№42 ლაშა ჯოხაძე: მე მანდ ვიყავი ლაშა ჯოხაძე და აქ არავინ ვარ, ეს დისკომფორტს არ მიქმნის
ნინო კანდელაკი ქეთი კაპანაძე
დიზაინერ ლაშა ჯოხაძის ცხოვრებაში ახალი გამოწვევების დროა. მან გადაწყვიტა, საქართველოში წარმატებულ კარიერას გამომშვიდობებოდა და ყველაფრის თავიდან დასაწყებად საცხოვრებლად ბარსელონაში გადავიდა.
ლაშა ჯოხაძე: ბარსელონაში შევხვდი დაბადების დღეს. 35 წლის გავხდი, თუმცა, ასაკის გამო დიდ ცვლილებას ვერ ვგრძნობ (იცინის). სიმართლე რომ ვთქვა, დიდად არც აღვნიშნავ ხოლმე. ამჯერად ეს დღე ნათესავებთან და ძმაკაცთან ერთად გავატარე.
– ბარსელონაში ყოფნა რას უკავშირდება, თან, ასეთ დროს?
– პირველ თებერვალს წამოვედი აქ, მანამ, სანამ პანდემია დაიწყებოდა. თითქმის სამი თვის შემდეგ გადავწყვიტე საქართველოში დაბრუნება და ოთხი თვით დავრჩი. სიმართლე გითხრათ, თვითონ ვირუსის არ შემშინებია, მაგრამ მაინც ყველასთვის შოკისმომგვრელი სიტუაცია იყო და დაბრუნება ვარჩიე. იმ პერიოდში ბილეთების აღება მარტივი არ იყო, მაგრამ საქართველოს საკონსულოსა და მეგობრების დახმარებით მოვახერხე. უცხო ქვეყანაში უფრო რთულია ასეთ სიტუაციაში ყოფნა. ოჯახი პანიკას არ მაგრძნობინებდა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ერჩიათ, საქართველოში ვყოფილიყავი. კარანტინიც გავიარე, არაფერი დამდასტურებია და დღემდე ჯანმრთელი ვარ. როგორც კი შესაძლებლობა მომეცა, უკან წამოვედი, ბარსელონაში.
– რატომ გადაწყვიტე ბარსელონაში გადასვლა?
– შარშან ძმაკაცთან ერთად, რომელიც ახლაც აქაა, დასასვენებლად ვიყავი და იმდენად მომეწონა აქაურობა, ხალხი, ქვეყანა, რომ გადავწყვიტე, აქ მეცხოვრა. ყოველთვის მქონდა ცვლილებების მოთხოვნილება. აქ სიმშვიდეა, წესრიგი, ყველაფერი თავის დროს ხდება და აქაური ცხოვრება ბევრი ჩემთვის მოსაწონი დეტალისგან შედგება.
– საქმიანი თვალსაზრისით რა გეგმები გაქვს?
– გეგმები მაქვს, მაგრამ მანამდე ბევრი რამაა მოსაგვარებელი, მათ შორის საბუთები, ენის ბარიერი და მერე შეიძლება, ბევრ რამეზე გქონდეს ამბიცია.
შესაძლებლობები დიდია და ვნახოთ. ისევ ჩემი პროფილით უნდა განვაგრძო საქმიანობა. სამომავლოდ, ყველაზე გრანდიოზული იქნება აქ ლაშა ჯოხაძის სახელითა და გვარით მაღაზიის გახსნა.
შესაძლებლობები დიდია და ვნახოთ. ისევ ჩემი პროფილით უნდა განვაგრძო საქმიანობა. სამომავლოდ, ყველაზე გრანდიოზული იქნება აქ ლაშა ჯოხაძის სახელითა და გვარით მაღაზიის გახსნა.
– ეს არაა მოკლევადიანი გეგმა. საფუძვლიანად ფიქრობ ბარსელონაში ფეხის მოკიდებაზე?
– რა თქმა უნდა. მე თუ რამეს ვიწყებ, ძალიან სერიოზულად ვუდგები და მიზანს რომ დავისახავ, აუცილებლად ბოლომდე უნდა მივიყვანო. კორონამ ხელი შემიშალა, მთელი მსოფლიო აირია, მაგრამ მაინც ძალიან დიდი შემართებით ვუყურებ მდგომარეობას, ყველაფერი ისევ თავის კალაპოტში ჩადგება და მაგის დროც მოვა.
