№42 დავით გიგაური: ბებიაჩემის დეიდაშვილებმა, ილია და კირილ ზდანევიჩებმა, აღმოაჩინეს ფიროსმანი
ნინო კანდელაკი ქეთი მოდებაძე
დავით გიგაური ცნობილი ქართველი წინაპრების შთამომავალია. მიუხედავად იმისა, რომ პირადად მას საქართველოში არ უცხოვრია, ბოლომდე გაცნობიერებული აქვს, რომ მისი სამშობლო საქართველოა, რომლის პოპულარიზებისთვისაც ძალიან ბევრს აკეთებს. მისი წინაპარია არჩილ გურიელი-ჭყონია. ფართო საზოგადოების ყურადღება არჩილ გურიელ-ჭყონიამ კოსმეტიკის დედოფლად შერაცხულ და ერთ-ერთ უმდიდრეს ქალბატონ ჰელენა რუბინშტეინთან ქორწინებით მიიქცია. ჰელენა პოლონელი ებრაელი გახლდათ და უზარმაზარ პარფიუმერულ კომპანიას „ჰელენა რუბინშტეინს“ ფლობდა, რომელიც ამჟამად „ლორეალის“ ჯგუფში შედის.
ასევე, მისი წინაპრები იყვნენ ნესტორ გარდაფხაძე, ილია და კირილ ზდანევიჩები, რომელთა შესახებაც თავად მოგვითხრობს.
– დავით, საუბარი თქვენი წიგნით დავიწყოთ, როგორ გაგიჩნდათ მისი შექმნის იდეა, როგორი იყო მასზე მუშაობის პროცესი და გამოხმაურება?
– უკვე 15 წელია, რაც საზღვარგარეთ მოღვაწე ქართველების ისტორიას ვსწავლობ, ამიტომ ძალიან ამაღელვებელი იყო ამ წიგნზე მუშაობა. ის აერთიანებს რამდენიმე შესანიშნავ რეცეპტს და უცხოეთში მცხოვრები ცნობილი ქართველების შესახებ ისტორიებს – ნიუ-იორკის ბალეტის დამაარსებლით, ჯორჯ ბალანჩინით დაწყებული და ცნობილი გენერლით, პეტრე ბაგრატიონით დამთავრებული. წიგნის იდეა დაიბადა 2013 წელს, როდესაც პარიზში, Ritz Hotel Bar-ში ჩემს მეგობარსა და წიგნის თანაავტორს, ანა სალდაძეს, შევხვდი. სწორედ ამ ბარში 1923 წელს ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა მიქსოლოგმა (ბარმენი) ფრანკ მეიერმა გამოიგონა კოქტეილი სახელწოდებით Nicky’s Fizz, რომელიც ეძღვნებოდა ცნობილ ქართველ სოციალისტ ემიგრანტს, ნიკოლოზ Nicky თუმანიშვილს. რამაც მიგვიყვანა სასმელისა და საკვების შესახებ საუბრამდე და შემდეგ – ქართველ ხალხზე მსოფლიოს მასშტაბით. ამ დროს დაიბადა წიგნის იდეა. წიგნს შესანიშნავი გამოხმაურება ჰქონდა. ახლა მეორე გამოცემაზე ვმუშაობთ. წიგნი გერმანულად თარგმნა წამყვანმა ავსტრიულმა გამომცემლობამ და ახლა პარიზის ლეგენდარული Galignani-ის წიგნების მაღაზიაში (დაარსდა 1520 წელს) იყიდება. ცნობილმა გალერეამ White Cube-მა ლონდონში ჩვენი წიგნის პრეზენტაციას უმასპინძლა; ის წარდგენილი იყო საქართველოს მიერ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, რომელიც ბეჭდური მედიისთვის მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი ბაზრობაა და რაც მთავარია, მკითხველებმა შესანიშნავი შეფასებები დაგვიტოვეს.
– საქართველოდან რა მიზეზით წავიდა თქვენი ოჯახი?
– მამაჩემი 16 წლის იყო, როდესაც თბილისი დატოვა და მოსკოვში წავიდა პირველ სამედიცინო უნივერსიტეტში მედიცინის შესასწავლად, სადაც ის ცნობილი ალექსანდრე მიასნიკოვის ხელმძღვანელობის ქვეშ მუშაობდა, როგორც გამორჩეული სტუდენტი. დედაჩემი მოსკოვში საცხოვრებლად გაცილებით გვიან გადავიდა – როდესაც მამაჩემზე დაქორწინდა. ჩემი უფროსი ძმა მოსკოვში დაიბადა, მე – თბილისში, რადგან იმ პერიოდში დედა საქართველოში იყო.
