№42 მაკა მახარაძე: სხვისი ფული არ უნდა დათვალო, არა მგონია, „ნეტა იმათ“ განწყობა სწორი იყოს
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
ყველასათვის საყვარელი ოჯახის ყველასათვის საყვარელ წარმომადგენელს – მაკა მახარაძეს საკუთარი ოჯახის, შეხედულებების, სიყვარულისა და თავის მოვლის შესახებ ვესაუბრეთ.
მაკა მახარაძე: როცა თავისუფალი ვარ და დრო მაქვს, ძირითადად, ზაფხულში, რამდენიმე პროცედურას ვიტარებ, თმის, სახის კანისა და ტანის მოსავლელად. ტყუილი ამბავია, რომ ძვირიან კრემებს ვყიდულობ. ვიღებ ერთი კვერცხის გულს, ერთი სუფრის კოვზ თაფლს, ამდენივე მცენარეულ ზეთს, ვურევ ერთმანეთში და სახეზე ვისვამ – კისერსა და დეკოლტესაც ძალიან უხდება. შემდეგ ამ ყველაფერს ვუმატებ შამპუნს და თმაში ვიზელ. შხაპის ქუდს ვიხურავ, ნახევარ საათამდე ვიჩერებ და ვიბან. ჯერ ცოტა წყალს ვისხამ, კარგად ავაქაფებ და შემდეგ კვერცხის სუნი რომ მოვიშორო, შამპუნს კიდევ ერთხელ ვისხამ. ამ ნიღაბს პირველად რომ გამოიყენებთ, მოგეჩვენებათ, რომ ძალიან ბევრი თმა დაგცვივდათ. ეს არაჯანსაღი თმაა, რომელსაც ნიღაბი ერთბაშად გაშორებთ და არ შეგეშინდეთ. კვირაში ერთხელ მაინც თუ მიმართავთ ამ მეთოდს, ძალიან კარგი იქნება. მე მშრალი კანი მაქვს და ძალიან მომწონს, ნორმალური ტიპისთვისაც კარგია. სხეულისთვის სკრაბს ვამზადებ ყავისგან. ყავას რომ დალევთ, ნალექი გადაიტანეთ სხვა ჭურჭელში და ყოველი დალევისას დაამატეთ. რამდენიმე დღეში იმდენი შეგროვდება, რომ მთელი სხეულისთვის საკმარისი სკრაბის მოსამზადებლად გეყოფათ. დაისველეთ სხეული, შეიზილეთ ყავის ნალექი და ჩამოიბანეთ. განსაკუთრებით კარგია რუჯის შემდეგ, კანი რომ არ აგექერცლოთ. მე მხოლოდ ეს მშველის და თბილისში რომ ვბრუნდები, ყოველთვის ვიკეთებ. საპონს საერთოდ არ ვიყენებ, კანს მიშრობს და ყოველდღე ამ მეთოდს მივმართავ. ორგანიზმისთვის ძალიან კარგია კონტრასტული შხაპი, ანუ ცოტა ცხელი და ცოტა გრილი წყლის მონაცვლეობა, ეს სისხლძარღვებისთვისაა სასარგებლო, მაგრამ მხოლოდ ტანზე, თავის დაბანისას ასე ნუ მოიქცევით.
– კვებასაც აქცევთ ყურადღებას?
– კვების ამბავი მე არ უნდა მკითხოთ, მომატებული ვარ წონაში (იცინის). კარგია, რომ დაბალანსებულად იკვებო, რაც საერთოდ გამომდის, მაგრამ როცა აგარაკზე ვარ – არა. აქ მეგობრები ვიკრიბებით, ჩემი ძმაც აქაა ოჯახით. ყოველ საღამოს ვსხედვართ, ტკბილად ვსაუბრობთ და თან ხრამა-ხრუმი გვაქვს (იცინის). ამას თავის შედეგი მოჰყვება. სხვა დროს, ვცდილობ, გვიან საათებში არ ვჭამო.
