნდა აღმოვჩნდეთ ასეთი საზოგადოების მდგომარეობაში, არადა ამის დიდი საშიშროებაა. ერთი მხრივ, ჩვენ ძალიან პროდასავლური საზოგადოება ვართ და მივრბივართ საბჭოეთიდან, რუსეთიდან, აღმოსავლეთიდან და, მეორე მხრივ, ამ გაქცევისას საზოგადოება არ არის შეთანხმებული, არ მსჯელობს ფასეულობებზე, რაც აუცილებელია, რომ დაიწეროს საზოგადოების განვითარების ისტორია. ამდენად, ეს საკმაოდ ტრაგიკული ვითარებაა.
– ის ნორმები, რომლებიც წესდება, ხომ ნიშნავს, რომ წახალისდება უნიჭობა, რადგან საზომია არა ხელოვანის შემოქმედების დონე, არამედ ის, თუ როგორ ზედმიწევნით დაიცვა თავის ქმნილებაში დაწესებული ნორმები?
– ხელოვნება ხდება სუროგატი, ამ შემთხვევაში, თუ პრიზები მიანიჭეს პოლიტკორექტულობის და არა ხელოვნების გამო, რასაც არ აქვს ზღვარი, მაშინ ძალიან დაემსგავსება ნომენკლატურულს და წინა პლანზე იქნება ასეთი ტიპის ხელოვნების ნაწარმოებების დაკვეთა. ხელოვნებისთვის ეს არის მისი მზის ჩასვლა.
– რაც უნდა კორექტულად ილაპარაკოთ, ეს ემსგავსება იმას, რომ კოლმეურნე ქალი უნდა იყოს დადებითი გმირი, ბურჟუა – საზიზღარი.
– ამ მოსაზრებას 100 პროცენტით ვეთანხმები. ჩვენ მოყირჭებული გვაქვს და კარგად ვიცნობთ ცენზურის ნეგატიურ მხარეს და როდესაც ასეთი ცენზურაა დღევანდელ დემოკრატიულ რეალობაში, ეს ჩვენ გვახსენებს იმ ცენზურას და გვაქვს პროტესტი. მეორე მხრივ, ჩვენ გვაქვს გარკვეული იმუნიტეტიც და იმედი მაქვს, რომ დაგვეხმარება, არ მოვექცეთ გავლენის ქვეშ.