№42 გიორგი კობაიძე: ტაქსაობა კი არ „მიტყდება“, უბრალოდ, სცენა მენატრება
ნინო კანდელაკი ნონა დათეშიძე
მომღერალი გიორგი კობაიძე რამდენიმე თვეა, ტაქსის მძღოლი გახდა. მართალია, პატიოსანი შრომით ნაშოვნი ფული არ „უტყდება“, მაგრამ გული სწყდება, რომ სცენას ჩამოშორდა. გიორგი სულ მალე მამა გახდება და ამბობს, რომ მას მომავალი შვილი დაბადების დღეზე დაუვიწყარ სიურპრიზს უმზადებს.
გიორგი კობაიძე: ბავშვობიდან, გამორჩეული ვიყავი და თვითონაც, განსაკუთრებული მეგონა საკუთარი თავი. ძალიან ხიფათიანი ვიყავი და უცნაური ფიქრები მქონდა (იცინის). არ დამავიწყდება, 90-იან წლებში მამაჩემი იმარაგებდა ბენზინს და ეზოში ინახავდა. ზაფხული იყო, მე და ჩემი ძმა ეზოში ვთამაშობდით. გადმოვაყირავეთ ბიდონი და ბენზინი რომ დაიქცა, მოვუკიდეთ ცეცხლი. ბენზინი ცოტა იყო, დაიბუთქა და მალევე ჩაქრა ცეცხლი. „გაგვიტყდა“. მოვიფიქრე – გადმოვაყირავე ბიდონი, რომ ბენზინი კარგად გადმოსულიყო და ქვევიდან მოვუკიდე ცეცხლი. იელვა, ჩემი ძმა შორ მანძილზე გაიქნია, მე ცეცხლი წამეკიდა, ჰაერში ავარდნილი ცეცხლმოკიდებული ბიდონი კი გაზის მილს მოხვდა და კინაღამ მთელი უბანი გადავწვი (იცინის). ასეთი ხიფათობებით ხშირად ვაგდებდი შოკში ჩემს მშობლებს. თან, წარმოშობით მთიული ვარ – ცოტა ჯიუტი და მკაცრი ხასიათის ადამიანი. ბევრს უთქვამს, ვიზუალურად მკაცრი შეხედულება გაქვს, არადა, ასეთი არ ხარო. ვერ ვხვდები, ასეთი მატყუარა ვიზუალი რატომ მაქვს (იცინის). მატყუარა ვიზუალის მიღმა კი თბილი გიორგი იმალება, თუმცა, ცოტა ჯიხვური ხასიათის (იცინის). ჩემი სიმართლე და პრინციპები მაქვს, თუმცა, მეც ვცდები და არც აღიარება მიჭირს.
– შენს ასეთ ხასიათს, როგორ ეგუება შენი საყვარელი ადამიანი?
– ჯერჯერობით მიძლებს (იცინის). ერთ თვეში მე და ნათია პატარას ველოდებით, ლილე გოგოს მამა ვხდები და საოცარი განცდა მაქვს. თან, 15 ნოემბერს დაბადების დღე მაქვს და ექიმებიც, გამოთვლით, ბავშვის დაბადებას ამ პერიოდში ვარაუდობენ. ასე რომ, მეც ვემზადები მასთან შესახვედრად და მამას გოგოც სიურპრიზს მიმზადებს დაბადების დღეზე. მეცინება, გულს რომ მიკეთებენ: ნამდვილ მამაკაცებს პირველი გოგოები ჰყავთ, მერე ბიჭიც იქნებაო (იცინის). ძალიან გამიხარდა, გოგოს მამა რომ ვხდები, თუმცა, არც ბიჭი მეწყინებოდა (იცინის). ყველაფერი წინაა.
– გიორგი, თქვი, ჩემი მომავალი დიდ სცენაზე წარმომედგინაო და დადექი კიდეც. შემდეგ, რესტორანშიც მღეროდი. კარგა ხანია, აღარსად ჩანხარ. როგორი წარმოგედგინა შენი ცხოვრება იმ ხიფათიან წლებში და როგორი აღმოჩნდა რეალურად?
– წარმომედგინა, როგორ ვიდექი სცენაზე, ბევრი გულშემატკივარი და მსმენელი მეყოლებოდა, მოვივლიდი მსოფლიოს სიმღერ-სიმღერით. ეს ოცნება, ნაწილობრივ ავიხდინე. რესტორანში 24 წელი ვმღეროდი, ახლა კი, რვა თვეა, გაჩერებული ვარ, არ მიმუშავია და ტაქსაობა დავიწყე. ტაქსაობა, კი არ „მიტყდება“, უბრალოდ, სცენა მენატრება. მოწყენილ ნოტზე გადავედი, გამიჭირდა სცენიდან – ტაქსის მძღოლობაზე გადასვლა. სხვა არაფერი ვიცი და ამიტომ გადავწყვიტე, ამ გზით მეშოვა ფული. თუმცა, მანამდე ფიზიკურად ვმუშაობდი, წყლის გაყვანილობებს ვაკეთებდი, მაგრამ არაფერი გამოდიოდა. იმ ანაზღაურებით ვერ გავიტანდი თავს. კიდევ ვამბობ, არ „მიტყდება“ – არავის ვპარავ და არც ვართმევ. ტაქსაობით, ჩემი შრომით გამოვიმუშავებ ფულს, რომ ოჯახი ვარჩინო. ზოგადად, მუსიკალური ნიჭი გენეტიკურად დამყვა, მთელი ჩემი ოჯახი მღეროდა. დავამთავრე შვიდწლედი – საგუნდო-სადირიჟორო, ოთხწლიანი კლასიკური ვოკალი, მე-2 საესტრადო სასწავლებელი და 2005 წლიდან, ასე თუ ისე, შოუ-ბიზნესის წარმომადგენელი ვარ. ასევე იყო, „ნუცას სკოლა – 2005“, „იმედის ტალღა – 2006“, 2007-2008 წლებში საკმაოდ კარგი ჯგუფის, ალექსანდრე ბასილაიას კვინტეტის წევრი ვიყავი. შემდეგ იყო „ჯეოსტარი – 2009“, „ახალი ხმა – 2012“, კონცერტები, ახალი სიმღერები და... 2020 წელს კი პანდემია წამომეწია და ტაქსის მძღოლი გავხდი.
