№43 დემოკრატიის ლაქები...
ნინო კანდელაკი ნინო ხაჩიძე
„საითაც გავიქეცი, იქით წავიქეცი“?!
თუმცა, სახელდობრ, ჩვენ (და არა მხოლოდ ჩვენ) ამერიკული დემოკრატია სამაგალითოდ გვაქვს, აღმოჩნდა, რომ, როგორც მზე ვერ გაანათებს ულაქებოდ, ისევე უზადოც ვერ ყოფილა ოკეანისგაღმური ეგზომ ნაქები „დემოსის“ „კრატია“.
მეორე მხრივ, მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი გახდა აშშ-ის პრეზიდენტი, აშშ-ისვე დემოკრატიულმა ძალებმა, ჯერ ერთი, იგი აითვალწუნეს და, მეორეც, მათი გავლენის ქვეშ მყოფი მედია-საშუალებები ტრამპის დადებითად წარმომჩენ ინფორმაციას, უბრალოდ, არ აშუქებენ.
სულ ახლახან „ფოქს ნიუსის“ ჟურნალისტმა ტაკერ კარლსონმა განაცხადა, რომ „ასეთი დონის მასობრივი ცენზურა აშშ-ს არ ახსოვს 245 წლის განმავლობაში.“
საქმე კი ის არის, რომ სოციალური ქსელები, „თვითერი“ და „ფეისბუქი“, მთელი დღის განმავლობაში ბლოკავდნენ „ნიუ იორკ თაიმსის“ მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატის, ჯო ბაიდენის შვილის შესახებ. კონკრეტულად, იმის შესახებ, რომ ჰანტერ ბაიდენმა უკრაინელი ოლიგარქებისგან ფული აიღო და ამ კორუფციულ სქემაში მამამისიც მონაწილეობდა.
მეორე მხრივ, „ფეისბუქის“ ქართველმა მომხმარებლებმაც ვიცით, თუ რაოდენ გამოწვლილვით ცხრილავს ინფორმაციას „ფეისბუქი“ და უპრაგონოდაც ბლოკავს მომხმარებლებს, თუ მათ მიერ გაზიარებული ამბები არ მოეწონა. ამდენად, გასაკვირი არც არაფერია, თუმცა ერთი ისაა, რომ „თვითერმა“ აღიარა, მთლად ჯეროვნადაც ვერ მოვიქეცითო.
თავისთავად, ყველაფერი ბუნებრივია – იმიტომ რომ ოკეანის გაღმაც და გამოღმაც ადამიანები ერთნაირი სისხლისა და ხორცისგან შედგებიან, სკამიც ყველგან უყვართ, ძალაუფლებაც და ფულიც. ოღონდ სამწუხარო ისაა, რომ, თუკი ამერიკულ დემოკრატიასაც ლაქები აქვს და, ხანდახან საქმეს ისეთი პირიც უჩანს, რომ ჩვენს დემოკრატიაზეც დიდი, ჩრდილოეთით კი დემოკრატიის ნასახიც არ მოჩანს, აი – აღმოსავლეთი კი, ამ მხრივ, მინუსში უფროა, ერთი იმედიღა გვრჩება, რომ ისეც არ გაგვიხდება საქმე – საითაც გავიქეცი, იქით წავიქეციო.