№42 ვინ იყო ევროკავშირის შექმნის ქართველი ინიციატორი და სად დაიღუპა ის ტრაგიკულად
ნინო კანდელაკი ქეთი მოდებაძე
იურისტი, მეცნიერი, საერთაშორისო სამართლის დარგის სპეციალისტი, საზოგადო მოღვაწე, ევროპის ხალხთა კონგრესის პრეზიდენტი, ევროპის ფედერალისტური მოძრაობის ცენტრალური კომიტეტის წევრი, ევროპული ფორმაციის ინტერნაციონალური ცენტრის ბიუროს ვიცე-პრეზიდენტი, სპორტსმენი, მთამსვლელი, „აკადემიური პალმის“ ჯილდოს კავალერი მიხეილ მუსხელიშვილი დაიბადა თბილისში, ცნობილი ოფთალმოლოგის ვახტანგ სოლომონის ძე მუსხელიშვილისა და ნატალია მირზაშვილის ოჯახში.
1921 წელს 18 წლის ასაკში მიხეილ მუსხელიშვილი საზღვარგარეთ სასწავლებლად მიემგზავრება და უმაღლეს განათლებას გიოტინგენის, მიუნხენის, ლიონის, პარიზის სასწავლებლებში ეუფლება. 1932-1933 წლებში, უკვე მიშელ მუსხელად მონათლული, მოღვაწეობს პარიზის უნივერსიტეტის საერთაშორისო გამოკვლევათა უმაღლეს ინსტიტუტში, 1935-1948 წლებში კაიროს სამართლის ფრანგული სკოლისა და კაიროს უნივერსიტეტის პროფესორია. 1948 წლიდან გარდაცვალებამდე სტრასბურგის უნივერსიტეტის სამართლის, პოლიტიკურ და ეკონომიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო საჯარო სამართლის კათედრას განაგებს. მიხეილ მუსხელიშვილი გახლდათ სტრასბურგის უნივერსიტეტის საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ქვეყნების კვლევის ცენტრის, რომელსაც ახლაც მუსხელის ცენტრი ჰქვია, დამაარსებელი და უცვლელი დირექტორი.
1948-1951 წლებში მიხეილ მუსხელიშვილმა დააარსა საუნივერსიტეტშორისო ფედერაცია და იყო მისი პრეზიდენტი. 1954 წლიდან კი ორჯერ აირჩიეს ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის გენერალურ მდივნად.
მიხეილ მუსხელიშვილი ერთ-ერთი იმ ქართველთაგანი იყო, რომელიც ევროკავშირის შექმნასა და ევროპის ქვეყნებს შორის საზღვრების წაშლას ქადაგებდა. მან დიდად გაუსწრო თავის დროს და ევროკაშირისა თუ ევროგაერთიანების იდეით აღტაცებულმა მრავალი ნაშრომი უძღვნა ევროპულ ფედერალიზმსა და ფედერალისტურ მოძრაობას.
მიშელ მუსხელის გარდაცვალების წლისთავზე რომიდან ორი სტუდენტი ასულა მონბლანზე და ერთიანი ევროპის დროშა აუფრიალებია და ეს აქტი საყვარელი სტრასბურგელი პროფესორის ხსოვნისადმი მიუძღვნიათ.
ვაჟა შუბითიძე (პროფესორი): მიხეილ მუსხელიშვილი მიიჩნევა ევროკავშირის შექმნის ერთ-ერთ ინიციატორად და იდეოლოგად. როგორც გაირკვა, მიხეილ მუსხელიშვილმა ერთ ფრანგ მკვლევართან (გასტონ სტეფანთან) ერთად ჯერ კიდევ 1948 წელს შექმნა ევროპის კონსტიტუციის პროექტი. ამ დროს ჟან მონესა და რობერტ შუმანს, რომლებიც ევროკავშირის დამფუძნებელ „მამებად“ითვლებიან, ჯერ საერთოდ არ ჰქონდათ დაყენებული მსგავსი იდეა.