– შენს სიმღერებს თუ უსმენ საჭესთან და მგზავრები თუ გცნობენ?
– კი, ვრთავ ხოლმე ჩემს სიმღერებს და თუ მანქანაში მგზავრი არ მიზის, თავადაც ვყვები. ბევრმა მიცნო, რაღაც მომენტში ტაქსისტის სინდრომი „გამეჩითა“ და დავიწყე: მე ეს მაქვს დამთავრებული, აქ ვმღეროდი, ახლა აქ უნდა ვიჯდე-მეთქი (იცინის). ბევრს გული დაწყდა. სხვათა შორის, საინტერესო პროფესიაა, ბევრ ინფორმაციას იგებ უცხო ადამიანებისგან. ბევრი მლოცავს უსაფრთხო მგზავრობისთვის, თუმცა, არაადეკვატური და უხეში მგზავრიც ბევრია, სულ რომ უკმაყოფილოა. თავს რომ ვერაფრით მოაწონებ, შუაზეც რომ „გახიო“ მანქანა (იცინის). ბევრჯერ საავარიო სიტუაციაშიც მოვხვედრილვარ – ისე ცუდად დადიან, მაგრამ გინება ვერ მომისწრია (იცინის). ამ დროს სიტუაციიდან გამოძრომის ფიქრით ვარ დაკავებული. არ დამავიწყდება, საჭესთან ახალი დამჯდარი რომ ვიყავი, უწყვეტი ხაზი გადავკვეთე და საპირისპირო მხარეს გადავედი. ერთდროულად ოთხი მანქანა მირტყამდა, მათ შორის „კამაზი“. ფაქტობრივად, სიკვდილს გადავურჩი. მაგრამ სიკვდილს იმდენჯერ გადავურჩი, უკვე აღარც კი ვიცი, მერამდენედ მომიხურეს საიქიოში სამოთხის კარი (იცინის).
– მაინც რამდენჯერ მოგიხურეს სამოთხის კარი?
– აღარც კი მახსოვს, იმდენჯერ. ერთხელ, მოსკოვში ახალგაცნობილმა რუსმა გოგომ ისე ჩამიყარა ლუდში „კლოფელინი“, გამთიშა, გამქურდა და არც კი ვიცი, როგორ გადავურჩი სიკვდილს. მხოლოდ ის მახსოვს, რომ ქუჩაში გავიცანი, ველაპარაკებოდი, ლუდს ვსვამდი და რომ გამოვფხიზლდი, სახლში აღმოვჩნდი ნაცემი და გაქურდული, სხვა დეტალები აღარ მახსოვდა. ალბათ, ახლდა ვიღაცები და „დამაფინგანეს“ (იცინის). სამი დღე ვერ ვლაპარაკობდი, ფეხზე ვერ ვდგებოდი და საავადმყოფოში მითხრეს, ბეწვზე გადარჩი, ამ დოზით ამ წამალს ბევრი ვერ უძლებს და იღუპებაო. ნამდვილად იღბლიანი ადამიანი ვარ. ბედისწერისაც მჯერა და მინდა, შუბლზე მეწეროს: „ყველაფერი კარგად იქნება“ (იცინის). რადგან აქამდე არ გამწირა ღმერთმა, ალბათ, წინ კიდევ ბევრი კარგი მელოდება.
– შენი კოლეგა თუ ყოფილა, შენი მგზავრი?
– კი, როგორ არა. გამოძახებაზე მივედი. ჩაჯდა უკან ჩემი კოლეგა. მივუბრუნდი და ვუთხარი: მიშო, შენ ხარ? კიო, მიპასუხა. და, რომ მოვიხსენი პირბადე, პირი ღია დარჩა. სიმართლე გითხრათ, მეც უხერხულად ვიგრძენი თავი, მაგრამ რა ვქნა, პატიოსანი შრომით ნაშოვნი ფული მირჩევნია, სხვა გზით შოვნას. უბრალოდ, მენანება ნიჭის ჩაკვლა, იმის მიტოვება, რაც მუსიკალური კუთხით მაქვს გაკეთებული, მენატრება კონცერტზე გამოსვლა. ვწუწუნებდი, აღარ მინდა რესტორანში სიმღერა-მეთქი და ახლა, ისიც მენატრება. თუმცა, რომ გამახსენდება, ლილეს მამა რომ უნდა გავხდე, საჭესთანაც მშვენივრად ვღიღინებ და ჩემს თავზე მეცინება.