№44 ვისთან აქვს გია ჟორჟოლიანს „ღამის საუბრები“ სამზარეულოში და რატომ არის, შვილების თვალით, ის გამოუსწორებელი იდეალისტი
პოლიტიკაში მას შემდეგ მოვიდა, რაც 1985-1986 წლებში საბჭოთა რეჟიმმა „პერესტროიკა“ დააანონსა. ახალგაზრდა მეცნიერი, რომელსაც იქამდე „კომკავშირული წარსულიც“ კი არ ჰქონია, მიხვდა, რომ საბჭოთა იმპერია ინგრეოდა და ისე, როგორც ძველად, აღარასოდეს იქნებოდა.
გია ჟორჟოლიანი: ქართველი ინტელიგენტების ოჯახში დავიბადე. მამა – გოგი ჟორჟოლიანი, ქართული ენციკლოპედიის ერთ-ერთი შემქმნელი იყო. სულ მოუცლელი მახსოვს, მწერალთა კავშირის მდივანი, კულტურის მინისტრის მოადგილე, სოხუმის ქალაქკომის მდივანი, უამრავი საზოგადოებრივი ვალდებულებით დატვირთული. დედაც ძალზე დაკავებული იყო, პედაგოგიურ ბიბლიოთეკაში მუშაობდა, ამიტომ მე და ჩემს ძმას ბებიები გვზრდიდნენ. ჩვენს ოჯახში ხშირად იკრიბებოდნენ ქართველი მწერლები, მეცნიერები და საზოგადო მოღვაწეები. პატრიოტიზმი, როგორც ადამიანის ცხოვრების უმთავრესი მიზანი, ბავშვობიდანვე შევისისხლხორცეთ. სკოლის დამთავრების შემდეგ უნივერსიტეტში ჩავაბარე და აღმოსავლეთმცოდნე გავხდი. მაშინაც მეგონა და ახლაც ასე ვფიქრობ, რომ მეცნიერება ყველაზე მნიშვნელოვანი და საინტერესო სფეროა. 30 წლის ვიყავი, ახალგაზრდა, წარმატებული მეცნიერი, როდესაც საბჭოთა კავშირში „პერესტროიკა“ დაიწყო. ჩემი მეგობრებისა და მშობლების წრეში, სადაც გავიზარდე და ყოველღიურად ვტრიალებდი, პატრიოტიზმი ადამიანის ცხოვრების უმთავრეს მიზნად მიიჩნეოდა და ეს არ იყო უბრალოდ სიტყვები. საბჭოთა კავშირი არავის მოგვწონდა. მართალია, ფორმალურად დისიდენტურ საქმიანობას არ ვეწეოდით, მაგრამ ხშირად იმაზე უფრო რადიკალური შეხედულებები გვქონდა, ვიდრე ცნობილ ქართველ დისიდენტებს. იმხანად ცოტას თუ წარმოედგინა, რომ ერთ მშვენიერ დღეს საბჭოთა კავშირი დაიშლებოდა. ამ პერიოდში საქართველოში ჩამოყალიბდა „სახალხო ფრონტი“, რომლის ორგანიზატორიც მერაბ მამარდაშვილთან, ნოდარ ნათაძესთან, ალექსანდრე ჯავახიშვილთან და სხვებთან ერთად, მეც ვიყავი. პირველად საქართველოს პარლამენტში 1992 წელს მოვხვდი. მე და ჩემი თანამოაზრეები დემოკრატიული ფასეულობების ერთგულები, დასავლეთთან მჭიდრო ინტეგრაციის მომხრე ვიყავით და მხარს ვუჭერდით შევარდნაძის პოლიტიკურ ხედვას. 1994 წლამდე „მოქალაქეთა კავშირის“ თავმჯდომარის მოადგილე ვიყავი, ვიდრე არ მივიჩნიე, რომ ორგანიზაცია აპარატულ-ბიუროკრატულ გზას დაადგა და საზოგადოებასთან კავშირი დაკარგა. კვლავ აკადემიურ საქმიანობას დავუბრუნდი, მეგობრებთან ერთად ჩამოვაყალიბე სამეცნიერო ცენტრი და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობა ამ კუთხით მივიღე. აქტიურად დავუპირისპირდი რადიკალურ ნეოლიბერალიზმს, რომელიც საქართველოს ხელისუფლებაში რევოლუციის გზით მოვიდა. 2010 წლიდან, თანამოაზრეებთან ერთად, დავაფუძნეთ პარტია „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“. თანამედროვე ევროპული ქვეყანების უდიდესი უმრავლესობა სოციალ-დემოკრატიულ წესრიგს ემყარება. ახლა „სოციალ-დემოკრატები საქართველოს განვითარებისთვის“ 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის ვემზადებით და ვფიქრობთ, რომ პარლამენტში ღირსეული წარმომადგენლობით შევალთ, რადგან სოციალ-დემოკრატიული ხედვა უალტენატივოა და ადრე თუ გვიან, ჩვენი ქვეყანა ამ გზას დაადგება. ჩვენ ახლა ისეთივე სახელმწიფო გარდაქმნის მიჯნაზე ვდგავართ, როგორც 90-იან წლებში. კრიზისში შევიდა ნეოლიბერალური და გლობალისტური შეხედულბები. დღეს, როგორც არასდროს, აუცილებელიც კი ხდება სოციალ-დემოკრატიული იდეების განხორციელება.