– გარეგნობას დიდ ყურადღებას აქცევთ? ყოველდღიურად გაპრანჭვა რამდენადაა თქვენი ხასიათის ნაწილი. თქვენი გარეგნობით ყოველთვის აღფრთოვანებულები იყვნენ და წლების მატებასთან ერთად განსაკუთრებულად თუ ცდილობთ, შეინარჩუნოთ ეს ყველაფერი?
– დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის. ვცდილობ, რომ გარეთ ხალათითა და თმადაუვარცხნელი არ გავიდე. თან, ისეთი სწორი თმა მაქვს, ადვილი მისახედია და განსაკუთრებულ ყურადღებას არ საჭიროებს. თვალები აუცილებლად დახატული უნდა მქონდეს, ისე გარეთ არ გავალ. იმიტომ კი არა, რომ ვინმეს თავი მოვაწონო, სარკეში რომ ჩავიხედავ, მგონია, რომ ავად ვარ. მთელი ჩემი ცხოვრებაა, ასე ვფიქრობ. არ მომწონს ჩემი თავი, თვალებს რომ დავიხატავ, არც მერე ვგიჟდები, მაგრამ მგონია, რომ ნორმალურია. ვამბობ ხოლმე, წავალ ახლა, თვალებს ჩავიდგამ-მეთქი. როცა თვალები ჩადგმული მაქვს, მაშინ უკეთეს ხასიათზე ვარ (იცინის). გაპრანჭვა არაა ჩემი სტილი, მაგრამ ვცდილობ, ნორმალურად გამოვიყურებოდე. წესრიგი და სისუფთავე ყველაფერში მიყვარს.
– ასაკთან როგორი დამოკიდებულება გაქვთ?
– რა ვქნათ? რახან ცოცხლები ვართ, ამას უნდა შევეგუოთ. ვერ ვიტყვი, ისეთი მინდა ვიყო, როგორიც ოცი წლის ასაკში-მეთქი, სიბერის არ მეშინია. არ მიხარია, მოჩვარულს რომ ვხედავ რაღაცებს, მაგრამ ადამიანმა უნდა იცოდე, რომ ასაკის მატებასთან ერთად, ეს ნორმალურია. გული დაგწყდება, მაგრამ თითო ნაოჭის გამო ტრაგედიების შექმნა სისულელე მგონია.
– ნათქვამი გაქვთ, ჩემთვის ძალიან დიდი ტვირთია ასეთი ოჯახის შვილობაო. ეს როდის გააცნობიერეთ?
– არ მახსოვს ეს რა ასაკში, მაგრამ თავისთავად მოხდა. ერთი მხრივ, ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა, საითაც გავიხედავ, ჩვენდა საბედნიეროდ, ხელოვნების ყველა სფეროში არიან ჩვენი ოჯახიდან. დიდი პასუხისმგებლობა კი ისაა, რომ არ მინდა, ჩემი მშობლები შევარცხვინო. ახლა ნაკლებად, ახალგაზრდობაში უფრო მეტად ვცდილობდი, მათთვის შეუფერებლად არ მოვქცეულიყავი. ეს არავის უსწავლებია ჩემთვის, ბუნებრივად მოხდა. ჩემი შვილები, შვილიშვილები, ძმისშვილები, ყველა საქმეში არიან და მუშაობენ. ბევრს ჰგონია, რომ რადგან იმის შვილი, შვილიშვილი თუ შვილთაშვილია, „მაგას რა უჭირს?!“ არ არის ასე. მაგათ ის უჭირთ, რომ ყოველთვის „სტარტზე“ უნდა იყვნენ, პატივი სცენ წინაპრების სახელს და არ უღალატონ მათ. ჩემი შვილებიც და შვილიშვილებიც ძალიან მშომელები არიან, არავინ არაა მხარ-თეძოზე წამოწოლილი და არ ელოდება ზემოდან ჩამოცვენილ ფულს.
– ამ პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, ბავშვობა რთული იყო თუ უფრო განებივრებული იყავით?