– რამდენადაც ვიცი, დღეს ლონდონში ბევრს აკეთებთ ქართული კულტურის პოპულარიზაციისა და ქართულ-ბრიტანული ურთიერთობების გასაღრმავებლად. მოგვიყევით ამ მიმართულებით თქვენი აქტივობების შესახებ...
– მე ობიექტურად მჯერა, რომ საქართველოს ბევრის შეთავაზება შეუძლია მსოფლიოსთვის და მოხარული ვიქნები, თუ მას ნებისმიერი საშუალებით დავეხმარები. რაც შეეხება ღონისძიებებს, აქ გაიმართა „ვეფხისტყაოსნის“ ინგლისურ ენაზე თარგმნის 100 წლის იუბილე, რომელიც ბრიტანეთის ბიბლიოთეკაში და ინგლისში არსებულ რამდენიმე უნივერსიტეტში აღინიშნა; აგრეთვე, ლექციები ქართულ ენასა და მწიგნობრობაზე; საქველმოქმედო ღონისძიებები საქართველოს ინტერესების მხარდასაჭერად და ასე შემდეგ. ასევე მნიშვნელოვანია ისეთი ღონისძიებების ჩატარება, რომელიც არ იქნება ერთჯერადი და დროთა განმავლობაში გახშირდება კიდეც. მაგალითად, ჩემს ძმას დავეხმარე პირველი ქართული საზოგადოების დაფუძნებაში ოქსფორდის უნივერსიტეტში (სადაც ჩემი ძმა სწავლობდა); Royal Asiatic Societi-ში ჩემი ინიციატივის საფუძველზე, ყოველწლიურად აღინიშნება რუსთაველის დღე, რომელიც ასეთ დიდ ბრიტანულ ინსტიტუტში ექსკლუზიურად საქართველოსთვის მიძღვნილი დღეა; ვეხმარები გუნდს ლონდონში გამართულ ქართულ კინოფესტივალზე, რომელიც წელიწადში ორჯერ ტარდება; ჩემი აქტივობა უკავშირდება, აგრეთვე, ვესტმინსტერის უნივერსიტეტში საქართველოს ყოველწლიურ დღეს, რომელიც დოქტორმა თამარა დრაგაძემ დააწესა და რომელიც უკვე 32-ე წელია, აღინიშნება. ბრიტანეთის ქართული საზოგადოება ატარებს ყოველწლიურ ქართულ სემინარს კემბრიჯის უნივერსიტეტში, სადაც მე ვიცე-თავმჯდომარე ვარ; ასევე, გახლავართ საქართველოს სათვისტომოს საბჭოს წევრი დიდ ბრიტანეთში, სადაც წლის განმავლობაში უამრავ კულტურულ და საქველმოქმედო ღონისძიებას ვატარებთ. განცხადება შევიტანე ახალციხის Newcastles of the World ასოციაციაში (ახალციხე, როგორც საქართველოს ახალი ციხე) შესვლაზე. მართალია, ამას რამდენიმე წელი დასჭირდა, მაგრამ ახლა ახალციხე არის გლობალური Newcastles-ის ასოციაციის სრულუფლებიანი წევრი და ურთიერთობა ყველა ფრონტზე იწყებს განვითარებას, თუმცა საჭიროა ბევრი მუშაობა, რათა ამ ასოციაციის შეთავაზებების გამოყენება სრულად შევძლოთ.
– გაგვაცანით თქვენი ოჯახი და საამაყო წინაპრები...
– მამაჩემი საბჭოთა ექსპერიმენტული ქირურგიის განყოფილებას ხელმძღვანელობდა და იყო რუსეთის კოსმონავტიკის აკადემიის აკადემიკოსი. მას მიენიჭა ორი სახელმწიფო ჯილდო სამედიცინო და კოსმოსურ სექტორში კერძოდ, სუნთქვის აპარატზე მუშაობისთვის, რომელიც გამოიყენებოდა სივრცეში; აგრეთვე უნდა აღინიშნოს ხელოვნური გულის პროექტი, ბოჭკოვანი წებო და თვითმფრინავის ინჟექტორი. მამა ამ სფეროში 200-ზე მეტი პატენტის ავტორია.