როგორია არაპოლიტიკოსი გია ჟორჟოლიანი, ოჯახის თავი, მეუღლე, მამა და ბაბუა? „სხვა“ ბატონი გიას გასაცნობად ჩვენ ჟორჟოლიანების ოჯახს ვესტუმრეთ:
ბატონი გიას მეუღლე, თინა ზალდასტანიშვილი, პროფესიით ლინგვისტია. მომავალი მეუღლე ჯერ კიდევ სკოლაში გაიცნო. ერთ კლასში სწავლობდნენ და რაც თავი ახსოვთ – 14 წლიდან, ერთმანეთი უყვართ.
თინა ზალდასტანიშვილი: 19 წლის ასაკში დავქორწინდით. მახსოვს, მთელი 62-ე სკოლა ჩვენს სიყვარულზე ჭორაობდა, არც მასწავლებლების მკაცრი მეთვალყურეობა გვაკლდა. ძალიან ახალგაზრდებს შეგვეძინა შვილები, რომელთა აღზრდაც, ძირითადად, ბებია-ბაბუებმა ითავეს. მეც და გიაც ვსწავლობდით, ვმუშაობდით, დავიცავით დისერტაციები... მიმაჩნია, რომ ჩვენი ოჯახის სიმტკიცე შეხედულებებისა და პრინციპების თანხვედრამ და ერთიანმა სამეგობრო წრემ განაპირობა. ჩვენს სამეგობროში გიას სიტყვასა და რჩევას დიდი მნიშვნელობა აქვს. არ მახსოვს, ისე მიმეღოს რაიმე მეტად თუ ნაკლებად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, გიასთვის არ მეკითხოს აზრი. ისე არ გამიგოთ, თითქოს ახლა მეუღლის იდეალურ პორტრეტს ვხატავდე. ცუდი თვისებები?.. რასაკვირველია აქვს, მაგალითად, ზედმეტი სიფიცხე. უცებ გამოდის წყობიდან. ფეთქებადი ხასიათი აქვს, თუმცა მალევე მშვიდდება და ძალიან უკვირს, რატომ ვებუტებით ხოლმე ამ წუთიერი მრისხანების გამო. მისი ყველაზე დადებითი თვისება პრინციპების ერთგულებაა. პრინციპების გამო შეუძლია, დატოვოს მაღალი თანამდებობა, პრივილეგიები, თუმცა, არასდროს უღალატებს იმას, რისიც სჯერა. უზომოდ პატრიოტია და თავისი ქვეყანა ყველაფერზე მეტად უყვარს.
უფროსმა ვაჟმა, გიორგი ჟორჟოლიანმა, მოღვაწეობის სფეროდ ექსპერიმენტული მუსიკა აირჩია. ბერლინში ხმის ინჟინრის სასწავლო კურსი გაიარა. ქართულ ელექტრონულ მუსიკაში გიორგი ჟორჟოლიანი ერთ-ერთი პიონერია. გიორგის ინტერესთა სფეროში ინდოეთი და მისი კულტურაც მოექცა, რომელიც კაცობრიობის ცოდნის საბადოდ მიაჩნია. უყვარს მოგზაურობა, „ჰარლი დევიდსონით“, რომლითაც ევროპაში 7 500 კილომეტრი გაიარა. ხშირად მოგზაურობს ქალიშვილთან, ელი ჟორჟოლიანთან ერთადაც. მამის პოლიტიკურ შეხედულებებს ნაწილობრივ ეთანხმება და მიაჩნია, რომ გია ჟორჟოლიანი იდეალისტია, რომელსაც მუდამ სჯერა ადამიანისა და უკეთესი მომავლის. სჯერა იმისიც, რომ სისტემური რეფორმების გატარებით ძირეულად შეიცვლება სახელმწიფოს მომავალი.
ქალიშვილი, ქეთი ჟორჟოლიანი, საერთაშორისო ურთიერთობათა მაგისტრია. ამჟამად სარეკლამო სფეროში მუშაობს მარკეტინგის მიმართულებით. ადამიანის პატივისცემა და გულისხმიერება გია ჟორჟოლიანის საუკეთესო თვისებად მიაჩნია. მამა ქეთის ლექტორი იყო, მთელი სტუდენტობა ამაყობდა იმით, რომ მისი ყველა მეგობარი აღფრთოვანებული იყო გიას ერუდიციითა და ნიჭიერებით. ბავშვობიდან ახსოვს „ღამის საუბრები“, სამზარეულოში, სამსახურიდან დაბრუნებულ მამასა და შვილს შორის გვიან ღამით რომ იმართებოდა. გია ჟორჟოლიანის „ღამის საუბრები“ ახლა, ტრადიციასავით, შვილიშვილებთან გრძელდება, რომლებიც ბაბუის ყველაზე დიდი მეგობრები არიან.