– განებივრებული ვიყავით იმით, რომ ასეთი კარგი მშობლები გვყავდა, თორემ, არ ჰქონდათ ჩემს მშობლებს მატერიალურად იმის საშუალება, რომ ჩვენ გავენებივრებინეთ. ეს ძალიან კარგიცაა. თინეიჯერი ვიყავი, ფირსაკრავზე რომ ვოცნებობდი. ვერასდროს მიყიდეს, იმიტომ, რომ ხელფასი არ ჰქონდათ შესაბამისი, მიუხედავად იმისა, რომ თავაუღებლად მუშაობდნენ ყოფის შესამსუბუქებლად. შორიდან ყველას ჰგონია, რომ წამოწოლილები ვართ და თავის მოვლის მეტი არაფერი ვიცით. დედას თავის მოვლის საიდუმლოზე რომ მეკითხებიან ხოლმე, ვპასუხობ, მთელი მისი საიდუმლო იმაში იყო, რომ რაც ხელში მოხვდებოდა, ყველაფერს სახეზე ისვამდა. სადილს რომ არაჟნით აკეთებდა, სახეზეც ისვამდა და სანამ დაამთავრებდა იჩერებდა, პომიდორს, კიტრის ნათალს იდებდა.
– თქვენი ოჯახის ყველა წევრი წარმატებულია, ასეთებად გხედავენ და სხვები ფიქრობენ, რომ ყველაფერი გაქვთ, რაც კი შეიძლება, ადამიანმა ინატროს. თუმცა, პირადად თქვენი ცხოვრება რომ ავიღოთ, ბევრი სირთულე გამოიარეთ. იხსენებდით ხოლმე, რომ ცხრა თვე, როცა ფეხმძიმედ იყავით, მშობლების დაშორების გამო ტიროდით. შემდეგ, შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მოგიწიათ ბევრ სირთულესთან გამკლავება.
– ადამიანებზე რომ ვფიქრობთ ხოლმე, რა უჭირს, მდიდარიაო, სულ ვაკვირდები, რას ნიშნავს მდიდარი? რამდენად ნიშნავს ეს ბედნიერებას? ყველას აქვს თავის პრობლემა. შეიძლება, ფული ჰქონდეს, მაგრამ ყველას თავისი გასაჭირი აქვს. არასდროს სხვისი ფული არ უნდა დაითვალო. არა მგონია, რომ „ნეტა იმათ“ განწყობა სწორი იყოს. პირადად მე ბევრი რამ გადავიტანე. იმედი მაქვს, გადავიტანე და კიდევ გადასატანი აღარაა. სიყვარული, რომელიც ჩვენ გვერგო, ჩვენი მშობლების ცხოვრების გამოძახილია. მათდამი სიყვარულით ჩვენც შეგვიყვარეს. ჩვენც რომ არაფერი გვექნა, ალბათ, მათთან დამთავრდებოდა ყველაფერი, მაგრამ რომ გადმოგვყვა, ეს მათი გაკეთებული სიკეთეების დამსახურებაა. დღევანდელი გადასახედიდან, შეიძლება, ადამიანს გაუჭირდეს კიდეც დაჯერება, რასაც ისინი სრულიად უსასყიდლოდ აკეთებდნენ ნაცნობებისთვის თუ უცნობებისთვის. ერთადერთი ინტერესი, რაც მათ ჰქონდათ, სიკეთის კეთება იყო. ბინის მიღება იქნებოდა, სამსახურის შოვნა, ელემენტარული – სახლის ტელეფონის დადგმა თუ ასე შემდეგ. მიდიოდნენ ზემდგომ ორგანოებში და ყველას ეხმარებოდნენ. ახლა ხალხს ჰგონია, რადგან ჩემს მშობლებს თუ სხვებს ზემდგომ ორგანოებში მიესვლებოდათ, ესე იგი, რაღაცაში იყო საქმე, თვითონაც კომუნისტები იყვნენ და ასე შემდეგ. არ იყო ასე, მე ხომ ვხედავდი, ჩემი მშობლები თუ სხვები როგორ ცხოვრობდნენ. სიყვარული და პატივისცემა ჰქონდათ და ამიტომ შეეძლოთ, ყველგან მისულიყვნენ და თუ, პირობითად, პეტრეს კონკრეტულ საქმეში დახმარება სჭირდებოდა, ეშუამდგომლათ. ერთხელ მამა მექსიკაში მიდიოდა და ხუმრობდა, არ მჯერა, რომ გავიღვიძებ და კართან რიგი არ დამხვდებაო (იცინის). მაშინ უკვე სოფიკოსთან ერთად იყო და სოფიკო ამბობდა, კოტეს ერთადერთი ნაკლი აქვს, მის ლექსიკონში სიტყვა „არა“ არ არისო. ადამიანი რომ მოდის და დახმარებას გთხოვს, შენ კი შეგიძლია, სცადო, ეს ძალიან სასიამოვნოა. ალბათ, ესეც ეგოიზმის გამოვლინებაა, გიხარია, რომ ამის გაკეთება შეგიძლია და კარგია ეგოიზმი, რომელიც შენც გაბედნიერებს და სხვასაც.