– საქართველოში ძალიან კარგად აწყობილი კარიერა დატოვე. ვარსკვლავების რჩეული დიზაინერი ხარ, წარმატებულ პროექტებზე მუშაობდი და ყველა გიცნობს.
– ზოგადად, გადაწყვეტილებების მიღება არ მიჭირს. ბევრმა მეგობარმა და ოჯახის წევრებმაც მითხრეს, აქ ყველაფერი აწყობილი გაქვს, შემდგარი ხარ შენს პროფესიაში და რატომ მიდიხარო? მაგრამ ჩემთვის ერთსა და იმავე ადგილას გაჩერება არაა მისაღები, არ მიყვარს ეს სიტუაცია. შეიძლება, ხმამაღლა ჟღერს, მაგრამ ვთვლი, რომ მანდ ჩემი თავი ამოვწურე. ეს იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოში აღარაფერს გავაკეთებ. ამწუთასაც ვარ ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომელი და ონლაინ ვმუშაობ საბავშვო პროექტზე, რომელიც მალე გავა ამ ტელეკომპანიის ეთერში. შეიძლება, ისევ მომიწიოს ცოტა ხნით დაბრუნება – ყველაფერს მივხედავ და ისევ წამოვალ. ეს პერიოდი ისე ამეწყო, რომ უფრო მოძრაობაში ვარ, ვიდრე მუდმივად ბარსელონაში. ვცდილობ, პანდემიით გამოწვეულ მოცემულობას ავყვე და არც წინ და უკან სიარულზე ვიტყვი უარს.
– ლაშა ჯოხაძის მოდის სახლს რა ბედი ეწევა?
– საქართველოში რომ დავბრუნდი, ჩემს მომხმარებლებთან ისევ გავაგრძელე მუშაობა და ონლაინაც ვიღებ შეკვეთებს, მაგრამ როგორც კი მანდ ღონისძიებების გამართვა აკრძალეს, ყველაფერი ისევ გაჩერდა. თუმცა, ყველაფერი ჩადგება მწყობრში და ლაშა ჯოხაძის მაღაზიაც აუცილებლად გააგრძელებს ფუნქციონირებას. ახლა პაუზა ავიღე, რადგან ორივეგან ერთად ვერ გააკეთებ საქმეს, რთულია ძალების გადანაწილება. როდესაც შენი სახელობითი მაღაზია გაქვს, აუცილებლად ადგილზე უნდა იყო და ყველა დეტალი აკონტროლო. შორიდან საკმაოდ ძნელია. თან, მე ძალიან პასუხისმგებლიანი ვარ. ყველა ჩემი
მომხმარებელი ძვირფასია ჩემთვის და ამიტომ, ამ ეტაპზე ვარჩიე, შემეჩერებინა. ახლა ჰაერში ვარ, მაგრამ ახალი გამოწვევები ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა. სხვა საფეხურზე მინდა გადასვლა და ზუსტად ვიცი, რომ ნელ-ნელა ამ ქვეყანაშიც გადავდგამ შესაბამის ნაბიჯებს.
მომხმარებელი ძვირფასია ჩემთვის და ამიტომ, ამ ეტაპზე ვარჩიე, შემეჩერებინა. ახლა ჰაერში ვარ, მაგრამ ახალი გამოწვევები ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა. სხვა საფეხურზე მინდა გადასვლა და ზუსტად ვიცი, რომ ნელ-ნელა ამ ქვეყანაშიც გადავდგამ შესაბამის ნაბიჯებს.
– არ გაგიჭირდება სრულიად უცხო ქვეყანაში? მიჩვეული ხარ, რომ აქ ყველამ იცის, ვინ ხარ და რაღაცების დამტკიცება აღარ გიწევს.
