№43 სამხრეთ კავკასიელი ავატარები
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
ანუ იძულებითი კომპრომისი
სომხეთ-აზერბაიჯანს შორის საომარი მოქმედებები გრძელდება და ვითარება ვერც ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების მოსკოვში შეხვედრამ შეცვალა. თუმცა სომხეთის პრეზიდენტმა, ფაშინიანმა „რია ნოვოსტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ყარაბაღის საკითხი დათმობების გზით უნდა მოგვარდეს.
შესაძლოა, მოსკოვი იმიტომაც პასიურობს, რომ სომხეთის დაყოლიებას ელის დათმობებზე (მიუხედავად იმისა, რომ რუსული მედია აქტიურად აშუქებს ყარაბაღის ომს და იმასაც ამტკიცებს, რომ აზერბაიჯანმა უკვე საკუთრივ სომხეთის ტერიტორიაზე მიიტანა იერიში). ამას გარდა, წესითა და რიგით, რუსეთს არც თავის სამხრეთ საზღვრებთან ცეცხლის ხაზის მიახლოება უნდა აძლევდეს ხელს (მათ შორის, რადგან, ისედაც არეულ ჩრდილო კავკასიაში თურქული გავლენა დიდია).
როგორც უნდა იყოს, ჩემი ვარაუდით, რუსეთი ცდილობს ვითარების სათავისოდ გამოყენებას, სამშვიდობოების მანდატით თავისი სამხედროების ყარაბაღში ჩაყენების მიზნით, ოღონდ ეს ამბავი ვერ გამოვა, თუ თურქი სამხედროებიც არ ჩადგებიან იმავე მანდატით. შესაბამისად, ომი იქით იყოს და, ყველაზე სავალალოდ ისევ ის ამბავი რჩება, რომ სამხრეთკავკასიური სახელმწიფოები ერთმანეთთან ურთიერთობის გარკვევის პროცესშიც კი მათ უკან მდგომი დიდი სახელმწიფოების ავატარების როლს ასრულებენ.