დედაჩემის მხრიდან, ჩემი დიდი ბაბუა, თავადი და გენერალი ნესტორ გარდაფხაძე, გენერალ კონსტანტინე აფხაზთან და პოლკოვნიკ ქაიხოსრო ჩოლოყაშვილთან ერთად, ბოლშევიკური ანექსიის წინააღმდეგ 1921 წლის აჯანყების ყველაზე ცნობილი ლიდერი იყო (იგი ხელმძღვანელობდა სვანეთის აჯანყებას). მისი დედა იყო სვანეთის ცნობილი მთავრის, კონსტანტინე დადეშქელიანის ქალიშვილი.
მანამდე კონსტანტინე დადეშქელიანი სანკტ-პეტერბურგის საიმპერატორო ჯარში მსახურობდა და თურქეთში ერზერუმის აღების უშუალო მონაწილე იყო. მისი ერთ-ერთი შვილი, ჩემი დიდი ბიძა, დიდი თავადის ნათლული იყო.
მისი მეუღლე, თავადი ეკატერინე გურიელი, სანქტ-პეტერბურგში ცხოვრობდა, სადაც მისი დეიდაშვილი რუსეთის იმპერატრიცას ფრეილინა იყო. მისი მეორე და დანიშნული იყო ანდრეი ტოლსტოიზე, ლევ ტოლსტოის ვაჟზე. სამწუხაროდ, ეს კავშირი ტრაგედიით დასრულდა. რევოლუციის შემდეგ ნესტორი სიკვდილით დასაჯეს, ხოლო ეკატერინემ ფრანგულის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა, რათა თავისი შვილები ერჩინა. მისი ქალიშვილი, ჩემი დიდი ბებია, თინათინ გარდაფხაძე, დაქორწინდა დიდ ქართველ მეცნიერზე, პროფესორ არდევან ახვლედიანზე.
ჩემი კიდევ ერთი დიდი ბაბუა იყო ცნობილი ვაჭარი გიორგი კობერიძე, რომელიც ტუაფსეში იყო დასახლებული და კახური ღვინით საკუთარი ბრენდის – გ.ს. კობერიძის სახელით ამარაგებდა მთელს იმპერიას. რევოლუციის შემდეგ მას მთელი ქონება ჩამოართვეს და მის ვაჟიშვილს, ჩემს ბაბუას, ვლადიმერს, გვარის შეცვლაც კი მოუწია, რათა სკოლაში წასულიყო (კობერიძიდან – შაქარაშვილზე). მეორე მსოფლიო ომის დროს ჩემი ბაბუა, რომელიც ახალგაზრდა სამხედრო ექიმი იყო, ბერლინში გადავიდა. ომამდე, მიუხედავად იმისა, რომ ის უკვე კვალიფიციური ექიმი იყო, სთხოვეს ეთამაშა აბესალომის როლი ფილმში „აბესალომ და ეთერი“, სადაც ეთერის როლს ლეგენდარული მსახიობი, მედეა ჯაფარიძე ასრულებდა. სამწუხაროდ, ომის გამო ფილმის გადაღება ვერ დასრულდა. მისი მეუღლე, ჩემი ბებია ნათელა ახვლედიანი, რომელიც ასევე ექიმი გახლდათ, ხელოვნებით იყო გატაცებული. ის იყო ლადო გუდიაშვილის მუზა. სტალინის პერიოდში მან გახსნა ცნობილი ალღუმი მოსკოვში (მსახიობ გოგი გელოვანთან ერთად სოლიკო ვირსალაძის კოსტიუმებით).
ჩვენი ოჯახის უმრავლესობა რამდენიმე თაობის ექიმი იყო, მაგრამ ისინი, ასევე, აქტიურად იყვნენ დაინტერესებული ხელოვნებით, რომელიც მუდმივად იყო ჩვენი ოჯახის განუყოფელი ნაწილი. ჩემი ბებიის დეიდაშვილებმა ილია და კირილ ზდანევიჩებმა აღმოაჩინეს ფიროსმანი და საფრანგეთში ემიგრაციის დროს მუშაობდნენ პიკასოსთან, შაგალთან, მიროსთან, ჯაკომეტისთან და სხვა ცნობილ მხატვრებთან ერთად. შემიძლია, კიდევ განვაგრძო, რამდენადაც არსებობს შესანიშნავი ისტორიები რომლებიც 1920-იან წლებში ემიგრაციაში წასულ ჩემს ოჯახის წევრებს უკავშირდება, მაგრამ ამას ძალიან დიდი დრო დასჭირდება.
P.S. გამოყენებულია ჟურნალ „Hello“-ს ფოტოები.