– ესაა ყველაზე საინტერესო. რაღაც ეტაპზე საქართველოშიც წარმოუდგენელი იყო ბევრი რამის მიღწევა, მაგრამ განხორციელდა ყველაფერი და იმ ეტაპმა, რასაც მე მივაღწიე, შინაგანი კმაყოფილება მომგვარა. ახლა სხვაგან და სხვა მასშტაბით უნდა ვცადო. კითხვის ნიშანს არ ვსვამ, ზუსტად ვიცი, რომ ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. ჯერ აქაური ჩაცმის სტილი, ხალხის გემოვნება უნდა შევისწავლო, ყველაფერს ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვები. თუმცა, ის ფაქტი, რომ მანდ მე ვიყავი ლაშა ჯოხაძე და აქ ამწუთას არავინ ვარ, არანაირ დისკომფორტს არ მიქმნის. ეს კარგად გააზრებული ნაბიჯი იყო. ერთი და იმავე ბორბლის ტრიალი აღარ მინდოდა და უცხო ქვეყანაში ყველაფრის ნულიდან დაწყება ერთგვარი გამოცდაა საკუთარი თავისთვის – მოდი, აბა, სადამდე მივაღწევ. მე ვფიქრობ, რომ ცხოვრებას ზუსტად ამგვარი ექსპერიმენტები ხდის საინტერესოს. ახლა აქ გავდივარ იმავე გზას, რომელიც წლების წინ საქართველოში გამოვიარე.
– მოგზაურობისას მიღებული შთაბეჭდილებები გამართლდა მანდ ცხოვრებისას?
– ესაა ქვეყანა, სადაც საერთოდ არ გრძნობ თავს ჩამოსულად. ძალიან მარტივად გიღებენ. ზუსტად იმიტომ შევაჩერე აქაურობაზე არჩევანი, ბევრისგან გამიგია, რომ აქ სიამოვნებით იცხოვრებდნენ. დღემდე იმ მოგზაურობის შთაბეჭდილებები მომყვება. აქაურობა ძალიან მსუბუქი და მხიარულია. არაა მოწყენილობა, აქ ყველაფერში თავისუფალი ხარ, მთავარია, არაფერი დააშავო. თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. უცხო ქყვეყანაში აბსოლუტურად მარტო ყოფნა ძალიან რთულია. თან, მე მიყვარს ადამიანებთან კომუნიკაცია და მარტო ამ ნაბიჯს არ გადავდგამდი. მე და ჩემმა ძმაკაცმა ერთად გადავწყვიტეთ, აქ გვეცადა ბედი. ჩვენი პროფესიები აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისგან, მაგრამ ერთმანეთის თანადგომა ორივესთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თან, მხოლოდ ოთხი საათის მანძილი მაშორებს თბილისთან და ამ ქალაქზე არჩევნის შეჩერების ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო. სიშორე არ მიყვარს და ამიტომაც არ მივიღე, თუნდაც ამერიკაში წასვლის გადაწყვეტილება. შემიძლია, უცებ ავიღო ბილეთი და ოთხ საათში აღმოვჩნდე თბილისში.
– პირად ცხოვრებაშიც თუ შეიცვალა რამე?
– აბსოლუტურად არაფერი. ვერ ვიტყვი, ახლა მაგისთვის არც დრო მაქვს და არც სურვილი-მეთქი, მაგრამ მართლა ბევრი გამოცდის წინაშე ვდგავარ და პირადი შეჩერებული მაქვს.
– ესპანელ ქალებზე რომ ლეგენდებს ყვებიან, რთული არაა მანდ პირადი ცხოვრების შეჩერება?
– ალბათ, ჯერ არ დავმდგარვარ ფაქტის წინაშე. შეიძლება, ისეც მოხდეს, რომ ცდუნებას ვერ გავუძლო. ჩემი ცხოვრება დაგეგმილი არასდროსაა, ყველაფერს სპონტანურად ვაკეთებ, ყოველი დღიდან სიახლეს ველოდები. რაც შეეხება აქაურ ქალებს, მიჭირს პასუხის გაცემა. რომ ვთქვა, განსაკუთრებით მოვიხიბლე ან შევამჩნიე, რომ განსაკუთრებული ქალბატონები ჰყავთ-მეთქი, მოგატყუებთ. ჩაცმის სტილით, ქალიანკაციანად, ძალიან პრაქტიკოსი, უბრალო ადამიანები არიან და არა ჩვენსავით გაპრანჭულები და პომპეზურები, ამიტომ ჯერჯერობით თვალშიც არავინ მომხვედრია.