– სოფიკოს მიღება გაგიჭირდათ?
– არა. სოფიკო არ იყო ჩემი მშობლების განშორების მიზეზი. სოფიკოსა და დედას შორის იყო კიდევ ერთი მეუღლე, რომელთანაც შვილი ჰყავს. და გვყავს ამ ქორწინების შედეგად – ბარბარე მახარაძე. თუმცა არც ის ყოფილა მათი განშორების მიზეზი. ამიტომ ქალებს არასდროს ვერჩოდით (იცინის). პირიქით, მე და სოფიკო მეგობრები გავხდით. ძალიან თბილი ურთიერთობა გვქონდა. დედასაც კარგი ურთიერთობა ჰქონდა სოფიკოსთან. ვხედავდი, რომ არ სწყინდა. პირიქით, მამასთან რომ მივდიოდით, უხაროდა. თვითონაც ბევრჯერ ყოფილა წვეულებებზე თუ სპექტაკლებზე. დამთავრდა მათი თავქუდმოგლეჯილი სიყვარული, ზეამაღლებული გრძნობა და ამიტომ არ ჰქონდათ ცუდი განწყობები.
– თქვენი სიყვარულის ამბავი...
– ჩემიც ზუსტად ეგრე დამთავრდა. რომ გავთხოვდი, ერთ თვეში გავხდი ცხრამეტი წლის. ცხრა თვეში ნატო გაჩნდა. გაცნობიდან ორ თვეში შევქმენით ოჯახი. ვინმეს რომ ეთქვა ჩემთვის, რომ ეს ასე დამთავრდებოდა, არაფრით დავიჯერებდი. მაგრამ ახლაც კარგი ურთიერთობა გვაქვს. რამდენიმე დღის წინ ვიყავით მისული მე და ჩემი შვილიშვილი მის მოსანახულებლად.
– შვილები – ბედნიერი დედა ხართ, მაგრამ თან, ბევრ სირთულესთან გიწევთ გამკლავება.
– კი, ბატონო. მართლა ძალიან ბედნიერი დედა ვარ. ორი არაჩვეულებრივი შვილი მყავს და ძალიან კარგი გერი – თეა მურვანიძე. ერთმანეთთან ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. მისი შვილი ჩემი შვილიშვილია. ყველა ქართულ თეატრს ვემსახურებით. პირადად მე თეატრში არ ვარ, მაგრამ ვზრდი თაობას, რომელიც ამ სამყაროშია. ჩემი შვილები და შვილიშვილები ჩემს ცხოვრებას ალამაზებენ და რა თქმა უნდა, ჩემი ცხოვრების საქმე – ცეკვა. ეს საქმე ძალიან მიყვარს. ბავშვებთან ურთიერთობა ხომ, საერთოდ, უდიდესი ბედნიერებაა.