ეს პროექტი, უმნიშვნელო ჩასწორებებით, დაედო საფუძვლად თანამედროვე ევროკავშირის კონსტიტუციას. მიხეილ მუსხელიშვილმა, ასევე, ფრანგულ ენაზე დაწერა მნიშვნელოვანი ნაშრომი „ევროპის ფედერალიზმის სტრუქტურა“, რომელშიც დასაბუთებულია ევროპის გაერთიანების აუცილებლობა და მოცემულია ამის იურიდიული ახსნა. მეორე ძალზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ 1958 წელს, ბრიუსელში გამოსვლისას, მიხეილ მუსხელიშვილმა საერთაშორისო ფორუმზე დასვა საერთო ბაზრის ქვეყნების, ასე ერქვა მაშინ ევროკავშირის ქვეყნებს, საერთო ინსტიტუციების შექმნის საკითხი, რაც მალე განხორციელდა კიდეც და შეიქმნა ევროკომისია, ევროპარლამენტი, ევროკავშირის საბჭო და თანამედროვე ევროკავშირის სხვა ინსტიტუციები.
მესამე და ასევე ძალზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ მიხეილ მუსხელიშვილმა, როგორც ევროპის საუნივერსიტეტთაშორისო ასოციაციის გენერალურმა მდივანმა და დამფუძნებელმა, პირველმა დააყენა ევროპის საუნივერსიტეტო საგანმანათლებლო სისტემების ჰარმონიზაციის იდეა, რაც დღეს უკვე განხორციელებულია, ეგრეთ წოდებული, ბოლონიის სისტემის სახით და რომელშიც ჩართულია საქართველო. ეს ხელს უწყობს ქართული დიპლომებისა და ცოდნის საერთაშორისო აღიარებას და ქართველების მობილობას უცხოეთის უმაღლეს სასწავლებლებში ქართული უნივერსიტეტებიდან და პირიქით, უცხოელების აქ სასწავლებლად ჩამოსვლას.
გარდა ამისა, მიხეილ მუსხელიშვილი ყოფილა ევროპაში საზღვრების მოშლის ერთ-ერთი ინიციატორი. მან 1951 წელს 8 ქვეყნის 300-ზე მეტ სტუდენტთან და სამ თანამოაზრე პროფესორთან ერთად, სიმბოლურად მოშალა საფრანგეთ-გერმანიის სასაზღვრო ინფრასტრუქტურა და აღმართა ერთიანი ევროპის დროშა, რაც უკვე გულისხმობდა ევროპის ტერიტორიაზე უვიზო მიმოსვლას. ანუ, მან დასაბამი მისცა შენგენის ზონის შექმნას ევროპაში. მიხეილს სტრასბურგის უნივერსიტეტში შექმნილი ჰქონდა საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის კვლევითი ცენტრი, იყო პატარა ერების უფლებების მგზნებარე დამცველი „რუსეთი არ არის ევროპა“, „ერთა თვითგამორკვევის უფლებისათვის“, „დამონებულ ერთა წარმომადგენლობისათვის“, ასევე, ბევრს წერდა ქართულ-ევროპულ პარალელებზე.
მიხეილი ძლიერ გატაცებული იყო ალპინიზმით, დალაშქრა ალპების ბევრი მწვერვალი, მაგრამ 1964 წელს იგი იტალიაში, აოსტას ხეობაში კლდიდან ჩამოვარდა და ტრაგიკულად დაიღუპა მიხეილ ხერგიანამდე 5 წლით ადრე, რომელიც ასევე, იტალიაში დაიღუპა. 61 წლის პროფესორის ტრაგიკულ აღსასრულს ფართო გამოხმაურება მოჰყოლია მთელს ევროპულ პრესაში, კერძოდ, ისეთ გავლენიან ფრანგულ გაზეთებში, როგორიც „მონდი“ და „ფიგაროა“. მიშელ მუსხელის დაკრძალვაზე გამოჩნდა, თუ რა დიდი პატივისცემითა და სიყვარულით სარგებლობდა იგი კოლეგებსა და სტუდენტებში. სამწუხაროდ, მას მემკვიდრე არ დარჩენია.